საერთაშორისო მიმოხილვა. 27 ივლისი. 2022 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 27 ივლისი. 2022 წელი

გერმანიის ყოფილი კანცლერი, გერჰარდ შრიოდერი კვლავ ეწვია რუსეთს პუტინთან მოსალაპარაკებლად. ვის წრამოადგენს და რა სტატუსი აქვს - გაუგებარია.

შეგახსენებთ: ეს ის შრიოდერია, რომელიც 2006 წელს `გაზპრომში` გადავიდა სამუშაოდ.

ყველაზე საჩოთირო კითხვაა, ახლა ვის  წარმოადგენს?

სამწუხაროდ, არ არის გამორიცხული წარმოადგენდეს იმ ძალებს გერმანიასა და ევროპაში, ვინც მზად არის გაყიდოს უკრაინა (ზედ მიაყოლოს საქართველო) პუტინთან კომპრომისისთვის და ამ კომპრომისის `არხთა გასაჭრელად` გამოიყენოს გერჰარდ შრიოდერი, როგორც მაღალი სოციალური სტატუსის მქონე ფიგურა:

შრიოდერს არა აქვს მოქმედი პოლიტიკოსის სტატუსი, მაგრამ მის სტატუსს ქმნის `ბექგრაუნდი`: იგი ხომ გერმანიის ყოფილი კანცლერი და გერმანიის ისტორიული` სოციალ-დემოკრატიული პარტიის` თვალსაჩინო ლიდერია იმის მიუხედავადაც, რომ თანამდებობა პარტიაშიც არ უკავია: განა ტონი ბლეერი, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი არ ინარჩუნებს მაღალ სტატუსს, როგორც ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ყოფილი ლიდერი?

 

მთავარი კითხვაა: რა კომპრომისზე მუშაობენ ახლა ეს კაპიტულანტური ძალები ევროპაში? ანუ კონკრეტულად რისთვის `ჭრიან` ახლა ამ არხს?

სხვადასხვა წყაროთა შეჯერებით, იკვეთება შემდეგი სურათი:

 

ა) პუტინმა 20%-მდე შეამცირა გაზის მიწოდება ევროპისთვის და შრიოდერის მეშვეობით ევროპულ ელიტებს ემუქრება, რომ თუ უხალოეს მომავალში არ მოეწერება ხელი გრძელვადიან (20 წელი) შეთანხმებას ევროპისთვის რუსული გაზის მიწოდების შესახებ, მაშინ პუტინი არ აცდის 2-3 წელს ევროპას, რათა მან ვერ მოასწროს ალტერნატივის შექმნა და წელსვე გაუნულებს ბუნებრივი აირის მიწოდებას, რათა 2022-2023 სეზონზე ევროპაში კატასტროფა გამოიწვიოს. გარდა ამისა, პუტინი მოითხოვს, რომ ევროპამ, პირველ რიგში გერმანიამ დაუყოვნებლივ გასცეს ლიცენზია `ჩრდილო ნაკად-2` - ის ფუნქციონირებაზე. არ არის ლიცენზირებული საქნციათა პაკეტის გამო.

 

ბ) შრიოდერის მეშვეობით, პუტინი უყენებს ულტიმატუმს ევროპას, რომ შეაკავონ ზელენსკი და ხელი ააღებინონ ხერსონზე შეტევისაგან, რაც უახლოეს დღეებში უნდა დაიწყოს.

 

გ) ევროპამ აიძულოს ზელენსკი, ხელი მოაწეროს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ იმგვარ შეთანხმებას, რაც ფაქტიურად ამჟამინდელი სტატუს-კვოს ანუ უკრაინის სახელმწიფოს 20%-ის დაკარგვისა და დანარჩენი ტერიტორიის ზღვიდან ბლოკირების დაკანონებას ნიშნავს.

თანაც რუსეთისათვის სანქციათა მნიშვნელოვანი ნაწილის მოხსნით და მხოლოდ სიმბოლური საქნციების დაწესებით. როგორი სანქციებიც 2008 წელს იყო საქართველოში რუსეთის აგრესიის გამო და აღარც ვინმეს ახსოვს.

 

ნიშანდობლივია, რომ სწორედ გერჰარდ შრიოდერის მოსკოვში ვიზიტის წინა ღამეს (გუშინ) რუსეთმა კვლავ მასირებულად და ბარბაროსულად დაბომბა ერთდროულად რამდენიმე ქალაქი.

 

პუტინის `მარჯვენა ხელმა`, მისმა მოსალოდნელმა მემკვიდრემ, ექსპრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა, რომელიც ახლა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა (თავმჯდომარე თვითონ პუტინია) გაამხილა, რომ პუტინის საბოლოო მიზანია უკრაინისგან დატოვოს მხოლოდ კიევის ოლქი. ანუ სხვა დანარჩენი ან თავად დაიპყროს, ან გააკეთოს ისე, რომ დასავლეთ უკრაინა პოლონეთმა და უნგრეთმა წაიღონ.

