იგორ გიორგაძე და მისი ლანდი - დაბრუნდება თუ არა ექს-უშიშროების მინისტრი საქართველოში?

იგორ გიორგაძე და მისი ლანდი - დაბრუნდება თუ არა ექს-უშიშროების მინისტრი საქართველოში?

 

რამდენიმე კვირის შემდეგ, სასამართლო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას ყოფილი უშიშროების მინისტრის, იგორ გიორგაძის საქმეზე, რომელსაც ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ 1995 წლის ტერაქტში ედებოდა ბრალი. თუმცა არა მხოლოდ. მასვე ედავებოდნენ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თამჯდომარე გია ჭანტურიას მკვლელობასაც.

იგორ გიორგაძე, 1995 წლის შემოდგომაზე, ვაზიანის რუსული (იმ დროს) სამხედრო ბაზიდან გაიქცა მოსკოვში. ამის შემდეგ მის წინააღმდეგ საქმეც აღიძრა უმძიმესი მუხლებით. თუმცა, საქართველოს პროკურატურამ ვერ მოახერხა ექს-მინისტრის ექსტრადირება. „ინტერპოლმა“ კი გიორგაძის „ძებნა“ ახლახანს შეწყვიტა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ბოლოს და ბოლოს 22 წელი გავიდა. გარდა ამისა, როგორც თავად პროკურატურა აღიარებს, 1995 წლიდან - დღემდე არანაირი ახალი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს. ხოლო „ძველი მტკიცებულებებიდან“ – „პირდაპირი სამხილები“ არ ჩანს.

ედუარდ შევარდნაძის უშუალო „ამფეთქებლები“ და გია ჭანტურიას მკვლელები იმ დროს თითქმის ყოვლისშემძლე შეიარაღებული ფორმირება „მხედრიონის“ ლიდერები და მებრძოლები იყვნენ! მათ შორის ჯაბა იოსელიანის მოადგილეები - თემურ ხაჩიშვილი და გიგა გელაშვილი. ორივე მათგანი რამდენიმე წლის შემდეგ პრეზიდენტმა შევარდნაძემ შეიწყალა.

გია ჭანტურიას ქვრივმა, ირინა სარიშვილმა, ვინც  თავდაპირველად უშიშროების მინისტრს ადანაშაულებდა ქმრის მკვლელობაში, შემდეგ აღიარა, რომ საქმეში არანაირი მტკიცებულებანი არ დევს და იგორ გიორგაძეს ჭანტურიას მხეცური ჩაცხრილვის ორგანიზებაში (მაშინ  თვით სარიშვილიც მძიმედ დაიჭრა) მონაწილეობა არ მიუღია. თუმცა ეს აღიარება დიდი ხნის შემდეგ მოხდა - უკვე სულ სხვა პოლიტიკურ ეპოქაში.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

არა მხოლოდ ედუარდ შევარდნაძეს, არამედ მიხეილ სააკაშვილსაც ძალიან არ უნდოდათ გიორგაძე თბილისში, რადგან ექს-უშიშროების მინისტრი კრემლის პოლიტიკის გამტარებელი იყო. ვარდების რევოლუციის შემდეგ, გიორგაძემ თბილისში მიტინგებიც კი მოაწყო „პრორუსული ლოზუნგებით“. ამის საპასუხოდ, მიშამ და ვანომ უკეთესი ვერაფერი მოიფიქრეს და იგორ გიორგაძის დისშვილი, სამი შვილის დედა, მაია თოფურია აიყვანეს მძევლად - დააპატიმრეს აშკარად შეთიხნილი ბრალდებით, თითქოს ეს გოგო სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებდა და სახლის სარდაფში იარაღის საწყობი ჰქონდა.

ამგვარი ფეიკური ბრალდებები არა ძალის, არამედ ხელისუფლების სისუსტისა და შიშის გამოვლინება იყო.

მაგრამ დავანებოთ თავი პოლიტიკურ აქცენტებს. ან იმას, რა გავლენა ექნება იგორ გიორგაძეს საქართველოში დაბრუნების შემდეგ. რასაკვირველია ნულოვანი, რადგან „ოცნება“ მას ახლოს არ გაიკარებს გასაგები მიზეზების გამო - რათა ვინმე არ „აალაპარაკოს“.

