საქართველო: ზნემიშვებულობის სინდრომი

საქართველო: ზნემიშვებულობის სინდრომი

              «დრონი», რომლის იუბილე ამ დღეებში გულწრფელი სიხარულით აღვნიშნეთ მკითხველებმა, საქართველოს ტრაგიკული უახლესი ისტორიის ჭეშმარიტი მემატიანეა.
        ამიტომ ალბათ სწორედ მის ფურცლებზეა უპრიანი ჩვენი ერისთვის ყველაზე რთული და საჭირბოროტო პრობლემების განხილვა. მით უმეტეს, რომ, რაოდენ უცნაური და პარადოქსულიც უნდა იყოს, დღესაც, ისევე როგორც ილია ჭავჭავაძის ეპოქაში, კვლავინდებურად აქტუალურია ის მარადიული კითხვები, რომლებმაც 1999 წელს, 9 აპრილის 10 წლისთავზე, ოდნავი სახეცვლილებით, ახალი ჟღერადობა შეიძინეს: რანი ვართ და რატომ აღმოვჩნდით ამ დღეში?
        XX საუკუნის მიწურულსა და XXI საუკუნის დამდეგს საქართველო ხვდება არა მხოლოდ ტერიტორიულად დაპყრობილი, არამედ სულიერად განადგურებული და გულმოკლული.
        მართლაც, ყველაზე იოლი და ყალბი, როგორც არაერთგზის წერდნენ «დრონის» ავტორები, იქმნებოდა ყველაფრის «გარეშე მტრისა» და «კრემლის აგენტურისათვის» დაბრალება. ჩემი ზარით, არანაკლები უზნეობაა ყველაფრის დაბრალება მხოლოდ ხელისუფლებისათვის. ასე მარტივადაც არ არის საქმე - არასდროს არაფერი გვეშველება, სანამ არ მივხვდებით, რომ თვით ჩვენი ეროვნული მენტალიტეტის თავისებურებებში იმალება თვისება, რომელიც განსაზღვრავს ხელისუფლების სისუსტეს; აქედან გამომდინარე საბედისწერო შეცდომებსა და საზარელ ტრაგედიებს.
        ეს თვისება «წითელ ზოლად» გასდევს უკანასკნელ ათწლეულის ქართულ ისტორიას; მაგრამ ავიღოთ დროის მიხედვით ყველაზე ახლო მაგალითი - 1998 წლის გალის ტრაგედია.
        რამ განაპირობა ეთნოწმენდის ახალი ტალღის აფეთქება, რისი შედეგიც 50 ათასი ხელახალი დევნილია? მოვლენათა ობიექტური სურათი ასეთია: 1995 წლიდან სეპარატისტებმა ნება დართეს გალის რაიონის ქვედა ზონის ქართულ მოსახლეობას, მშობლიურ კერაზე დაბრუნებულიყო; მათი მიზანი იყო, შეექმნათ «ცოცხალი ბუფერი», რომელიც შემდგომ ოსტატურად გამოიყენეს კიდეც; პარალელურად, გალის რაიონში გააქტიურდნენ ქართველი პარტიზანები.
        რასაკვირველია, საქართველოს ხელისუფლებას შესანიშნავად ესმოდა, რომ იმ პირობებში, როდესაც ენგურზე რუსის ჯარი იდგა, მოვლენები უეჭველად ისე განვითარდებოდა, როგორც 1998 წლის მაისში - სეპარატისტები მოახდენდნენ მთელი ძალების კონცენტრაციას, გაანადგურებდნენ პარტიზანულ რაზმებს და ხელმეორედ აქცევდნენ ლტოლვილებად ათეულათასობით ქართველს; საქართველო კი იმ პირობებში ომს ვერ განაახლებდა.
        როგორ უნდა მოქცეულიყო ასეთ შემთხვევაში ხელისუფლება? - რა თქმა უნდა, ხელი უნდა შეეშალა, ყველა მეთოდითა და საშუალებით წინ უნდა აღდგომოდა პარტიზანთა მოქმედებას, რათა გალის მოსახლეობისა და მთელი საქართველოსთვის თავიდან აეცილებინა გალის ტრაგედია.
