საქართველოზე გამარჯვების 20 წლისთავი

საქართველოზე გამარჯვების 20 წლისთავი

«დამოუკიდებელ აფხაზეთში» ზარ–ზეიმით აღნიშნეს საქართველოზე გამარჯვების 20 წლისთავი. მთავარი ღონისძიება სამხედრო აღლუმი გახდა და სწორედ მას მოჰყვა ყველაზე დიდი ვნებათღელვა, რომელიც იმ საზოგადოებაში მომწიფებულ შიდა კონფლიქტზეც მეტყველებს, ისევე როგორც «აფხაზური სახელმწიფოებრიობის» წინაშე არსებულ გამოწვევებზე.
    აფხაზმა ბლოგერებმა შენიშნეს, რომ მათი პრეზიდენტი, ალექსანდრე ზოლოტინსკის ძე ანქვაბი, მეტისმეტად მსუქნად გამოიყურებოდა. ამის გამო გაკვირვებას ვერ მალავდნენ. ის არ უკვირთ, რომ პრეზიდენტის ბაბუამ თავის შვილს აფხაზეთში მოღვაწე რუსი ინჟინერის გვარი (!) სახელად დაარქვა. ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო გაერკვიათ, რა დაემართა ანქვაბს, რომ ესოდენ უცბად მოიმატა წონაში. არადა, არაფერიც არ დაემართა: მსუქნად კი მხოლოდ იმიტომ გამოიყურებოდა, რომ . . . . ჯავშანჟილეტი ეცვა!
    როგორია? «დამოუკიდებელი აფხაზეთის» პრეზიდენტი, რომლის ქვეყანას ზესახელმწიფოს არმია იცავს მთლი მისი მრისხანე ძლევამოსილებით, «დამოუკიდებლობის» 20 წლისთავზე სეფე სიტყვით გამოსვლისას ჯავშანჟილეტს იცვამს, რათა ვინმე თვალჩუბინმა სნაიპერმა ტრიბუნაზევე არ «გააგოროს».
    მაინც ვინ? ქართველებმა? ქართველებს რომ ამის შნო და შესაბამისი პასიონარობა გვქონოდა, იმ ომს არ წავაგებდით. თანაც ისე, როგორც წავაგეთ ჯერ 1993, მერე 2008 წელს. აქ უფრო სხვა რამეშია საქმე: რუსები არ იმჩნევენ, თორემ სოხუმში მათი საელჩოს პირველი მდივნის, ვიცე–კონსულ დიმიტრი ვიშერნიოვის მკვლელობამ ისინი უბრალოდ გააცოფა. მოსკოვში ძალიან კარგად იციან, რომ მკვლელობა აფხაზების ნახელავია, ხოლო ჭკუანაღრძობი ჩეჩნი იუსუპ ლაკაევი, ვისაც ოფიციალურად ბრალდება ქილერობა, მხოლოდ შემსრულებელი.
    რუსები იმასაც ხვდებიან, რომ მკვლელობის მიზეზი იყო ვიშერნიოვის მცდელობა, აღედგინა აფხაზეთში ომამდელი დემოგრაფიული ვითარება ეთნიკური რუსების სასარგებლოდ. გარდა ამისა, ვიშერნიოვი ძლიერად «აწვებოდა» აფხაზურ ხელისუფლებას ბინების თავისუფალი ყიდვა–გაყიდვის საკითხში: «თქვენ მართლა დამოუკიდებლები ხომ არ გგონიათ თავი, ახლავე გააუქმეთ ყოველგვარი აკრძალვა რუსეთის მოქალაქეებისათვის უძრავი ქონების მიყიდვაზე, თორემ გრანტებსაც შეგიწყვეტთ და ბლოკადასაც გამოგიცხადებთო».
    თავის მხრივ, ალექსანდრე ანქვაბმაც იცის, რომ იმ ექვსი თავდასხმიდან, რომელსაც ადრეულ წლებში გადაურჩა, ექვსივე რუსული სპეცსამსახურების ორგანიზებული იყო. ბუნებრივია, მეშვიდესაც არ გამორიცხავს. მით უმეტეს, რომ არანაირ დათმობაზე არ მიდის არც ბინების, არც პუტინის ადმინისტრაციისათვის ყოფილი საბჭოთა სანატორიუმების გადაცემის საკითხში. ამიტომ, სულაც არ იყო გამორიცხული, იქვე, პარადზე «გაესაღებინათ». არადა, რა «ლოკვას» არ მიმართა «ამაყი და თავისუფალი აფხაზეთის» პრეზიდენტმა: როცა სეფე სიტყვაში საქართველოსთან ომზე ლაპარაკობდა, ჩერქეზი მოხალისეები (ანუ მთავარი იმდროინდელი მოკავშირეები) არც უხსენებია, რათა მოსკოვი არ გაეღიზიანებინა. ბევრად მეტი კრასნოდარის მხარეზე ისაუბრა და კიდევ კაზაკებზე.
