სისხლიანი ბუმერანგი: რუსეთი-ჩეჩნეთი

სისხლიანი ბუმერანგი: რუსეთი-ჩეჩნეთი

        მთიან დაღესტანში გრძელდება გააფთრებული ბრძოლები რუსეთის არმიასა და დაღესტნელ ამბოხებულებს შორის, რომლებმაც უკვე დაიკავეს რესპუბლიკის ჩრდილოეთის მნიშვნელოვანი ტერიტორიები.
        რუსეთი იყენებს ავიაციასა და შორსმსროლ არტილერიას, თუმცა საეჭვოა, ამან საბოლოო ანგარიშით შედეგი გამოიღოს, ვინაიდან რელიეფი დაღესტნელებს შესანიშნავ თავშესაფარს აძლევს.
     დაღესტნის პრორუსული მარიონეტული ადმინისტრაცია თანდათან კარგავს გავლენას მოსახლეობაში - როგორც ჩანს, დაღესტნის ორი ყველაზე მრავალრიცხოვანი ხალხი - ავარელები და ლაკები გაერთიანდნენ რუსეთის წინააღმდეგ, როგორც უნდა დამთავრდეს კონკრეტულად ბოტლიხის ინციდენტი – ეს გაერთიანება რუსეთისათვის ავისმომასწავებელია.
        იმავდროულად, ვითარება იძაბება ჩრდილოეთ კავკასიის მთელ რეგიონშიც - ყარაჩაელები არასდროს შეურიგდებიან ათწლეულობით ჩამოყალიბებული ბალანსის დარღვევას, რომლის მიხედვითაც ყარაჩაი-ჩერქეზეთში აუცილებლად ყარაჩაელი უნდა ყოფილიყო უმაღლესი თანამდებობის პირი, ხოლო ყაბარდო-ბალყარეთში - ყაბარდოელი.
        გენერალმა სემიონოვმა (ეროვნებით ყარაჩაელმა, რომელმაც სხვათა შორის, ფასდაუდებელი დახმარება გაუწია თავის დროზე როგორც აფხაზ სეპარატისტებს, ისე ჩეჩნებს) ნამდვილად მოიგო არჩევნები და «ცენტრის», აგრეთვე ჩერქეზთა წინააღმდეგობა უეჭველად დაძაბავს ვითარებას როგორც ყარაჩაი-ჩერქეზეთში, ისე ყაბარდო-ბალყარეთშიც.
        ყოველდღიურად იძაბება ვითარება ჩრდილოეთ ოსეთშიც - ინგუშები სულ უფრო თამამ სამხედრო აქციებს ახორციელებენ ოსების წინააღმდეგ. ეს დაპირისპირებაც, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გადაიზრდება ფართომაშსტაბიან ომში და უეჭველად მიიღებს ანტირუსულ ხასიათს (ვაინახთა მხრიდან) და მაინც, რუსეთისათვის ყველაზე საშიშია ფართომაშტაბიანი აჯანყება დაღესტანში, რის პრელუდიადაც შეიძლება ჩაითვალოს მოვლენები ჩრდილოეთ დაღესტანში.
        ჩეჩნეთში წლების განმავლობაში გაწვრთნილ და შესანიშნავად მომზადებულ «ბოევიკებს» ბრძოლა სწყურიათ, იარაღი არ აკლიათ; ისინი ზუსტად ითვალისწინებენ აგრეთვე რუსეთის შიდაპოლიტიკურ ვითარებასაც - იწყება მორიგი საარჩევნო კამპანია, რუსული ისტებლიშმენტი გაუთავებელ «რაზბორკებშია» ჩაფლული და კავკასიისათვის არ სცალია; არადა, ჩრდილოეთ კავკასიის (ან თუნდაც მხოლოდ დაღესტნის) დაკარგვა რუსეთისათვის ნამდვილი გეოპოლიტიკური კატასტროფა იქნებოდა; ამიტომ ელცინის ადმინისტრაცია მისთვის ძალზე არასასურველი ალტერნატივის წინაშე აღმოჩნდა: დაიწყოს ომი და საფრთხე შეუქმნას სტაბილურობას მთელს რუსეთში, ან შეურიგდეს მორიგ თავლაფდასხმას ჩრდილოეთ კავკასიაში, რასაც აგრეთვე მაინც შეიძლება მოჰყვეს «საერთო რუსული დესტაბილიზაცია».

