კვირის მიმოხილვა: სოხუმში დოკუმენტების ხელმოწერა საბედისწერო შეცდომა იქნება

კვირის მიმოხილვა: სოხუმში დოკუმენტების ხელმოწერა საბედისწერო შეცდომა იქნება

    კარგა ხანია სეპარატისტები ასეთი «დამტკბარ-დაშაქრულნი» არ ყოფილან საქართველოს მიმართ. საქმე უცნაურობამდეც მიდის: უკანასკნელი სამი კვირის განმავლობაში ქართულმა პარტიზანულმა რაზმებმა სამურზაყანოში ორი სერიოზული დივერსიული აქტი განახორციელეს, რომელთა შედეგად ოთხი აფსუა მილიციელი დაიღუპა და სამი მძიმედ დაიჭრა.
    მიუხედავად ამისა, სოხუმის «უშიშროების სამინისტრო,» არძინბას გარემოცვა და თვით მძვინვარე ანტიქართული ფანატიზმით ცნობილი სერგეი შამბა აღარ აკეთებენ მკვეთრ განცხადებებს, აღარ იმუქრებიან, თითქმის არც რეაგირებენ, - მხოლოდ «წუხილს გამოთქვამენ» იმის გამო, რომ ტერორისტულმა აქტებმა შეიძლება «ხელი შეუშალოს სოხუმში დაგეგმილ შეხვედრას საქართველოსა და აფხაზეთის პრეზიდენტებს შორის».
    აღარც ანტიქართულ პროპაგანდაში დახელოვნებულ-დაბრძენებული ჰაშიგ-ბჟანიები «აგორებენ» მოსკოვში ანტიქართული ისტერიით აღსავსე ტელესიუჟეტებს, ხოლო აფხაზეთის პროკურორმა, არძინბას სიძემ და მისმა უპირველესმა გულის მესაიდუმლოემ, ანრი ჯერგენიამ მთლად განსაცვიფრებელი განცხადება გააკეთა თბილისში ჩამოსვლამდე: «ჩემი ჩამოსვლა თბილისში იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად მოიცლის საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ჩემთან შესახვედრად».
    ასეთი დამამცირებელი განცხადება აფსუათა მძვინვარე ლიდერებს კარგა ხანია არ გაუკეთებიათ. მათი გაუთავებელი ნატვრა-გოდებაც, - თუ როდის ჩავა ედუარდ შევარდნაძე სოხუმში – აგრეთვე ძალზე უცნაურია და საეჭვო.
    ყველაფრიდან ჩანს, ისინი გატრუნულნი, კბილებაწაკაწებულნი ელიან საქართველოს პრეზიდენტის ჩასვლას აფხაზეთის დედაქალაქში და იმ დოკუმენტების ხელმოწერას, რომლებიც უკვე «მომზადებულია და საბოლოო კონდიციამდეა მიყვანილი». რა ხდება? რატომ ღელავენ სეპარატისტთა ლიდერები ესოდენ აშკარად, ესოდენ შესამჩნევად? ისინი ყოველთვის თავდაჭერილნი იყვნენ, არასდროს სძლევდათ ემოციები და თვით (მათთვის) უმძიმეს სიტუაციაშიც ახერხებდნენ რაციონალურ, უმოწყალოდ პრაგმატულ მოქმედებას. სერგეი შამბას (რომელსაც სომხებმა ერევანში დისერტაცია დააცვევინეს, რაც, უეჭველად, პოლიტიკური დემარში იყო) კიდეც წამოსცდა მოუთმენლობისაგან: ბოლოს და ბოლოს, თუ ვაწერთ ხელს, მოვაწეროთ, გაჭიანურება კი დაუშვებლად მიმაჩნიაო.
    ვლადისლავ არძინბამ ერთ-ერთი რუსული სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუში მეტად ნიშანდობლივი განცხადება გააკეთა: «ამჟამად უკვე მომზადებულ დოკუმენტთა ხელმოწერა სრულებით ახალ პერსპექტივებს შლის აფხაზეთის მოსახლეობისა და აფხაზი ხალხის წინაშე».