    ამასთანავე, «ამაყი და თავისუფალი აფხაზეთის» სამხედრო აღლუმზე გამოჩნდა უსაზიზღრესი შოვინისტური ორგანიზაცია Чёрная сотня – ს კოლონა. «შავრაზმელებმა» ტრიბუნის წინ ჩაიარეს და მათ ხელსაც უქნევდა აფხაზეთის ხელმძღვანელობა. ამაზე მეტი თავსლაფდასხმა და სულში ჩაფურთხება კავკასიელი მთიელებისათვის წარმოუდგენელია. მაგრამ ანქვაბმა, დიადი მიზნისათვის, ესე იგი რუსეთის გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად, ესეც «მოიწმინდა». ადგილობრივ ბლოგებში ძალიან კი ლანძღეს, მაგრამ აფხაზეთის თავდაცვის სამინისტრომ ასე განმარტა: იმ შავრაზმელთა დიდი ნაწილი, ან მათი მამები (?!!!) საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდნენ და რაღა გვექნაო.
    სამხედრო აღლუმს მცირე ხნით ვლადისლავ სურკოვიც დაესწრო, რომელიც პრეზიდენტმა პუტინმა ამას წინათ კრემლში დააბრუნა და საქართველოს სეპარატისტულ რეგიონთა კურირება დაავალა. სურკოვმა, ხანმოკლე შეხვედრისას, ანქვაბს ულტიმატუმი წაუყენა: უახლოეს მომავალში მოხსნი ყოველგვარ შეზღუდვას ბინების ყიდვა–გაყიდვაზე, დააბრუნებ ეთნიკურ რუსებს, გადმოგვცემ საბჭოთა სანატორიუმებს, ჩაახშობ ეკლესიურ სეპარატიზმს, ანუ კონსტანტინეპოლის საპატრიარქოსკენ ლტოლვას, გადასცემ რუსეთის ეკლესიას ახალი ათონის მონასტერს, თორემ რუსეთ–აფხაზეთის საზღვარი ჩაიკეტება (სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების საბაბით) და აღარც გაიხსნება ოლიმპიადის დასრულების შემდეგო. რაც შეეხება აფხაზეთში მცხოვრებ რუსებს, ისინი რუსული სამხედრო ბაზის თანამშრომლებად არიან გაფორმებულნი და, საზღვრის ჩაკეტვის მიუხედავად, რუსეთში მოგზაურობას მაინც შეძლებენ – გუდაუთის სამხედრო აეროპორტიდან.
    რა ექნა «ამაყი და თავისუფალი» აფხაზეთის პრეზიდენტ ანქვაბს? შეპირდა კრემლის ემისარს, რომ ყველა გადაწყვეტილებას აუცილებლად მიიღებს. არადა, ვერ მიიღებს, რაკი აფხაზეთში ეს სამოქალაქო ომს გამოიწვევს. ამიტომ, უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ აფხაზური მხრიდან სიგნალებს თბილისის მიმართ, ვითომდაც «დიალოგისათვის მზადყოფნის» თაობაზე. თუმცა ამ მესიჯთა მიზანი მხოლოდ ის იქნება, მოსკოვი დააშანტაჟონ: თუ ჩვენზე ზეწოლას არ შეწყვეტთ, თქვენს ჯინაზე საქართველოსაც კი დაველაპარაკებით, მაგრამ რეალურ დათმობაზე (თუნდაც ლტოლვილთა საკითხში) არც მათთან წავალთო.
    ამ ხრიკისათვის აფხაზ სეპარატისტებს ადრეც ბევრჯერ მიუმართავთ; მათ კარგად იციან, რომ თუნდაც სიმბოლური ნაბიჯები თბილისის მიმართულებით, ანტიქართულად განწყობილი რუსული საზოგადოების გაღიზიანებსა გამოიწვევს და ეს გაღიზიანება პუტინის ადმინისტრაციის წინააღმდეგ იქნება მიმართული: «ანტიქართველ მოკავშირეებს ვკარგავთ ჩვენი ხელისუფლების უნაითობის წყალობითო». ოღონდ, ისევ და ისევ ვიმეორებ, რომ სოხუმის სიგნალები (პირველი სიმპტომები უკვე გაჩნდა) სულაც არ ნიშნავს, რაიმე დათმობას საქართველოს მიმართ არც ფუნდამეტურ და არც მეორეხარისხოვან საკითხებში, როგორიცაა თუნდაც გალის რაიონში ქართულ ენაზე სწავლება, ან ზუგდიდი–გალის სატრანსპორტო მიმოსვლის აღდგენა და ა.შ.
    ასეთი ფანდისათვის სეპარატისტებს მართლაც არაერთხელ მიუმართავთ და ყოველთვის «გასვლიათ». დღესაც გაუვათ – ამჟამინდელ მთავრობაში მოკალათებული ერთი «სასარგებლო იდიოტის» წყალობით, ვისაც ვერაფერით შეაგნებინებ, რომ სინამდვილეში ჩვენი თვისებრივი მტერი არის არა რუსეთი, არამედ აფხაზური და ოსური სეპარატიზმი. რუსეთი მათ იყენებს, მაგრამ მაინც მეორადია. ხოლო სეპარატისტთა ასწლოვანი (!) ზიზღი და სიძულვილი საქართველოს მიმართ – პირველადი!
    თუმცა ეს უკვე სულ სხვა საუბრის თემაა.

2013