შევარდნაძემ ბეიკერი პირში ჩალაგამოვლებული დატოვა

შევარდნაძემ ბეიკერი პირში ჩალაგამოვლებული დატოვა

      

        ედუარდ შევარდნაძის ამჟამინდელი ვიზიტი აშშ-ში ნამდვილად არ იყო მხოლოდ ცერემონიული ღონისძიება, რათა საქართველოს დაეფიქსირებინა თავისი მონაწილეობა, თუნდაც სიმბოლური, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ახალი კონცეფციის შემუშავებაში.
        ამ კონცეფციას, რა თქმა უნდა, დასავლურ სახელმწიფოთა გეოპოლიტიკურ ინტერესთა თანხვედრა ქმნის; საქართველოს შეუძლია უარყოს (რაც ერთდროულად სისულელეც იქნება და საკუთარი ინტერესების უგულებელყოფაც), ან მიიღოს კონცეფციის ძირითადი პოსტულატები. ეს კი შექმნილ ვითარებაში უაღრესად მიზანშეწონილია სწორედ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე.
        ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არცთუ ხშირად ყოფილა შემთხვევა, საქართველოს «აღმავალ ტალღაზე» მოხვედრისა, ანუ როცა მოვლენათა განვითარება მსოფლიოში ობიექტურად ემთხვეოდა საქართველოს ინტერესებს. ამჟამად სწორედ ასეთი ვითარებაა, რასაც ადასტურებს და აძლიერებს ომი იუგოსლავიაში.
        ამიტომ, უდიდესი, ჭეშმარიტად საბედისწერო შეცდომა იქნებოდა, საქართველოს, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად არ ესარგებლა ამ ვითარებით.
        პოლიტიკა შესაძლებლის ხელოვნებაა, ეს ფორმულა სწორედ იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკოსი ვალდებულია არსებული შესაძლებლობიდან მაქსიმუმი გამოწუროს; ბალკანეთზე მოვლენათა განვითარებამ და რუსეთის გარდაუვალმა კონფრონტაციამ დასავლეთთან ობიექტურად გააძლიერა საქართველოს კოზირები. ამ ვითარებაში ყოველ, თუნდაც სიმბოლურ ნაბიჯსა და ღონისძიებას განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება; მით უმეტეს, რომ პოლიტიკაში სიმბოლური არაფერია.
        ედუარდ შევარდნაძის მრავალჯერ გადადებული ვიზიტი ამერიკაში დაიწყო ტეხასში, - ამერიკის ერთ-ერთ ფინანსურ-სამრეწველო ცენტრში. ამ ფორმულირებამ არავინ გააკვირვოს; ამერიკას ერთი ცენტრი არა აქვს. ამ ქვეყნის უნიკალობა, ყველაფერთან ერთად, იმაშიც მჟღავნდება, რომ იგი მრავალი ცენტრისგან შედგება, ანუ ამერიკა პოლიცენტრისტული სახელმწიფოა, რაც კი არ ასუსტებს, როგორც დაასუსტებდა ეს, ვთქვათ, რუსეთს, საფრანგეთს ან საქართველოს, არამედ პირიქით, - აძლიერებს მას.
        ჰიუსტონი ტეხასის უდიდესი ქალაქია, - ამერიკის მესამე ფინანსური და ეკონომიკური ცენტრია ნიუ იორკისა და ჩიკაგოს შემდეგ. გარდა ამისა, ტეხასი საერთო ეროვნული მნიშვნელობის პოლიტიკურ პროცესთა გენერატორია.
        ამდენად, არ არის შემთხვევითი, რომ ჯორჯ ბუში და ჯეიმს ბეიკერი ტეხასელები არიან; ისევე, როგორც ტეხასელია შტატის დღევანდელი გუბერნატორი და რესპუბლიკელთა ფავორიტი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ჯორჯ ბუშ-უმცროსი; ჯორჯ ბუშ-უფროსმა და ჯეიმს ბეიკერმა ყველაფერი გააკეთეს, რათა ედუარდ შევარდნაძის სტუმრობა ტეხასში ნოსტალგიურ მოგონებათა საღამოდ გადაექციათ და საკუთარი თავი შეეხსენებინათ ამერიკელი საზოგადოებისთვის, მაგრამ შევარდნაძემ მათ ამის საშუალება არ მისცა.