    ანუ «წასცდა» სიმართლე და რომ გავიგოთ მაინც რას გულისხმობდა სეპარატისტთა შეურიგებელი (საქართველოსთან, ქართველებთან შერიგება მას აზრადაც არ მოსვლია და არც მოუვა, უფრო მეტიც, არც ერთხელ არ უხსენებია რომელიმე გამოსვლაში სიტყვა «შერიგება» _ შეგიძლიათ შეამოწმოთ) ლიდერი, აუცილებელი ყურადღებით გავაანალიზოთ ამჟამად შექმნილი ვითარება აფხაზეთში და აფხაზეთის გარშემო.
    ხელმოსაწერად «გამზადებული» დოკუმენტები დაწვრილებით განიხილეს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოზე. პრესაშიც გამოჩნდა ზოგიერთი «ნაგლეჯი».
    გარდა ამისა, თუ მოლაპარაკებათა მიმდინარეობისას მხარეთა განცხადებებს შევაჯერებთ, ძნელი მისახვედრი არ არის, რას ითვალისწინებს ეს ხელშეკრულებები. როგორც ჩანს, ლაპარაკია «კომპრომისზე» (უეჭველად, ბრჭყალებში), საითაც დიდი ხანია გვიბიძგებდა რუსულ-აფსუანური პოლიტიკის ტანდემი.
    სოხუმში ხელი უნდა მოეწეროს ორ დოკუმენტს; პირველი ეს არის შეთანხმება «ცეცხლის შეწყვეტის გარანტიების დამატებით ღონისძიებათა შესახებ», მეორე კი ოქმი «გალის რაიონში ლტოლვილთა დაბრუნებისა და აფხაზეთის ეკონომიკის რეაბილიტაციის თაობაზე.»
    რა თქმა უნდა, ლტოლვილთა დაბრუნების შემთხვევაში ლაპარაკია მხოლოდ გალის რაიონზე, «ეკონომიკის რეაბილიტაციის» ნაწილში კი _ მთელს აფხაზეთზე. მაგრამ მივაქციოთ ყურადღება მთავარს: აფსუების დაჟინებული მოთხოვნით, ლტოლვილთა დაბრუნება და ეკონომიკის რეაბილიტაცია (ანუ ფსოუზე საზღვრის გახსნა) განიხილეს პაკეტში, ანუ ერთმანეთთან დაკავშირებულად. ერთ მთლიანობაში, ხოლო «ცეცხლის შეწყვეტის დამატებითი გარანტიები» (ანუ პარტიზანული მოძრაობის შეწყვეტა, რაც განსაკუთრებით აწუხებთ სეპარატისტებს) – ცალკე დოკუმენტად, მაშასადამე პაკეტის გარეშე.
    კი მაგრამ, ნუთუ ვაჟა ლორთქიფანიძე, რომელიც უშუალოდ ამზადებს დოკუმენტებს, ვერ ხვდება, რომ სეპარატისტები «ცეცხლის შეწყვეტის გარანტიებს» წინასწარგანზრახულად ტოვებენ პაკეტის გარეშე? ნუთუ ესოდენ ძნელი მისახვედრია: არძინბასა და მის ხროვას რასაკვირველია სურთ, ლტოლვილთა დაბრუნება ფსოუზე საზღვრის გახსნასთან იყოს დაკავშირებული, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდათ, რომ «პაკეტში» შედიოდეს ცეცხლის შეწყვეტის საკითხიც, რომ ქართულმა მხარემ ვერ შეძლოს პარტიზანული მოძრაობისა და ცეცხლის შეწყვეტის საკითხები ლტოლვილთა დაბრუნებას დაუკავშიროს.
