საპარლამენტო «არაუმრავლესობა“ - ოპოზიციის კიდევ ერთი პოზიცია

საპარლამენტო «არაუმრავლესობა“ - ოპოზიციის კიდევ ერთი პოზიცია

      

        გუშინ პარლამენტში გრძელდებოდა ძალიან უცნაური პროცესი, რომელსაც სათავე დაუდო საპარლამენტო «არაუმრავლესობის» საბაზრო პოზიციამ მინისტრთა კაბინეტის თაობაზე.
        სულ რამდენიმე თვის წინათ ოპოზიცია ისტერიული დაჟინებით მოითხოვდა «კაბინეტის» დაფუძნებას, როგორც ქვეყნის ხსნის ერთადერთ გზასა და საშუალებას. მათი ანთებული თვალებისა და აკანკალებული ნიკაპების შემხედარეს, როგორ შეიძლებოდა ეჭვი შეგპარვოდა ჭეშმარიტ მამულიშვილთა გულწრფელობაში.
        მაგრამ გამოხდა ხანი და დღეს ისეთივე გულმუხრვალებით, ფანატიზმითა და ისტერიულობით ეწინააღმდეგებიან საკონსტიტუციო ცვლილებებს, რაკი დარწმუნდნენ, რომ, ჯერ ერთი, მომავალი მთავრობა კოალიციური არ იქნება და თანამდებობებს ვერ «დაითრევენ». მეორეც, თუ მთავრობა მთლიანად «მოქალაქეთა კავშირმა» დააკომპლექტა და რეფორმების გატარება შეძლო, 2003 წლის არჩევნებს იგი შეიძლება არათუ დასუსტებული, არამედ კიდევ უფრო გაძლიერებული შეხვდეს.
        აქედან გამომდინარე, «კაბინეტი» აღარ ეპიტნავებათ და მზად არიან, დატოვონ ყველაფერი ისე, როგორც არის ამჟამად. ერთი სიტყვით, 2-3 წლიანი ოპოზიციური მოთხოვნა (ჯერ კიდევ 1998 წელს გაისმოდა მოწოდებები «კოლეგიალური მთავრობის» შექმნის თაობაზე) საპნის ბუშტივით გასკდა.
        ამას ემატება აბსოლუტურად მარაზმატული ინტრიგა «არაუმრავლესობის» მუშტრისა და მობილიზებასთან დაკავშირებით: აშკარად ეშინიათ, რომ «ხალხის ზოგიერთმა მტერმა» შეიძლება გადადგას ნაბიჯი მორიგებისკენ და ცვლილებები «გავიდეს» პარლამენტში.
        «არაუმრავლესობის» მუშტრა კი ხორციელდება ეგრეთ წოდებული «ლოიალობის დეკლარაციით», რაც სამარცხვინო მოვლენაა ქართული დემოკრატიისთვის. ამ დეკლარაციას ზოგი ხელს მოაწერს, სხვებს, ალბათ, თითის ანაბეჭდს დაადებინებენ ბეჭდად. თუმცა, სრული დეზორგანიზაცია «არაუმრავლესობაში» იმთავითვე თვალნათელია.
        ძალოვანი მინისტრების საკითხი უზუსტეს კატალიზატორად იქცა. ძნელი გასახსენებელი არ არის - «არაუმრავლესობა» თავდაპირველად ამ მინისტრების «კაბინეტში» შეყვანას მოითხოვდა (ეს მანამდე, ვიდრე თვითონ ჰქონდა პორტფელების «დათრევის» იმედი), მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ, თურმე, «არაუმრავლესობის» ლიდერი პირიქით, «ძალოვანი მინისტრების» პრეზიდენტის უშუალო დაქვემდებარებაში დატოვებას მოითხოვდა. ვითარების აბსურდულობისა, როგორც იქნა, შერცხვათ, ამიტომ ხმა გაიკმინდეს. აბა, საკუთარ ლიდერს ხომ არ შეეწინააღმდეგებიან - რომ განრისხდეს და საარჩევნო სიებში აღარ შეიყვანოს, რაღა ეშველებათ საბრალოთ?
        პირობებს რაც შეეხება, აქ ხომ საერთოდ კომედია იწყება: მმართველ პარტიას ულტიმატუმს უყენებენ - მიიღეთ კანონი «ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ»; საარჩევნო კოდექსი («დადაღვით») და განხილვაში შეიძლება კიდეც ჩავერთოთო.
        ესე იგი, მხოლდ «განიხილავენ» - მხარს დაუჭერენ თუ არა, კიდევ საკითხავია.
        ან, დავუშვათ, დღის წესრიგში მართლაც დადგა კანონი «ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ» - არც ამ საკითხში აქვთ ერთიანი პოზიცია (როგორც აღმოჩნდა) და გაუგებარია, რომელ კანონზე ლაპარაკობენ? უმცირესობის ყოველ ფრაქციას დიამეტრულად საწინააღმდეგო და კატეგორიულად შეუთავსებელი პოზიცია აქვს: ერთნი რაიონის გამგებელთა პირდაპირი კენჭისყრით არჩევას მოითხოვენ (და, ზოგიერთი განცხადებით, წინასწარ იბევებენ პასუხისმგებლობისგან თავის დაძვრენას, თუ ეს საქართველოში კიდევ 3-4 ავტონომიას წარმოშობს). მეორენი აცხადებენ, რაიონები უნდა გაუქმდეს, 15 ოლქი შეიქმნას და მათი გუბერნატორები მოსახლეობამ პირდაპირი კენჭისყრით აირჩიოსო. ესე იგი, კიდევ 15 «პრეზიდენტი» უნდა ავირჩიოთ - მოსახლეობის სამართლებრივი შეგნებისა და სახელმწიფო სტრუქტურათა სიმყიფის გათვალისწინებით.
        მესამენი ფრთხილად აპარებენ: ეგებ, მთლიანობაში, ქვეყნის ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ მოწყობაზე გვეფიქრაო. თითქოს ვერ ხვდებიან, რომ ასეთ შემთხვევაში შემდგომაზე ლოკალური არჩევნების ჩატარება სრული უაზრობაა - შემდეგ ტერიტორიულ-ადმინისტრაციულმა მოთხოვნამ რაიონები ხომ შეიძლება საერთოდ აღარ გაითვალისწინოს?
        «მანამდე გარკვევა» არ გამოვა: კონსტიტუციით პარლამენტმა არჩევნები ოთხი თვით ადრე უნდა დანიშნოს. თუ დანიშნა და მერე არჩევნები აღარ შედგა, ესეც კონსტიტუციის დარღვევა იქნება. ან თუ არ დანიშნა და «მოწყობაზე» შეთანხმება ვეღარ მოხერხდა, იგივეა.
        ერთი სიტყვით, შავ დღეშია საბრალო «არაუმრავლესობა». კაცმა რომ თქვას, მასზე ახიც არის: გაუგებარია, რატომ ეშინიათ ჟვანიას «გაპრემიერებისა?» - ცხადია, მთავარი მიზეზი ეს არის! მაშ, რატომ ეშინიათ? თუ დარწმუნებულნი არიან, რომ იგი ვერაფრის გაკეთებას ვერ შეძლებს, - დაუთმონ ასპარეზი. როგორც ჩანს, სწორედ ამას ფიქრობენ: «ვაითუ შეძლოს?!».