სარიშვილი-ჭანტურიასეული პრევენციული ტექნოლოგია

სარიშვილი-ჭანტურიასეული პრევენციული ტექნოლოგია

 

   მოსაზრება იმის თაობაზე, რომ პოლიტიკური ბლოკები ზაფხულამდე არ შეიქმნებოდა ვინაიდან «დროზე ადრე» მათი დაფუძნებით პროპაგანდისტული ხიბლი და მნიშვნელობა გაფერმკრთალდებოდა, არ გამართლდა.
        გუშინ ეროვნულ-დემოკრატიულმა და რესპუბლიკურმა პარტიებმა მრეწველთა კავშირთან ერთად ოფიციალურად გააფორმეს გაერთიანება სახელწოდებით «ეროვნულ-დემოკრატიული ალიანსი - მესამე გზა».
        ბუნებრივია, მომხდარის მთავარმა ფიგურანტმა ირინა სარიშვილი -ჭანტურიამ სრულფასოვნად იზრუნა ამ ფაქტის ბოლო დროის უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ მოვლენად წარმოსაჩენად, რომელმაც ძირეულად უნდა შეცვალოს შიდაპოლიტიკური კონფიგურაცია.
        სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ირინა სარიშვილი-ჭანტურიას «ელვისებური სტუმრობა» დედაქალაქში და სენსაციური მოსვლა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.
        ასლან აბაშიძესთან ვიზიტით ეროვნულ-დემოკრატთა ლიდერი შეეცადა ფართო საზოგადოებისათვის ეჩვენებინა, რომ მისი გავლენა სრულიად საქართველოს მოიცავს და ვრცელდება იმ კუთხეზეც, მმართველ ძალას ფეხი რომ არ დაედგმება,
        ოპოზიციის ნავსაყუდელშიც მისდამი გამოჩენილი ყურადღება მიზნად სწორედ ამას ისახავდა.
        ამასთან, უნდა დაფიქსირებულიყო სხვა რეალობაც: ბრალდება, რომელსაც ოპონენტები ეროვნულ-დემოკრატებს უყენებდნენ, ანუ მმართველ ძალასთან კავშირი სხვადასხვა დონეზე და სხვადასხვა პერიოდში, პოლიტიკური დიალოგის ჩვეულებრივი, რიგითი გამოხატულება იყო და არა სტრატეგიული თანამშრომლობის გამოვლინება.
        პარალელურად სარიშვილი-ჭანტურიამ მიანიშნა ცენტრალურ ხელისუფლებას, რომ მეტი ყურადღებითა და თანაგრძნობით მოეკიდოს მის წამოწყებებს და ამბიციებს (სიფრთხილეს თავი არ სტკივა?!), გაცილებით საყურადღებოა ედპ-ს ლიდერის გამოსვლა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე და მოთხოვნა საარჩევნო კანონში ზღვრული ნომრის 7 პროცენტამდე გაზრდის შესახებ.
        მოსალოდნელი რეაქცია მას ზუსტად ჰქონდა გათვლილი. ეს სვლა სწორედ უშუალო მეტოქისკენ იყო მიმართული და არა მმართველ პარტიაზე, როგორც ეს ფართო საზოგადოებამ აღიქვა.
        პარლამენტის თავმჯდომარის ცხარე კამათი სინამდვილეში სახალხოს წარმომადგენლის წონასწორობიდან გამოყვანას ემსახურებოდა და უნდა ითქვას, ამ ტაქტიკურმა სვლამ ეფექტიანად იმუშავა.
        ამით კიდევ უფრო მკვეთრად დაფიქსირდა ის, რაც ზემოთ ავღნიშნეთ.
        მოქალაქეთა პოზიციისაგან მაქსიმალური დისტანცირებით მან ამომრჩევლის თვალში ხაზი გაუსვა საკუთარი პოლიტიკური ამბიციისა და განზრახულობათა წონადობას.
        თანაც სცადა გაექარწყლებინა ოპოზიციის ბრალდება - მისი მოქალაქეებთან ალიანსის შესახებ. დაფიქსირდა მოქალაქეებისა და სახალხოელების პოზიციათა თანხვედრაც; თუნდაც ერთ საკითხში, მაგრამ მაინც... ანუ არაფერი იმისგან განსხვავებული, რაც თბილისის საკრებულოში მოხდა.
        ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, უნდა დავასკვნათ, რომ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ორივე განაყოფის ურთიერთობა სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირების ფაზაში შედის.