    აქედან (უკვე მხოლოდ აქედან) ჩანს, რომ ისინი სინამდვილეში მართლაც არ აპირებენ ლტოლვილთა დაბრუნებას და კიდევ ერთხელ უსინდისოდ გვატყუებენ (თუმცა, პოლიტიკა უსინდისობის გარეშე ვის გაუგია), _ მთავარია, ჩვენ არ მოვატყუებინოთ თავი. ეს რომ სწორედ ასეა, სულ ადვილად შეიძლება დადასტურდეს. ჩავატაროთ მცირე ექსპერიმენტი: შევთავაზოთ სეპარატისტებს სოხუმში ხელი მოეწეროს არა ორ სხვადასხვა დოკუმენტს, არამედ ერთს, სახელწოდებით: «კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის დამატებითი ღონისძიებების, გალის რაიონში ლტოლვილთა დაბრუნების და აფხაზეთის ეკონომიკური რეაბილიტაციის შესახებ»; აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, არძინბა დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს იტყვის, ვინაიდან «ცეცხლის შეწყვეტა» შევა პაკეტში და მჭიდროდ დაუკავშირდება ლტოლვილთა დაბრუნებას, _ ეს კი არძინბასთვის მიუღებელია, ვინაიდან (ვიმეორებ) სინამდვილეში სულაც არ აპირებს ლტოლვილთა დაბრუნებას თუნდაც გალის რაიონში.
    ახლა კვლავ მივაქციოთ ყურადღება ხელშეკრულებას «ლტოლვილთა დაბრუნებისა და აფხაზეთის ეკონომიკის რეაბილიტაციის შესახებ». როგორც ჩანს, იგი ითვალისწინებს ლტოლვილთა დაბრუნებას გალის რაიონში გარკვეული პერიოდის განმავლობაში (1999 წლის ბოლომდე) და ფსოუზე რუსეთ-საქართველოს საზღვრის გახსნას. მაგრამ დავაკვირდეთ: თუ ლტოლვილთა დაბრუნება ერთ წელიწადს უნდა გაგრძელდეს, საზღვარი დაუყოვნებლივ უნდა გაიხსნას, ანუ სოხუმში დოკუმენტების ხელმოწერიდან მეორე დღესვე!
    ეს რთული კომპრომისია. ბევრისთვის მიუღებელი ლტოლვილთა დაბრუნება გალის რაიონში, ვინაიდან აფხაზური ადმინისტრაციის პირობებში ეს ნიშნავს სხვადასხვა «გრძელვადიან» პროვოკაციებს: მეგრულ წერილებს, მეგრულ გაზეთებს და ასე შემდეგ, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, კომპრომისი იმის კომპრომისია, _ ყველასთვის მისაღები და მოსაწონი ვერ იქნება.
    მაგალითად, როდესაც ისრაელის პრემიერი ბენიამინი ნეთანიაჰუ და პალესტინელთა ლიდერი იასირ არაფატი ხელს აწერენ დოკუმენტს, ორივე მხრიდან არიან ექსტრემისტები, რომლებიც კომპრომისს ეწინააღმდეგებიან. ისინი აცხადებენ, რომ იგი მიუღებელია, დანაშაულებრივად მოღალატურია, მაგრამ არასდროს, არც ერთ მხარეს, იოტისოდენად ეჭვი არ ეპარება ხელშეკრულების შესრულებაში. თუ მხარეებმა ხელი მოაწერეს მძიმე კომპრომისის შემცველ დოკუმენტს, იგი უეჭველად შესრულდება.
    რუსულ-აფსუანურ ტანდემთან ურთიერთობებისას კი სულ სხვა პრობლემასთან გვაქვს საქმე: პრობლემა ის კი არ არის, რომ კომპრომისი ჩვენთვის მიუღებელია (რაოდენ მძიმეც უნდა იყოს, მას უნდა შეეგუო), არამედ ის, რომ იგი არ შესრულდება! სხვაგვარად თუ ვიტყვით, არძინბა კიდევ ერთხელ ცდილობს ჩვენს მოტყუებას. სოხუმში ხელმოწერილი დოკუმენტი შესრულდება მხოლოდ იმ ნაწილში, რაც სეპარატისტებს აძლევს ხელს (ფსოუზე საზღვრის გახსნა) და არ შესრულდება იმ ნაწილში, რისთვისაც საქართველო თანხმდება დათმობას (ლტოლვილთა დაბრუნება); კიდევ ერთხელ მივაქცევ მკითხველის ყურადღებას უმთავრეს მომენტს: ლტოლვილთა დაბრუნება ერთი წლის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს, ხოლო საზღვარი, ნურას უკაცრავად, არავითარი «ეტაპები» _ დაუყოვნებლივ «პირთამდე» უნდა გაიღოს.
