ქართული კუპონი და რუსული რუბლი

ქართული კუპონი და რუსული რუბლი

1961-1992 წლებში გამოშვებული ფულადი ნიშნების ბრუნვიდან ამოღებით რუსეთმა დაასრულა საკუთარი ფულადი სისტემის ჩამოყალიბების პროცესი, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე დაიწყო.
    ეს პროცესი ორ ძირითად ეტაპს მოიცავდა. პირველ ეტაპზე ტარდებოდა ე.წ. «რბილი რეფორმა», რომლის დროსაც მოძველებული კუპიურები აღარ «ტრიალებდა» თავისუფალ ბრუნვაში. შემდეგ კი, როდესაც ფულადი მასა შემცირდა და ტექნიკურად შესაძლებელი გახდა საკმარისი რაოდენობის ახალი ფულადი ნიშნების დაბეჭდვა, რუსეთმა ერთი დარტყმით მოიშორა მისთვის უვარგისი ფულადი მასა.
    ამ რეფორმამ საქართველოში, ისევე როგორც ყველა სხვა «რესპუბლიკაში» თუ დამოუკიდებელ სახელმწიფოში, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და ბევრი ოჯახური ტრაგედიის მიზეზიც გახდა.
    თუმცა, ჩვენებურ გაქნილ საქმოსნებს შემოსავლის ახალი წყარო გაუჩნდათ. ჩვენს თვალწინ, «კავკასიის ბირჟის» წინ მდებარე ფულის ბაზრობაზე უცნობმა ახალგაზრდამ ათასი დოლარი გაყიდა თანაფარდობით 1 - 8000 - ათასმანეთიან რუსულ კუპიურებზე. კაცმა რომ თქვას, ვის რაღაში უნდა დასჭირვებოდა ეს «ლენინისთავიანი» ქაღალდები, თუმცა, ისიც ნათელი იყო, რომ დოლარებს თბილისში არავინ ფანტავს ქუჩაში.

