«სამხრეთ ოსეთი» მესამე საპარლამენტო არჩევნებს ატარებს

«სამხრეთ ოსეთი» მესამე საპარლამენტო არჩევნებს ატარებს

     

 ოთხშაბათს ე.წ. «რესპუბლიკა იუჟნაია ოსეტიაში» მორიგი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ეს მესამე არჩევნებია 1990 წლის შემდეგ, როდესაც «სამხრეთ ოსეთმა» დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
        ოსი სეპარატისტების სავალალოდ, რუსეთის საინფორმაციო საშუალებებსა და რუსეთის კეთილშობილ «საზოგადოებას», რომელიც მხარს უჭერს სეპარატიზმს საქართველოში და იმავდროულად, არანაკლები გულმხურვალებით იცავს იუგოსლავიის მთლიანობას - ამჯერად ოსებისათვის არ ეცალა, ვინაიდან ბორის ელცინმა მორიგი შიზოიდური გადაწყვეტილება მიიღო და პრემიერ-მინისტრი პრიმაკოვი გადააყენა.
        ამით საბოლოოდ დაუსვა წერტილი რუსეთში პოლიტიკური თუ ფინანსური სტაბილიზაციის ყოველგვარ იმედს.
        ოს და აფსუა სეპარატისტებს კი ვირტუალური «არჩევნები» მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი არსებობის დასადასტურებლად ესაჭიროებოდათ - უპირველეს ყოვლისა, იმავე რუსეთის თვალში.
        ბუნებრივია, საქართველოსათვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ვინ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში და ვინ მოიპოვებს ხმათა უმრავლესობას «სამხრეთ ოსეთის პარლამენტში», ვინაიდან სეპარატისტთა პოზიცია ამით არ შეიცვლება.
        უკლებლივ ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც მოქმედებს ცხინვალსა და მის შემოგარენში (ნაწილობრივ) ისევე, როგორც მთელი ოსური მოსახლეობა, ერთნაირად შეურიგებელია საქართველოსადმი.
        ეს არის ფაქტი, რომელსაც ანგარიში უნდა გავუწიოთ. მადლობა ღმერთს, ოსმა სეპარატისტებმა ვერ მოახერხეს ქართველების საქონელივით გამორეკვა ლიახვის ხეობიდან, ცხინვალის მახლობლად მდებარე ქართული სოფლებიდან, ანუ ვერ მოახერხეს ის, რაც მათმა აფსუა კოლეგებმა გალში შეძლეს.
        გალის ქართველობას მეტი შემართება და ბრძოლისუნარიანობა რომ გამოეჩინა, ახლა საკუთარ სახლებში იქნებოდნენ ისევე, როგორც სამაჩაბლოელი ქართველები, - ქართული მოსახლეობის იქ ყოფნამ კი საქართველოს მისცა საშუალება, დაეფიქსირებინა ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტი.
        ეს იყო «ოსური» არჩევნები, რომელშიც ქართულ მოსახლეობას მონაწილეობა არ მიუღია. იგივეს ვერასგზით მოახერხებენ გალში მცხოვრები ქართველები. ჯერჯერობით ისინი ყველა «სეპარატისტულ» არჩევნებში იღებენ მონაწილეობას ან რამდენიმე თვით ენგურს გამოღმა გამორბიან და შემდგომ ისევ ბრუნდებიან.
        ვითარება «სამხრეთ ოსეთთან» დაკავშირებით ამჟამად ისევეა ჩიხში შესული, როგორც მოლაპარაკება აფხაზეთის სტატუსის თაობაზე; ხელისუფლება ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოსდა აქ «პროგრესი სახეზეა». სინამდვილეში, რეალურად, არსობრივად პრობლემა ისევ გადაუწყვეტელია. მცირე განსხვავება ნამდვილად არსებობს, მაგრამ კვლავ და კვლავ იმ მიზეზით, რომ სეპარატისტებმა ქართული მოსახლეობის გამოძევება ვერ მოახერხეს. თუმცა კი, ამას ნამდვილად შეეცადნენ.
        ერთადერთი, რაც ამ ვითარებაში საქართველოს შეუძლია გააკეთოს, არსებულ რეალობასთან შერიგებაა. «სამხრეთ ოსეთის პრობლემა» ძალის მეშვეობით ვერ გადაწყდება. მით უმეტეს, დღევანდელ პირობებში. ომის განახლებას მოჰყვება 9 წლის წინანდელი სიტუაციის აღდგენა, კიდევ უფრო დამანგრეველი შედეგებით. არათუ რუსეთი, არამედ ევროპული თანამეგობრობაც ძალის გამოყენებას მხარს არ დაუჭერს - ეს გამორიცხულია.
        ხანგრძლივი ისტორიული ევოლუციის შემდეგ, როგორც ჩანს, დასავლური საზოგადოება მივიდა იმ დასკვნამდე, რომ «ხალხთა თვითგამორკვევის უფლება აღმატებულია სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზე». ყოველ შემთხვევაში, ძალით «მთლიანობის» შენარჩუნებას მხარს არავინ დაუჭერს. პირიქით, სახელმწიფო, რომელიც გადაწყვეტს ძალის მეშვეობით შეინარჩუნოს მთლიანობა, საფიქრებელია, საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩნდეს, ხოლო თუ «მეტისმეტს იზამს», - იგივე დაემართება, რაც იუგოსლავიას დაემართა - მსოფლიო თანამეგობრობის რისხვა, პირდაპირი გაგებით, დაატყდება თავს.
        ეს არის რეალობა, რომელიც ქართული პოლიტიკის მაქსიმადაც უნდა იქცეს: თუ არ გვინდა საბოლოოდ მოვიტეხოთ კისერი. თუმცა, ზემოთთქმული არ ნიშნავს, თითქოს ევროპა და დასავლეთი მეორე უკიდურესობაში ჩავარდება და სეპარატისტული ტერიტორიების დამოუკიდებლობას აღიარებს.
        ამიტომ, ერთადერთი ალტერნატივაა ინტერესთა თანხვედრის შესაძლო სფეროებში თანამშრომლობა.

მერიდიანი, 14 მაისი, 1999 წელი