    ძნელი განსაჭვრეტი არ არის, როგორ განვითარდება მოვლენები სოხუმში დოკუმენტთა ხელმოწერის შემდეგ. არძინბა და მისი ხროვა დახვეწილი, რკინისებური ცინიზმით სოხუმის შეხვედრას ისე მოაწყობს, ისე წარმოაჩენს, თითქოს ორი «დამოუკიდებელი სახელმწიფოს მეთაური» შეხვდა ერთმანეთს.
    მით უმეტეს, ქმედითი და შთამბეჭდავი იქნება ეს სპექტაკლი გაეროს, ევროპის, ამერიკისა და, რაღა თქმა უნდა, რუსეთის წარმომადგენელთა თანდასწრებით.
    შემდგომ, არძინბა დაელოდება ფსოუზე საზღვრის გახსნას (რუსები დიდხანს არ გაუჭინაურებენ) და მტკიცედ განაცხადებს, რომ იწყებს ლტოლვილთა დაბრუნებას ხელმოწერილ დოკუმენტთა სრული შესაბამისობით.
    რაღა თქმა უნდა?! აბა, «აფხაზეთის პრეზიდენტი» სიტყვას როგორ დაარღვევს, როგორ გეკადრებათ, ლტოლვილების დაბრუნებას უეჭველად დაიწყებს, მაგრამ სოხუმის დოკუმენტი სულაც არ აუქმებს რიგ ადრე მიღწეულ შეთანხმებას ლტოლვილთა დაბრუნების შესახებ; მათ შორის, 1994 წლის ცნობილი ოქმს, აგრეთვე ნიუ-იორკის დოკუმენტს, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ «დაბრუნების უფლება», ანუ ხელშეუხებლობის იმუნიტეტი აქვთ მხოლოდ იმ ლტოლვილებს, რომლებიც არ მონაწილეობდნენ საომარ მოქმედებებში და შემდგომაც არ ყოფილან და არ არიან გაერთიანებულნი შეიარაღებულ ფორმირებებში, რომლებიც აფხაზეთში ძალით შეჭრას აპირებენ».
    მერედა, ვინ გაარკვევს მონაწილეობდა თუ არა ესა თუ ის ლტოლვილი საომარ მოქმედებებში? _ ეს საკითხი (დოკუმენტის შესაბამისად) მხარეებმა უნდა გაარკვიონ. აფხაზური მხარე დაიწყებს მტკიცებას, მაგრამ (რაც მთავარია) ამ დისკუსიის დროს სად იქნება რეალურად ლტოლვილი? რა თქმა უნდა, ენგურის მარცხენა მხარეს. იქვე დარჩება იგი შემდგომაც, ვინაიდან «მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ».
    სინამდვილეში, თუ სეპარატისტები ლტოლვილთა ნაწილს დააბრუნებენ, მხოლოდ გალის არხამდე, ანუ იმ ტერიტორიაზე, რომელსაც რეალურად ვერ აკონტროლებენ. ყოველ შემთხვევაში, სრულად ვერ აკონტროლებენ. არადა, დიდი გაჭირვებითა და ტანჯვით ამ ტერიტორიაზე ისედაც ბრუნდება გალის მოვლენათა შემდგომ აყრილი და გამოძევებული ქართული მოსახლეობა.