        ხაზს ვუსვამ: წინ აღსდგომოდა ყველა მეთოდითა და საშუალებით.
        მაგრამ საქმეც სწორედ ის გახლავთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ასე ვერ მოიქცეოდა. ვინაიდან, თუ წინ აღუდგებოდა პარტიზანთა განწირულ (თუმცა კეთილშობილურ) ძალისხმევას, რათა ქვეყნისათვის აეცილებინა გალის მორიგი საშინელი ტრაგედია, სწორედ ის ხალხი, რომელიც შემდგომ ამ ხელისუფლებას ბრალს სდებდა, - «პარტიზანები არ შეაჩერა და ამით ათიათასობით ადამიანი გააუბედურაო», უეჭველად იტყოდა: წარმოგიდგენიათ, ჩვენს «უძლეველ ლომებს» უნდოდათ ბრძოლის გაგრძელება სამშობლოს ერთიანობისათვის, ხელისუფლება კი მათ წინ აღუდგაო!
        დიახ, სწორედ ამას იტყოდნენ! თანაც იტყოდა არა უბრალოდ ადამიანთა ერთი ჯგუფი, არამედ ასეთი იქნებოდა მთელი საზოგადოების განწყობა, რომელიც უეჭველად გამოიხატებოდა შემდგომ სისხლსა და სიძულვილში «ანტიეროვნული ხელისუფლების» მიმართ;
        მაშინ არავინ გაითვალისწინებდა და არავინ დაიჯერებდა, რომ ხელისუფლება ამას აკეთებდა არა «ანტიეროვნულობის» გამო, არამედ უარესი ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად.
        ეს მაგალითი ზუსტად მიესადაგება საქართველოს უახლეს ისტორიას 1988 წლიდან - დღემდე. მასში მჟღავნდება მთლიანად, ქართული საზოგადოების უმძიმესი მანკი: საქართველოში ხელისუფლებას არ შესწევს უნარი მტკიცე პოლიტიკის გატარებისა (მიზანშეწონილობიდან და არა ემოციიდან გამომდინარე), ვინაიდან თვით საზოგადოება ამჟღავნებს საოცარ უპასუხისმგებლობას.
        სწორედ საზოგადოების (და არა მხოლოდ ხელისუფლების) უპასუხისმგებლობის შედეგია 9 აპრილის სასაკლაო, რომელმაც შემდგომ დამანგრეველი პროცესების მთელი ნიაღვარი გამოიწვია საქართველოში.
        შესაძლოა, ამ სიტყვებს სკანდალი მოჰყვეს, მაგრამ გავბედავ და ვიტყვი: იმდროინდელ ხელისუფლებას რომ ეცადა და დროულად წინ აღდგომოდა უზნეო მანიაკთა ხროვას, რომელიც ცხვრებივით მიერეკებოდა ხალხს სრულიად უაზრო სასაკლაოზე, ქართული საზოგადოება პირველი შეაჩვენებდა ასეთ ხელისუფლებას!
        აქედან გამომდინარე, უდიდესი უსინდისობაა თუნდაც დღევანდელი ხელისუფლების დადანაშაულება «არამიზანშეწონილ პოლიტიკურ ნაბიჯებში» - ნებისმიერი მიმართულებით; ედუარდ შევარდნაძე (ქართული საზოგადოების ზემოხსენებული თვისების გათვალისწინებით) სხვაგვარად ვერ იმოქმედებს. ძალიან უხეშად თუ ვიტყვი, არა მხოლოდ შევარდნაძე, არამედ ნებისმიერი ქართველი პოლიტიკოსი, თუ სამოქალაქო ომის თავიდან აცილება სურს, იძულებული იქნება იმოქმედოს პრინციპით «ურჩი მიუშვი ნებასა, თვით შეეყრება სნებასა».