დავაკვირდეთ:  ამ გეგმას მედვედევი მაშინ აქვეყნებს, როცა პუტინი შრიოდერთან თუნდაც ამჟამინდელი სტატუს-ქვოს შენარჩუნებაზე აწარმოებს მოლაპარაკებას.

 

ეს იმაზე მეტყველებს, რომ მედვედევი ფრთხილად იწყებს საკუთარ თამაშს შოვინისტურად განწყობილ რუსთა უმრავლესობისთვის: მე ბევრად მეტს მივაღწევ, ვიდრე პუტინიო.

მით უმეტეს, რომ როცა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას იწყებდა, პუტინი მართლა ბევრად მეტს პირდებოდა რუსებს, ვიდრე რასაც ახლა მიაღწია On the ground.

 

აშშ შტაბთა მეთაურების გაერთიანებული შტაბის მეთაურმა, 4 ვარსკვლავიანმა გენერალმა მარკ მილიმ (ჩვენი კლასიფიკაციით, გენერალური შტაბის უფროსი) განაცხადა, რომ უკრაინამ უკვე მიიღო ამერიკის არმიისაგან 12 ერთეული ფრთოსანი რაკეტების ზალპური ცეცხლის დანადგარი HIMARS.

სულ 12 ერთეული მიიღო და უკვე სერიოზულად დაეტყო ფრონტს, საბრძოლო მოქმედებებს და ომს მთლიანად.

100 ერთეულს პირდებიან კიდევ უკრაინას ამერიკელები და გასაგებია ეს რა შედეგს `დადებს`.

უკრაინამ ამ დანადგარით სერიოზულად დააზიანა სტარტეგიული ხიდი დნეპრზე.

საქმე ისაა, რომ ხერსონი მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს და ხერსონში რუსული არმიის მოსამარაგებლად, ასევე დამხმარე ძალის გასაგზავნად დნეპრის მარცხენა, ოკუპირებული ნაწილიდან ეს ხიდი ყოვლად აუცილებელია.

მაგრამ თუ ამ ხიდის დაზიანება შესაძლებელია, მაშინ მისი დანგრევაც შესაძლებელია. სამხედრო სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ სტრატეგიული  ხიდის აფეთქების შემდეგ ხერსონის გათავისუფლება სუფთად სამხედრო ამოცანის მხრივ, რეალურზე მეტია- თითქმის 100% შესაძლებელია.

უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინა არ გამორიცხავს დარტყმებს რუსეთის ტერიტორიაზე `თუ ეს აუცილებელი გახდა`.

მთავარი ახლა ზელენსკის და დასავლეთის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა იმ მიზეზების გამო, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ.

. . . . . . . . . . . . . .

რუსეთი პირწმინდად ძარცვავს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს.

დონეცკის და ლუგანსკის ინდუსტრიული ზონიდან ხომ ყველაფერი გაზიდა რაც ფასეული იყო, მარიუპოლის გიგანტური მეტალურგიული ქარხნიდან `აზოვსტალ` მთელი ფოლადი მოიპარა და გაზიდა; უკრაინის დაპყრობილი ტერიტორიიდან ხორბალიც გაზიდა; ახლა კი....იმავე აღმოსავლეთ უკრაინის დაპყრობილი შავმიწანიადაგიანი ტერიტორიიდან მზესუმზირა გააქვს, რისგანაც Подсолнечное масло ანუ მზესუმზირის ზეთი მზადდება

რუსეთსა და უკრაინაზე ხორბლის სეგმენტში მსოფლიოს დამოკიდებულება დაახლოებით 30% იყო. მაგრამ გამაოგნებელი ციფრია, რომ ომამდე, უკრაინა მზესუმზირას ზეთით მსოფლიო მოთხოვნებს 60%-ით აკმაყოფილებდა.

კოლოსალური ციფრია.

უკრაინის ერთ-ერთი ეროვნული სიმბოლოა მზესუმზირას თვალუწვდენელი ოქროსფერი ველები.....ეროვნულ დროშაზეც კი აისახა ამ გრანდიოზულ ველთა ფერი - სულ მზესუმზირის ფრად რომ ელვარებს.

ახლა რუსეთს მიაქვს თავხედურად ეს სიმდიდრე და ეს სილამაზე.

ოღონდ.....აქ ყელაზე გამაოგნებელი და აღმაშფოთებელი იცით რა არის?

საბჭოთა კავშირი ხომ ნამდვილად ბოროტების იმპერია იყო არა?!

კი, ნამდვილად იყო!

1979 წელს ბრეჟნევის ბრძანებით საბჭოთა არმიამ ავღანეთი დაიპყრო.  მაგრამ.......იმ ბოროტების იმპერიასაც კი აზრად არ მოსვლია ავღანეთის წიაღისეული ან სხვა სიმდიდრე (ზღაპრულად მდიდარი ქვეყანაა ამ მხრივ ავღანეთი) ასე ბანდიტურად გაეზიდა ქვეყნიდან.

პუტინმა ყველას `აჯობა` უკვე ბანდიტობით და ყაჩაღობით

. . . . . . . . . . . . . .