    ამ ბობოქარ დღეებში კიდევ ერთი, უაღრესად საინტერესო ფსიქოლოგიური ნიუანსის შემჩნევა შეიძლებოდა. კვირას (რეფორმის გამოცხადებიდან მეორე დღეს) ქალაქში ხმა გავარდა - დილით პრეზიდენტი ელცინი გამოვიდა ტელევიზიით და რეფორმა გააუქმაო. ეს ცნობა იმთავითვე ეჭვს იწვევდა, მაგრამ ადამიანებს არაფრის გაგონება არ სურდათ - მათ თავად არ უნახავთ, მაგრამ სჯეროდათ, სწამდათ, უნდოდათ ერწმუნათ, რომ «კეთილი მეფე» არ მიატოვებდა გასაჭირში «სამანეთოზონელ» თავის ქვეშევრდომებს.
    ეს მხოლოდ მცირე ნიუანსია, თუმცა იგი ამტკიცებს: ცნობიერად ჩვენ კვლავ ერთიანი სახელმწიფოს მოქალაქეები ვართ და ჭეშმარიტად დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებისათვის კიდევ დიდი დრო და ჯაფაა საჭირო.
    დღეს რუსეთში ბევრს მსჯელობენ და კამათობენ იმაზე, იცოდა თუ არა პრეზიდენტმა ელცინმა ამ ყოვლად «ავაზაკური» რეფორმის შესახებ. ბევრი სერიოზულად ამტკიცებს, თითქოს არც ელცინმა, არც ჩერნომირდინმა რუსეთის ცენტრალური ბანკის აქციის შესახებ არაფერი იცოდნენ და ეს ამბავი მხოლოდ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიდან შეიტყვეს.
    რასაკვირველია, გულუბრყვილობაა.
    ჯერ ერთი, რუსეთში ჩამოყალიბებული სახელმწიფოებრივი ტრადიციის გამო, ვიქტორ გერაშჩენკო დამოუკიდებლად ასეთი ნაბიჯის გადადგმას ვერ გაბედავდა. ფორმალურად, კონსტიტუციით, მას აქვს ამის უფლება, მაგრამ იმ ქვეყანაში ჯერ კიდევ ძალაა - კანონი და არა კანონი - ძალა. ამიტომ, როგორც პიროვნული, ისევე საზოგადოებრივი მენტალიტეტი კვლავ ტოტალიტარიზმის ტვიფრს ატარებს. ასე რომ, როგორც პრეზიდენტი, ასევე პრემიერ-მინისტრიც რასაკვირველია, საქმის კურსში იყვნენ. მაგრამ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი სხვა რამ გახლდათ:
    აქცია სავსებით თავსდება «ელცინის დოქტრინაში», ანუ იმპერიის «ხელახალი შეკრების» იმ პოლიტიკაში, რომელსაც ეს მაღალნიჭიერი და მიზანსწრაფული გუნდი ატარებს.
    საკუთარი ფულადი ერთეულის შემოღებით, რუსეთმა საბოლოოდ გააძევა სამანეთო ზონიდან არა მარტო საკუთარ ფარგლებს გარეთ მდებარე ფულადი მასა, რომელიც მძიმედ «აწვებოდა» მის ეკონომიკას და საქონლის გადინების მიზეზი ხდებოდა, არამედ თვით ის სახელმწიფოები, რომლებიც მანამ «ერთიანი ჭიპლარით» იყვნენ მიბმული მოსკოვის «ფულის საჭრელ დაზგაზე» და აბსოლუტურად არ აღმოჩნდნენ მზად დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის ამ უმთავრესი ფაქტორის (ეროვნული ვალუტის) შემოღებისათვის.
    რეფორმის შემდეგ რუსეთმა უკლებლივ ყველა ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკას ფაქტობრივად ულტიმატუმი წაუყენა: ან შემოხვალთ სამანეთო ზონაში (ესე იგი, შემოხვალთ ახალ რუსეთში), ან შემოიღეთ საკუთარი ვალუტა და «ღმერთმა ხელი მოგიმართოთო».
    «სამანეთო ზონაში დარჩენა» კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა, რომელიც ამაზე თანხმდება, ვალდებულია უარი თქვას საკუთარი სუვერენიტეტის იმ ნაწილზე, რომელიც ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარებას ეხება.
    ისტორიიდან და პოლიტოლოგიიდან ცნობილია: ნაწილობრივი სუვერენიტეტი ისევე არ არსებობს, როგორც არ არსებობს სანახევროდ ორსულობა.

    კვლავ დადასტურდა: რუსეთისათვის ნებისმიერი ხელშეკრულება ფარატინა ქაღალდია და მეტი არაფერი. «სნგ»-ს წესდებით, მოსკოვი ვალდებული იყო, 6 თვით ადრე შეეტყობინებინა ყველა სხვა ქვეყნისათვის ფულადი რეფორმების შესახებ, რათა ისინი მომზადებულიყვნენ. მაგრამ ეს მან, რასაკვირველია, არ გააკეთა და ამით კიდევ ერთი მძლავრი დარტყმა მიაყენა ძლივს ფეხზე დამდგარ ახალშობილ სახელმწიფოებს.
    ერთი შეხედვით, ასეთ უპასუხისმგებლობას უნდა შეერყია რუსეთის საერთაშორისო ავტორიტეტი, მაგრამ აი, კიდევ ერთი საინტერესო ნიუანსი: რუსეთის ავტორიტეტს ასეთმა ქმედებამ ვერაფერი დააკლო, რადგან არც ყაზახეთი, არც ბელორუსია, არც სომხეთი მსოფლიოში არ ითვლებიან ჭეშმარიტ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. ასეთივე უპასუხისმგებლობა რუსეთს, ვთქვათ, ჰოლანდიის, თურქეთის ანდა დანიის სახელმწიფოებთან დადებული ნებისმიერი ხელშეკრულების მიმართ რომ გამოეჩინა - ეს სხვა საქმე იქნებოდა.

«ივერია-ექსპრესი», 13 აგვისტო, 1993 .