        «ეროვნულ-დემოკრატიული ალიანსის» ფორმირებას უეჭველად მოჰყვება სახალხო-ტრადიციონალისტების გაერთიანება. რა თქმა უნდა, ორივე ბლოკში «ლოკომოტივი» სწორედ ეროვნულ-დემოკრატები არიან, - ამჯერად ვგულისხმობ როგორც ირინა სარიშვილი-ჭანტურიას, ისე მამუკა გიორგაძის ფრთას.
        ამ საარჩევნო კამპანიის ყველაზე მნიშვნელოვანი (ბევრისათვის მოულოდნელი) მოვლენა კი უკვე შედგა, - ამგვარ მოვლენად იქცა ქალბატონი ირინას გადაწყვეტილება, გაერთიანდეს ბლოკში სხვა პარტიასთან.
        აღარ აქვს მნიშვნელობა გაერთიანების შინაარსსა და პარიტეტულობას. იმთავითვე ცხადია, რომ «ეროვნულ-დემოკრატებისა» და «რესპუბლიკელების» გაერთიანება პარიტეტული ვერ იქნება, მაგრამ საარჩევნო ბლოკი მაინც ბლოკად რჩება.
        სხვა არის, როცა პარტია საკუთარ თავში იგრძნობს ძალას, დამოუკიდებლად გამოვიდეს საარჩევნო ასპარეზზე.
        ირინა სარიშვილი-ჭანტურიამ (გულწრფელად ვაღიაროთ) პოლიტიკოსისათვის მეტად საჭირო თვისება (რეალიზმი) გამოამჟღავნა, როდესაც საარჩევნო ბლოკის შექმნა გადაწყვიტა. თუმცა, სხვა გზა მაინც არ ჰქონდა, მაგრამ არარეალისტი პოლიტიკოსი (ქვებივით უხვად რომ ყრია ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტზე) მაინც გაჯიუტდებოდა და ამ აუცილებელ ნაბიჯზე პიროვნული ამბიციის გამო უარს იტყოდა.
        სხვათა შორის, ბოლოდროინდელი სოციოლოგიური გამოკითხვებით, თბილისში «ეროვნულ-დემოკრატიული პარტია» მეორე ადგილზეა «მოქკავშირის» შემდეგ, მაგრამ ირინა სარიშვილ-ჭანტურიას ახსოვს, რომ 15 ნოემბერს არჩევნების წინ ასევე «შესანიშნავი» რეიტინგი ჰქონდა;
        საგაზეთო რეიტინგებს იგი აღარ ენდობა და სწორედაც ირჯება.
        რაც შეეხებათ «რესპუბლიკელებს», მათ შორის ლიდერის გამოკვეთა არც ისე ადვილია,
        აქვე აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ორივე პარტიის ელექტორატი მსგავსია ინტელექტუალური დონისა და მენტალიტეტის გათვალისწინებით, «გამოკვეთილი ლიდერის» არარსებობა ჯერ კიდევ არ არის უარყოფითი ფაქტორი. სახეზეა რამდენიმე ლიდერი, - მათ შორის დათო ბერძენიშვილი და ივლიანე ხაინდრავა.
        გასული წლის ნოემბრის არჩევნებზე ირინა სარიშვილი-ჭანტურიას კრახი სწორედ იმან გამოიწვია, რომ მან ვერ მოასწრო ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში გუნდის ჩამოყალიბება; ისეთივე გუნდისა, როგორიც ვთქვათ, «სახალხო პარტიის» (ყოფილი ედპ-ს) ელიტაა.
        «რესპუბლიკელებს» - «ეროვნულ-დემოკრატებთან» ალიანსის შედეგად, 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვის რეალური შანსი გაუჩნდათ. პრინციპში ეს არ არის პარტია. «რესპუბლიკელებად» ცნობილი გაერთიანება სინამდვილეში იმ პიროვნებათა ნაკრებია (ერთგვარი კლუბი), რომელთაც აქვთ პრეტენზია (ალბათ, უნარიც), მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკური ცხოვრების საპარლამენტო პროცესში.
        რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკის მხოლოდ ერთი მხარეა, მაგრამ სახელმწიფოებრივი სტაბილურობის მიღწევასთან ერთად, არცთუ უმნიშვნელო.
        2000-2004 წლების პარლამენტში დათო ბერძენიშვილი და ივლიანე ხაინდრავა გაცილებით უფრო მნიშვნელოვან ფუნქციას შეასრულებენ, ვიდრე 1992-1998 წლების პირველ პარლამენტში ასრულებდნენ.
        იმიტომ კი არა, რომ ამჯერად პარლამენტი ნაკლებად «ჭრელი» იქნება, არამედ სულ სხვა მიზეზით: 1993 ან თუნდაც 1995 წლის საქართველო კატეგორიულად, თვისებრივად განსხვავდება 2000 წლის საქართველოსაგან.