        იგი ყოველნაირად ცდილობდა ხაზი გაესვა, რომ არის არა ყოფილი საბჭოთა კავშირის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, არამედ საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი. რაც, უნდა ვაღიაროთ, საკმაოდ კარგად და გონებამახვილურად მოახერხა კიდეც.
        ტელემაყურებელს უახლოეს დღეებში ექნება საშუალება, ნახოს ედუარდ შევარდნაძისათვის ენრონის პრემიის გადაცემის ცერემონიალი, რომლის დროსაც გაიმართა საჯარო დიალოგი ტეხასის ელიტის თანდასწრებით შევარდნაძესა და ბეიკერს შორის.
        ჯეიმს ბეიკერი ამ დიალოგისას სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდა, ვინაიდან, ვიმეორებ, იგი ცდილობდა შევარდნაძესთან დიალოგი გაემართა, როგორც მხოლოდ ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრთან და იმავდროულად მოეხდინა იმის დემონსტრირება, რომ «ცივი ომის» დამთავრებაში ლომის წილი სწორედ მას, - იმდროინდელ სახელმწიფო მდივანს ეკუთვნის.
        მაგრამ შევარდნაძემ ოსტატურად გადაიტანა ეს დიალოგი სულ სხვა სიბრტყეზე; საამისოდ მას ჰქონდა მხოლოდ ერთი საშუალება, - არ დაეწყო მეტისმეტად სერიოზული მსჯელობა ათი წლის წინანდელ მოვლენებზე და გაეხსენებინა მაქსიმალურად ბევრი იუმორისტული ეპიზოდი, რათა ხაზი გაესვა, რომ, ჯერ ერთი, ის დღეს მოქმედი პრეზიდენტია და არა ყოფილი ქვეყნის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი; გარდა ამისა, ქარაგმულად მიენიშნებინა დამსწრეთათვის, რომ «ცივი ომის» დამთავრებაში ორი ზესახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრების წვლილის შეფასებისას პრიორიტეტი სწორედ მას უნდა მიენიჭოს და არა ბეიკერს.
        ედუარდ შევარდნაძემ ქარაგმულად შეახსენა ყოფილ კოლეგას, რომ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი ყველა სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღებისას პოლიტბიუროს წნეხის ქვეშ იმყოფებოდა, ანუ მისთვის გადაწყვეტილების მიღება, დათმობებზე წასვლა გაცილებით ძნელი იყო, ვიდრე ბეიკერისთვის.
        ნამდვილ სენსაციად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ, როგორც აღმოჩნდა, ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე მხოლოდ ერთი დღით ადრე, ჯეიმს ბეიკერი მოსკოვში საიდუმლოდ შეხვდა ედუარდ შევარდნაძეს და გააცნო მას ერაყის დაბომბვის კონკრეტული გეგმა, რომელიც შემდგომ განიხილა პოლიტბიურომ!
        ამგვარი რამ არ ახსოვს კაცობრიობის ისტორიას. საბჭოთა კავშირი და ამერიკა ხომ ჯერ კიდევ არ იყვნენ პარტნიორები და, რა თქმა უნდა, არც არასდროს ყოფილან.
        გორბაჩოვი ორჭოფულად დაეთანხმა ამერიკას, თუმცა, მანვე გააგზავნა ევგენი პრიმაკოვი განსაკუთრებული მისიით ბაღდადში. ჯეიმს ბეიკერს არც ეს დავიწყებია. დღევანდელ ვითარებაში პრიმაკოვის იმდროინდელი მისიის გახსენება ერთობ ნიშანდობლივი მომენტი იყო, ვინაიდან პრიმაკოვი ამჟამად რუსული ნეოიმპერიალისტური სექციის განსახიერებაა.