    გარდა ამისა, რა ვუყოთ პარტიზანულ მოძრაობას? ძნელი წარმოსადგენია, საქართველოს ხელისუფლებამ შეძლოს ამ მოძრაობის მთლიანად აღკვეთა. მაშასადამე, თითოეულ ექსცესს სეპარატისტები თავის სასარგებლოდ, ანუ ლტოლვილთა დაბრუნების შესაჩერებლად გამოიყენებენ. კიდევ ერთხელ მივაქცევ მკითხველის ყურადღებას: «ლტოლვილთა დაბრუნება» და «ცეცხლის შეწყვეტა» (ამაში არძინბა პარტიზანებს გულისხმობს) სხვადასხვა დოკუმენტით რეგულირდება, მაგრამ რაკი საზღვარი დაუყოვნებლივ იხსნება, ყველა ბერკეტი სეპარატისტთა ხელში რჩება.
    ქართული მხარე ვერაფრის დიდებით ვეღარ იტყვის «პარტიზანული მოძრაობა განახლდა, ვინაიდან ლტოლვილთა დაბრუნება შეჩერდაო», სამაგიეროდ არძინბას რჩება საშუალება, ნებისმიერი დივერსიული აქტი გამოიყენოს ახალი სადამსჯელო ოპერაციისათვის უბედური ქართველობის წინააღმდეგ.
    ტყუილად გვაქვს იმის ილუზია, რომ თუ სეპარატისტები პირობას არ შეასრულებენ, ლტოლვილებს არ დააბრუნებენ და კვლავ მოგვატყუებენ, _ ჩვენ რუსეთს მოვთხოვთ, ხელახლა დაკეტოს საზღვარი და განაახლოს ეკონომიკური სანქციები «თვითმარქვია რესპუბლიკის» წინააღმდეგ.
    ეს ილუზიაა, საზღვარი ფსოუზე თუ გაიხსნა, შემდგომ მისი ხელახლა ჩაკეტვა უკვე შეუძლებელი იქნება – რუსეთი საზღვარს აღარ დაკეტავს. არ არსებობს არავითარი საერთაშორისო-სამართლებრივი ნორმა, რომლითაც ის შეიძლება (საერთაშორისო სამართალზე აპელირებით) ვაიძულოთ, საზღვარი ჩაკეტოს. ამ შემთხვევაში მოქმედებს «სუვერენული პრეროგატივის» პრინციპი. ძალზე უხეშად, იგი ასე ჟღერს: მე ჩემს საზღვარზე (ფსოუს მარჯვენა ნაპირზე) დავაწესებ ისეთ სასაზღვრო რეჟიმს, როგორიც საჭიროდ მიმაჩნია. შენ თუ შნო გაქვს, შენს საზღვარზე დააწესე ისეთი რეჟიმი, როგორიც თავად მიგაჩნია საჭიროდ. რა ჩემი ბრალია, თუ საკუთარ ტერიტორიას, საკუთარ საზღვარს ვერ აკონტროლებ? მაშასადამე, მე არა მხოლოდ საკუთარი სასაზღვრო რეჟიმი უნდა აღვასრულო, არამედ შენი სასაზღვრო რეჟიმიც უნდა დავიცვა, რასაც მე არც ერთი საერთაშორისო დოკუმენტი თუ კონვენცია არ მავალდებულებს.»
    ამ შემთხვევაში, ერთადერთი გამოსავალი იქნება მუქარა რუსეთისადმი: თუ კვლავ არ ჩაკეტავთ საზღვარს, ჩვენც, იმავე ლოგიკით, გავხსნით საზღვარს ჩეჩნეთთან, მაგრამ ეს უკვე ნიშნავს ძალზე სერიოზულ კონფრონტაციას ჩრდილოელ მეზობელთან – ფაქტობრივად, მასთან «ცივი ომის მდგომარეობაში» შესვლას. ნუ დაგვავიწყდება, რომ რუსეთს, როგორი დაჩაჩანაკებულიც უნდა იყოს, მაინც უამრავი ბერკეტი შემორჩა საქართველოზე ზეგავლენის მოსახდენად. რუსეთმა აფხაზეთთან საზღვარი ჩაკეტა 1994 წლის დეკემბერში, როდესაც დაიწყო ომი ჩეჩნეთთან. ამით შეიქმნა გარკვეული გეოპოლიტიკური წონასწორობა. თუ საქართველო (ზემოთ აღწერილი ფორმულით) ხელს მოაწერს შეთანხმებას სოხუმში და თავად დაეთანხმება ფსოუზე საზღვრის გახსნას, ამით ახალი პოლიტიკური რეალობა, ახალი გეოპოლიტიკური წონასწორობა შეიქმნება. დავაკვირდეთ: რუსეთი, მიუხედავად ჩეჩნეთთან ომის შეწყვეტისა, მაინც ვერ იღებს გადაწყვეტილებას ფსოუზე საზღვრის გახსნის შესახებ, ვინაიდან გეოპოლიტიკური რეალობის, გეოპოლიტიკური წონასწორობის, ძალთა ბალანსის დარღვევა ზესახელმწიფოსთვისაც კი სერიოზული რისკია, მაგრამ თუ საქართველო (სოხუმში დოკუმენტის ხელმოწერით) თავად დაარღვევს ამ ბალანსს, შემდგომ პრეტენზია ვეღარავისთან გვექნება, საკუთარი თავის გარდა.