        ამ დილემის წინაშე რუსები არ აღმოჩნდებოდნენ, ბოლო წლებში საქართველოს მიმართ რაციონალური და ელემენტარულად პრაგმატული პოლიტიკა რომ ეწარმოებინათ. ის, რაც ამჟამად ჩრდილოეთ კავკასიაში ხდება, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში არსებული დაძაბულობის შედეგია, ვინაიდან ჩრდილოეთკავკასიელები ხედავენ, რომ მათი რეგიონი აღარ არის ანკლავი და ესაზღვრება არა რუსეთის მოკავშირეს (საქართველოს), არამედ იმ ქვეყანას, სადაც რუსეთის პოზიციები დღითიდღე სუსტდება.
        მერედა, ვისი ბრალია? რასაკვირველია, თავად რუსეთის, რომელსაც არ სურს თუნდაც რაიმე კომპრომისზე წასვლა აფხაზეთის საკითხში: თვითმარქვია «რესპუბლიკა» კვლავინდებურად სარგებლობს რუსეთის ყოველმხრივი ფარული მხარდაჭერით, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით.
        1998 წლის მაისის მოვლენების დროს გალის რაიონში, არძინბას დამქაშები, რასაკვირველია რუსეთთან წინასწარი შეთანხმებით მოქმედებენ. რუსმა «მშვიდობისმყოფელებმა» თავისუფლად გაატარეს თავდამსხმელები ქართველთა დასარბევად.
        ფსოუზე ვითომ არსებული «ბლოკადა», რა თქმა უნდა, ბლეფია – სინამდვილეში სეპარატისტებს აფხაზეთში შემოაქვთ ყველაფერი, რაც სჭირდებათ, მაგრამ ეს ბლეფი რუსეთს აძლევს საშუალებას, მოსთხოვოს საქართველოს ჩეჩნეთთან საზღვრის «ჩაკეტვა» და გროზნო-თბილისის საავტომობილო გზის ამოქმედებაზე უარის თქმა; სამწუხაროდ, ამგვარი «ორმაგი სტანდარტი» ჯერჯერობით უმართლებთ.
        თუმცა, მეორე მხრივ, დაღესტანი აზერბაიჯანსაც ესაზღვრება. ამ ქვეყანასთან კი რუსეთს კიდევ უფრო დაძაბული ურთიერთობა აქვს, ვიდრე საქართველოსთან.
        აზერბაიჯანში საერთოდ არ არის რუსული ბაზები, ხოლო კრემლს ნებისმიერი სახის ზემოქმედებისთვის სულ უფრო სუსტი ბერკეტები რჩება. მიზეზი იგივეა - რუსეთი მხარს უჭერდა ყარბაღელ სეპარატისტებს და საბოლოოდ განაპირობა კიდეც მათი გამარჯვება.
        თანაც, სეპარატიზმის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში (საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ) კრემლმა გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე ამ რესპუბლიკებში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა დაიწყებოდა ან მათი დამოუკიდებლობა გამოცხადდებოდა.
        ოღონდ მაშინ სეპარატიზმის მხარდაჭერა ხორციელდებოდა «მოკავშირე და ავტონომიური რესპუბლიკების უფლებრივი გათანაბრების» სახით, რაც საქართველოს ოთხ ნაწილად დანაწევრებას უქადდა.
        ასევე «გათანაბრდებოდა» უფლებრივად აზერბაიჯანი და მთიანი ყარაბაღი, ანუ ეს უკანასკნელი ფაქტობრივად გამოვიდოდა აზერბაიჯანის შემადგენლობიდან. რას მიაღწია რუსეთმა ასეთი მზაკვრული პოლიტიკით? - მხოლოდ იმას, რომ თვითონ გაემიჯნა საქართველოსა და აზერბაიჯანს; არადა, ამ ქვეყნებთან ნორმალური ურთიერთობის შენარჩუნებით იგი დაინტერესებული უნდა ყოფილიყო, რათა თავიდან აეცილებინა ანტირუსული ამბოხება ჩრდილოეთ კავკასიაში, სადაც რუსეთს სისხლიან ბუმერანგად დაუბრუნდა სეპარატიზმის მხარდაჭერა.

დრონი, სამშაბათი, 10 აგვისტო, 1999 წელი