სასაზღვრო ომი რუსეთთან გადამწყვეტ ფაზაში შედის

სასაზღვრო ომი რუსეთთან გადამწყვეტ ფაზაში შედის


   

    მას შემდეგ, რაც მოსკოვში ხელი მოეწერა რუსეთ-საქართველოს შეთანხმებას სასაზღვრო საკითხებზე, შემთხვევითი ნამდვილად არ უნდა იყოს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მორიგი პროვოკაციული დოკუმენტი «რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ».
    შეთანხმება ითვალისწინებს რუსეთის სასაზღვრო ჯარების საბოლოო გაყვანას ჩვენი ტერიტორიიდან (როგორც სასაზღვრო აკვატორიიდან, ასევე საქართველო-თურქეთის სახმელეთო საზღვრიდან). ეს პროცესი 1999 წლის ივლისში უნდა დასრულდეს, სამხედრო ქონება კი გაიყოფა პრინციპით ორმოცდაათი - ორმოცდაათზე.
    ბუნებრივია, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში მოკალათებული ქართველოფობები და რუსი «დერჟავნიკები» ამ შეთანხმებას მწვავედ აღიქვამდნენ და შეეცდებოდნენ საქართველოს დასასჯელად «საპასუხო ზომები» მიეღოთ; სწორედ ამიტომ მიმართეს რუსეთის პრეზიდენტს თხოვნით, გახსნას სასაზღვრო ფსოუზე, აამოქმედოს რუსეთ-აფხაზეთის დამაკავშირებელი სარკინიგზო მაგისტრალი და ა.შ. რუსი დეპუტატები შესაბამის «მუდმივმოქმედ კომისიასაც» კი ქმნიან, ვითომც იმ მიზნით, რომ «ხელი შეუწყონ კონფლიქტის მშვიდობიან მოწესრიგებას». სინამდვილეში რას და როგორ შეუწყობს ხელს ეს კომისია, - ისედაც ნათელია: იგი ხელს შეუწყობს აფხაზეთის არა მხოლოდ «დე-ფაქტოდ», არამედ «დე-იურედ» აღიარებას. სეპარატისტული რეჟიმის განმტკიცებასა და გაძლიერებას.
    კაცმა რომ თქვას, რუსი დეპუტატების გაღიზიანება და საყვედური (საქართველოს მიმართ) სასაზღვრო ჯართა გაძლიერების გამო, აშკარად უსამართლო და უსაფუძვლოა თვით იმ ადამიანთა პოზიციიდანაც კი, ვისაც ჰგონია, რომ თუ საქართველო რუსეთს მუხლებში ჩაუვარდება, - ამით რამეს მოიპოვებს; სინამდვილეში, რუსი მესაზღვრეები 6 წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ (ვთქვათ) აფხაზეთის სასაზღვრო აკვატორიაში; მთელი ამ ხნის განმავლობაში ოფიციალური თბილისი, - ედუარდ შევარდნაძე ზურაბ ჟვანია, ვალერი ჩხეიძე, - გამუდმებით ეხვეწებოდა რუსეთის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელობას (ჯერ გენერალ ნიკოლაევს, შემდეგ ბორდიუჟას, ახლა ტოცკის): «დაკეტეთ აფხაზეთის სასაზღვრო აკვატორია, ნუ გაატარებთ გემებს აფხაზეთის პორტებში, განახორციელეთ სეპარატისტული რეჟიმის საზღვაო ბლოკადა, შეასრულეთ დსთ-ს სახელმწიფო მეთაურთა საბჭოს დადგენილება», მაგრამ მიუხედავად ხვეწნა-მუდარისა, რუსები ამას არ აკეთებდნენ. მათ მხოლოდ ფსოუს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეზღუდეს მიმოსვლა, ისიც ნაწილობრივ, ზღვით კი არძინბას ხროვა იღებდა ყველაფერს, რაც სჭირდებოდა. ყველაზე მეტად აღმაშფოთებელი ის გახლავთ, რომ რუსი მესაზღვრეები იმავდროულად მკაცრად აკონტროლებდნენ ტვირთებს, რომელიც აფხაზეთის გავლით ჩრდილოეთ კავკასიისთვის იყო განკუთვნილი. მაშასადამე, ისინი საზღვარს მაინც აკონტროლებდნენ საკუთარი სახელმწფიოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ «თითი-თითზე» არ სურდათ დაეკარებინათ საქართველოს ინტერესების სასარგებლოდ.