    არძინბა ამას, რასაკვირველია, ითვალისწინებს, ამიტომ იგი შეეცდება, რამდენიმე თვის მანძილზე ისეთი ილუზია შექმნას, თითქოს მართლა ასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს; ასე გაგრძელდება 1999 წლის ზაფხულამდე, მხოლოდ მაშინ გახდება ნათელი, რომ სეპარატისტები არ აპირებენ ლტოლვილთა დაბრუნებას გალის არხიდან მდინარე ღალიძგამდე, ანუ გალის რაიონის ძველ საზღვრებში (როგორც ხელშეკრულებაში იქნება ჩაწერილი, რაც აშკარა სატყუარაა), მაგრამ იმ დროს უკვე ახალი რეალობა, ახალი გეოპოლიტიკური ბალანსი იარსებებს, რომლის შემდგომი დარღვევა საქართველოს ძალზე გაუჭირდება.
    გარდა ამისა, ნუ დავივიწყებთ, რომ არძინბა სატანისებრ ეშმაკი პოლიტიკოსია. ამაში არაერთგზის დავრწმუნდით. არძინბა ყოველთვის უდიდესი ყურადღებით ადევნებდა თვალს საქართველოში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებს. თუმცა კი, მუდამ ნიღბავდა ამ ყურადღებას მოჩვენებითი გულგრილობით. დარწმუნებული ვარ, არძინბა ახლაც გაფაციცებით აკვირდება შიდაპოლიტიკურ ბრძოლას ძალაუფლებისთვის, რომელიც საქართველოში გაიშალა. მან ზუსტად გათვალა მთავარი: როდესაც ნათელი გახდება, რომ აფხაზური მხარე არ ასრულებს ვალდებულებებს ლტოლვილთა დაბრუნების შესახებ (გალის ძველ საზღვრებში), მაშინ საქართველოში უკვე მთელი ძალით იქნება გაშლილი წინასაარჩევნო კამპანია (როგორც საპარლამენტო, ასევე საპრეზიდენტო) და ხელისუფლებას გაუჭირდება იმის აღიარება, რომ კიდევ ერთხელ უსინდისოდ მოატყუეს, ვინაიდან, ამ აღიარებას ოპოზიციური პარტიები თუ ოპოზიციური ფიგურები უეჭველად გამოიყენებენ ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის და არცთუ უშედეგოდ.
    აგვისტო-სექტემბრისთვის შეიქმნება ისეთი მდგომარეობა, რომ სეპარატისტული რეჟიმი თავს მოიკატუნებს, თითქოს პირნათლად ასრულებს ხელშეკრულებას და ლტოლვილებს აბრუნებს, ხოლო საქართველოს ხელისუფლება ასევე იძულებული იქნება, თვალი დახუჭოს ხელშეკრულების შეუსრულებლობაზე, რათა ვითარება არ გაამწვავოს.
    მაშასადამე, არძინბა კიდევ ერთ დიდოსტატურ მახეს გვიგებს: ჯერ ერთი, ქმნის ისეთ სიტუაციას, რომ საქართველო თავად ეხვეწოს რუსეთს, არიქა, აფხაზებს ბლოკადა მოუხსენიო, შემდეგ კი ქართულმა მხარემ თავად დახუჭოს თვალები შეთანხმების შეუსრულებლობასა თუ მისი მხოლოდ მიზერული დონით შესრულებაზე.