ეთნიკურად,  კულტურულად და რელიგიურად სერბეთის (რუსეთის მთავარი ევროპული მოკავშირის) `ტყუპისცალმა`  ჩერნოგორიამ, საკუთარ ტერიტორიაზე რუს მოქალაქეთა უძრავი ქონების დაპატიმრებები დაიწყო. ანუ არა მხოლოდ რუსი ოლიგარქების, არამედ ყველასი, ვისაც რუსული პასპორტი აქვს.

ჩერნოგორია დღეს NATO-ს და ევროკავშირის უერთგულესი პარტნიორია.

ჩერნოგორიაში რუსების კუთვნილი ბინების საერთო ღირებულება 1,5 მილიარდი ევროა.

. . . . . . . . . . . . . .

როგორც ვწერდით და როგორც ვივარაუდეთ, ამერიკა იძულებული ხდება გაათავისუფლოს იარაღით მოვაჭრე, ნამდვილი ურჩხული ვიქტორ ბუტი (რომლის `სინდისზე` ათასობით ამერიკელის სიცოცხლეა) ვინც ამერიკულ ციხეში ზის უკვე მრავალი წელია, რათა გამოიხსნას რუსული ტყვეობიდან კალათბურთელი ქალი ბრიტნი გრინერი და ამერიკელი ბიზნესმენი პოლ უილანი.

ორივე მათგანი რუსულმა სპეცსამსახურებმა ჯერ გველურად შემოიტყუეს რუსეთში, შემდეგ დააპატიმრეს და ახლა ცდილობენ ვიქტორ ბუტში გაცვალონ.

სოლიდური წყაროები ერთდროულად რამდენიმე რესურსიდან ამტკიცებენ, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა უკვე ოფიციალურადაც კი შესთავაზა ამგვარი  გაცვლა მოსკოვს. არცაა გასაკვირი, რადგან ფერადკანიანი (!) ამერიკელი ქალი(!) კალათბურთელის რუსული ტყვეობიდან გამოსახსნელად მთელი ამერიკული ლიბერალური ისტებლიშმენტი აღსდგა. მათ შორის NBA ელიტა.

პუტინს ეს ორი გარემოება რასაკვირველია გათვალისწინებული ექნებოდა (ქალი, თანაც ფერადკანიანი), როცა ამ სპეცოპერაციას ახორციელებდა.

ამერიკა არასდროს აწარმოებს მოლაპარაკებებს ტერორისტებთან, რომლებიც მძევლად იყვანენ ამერიკელ მოქალაქეებს. ისევე, როგორც არ აწარმოებს მოლაპარაკებას ისრაელი, არ აწარმოებს მოლაპარაკებას ევროპა და ა.შ. ეს ანტიტერორიზმის ერთ-ერთი ურყევი კანონია: იმიტომ, რომ თუკი იწყებ მოლაპარაკებას ტერორისტებთან, ეს არის წახალისება სხვა ტერორისტებისა, ვინც ადამიანებს იტაცებენ და მათი დახოცვით ან წამებით იმუქრებიან რაღაც სხვა მიზნების მისაღწევად.

მაგრამ..... რა ქნას დემოკრატიულმა სახელმწიფომ, როდესაც საქმე აქვს ტერორისტულ სახელმწიფოსთან?

ადამიანური, ჰუმანისტური განზომილება კონფლიქტურ კორელაციაში შედის ანტიტერორისტულ კანონებთან და გეოპოლიტიკურ განზომილებასთანაც.

ერთია, როცა სახელმწიფოები ცვლიან ჯაშუშებს თუ მზვერავებს (მაგალითად 2010 წელს მოხდა უდიდესი გაცვლა, როცა ამერიკელებმა ათეულობით რუსი ჯაშუში გამოავლინეს რუსეთიდან გაქცეული მაღალჩინოსანის მეშვეობით და სანაცვლოდ ყველა მზვერავი გაათავისუფლეს რუსული ციხეებიდან)  ხოლო  სულ სხვაა, როცა უდანაშაულო ადამიანებში უცვლი პირწავარდნილ ბანდიტს და მტერს.

`სწორი პასუხი` ამ კითხვაზე არ არსებობს და ნებისმიერ შემთხვევაში ხელისუფლების პასუხისმგებლობაა

პოლიტიკის კანონია აგრეთვე, რომ 2022-2024 წლის საზარელი, ბობოქარი საარჩევნო კამპანიის დასაწყისში, ამგვარი გადაწყვეტილების მიღება ბაიდენის მხრიდან დემოკრატიული პარტიის დასუსტება იქნება, რადგან ტრამპი რასაკვირველია დაადანაშაულებს (სწორადაც დაადანაშაულებს) პრეზიდენტს ქვეყნის ეროვნული ინეტრესების დაზიანებაში:

`აი მე რომ ვიყო პრეზიდენტი, ყოფელგვარი გაცვლის გარეშე გამოვაშვებინებდი პუტინსო`- ასე იტყვის.

ვერც შეედავები, რადგან ის არ არის პრეზიდენტი.

პოლიტიკა სასტიკია.