    ასეთ შემთხვევაში, რა აზრი ჰქონდა მათ ყოფნას აფხაზეთის საზღვაო აკვატორიასა და მთლიანად საქართველოში? დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რუს მესაზღვრეებს სოხუმის პორტი ზღვიდან რომ ჩაეკეტათ და სეპარატისტული ხროვა სრულ ბლოკადაში მოექციათ - არც საქართველოს პარლამენტი მიიღებდა მესამე მოსმენით კანონს «სახელმწიფო საზღვრების შესახებ» და არც აღმასრულებელი ხელისუფლება მოითხოვდა რუსი მესაზღვრეების გაყვანას მთლიანად საქართველოდან. მაგრამ რუსებს ჩვენ გამო თავის შეწუხება არ სურდათ (აფხაზები მათაც ადვილად ესროდნენ ტყვიას), მაგრამ ის კი ძალზე აფიქრებდათ, რომ აფხაზეთის პორტებში ჩრდილო კავკასიისათვის განკუთვნილი ტვირთები არ გაეტარებინათ. ახლა ზოგიერთი თვლის: რუსები გავლენ და იარაღს აფსუა სეპარატისტებს დაუტოვებენო. მერედა ამიტომ მათი გასვლა არ უნდა მოვითხოვოთ? მტკნარი სისულელეა! იარაღი სეპარატისტებს ისედაც იმდენი აქვთ, სად წაიღონ არ იციან, ხოლო «სასაზღვრო საკითხში» პრინციპული პოზიციის დაკავებით მოსკოვს დავანახეთ, რომ საქართველო არ არის ტაჯიკეთი, რომლის ინტერესები შეიძლება საერთოდ არ გაითვალისწინონ.
    რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს «თხოვნას» პრიმაკოვის მთავრობა უეჭველად გაითვალისწინებს. ყოველ შემთხვევაში იგი გამოსცემს ბრძანებულებას «აფხაზეთში ციტრუსების შესყიდვის შესახებ», ისევე, როგორც მისმა წინამორბედმა, ვიქტორ ჩერნომირდინმა გამოსცა ანალოგიური ბრძანებულება საქართველოს ხელისუფლების დაუკითხავად.
    1994 წლიდან რუსეთის მთავრობა რეგულარულად გამოსცემს ასეთ ბრძანებულებას ნოემბრის ბოლოს, რათა აფხაზეთიდან რუსეთში ციტრუსები შეიტანოს.
    ამაში მდგომარეობს სწორედ რუსული პოლიტიკის არსი. იგი ყველაფერს აკეთებს, რათა ორივე მხარე უკმაყოფილო იყოს, ანუ ორივე მხარე კმაყოფილი იყოს ერთმანეთის უკმაყოფილებით. პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ ამ მზაკვრული პოლიტიკის დაკონკრეტება შესაძლებელია: ქართული მხარე უკმაყოფილოა იმით, რომ ფსოუზე საზღვარი მთლიანად არაა ჩაკეტილი, აფხაზური მხარე კი უკმაყოფილებას გამოთქვამს საზღვრის თუნდაც ნაწილობრივი ჩაკეტვის გამო. სოხუმი აშკარად არ გამოხატავს უკმაყოფილებას, მწვავე ბრალდებების გამოთქმასაც ერიდება, რადგან იცის, რომ წელიწადში ერთხელ, ციტრუსების სეზონის დადგომისთანავე, საზღვარი მაინც გაიხსნება და ექნება საშუალება მანდარინი სოჭის რაიონში გაიტანოს.