        ბუნებრივია, ისეთი ტიპის პოლიტიკოსები, როგორებიც ბერძენიშვილი და ხაინდრავა არიან, 1993 წელს, როცა ჯაბა იოსელიანი «სტეჩკინებით» შეიარაღებულ მცველებთან ერთად შემოდიოდა პარლამენტის სხდომაზე, ბევრს ვერაფერს გახდებოდნენ.
        2000 წლის პარლამენტში (საბედნიეროდ) «ჯაბა იოსელიანები» აღარ იქნებიან, რაც ქვეყანაში მომხდარ ცვლილებებზე მეტყველებს. აქვე უნდა ითქვას, რომ «რესპუბლიკურ» პარტიას ძალზე მძიმე ტვირთად აწევს შეცდომა, რომელიც მან დაუშვა კონსტიტუციის მიღებისას. ყოველ შემთხვევაში «რესპუბლიკელთა» მხარდაჭერის გარეშე კონსტიტუციის ეს მუხლი ვერ გავიდოდა (ძალთა იმდროინდელი თანაფარდობის გათვალისწინებით).
        ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას კონსტიტუციისათვის ხმა საერთოდ არ მიუცია - ისე, ყოველი შემთხვევისათვის - იმ დროს ეს პარტია «ექსტრემისტული» დანაშრევისაგან ჯერ კიდევ არ იყო გათავისუფლებული.
        ზოგიერთი ცნობით კი, დათო ბერძენიშვილმა და ივლიანე ხაინდრავამ, აგრეთვე სხვა «რესპუბლიკელებმა», არათუ ხელი შეუშალეს, არამედ თავად გახდნენ კონსტიტუციაში იმ დამღუპველი დებულების ჩადების ინიციატორები, რომლის თანახმად «საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა განისაზღვრება მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ».
        ეს პარადოქსული, (მომიტევეთ და) ბრიყვული ფორმულირება დღეს ხელს უშლის საქართველოს, ჩამოაყალიბოს სახელმწიფოს შიდა მოწყობის მოდელი და მას იურიდიული ძალა მიანიჭოს.
        ამჟამად დავით ბერძენიშვილი უკვე აცხადებს, რომ დებულება ამოსაღებია კონსტიტუციიდან. როგორც ჩანს, მიხვდა შეცდომას, მაგრამ ახლა უკვე გვიანია! თუ რესპუბლიკელებს ჰგონიათ, რომ ამ დებულებას ასე ადვილად შეაცვლევინებენ მომავალ პარლამენტს - ძალიან ცდებიან.
        რატომ, როგორ - თავადაც მიხვდებიან. ვიმეორებ: გვიან არის!
        არანაკლებ საინტერესო, მაგრამ წინააღმდეგობრივია «ტრადიციონალისტებისა» და «სახალხოელების» ალიანსი. ძველ «ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიასა» და «ტრადიციონალისტთა კავშირს» შორის კეთილი ურთიერთობა არასდროს ყოფილა.
        მახსოვს, ერთ-ერთ შეკრებაზე (1992 წელი) გურამ ჩახვაძე თანაპარტიელებს მოუწოდებდა კაკო ასათიანისათვის «ცნობილი მეთოდებით» ესწავლებინათ ჭკუა. მაგრამ შემდგომ ურთიერთობები დათბა - უპირველეს ყოვლისა, კაკო ასათიანსა და გია ჭანტურიას შორის, რასაც ხელი შეუწყო ასათიანის პიროვნულმა თვისებებმა, რომელთა მეშვოებით, ყველაფრის მიუხედავად, «ტრადიციონალისტთა» ლიდერმა შეძლო სოლიდურობის შენარჩუნება.
        «სახალხოელებისა» და «ტრადიციონალისტების» გაერთიანება ამჟამად უკვე გარდაუვალია, ვინაიდან საეჭვოა, ცალ-ცალკე მათ 5-პროცენტიანი ბარიერი გადალახონ.
        თუმცა, შესაძლოა, იგივე ვერც ერთად შეძლონ.
        ყოველ შემთხვევაში, პირველი და მეორე ალიანსის შანსები ერთნაირად მიზერულია. ისევე, როგორც ყველა «მემარჯვენე» პარტიისა.
        რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჩანდეს, «ლიბერალიზმზე» «მოქალაქეთა კავშირიც» აცხადებს პრეტენზიას თუ მმართველი პარტია დაიკავებს მემარჯვენე ფლანგს, მისი მთავარი მოწინააღმდეგე (ყველასათვის ცნობილ მიზეზთა გათვალისწინებით) იქნება

მერიდიანი, 12 მაისი, 1999 წელი