    მართლა სატანაა ეს ოხერი!
    ყველაზე მთავარი ილუზია კი ის არის, თითქოს აფსუა სეპარატისტებს მართლა ესოდენ ძალიან აღელვებთ ფსოუზე საზღვრის გახსნა.
    მკითხველი ახლა კი მართლა შეიძლება აღშფოთდეს: როგორ თუ არ «აღელვებთ», მაშ, რა საჭირო იყო მთელი ეს კომბინაცია, რაღა საჭიროა, დოკუმენტები, ამდენი მიმართვა რუსეთისადმი, საზღვრის გახსნის მოთხოვნით და ასე შემდეგ. მიუხედავად მკითხველის აღშფოთებისა, მაინც ჯიუტად გავიმეორებ: დიახაც, სეპარატისტებს ფსოუზე საზღვრის გახსნა დიდად არ აღელვებთ. მათი მიზანი (ამ დოკუმენტების ხელმოწერისას) სულ სხვაა.
    რეალურად საზღვარი მდინარე ფსოუზე ისედაც სამი მეოთხედით ღიაა. ყოველ შემთხვევაში, სეპარატისტებს სახმელეთო კომუნიკაციებითაც და ზღვითაც შემოაქვთ ყველაფერი, რაც სჭირდებათ. როგორ ახერხებენ ამას? ჯერ ერთი, რასაკვირველია, ქრთამით, რომელიც რუსეთს ანათებს. გარდა ამისა, რუსეთის მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები არც ისე ყოვლისმომცველია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს; ისინი შეეხება მხოლოდ სრულწლოვან მამაკაცთა გადაადგილებას მდინარე ფსოუზე და ბარგის გადატანას მხოლოდ გარკვეული ოდენობით. მაშ, თუ ასეა, რატომ ცდილობენ ესოდენი გააფთრებით აფსუა სეპარატისტები საზღვრის გახსნას? რატომ ცდილობენ მიაღწიონ სწორედ ქართული მხარის მიერ შესაბამისი დოკუმენტების პარაფირებას? საქმე კი ის არის, რომ «საზღვრის გახსნა» აქ მართლაც არ არის მთავარი, _ მთავარია საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი ხელმოწერით დააფიქსიროს, რომ არ არის წინააღმდეგი აფხაზეთთან ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობისა.
    აი, აქ არის ძაღლის თავი დამარხული! დარწმუნებული ვარ, ამ დოკუმენტს სეპარატისტები ისე გაიძვერულად შეადგენენ, რომ შინაარსობრივად არა მხოლოდ საზღვრის გახსნას იგულისხმებს, არამედ, ფაქტობრივად, აფხაზეთთან ნებისმიერი სხვა ქვეყნის უშუალო ეკონომიკური კონტაქტის უფლებასაც.
    მათთვის «საზღვრის გახსნა» კი არ არის მთავარი, მთავარია, დოკუმენტის პარაფირებით ჩვენ თავად მოვსპოთ საშუალება, შემდეგ პროტესტი განვუცხადოთ ნებისმიერ ქვეყანას (რუსეთს, თურქეთს, უკრაინას), თუ ისინი ღიად ითანამშრომლებენ ეკონომიკური თვალსაზრისით სეპარატისტულ რეჟიმთან, განახორციელებენ ინვესტირებას, გამოუყოფენ კრედიტებს და ასე შემდეგ.
    ისინი დღესაც თანამშრომლობენ არძინბასთან, მაგრამ ამჟამად მაინც შეზღუდულნი არიან ერთგვარი რიდით; იმიტომ კი არა, თითქოს საქართველოსი ეშინიათ, ან ჩვენი უმწეო ქვეყანა რაიმეს დააკლებს, მაგრამ თუ საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო სკანდალს ატეხს, თუ პროტესტს განაცხადებს საერთაშორისო ორგანიზაციებში, - მაშინ სხვა, ძლიერმა და გავლენიანმა ქვეყნებმა შეიძლება გამოიყენონ ეს პრეცედენტი, რათა რუსეთი «ორმაგ სტანდარტებში» დაადანაშაულონ. ეს კი კრემლისთვის მეტად არასასურველია.