    რუსეთმა ფსოუზე საზღვარი 1994 წლის დეკემბერში ჩაკეტა, - ჩეჩნეთში ომის დაწყებისთანავე. რომ არა ომი ჩეჩნეთში, საზღვარი სულაც ღია დარჩებოდა, მაგრამ მაშინ საქართველოც მიიღებდა ანალოგიურ, ადეკვატურ ზომებს საქართველო-ჩეჩნეთის საზღვარზე.
    მდგომარეობა არც ამჯერად შეცვლილა. რუსეთი ერიდება ფსოუზე საზღვრის გახსნას, რადგან საქართველოც დაასრულებს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობას და «საპროტესტო ნოტების» გაგზავნა უსაგნო და ფუჭი იქნება. «თუ არ გინდა მე გავხსნა საზღვარი, თვით რატომ ხსნი ცალმხრივად საზღვარს?
    ამ ელემენტარულ ლოგიკას ბორის პასტუხოვიც კი, მიუხედავად მისი გაიძვერობისა, ვერაფერს დაუპირისპირებს. აი, სწორედ ამიტომ გახდა რუსულ-აფხაზური პოლიტიკის უმთავრესი მიზანი ის ოქმი, რომლის ხელმოწერას აფსუები შევარდნაძეს სთავაზობენ. ოქმი ითვალისწინებს საქართველო-რუსეთის საზღვრის ფსოუს მონაკვეთზე რეჟიმის სრულ ლიბერალიზაციას. სანაცვლოდ კი გალში ლტოლვილთა დაბრუნებას.
    ეს უკანასკნელი აშკარა სატყუარაა, რათა კიდევ ერთხელ გააცურონ საქართველოს ხელისუფლება. საზღვარი დაუყონებლივ გაიხსნება; აფსუები თავისას გაინაღდებენ; ლტოლვილთა დაბრუნება კი (იმავე ოქმის შესაბამისად) დეკემბრამდე უნდა გაიჭიმოს. ორიოდე თვის შემდეგ არძინბა ლტოლვილთა დაბრუნებას შეაჩერებს ან იტყვის, რომ «გალის რაიონში» იგულისხმებოდა მხოლოდ ტერიტორია გალის არხამდე (აკი არაფრის დიდებით არ სურთ ოქმში იმ სოფლების ჩამოთვლა, სადაც ლტოლვილები უნდა დაბრუნდნენ), ისიც მხოლოდ და მხოლოდ აფხაზური იურისდიქციის ქვეშ. ან არძინბა შექმნის ისეთ ვითარებას, როდესაც საქართველოს ხელისუფლება თავად არ იქნება დაინტერესებული ლტოლვილთა დაბრუნებით, - გახსნის მეგრულ სკოლებს და დაიწყებს ქართველების ჯერ «გამეგრელებას», შემდეგ «გააფსუებას».
    ამის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლება მიხვდება, რომ კიდევ ერთხელ მოატყუეს, მაგრამ ან ვეღარ გაბედავს ამის აღიარებას (რამდენჯერ უნდა მოგატყუონ?) ან იყვირებს: «ფსოუზე საზღვარი კვლავ ჩავკეტოთო», მაგრამ ნურას უკაცრავად, - ის საზღვარი ერთხელ თუ გაიხსნა, შემდეგ აღარ ჩაიკეტება.
    «ჩეჩნეთთან საზღვრის გახსნის მუქარაც» ელემენტარულ შანტაჟად წარმოჩინდება. განა თავად არ მოაწერეთ ხელი ოქმს, რომლითაც სთხოვდით რუსეთს საზღვარი გაეხსნა ფსოუზე; თუ ასეა, ახლა რა პრეტენზიები გაქვთ?
    ელემენტარული ლოგიკის შესაბამისად, გამორიცხულია, არძინბამ ქართველი ლტოლვილები გალის არხს მიღმა შეუშვას, ვინაიდან სწორედ გალის არხთანაა განლაგებული «აფხაზეთის შეიარაღებულ ძალთა» ქვედანაყოფები და საფორტიფიკაციო ნაგებობები; მართლაცდა, ბოლოს და ბოლოს, რამდენჯერ უნდა მოგვატყუონ?

მერიდიანი, 9 ნოემბერი, 1998 წ.