ამჯერად მაინც უფრო საინტერესოა, თუნდაც დროითი დისტანციიდან გავიხსენოთ რა მოხდა საქართველოში 1995 წელს და საიდან მოვედით - დღემდე:

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

1995 წლის 29 აგვისტოს, კონსტიტუციის მიღებიდან ოთხი დღის შემდეგ, ქართული პოლიტიკური ბომონდი და «ელიტარული ინტელიგენცია» - «მოსწავლეთა სასახლეში» შეიკრიბა, სადაც უნდა გამართულიყო კონსტიტუციის ხელმოწერის საზეიმო ცერემონიალი. 
    ელოდნენ მხოლოდ სახელმწიფოს მეთაურს, რომელიც სულ მალე უნდა მოსულიყო მანქანით. მოულოდნელად, პარლამენტის შენობის (იმელის) მხრიდან მძლავრი აფეთქების ხმა გაისმა და ცაში შავი კვამლის სვეტი ავარდა. როგორც შემდგომ გაირკვა, აფეთქდა თეთრი ფერის «ნივა». იგი პარლამენტის ეზოში, ავტოსადგომზე იდგა; ცეცხლი წაეკიდა ედუარდ შევარდნაძის მანქანასაც. სახელმწიფოს მეთაური სულ რამდენიმე წამით ადრე გამოიყვანეს ალმოდებული ავტომანქანიდან, რომელიც მაშინვე მთლიანად დაიწვა. 
    ირადი დაცვის წევრებმა ედუარდ შევარდნაძე «ჟიგულში» გადასვეს და რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიიყვანეს. შევარდნაძე სერიოზულად არ დაშავებულა, მხოლოდ შუშის ნამსხვრევები შეესო სახესა და მკერდში.     როგორც შემდგომ გაირკვა, კონტუზიაც კი არ მოსვლია. ვახტანგ რჩეულიშვილი და პეტრე მამრაძე გაცილებით სერიოზულად დაშავდნენ. 
პოლიტიკური თვალსაზრისით,  შევარდნაძემ ეს აფეთქება ბრწყინვალედ გამოიყენა იმ დროს მთავარი მოწინააღმდეგის - «მხედრიონის» გასანადგურებლად: რამდენიმე დღის შემდეგ «აიყვანეს» გიგა გელაშვილი და თემურ ხაჩიშვილი, შემდგომ სხვა «მხედრიონელები» და ბოლოს თვით ჯაბა იოსელიანიც.

აფეთქება ბრალად ედებოდა გიგა გელაშვილს, რომელმაც «ღილაკს ხელი დააჭირა». სხვა ბრალდებულები იყვნენ იგორ გიორგაძის მოადგილე თემურ ხაჩიშვილი  და უშიშროების სამინისტროს თანამშრომლები, რომლებიც ამ უწყებაში მოხვდნენ თემურ ხაჩიშვილთან ერთად, - ანუ იგივე «მხედრიონელები»; თუმცა, მათ შორის თითო-ოროლა «ჩვეულებრივი თანამშრომელიც» იყო. ისინი (როგორც თავად აცხადებდნენ) «ბრძანებებს ასრულებდნენ». 
 გამოძიება ამტკიცებდა, რომ «მხედრიონის» ლიდერი ჯაბა იოსელიანი თავიდან ბოლომდე საქმის კურსში იყო, თუ რა მზადდებოდა და როგორ;

იგულისხმება არა მარტო სახელმწიფოს მეთაურზე თავდასხმა, არამედ გია ჭანტურიასა და სოლიკო ხაბეიშვილის მკვლელობა და სხვა ტერორისტული აქტები. 
თვით ჯაბა იოსელიანი ამას კატეგორიულად უარყოფდა. მისი მტკიცებით, მან არც ერთი ტერაქტის აქტის შესახებ არაფერი იცოდა, არც ბრძანება გაუცია და არც ვინმესთვის დაუვალებია სახელმწიფოს მეთაურის (აგრეთვე გია ჭანტურიას, სოლიკო ხაბეიშვილის) ლიკვიდაცია. 
დააკვირდით: იგი არ ამტკიცებდა, სხვა «მხედრიონელები» არაფერ შუაში არიანო. მხოლოდ იმის დადასტურებას ცდილობდა, რომ თვითონ არაფერი არ იცოდა. 
 ყველაზე საინტერესო მომენტი მთელს ამ ისტორიაში იგორ გიორგაძის როლია. «საინტერესო» იმდენად, რამდენადაც ცხადს ხდის მომხდარის მოტივაციას და შინაგან მექანიზმს. 
 იყო თუ არა იგორ გიორგაძე ტერორისტული აქტის (აქტების) ორგანიზატორი? წინასწარი გამოძიებისას, «მხედრიონელები» სწორედ მას «ადებდნენ ხელს» და ამტკიცებდნენ,  იგორ გიორგაძე ყველა ტერაქტის უშუალო ორგანიზატორიაო. 