        ჯეიმს ბეიკერმა გაიხსენა, რომ 1992 წელს, სამოქალაქო ომის დროს იმყოფებოდა საქართველოში. მისი თქმით, იგი ცხოვრობდა ლავრენტი ბერიას ყოფილ რეზიდენციაში, რომლის გარშემო დღენიადაგ ისმოდა სროლა. ამის გახსენებაც გამოცდილ დიპლომატ ბეიკერს იმისათვის დასჭირდა, რათა კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა - მე მაინც ამერიკელი ვარ, ხოლო ედუარდ შევარდნაძე «მხოლოდ» საქართველოს პრეზიდენტი, ანუ ჩამორჩენილი და ჯერ კიდევ გუშინ ქაოსით მოცული ქვეყნისა; მაგრამ შევარდნაძემ საკმაოდ ეშმაკური სვლით, «მეგობარ-ოპონენტს» არც ამის საშუალება მისცა; მან გაიხსენა, რომ ბეიკერი მიიყვანა რესპუბლიკის მოედანზე, სადაც მიტინგი იმართებოდა, ამას წინ აღუდგა მისივე დაცვა, რომელსაც მან ურჩია - თქვენ ბეიკერის დაცვა დაიცავით, ჯეიმს ბეიკერს კი პირადად მე დავიცავო.
        აშკარა იყო, რომ ფარულ, რაფინირებულ დაპირისპირებაში, რომელიც რაისის უნივერსიტეტში ჯეიმს ბეიკერის ინსტიტუტში (!) გაიმართა, ამერიკის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა წააგო, ვინაიდან ვერ შესძლო წარემართა დიალოგი იმ რაკურსში, იმ კალაპოტში, როგორც მას აწყობდა.
        შევარდნაძემ კი თვალნათლივ დაადასტურა, რომ იგი სულაც არ არის, ბეიკერისაგან განსხვავებით, ყოფილი პოლიტიკური მოღვაწე და არ ჩასულა ამერიკაში პოლიტიკური პენსიონერის სტატუსით.
        კვირას შევარდნაძის გამოსვლამ «მელონ აუდიტორიუმში», ნატოს გაფართოებულ სამიტზე, ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა. ვითარება საქართველოს გარშემო იმდენად სწრაფად იცვლება, რომ ის, რაც გუშინ შეუძლებელი ჩანდა, ხვალ (თუ გონიერად არ ვიმოქმედებთ) გამოუყენებელ, ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობად იქცევა.
        ფაშისტური იუგოსლავიის განადგურების შემდეგ, ბალტიისპირეთის ქვეყნებს უმალვე მიიღებენ ნატოში; ეს საკითხი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია. რუსეთი ამას ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ გაუწევს. აქედან გამომდინარე, საქართველოშიც, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დამთავრდეს ბრიყვული დისკუსია «პრორუსული» და «პროდასავლური» ორიენტაციების თაობაზე. სწორედ საქართველოს ეროვნულ ინტერესთა უაღრესად პრაგმატული, ცინიკური გაგებიდან გამომდინარეობს მიზანშეწონილი დასკვნა, რომ საქართველოს სათავეში ის პოლიტიკოსი უნდა იყოს, ვისაც დასავლეთში, როგორც მინიმუმ, ანტიდასავლური, ანტიდემოკრატიული იმიჯი არ აქვს; სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს; ისევე, როგორც ნატოს შემდგომი გაფართოება აღმოსავლეთით მზის ჩასვლა-ამოსვლასავით გარდაუვალი პროცესია.
        ერთადერთი, რაც საქართველოს მოეთხოვება და, მართლაც, იშვიათი მომენტია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ის არის, რომ აჰყვეს მისთვის სასარგებლო ტალღას და საკუთარი ელიტის სიჩლუნგითა და სიბრიყვით უკვე მერამდენედ თვითონ არ შეიქმნას დამატებითი პრობლემები აწ უკვე ისტორიას ჩაბარებული გეოპოლიტიკური სქემების გამოდევნებით.

7 დღე, 26 აპრილი, 1999 წელი