        საქართველოში, თუ გულწრფელნი ვიქნებით, პოლიტიკა იმდენად საზოგადოა, რომ საკუთარ არსსაც კი კარგავს. ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერი მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქციის განხორციელება შეუძლებელია საყოველთაო კონსენსუსის გარეშე (ანუ თუ იგი ყველას არ მოეწონა). არადა, ასე სახელმწიფოს ფუნქციონირება შეუძლებელია - ნორმალურ ქვეყანაში, ნორმალურ საზოგადოებაში აუცილებლად უნდა არსებობდეს ნდობის გარკვეული ვოტუმი ხელისუფლების მიმართ; საქართველოში კი ასეთი ვოტუმი არც ერთ (ხაზს ვუსვამ არც ერთ) ხელისუფლებას არ ჰქონია. ამიტომაც მერყეობს ქართული პოლიტიკა მუსიკალური ქანქარასავით უდიდესი ამპლიტუდით: რუსეთთან ბაზების თაობაზე 25 წლიანი ხელშეკრულებიდან - ნატოში გაწევრიანების განცხადებულ სურვილამდე.
        ამიტომაც არის იძულებული ედუარდ შევარდნაძე გადადგას ნებისმიერი ნაბიჯი (თუნდაც თავად ღრმად იყოს დარწმუნებული, რომ ეს ნაბიჯი მძიმე შედეგებს მოიტანს), რათა ქართული საზოგადოებაც დაარწმუნოს იმაში, რაც თვითონ ისედაც იცოდა და იცის.
        ისევ და ისევ მაგალითად: გალის ტრაგედია უნდა მომხდარიყო, რათა ჩვენი საზოგადოება საბოლოოდ დარწმუნებულიყო, რომ ასეთი მეთოდით აფხაზეთში სასიკეთო არაფერი გამოვა.
        უფრო ადრე კი, აფხაზეთში ომი უნდა დაგვეწყო, ეს ომი უნდა გვეწარმოებინა, სამარცხვინოდ დავმარცხებულიყავით, ზღვა სისხლი დაგვეღვარა, რათა საზოგადოება დარწმუნებულიყო, რომ ძალით ეს პრობლემა ვერ გადაწყდება.
        ედუარდ შევარდნაძე, რომელსაც შესანიშნავად ესმოდა, რას - რა მოჰყვებოდა, იძულებული იყო საბედისწერო ნაბიჯი გადაედგა, რათა თავიდან აეცილებინა ახალი სამოქალაქო ომის მომასწავებელი საზოგადოებრივი გამძვინვარება: წარმოგიდგენიათ, კიტოვანის გვარდიას ერთი დარტყმით შეეძლო აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტა, შევარდნაძემ კი ამის უფლება არ მისცაო!
        გარწმუნებთ, ამას სწორედ ის ხალხი იტყოდა, რომელიც ახლა უსინდისოდ წუწუნებს: « - აბა, რას იწყებდა ამ ომს!»
        ილია ჭავჭავაძე, «ბედნიერი ერის» ავტორი, ალბათ დაასკვნიდა, რომ ეს არის ქართული საზოგადოების ყველაზე ბინძური და საზიზღარი თვისება - საზოგადოებას არა აქვს უფლება, მხოლოდ ხელისუფლებას აკისრებდეს ყველაფერზე პასუხისმგებლობას. იგი თავადაც ვალდებულია, აგოს პასუხი იმ საზოგადოებრივ-ფსიქოლოგიური სტერეოტიპებისთვის, რომელსაც თვითონ ახვევს თავს ხელისუფლებას.
        საზოგადოება ხელისუფლებას უნდა ენდობოდეს და აძლევდეს უფლებას, იმოქმედოს არა საზოგადოებაში მოარული, ხშირ შემთხვევაში მცდარი და ბრიყვული სტერეოტიპების, არამედ რაციონალური, მიზანშეწონილი განსჯის შესაბამისად; გადაჭარბებული უნდობლობა და იჭვნეულობა საკუთარი ხელისუფლების (მით უმეტეს, მის მიერვე არჩეული ხელისუფლების) მიმართ ერის სახელმწიფოებრივი უკულტურობის გამოვლინებაა.
        თუ ეს საზარელი მანკი საქართველოში არ აღმოიფხვრა, ამ ქვეყანას მომავალი არა აქვს. უფრო სწორად, ჩვენი მომავალი განუწყვეტელი ომი, სისხლისღვრა, ნგრევა და უბედურებაა.
       

დრონი, 3 ივნისი, 1999 წელი