რატომ ხდებოდა ასე? რატომ ცდილობდნენ «მთავარ ორგანიზატორად» სწორედ გიორგაძე გამოეცხადებინათ და შეექმნათ ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს მისი „ყურმოჭრილი მონები“ იყვნენ ყველანი, ამდენად ბრძანებებს უსიტყვოდ ასრულებდნენ? 
იგორ გიორგაძე ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული «КГБ»-ს მუშაკი იყო. სტანდარტულ ვითარებაში, საბჭოთა კავშირის დროს, იგი რომელიმე რაიონის «კაგებეს» უფროსის თანამდებობაზე «მაღლა» ვერ წავიდოდა, მაგრამ დრომ და გარემოებამ საქართველოს სპეცსამსახურის ხელმძღვანელად აქცია. 
    იმ სპეცსამსახურისარომელსაც ფაქტიურად «მხედრიონი» მართავდა! წარმოუდგენელია ისეთი „მგლები“,  როგორც გიგა გელაშვილი, თემურ ხაჩიშვილი და სხვა მხედრიონელები, -  იგორ გიორგაძის «ყურმოჭრილი მონები» ყოფილიყვნენ. 
 ვისაც ამ სისულელის სჯერა, უბრალოდ წარმოდგენა არა აქვს, რა მდგომარეობა იყო ქვეყანაში მაშინ: რეალურად, გიორგაძე მათ უფრო «კრიშად» სჭირდებოდათ, ხოლო მისი ბრძანებები და მითითებები სასაცილოდაც არ ეყოფოდათ, თუ მათი აღსრულება «მხედრიონის» ინტერესებს არ შეესაბამებოდა. 
  მაშ, რატომ აქციეს იგორ გიორგაძე «ცენტრალურ ფიგურად» - იმიტომ ხომ არა, რომ საკუთარი პასუხისმგებლობა შეემსუბუქებინათ და პოლიტიკური ბრძოლის მსხვერპლად წარმოეჩინათ თავი? 

 იგორ გიორგაძის დანაშაული უეჭველად ისაა, რომ მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყება ფაქტობრივად უკონტროლო კრიმინალურ ბანდად იქცა, ხოლო იგი ამის გამო «ყურსაც არ იბერტყავდა“. 
 «მხედრიონთან» დაპირისპირებისთვის გიორგაძეს  არც უნარი ჰქონდა, არც შნო და იქნებ არც სურვილი, ვინაიდან არ ეთანხმებოდა ედუარდ შევარდნაძის სახელმწიფოებრივ კურსს და სულაც არ ინაღვლებდა, თუ ტერორისტული აქტი საბოლოო შედეგს მიაღწევდა. 

 შესაძლოა, მას მართლაც ჰქონდა მოსკოვიდან მიღებული შესაბამისი ბრძანება, მაგრამ მთავარი ეს არ არის. უმთავრესი საკითხია «ცენტრალური სუბიექტის» გარკვევა იმდროინდელ შეთქმულებაში. 
   იგორ გიორგაძე «მხედრიონის» ლიდერებმა სპეციალურად აქციეს «ცენტრალურ სუბიექტად», რაკი მიხვდნენსწორედ ეს შეესაბამებოდა პოლიტიკურ კონიუნტქურასსინამდვილეში, გიორგაძე საერთოდ სიმბოლური ფიგურა  (თუმცაყველაფერს ხვდებოდა და იცოდა), ან მხოლოდ «რიგითი» წევრი იყო  შეთქმულებისა
  მისი იმიჯის დამძიმებას ხელი შეუწყო თვით იგორ გიორგაძის სიტყვებმა: რუსეთში გადახვეწის მერე მან ისეთი ინტერვიუების ბეჭდვა დაიწყო, რომელშიც იგი მართლა წარმოჩინდა «რუხ კანდიდატად» და შეთქმულების მთავარ ორგანიზატორად. 
 გაცილებით ჭკვიანური იქნებოდა (გიორგაძის მხრიდან) სადმე სოროში შემძვრალიყო და მისი ხმა არავის გაეგო. რაც შეეხება 29 აგვისტოს ტერაქტს: ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს, რომ ამ დივერსიის მთავარი ორგანიზატორი იყო «მხედრიონის» ელიტა, რომელიც მიხვდა: პოლიტიკური ვითარების სტაბილიზირების კვალობაზე, ხელისუფლება უეჭველად შეეცდებოდა ამ დაჯგუფების განადგურებას, ვინაიდან არც ერთი ხელისუფლება «მხედრიონის» მსგავსი ფენომენის არსებობას სახელმწიფოში არ მოითმენდა. 
  ამიტომ «მხედრიონის» მიზანი იყო არა პოლიტიკის ან სახელმწიფოებრივი კურსის შეცვლა (სინამდვილეში მათ პოლიტიკა არასდროს  აინტერესებდათ), არამედ სახელმწიფოში ანარქიისა და დესტაბილიზაციის პროვოცირება, ვინაიდან მხოლოდ ასეთ პირობებში შეძლებდნენ პოზიციის შენარჩუნებას, აგრეთვე 1994-1995 წლების რეიდების დროს  დაპატიმრებული «მხედრიონელების» ციხიდან გამოშვებას. 

ჯაბა იოსელიანისთვის, შესაძლოა, მათ არც არაფერი უკითხავთ, ვინაიდან იგი იმ დროისათვის უკვე ისეთივე «კრიშა» და სიმბოლური ფიგურა იყო, როგორც იგორ გიორგაძე; თუმცა «საქმის კურსში» ჯაბა მაინც იყო,  ოღონდ ისევე არ შეეძლო რამეს შეცვლა, როგორც იგორ გიორგაძეს და არც სურვილი ექნებოდა ამისა.

2017