    ოღონდ, თუ საქართველო თავად მოაწერს ხელს შეთანხმებას, მაშინ მისი პროტესტი სრულებით უსაგნო იქნება; ამრიგად, «საზღვრის გახსნის თაობაზე ოქმის ხელმოწერაში» სეპარატისტები სულ სხვა შინაარსს დებენ. ისინი გულისხმობენ, ფაქტობრივად, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას, ყოველ შემთხვევაში, აღიარებას იმ ნაწილში, რაც დამოუკიდებელ ეკონომიკურ კონტაქტებს გულისხმობს.
    სეპარატისტული რეჟიმი მიიღებს საშუალებას, კაპიტალი მოიზიდოს საკურორტო ინფრასტრუქტურის განსავითარებლად, ეკონომიკის აღსადგენად, ანუ ტერიტორია, რომელსაც საქართველო ვერ აკონტროლებს, შეიძენს ყველა ნიშანს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობისა, «დე-იურედ» აღიარების გარდა. თუმცა, საერთაშორისო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ «დე-იურე» სულ ადვილად გადაიზრდება «დე-ფაქტოში».
    ამრიგად, სოხუმში ხელმოსაწერად გამზადებული დოკუმენტების პარაფირება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უდიდესი, გამოუსწორებელი შეცდომა იქნება. და ეს ყოველივე, რის ფასად, რის სანაცვლოდ? მხოლოდ და მხოლოდ, გალის რაიონში ლტოლვილთა დაბრუნების ილუზიისა! კიდევ ერთხელ აღვნიშნავ: არა რეალური დაბრუნების, არამედ ილუზიისა, ვინაიდან სეპარატისტები სინამდვილეში არასდროს დათანხმდებიან ქართველ ლტოლვილთა დაბრუნებას გალის არხის მარჯვენა მხარეს, სადაც მათი მთავარი საფორტიფიკაციო ნაგებობებია განლაგებული.
    აი, სწორედ ამიტომ ღელავენ ასე ძალიან სეპარატისტები, ამიტომ ელიან საქართველოს პრეზიდენტის ჩასვლას სოხუმში და დოკუმენტების ხელმოწერას, ვინაიდან ამ გზით ისინი იღებენ ყველაფერს, სანაცვლოდ კი რეალურად არაფერს თმობენ. უდიდესი შეცდომაა იმის იმედად ყოფნა, რომ თითქოს გაერო, «მეგობარი ქვეყნები», მით უმეტეს, რუსეთი, გახდებიან ამ შეთანხმების შესრულების გარანტები და აიძულებენ არძინბას, შეასრულოს შეთანხმება. გაერო რისი მაქნისია, - ისტორიამაც დაადასტურა და დღევანდელობაც ადასტურებს; დასავლეთის ქვეყნებს სიტუაციაზე ზემოქმედების არანაირი ბერკეტი არ გააჩნიათ (ისიც ძალზე საეჭვოა, მათ «გარანტობა» იკისრონ), ხოლო რაც შეეხება რუსეთს, ამ ქვეყანაში საბოლოოდ იმარჯვებს «წითელი ფაშიზმი,» - ელცინი განუწყვეტლივ ლოთობს, ისტებლიშმენტი არაკონსოლიდირებულია და ბრინჯივით დაბნეული.
    «ძაღლი პატრონს ვერ ცნობს» დღევანდელ რუსეთში და მისი მხარდაჭერის იმედად მტერი იქნა. რუსეთის აწ უკვე მომძლავრებული «გოსდუმა» ნებისმიერ ანტიქართულ გადაწყვეტილებას დაამტკიცებს. პრიმაკოვი «ჩვენი მეგობარი» კი არა, «წითელი ფაშისტების» ადვოკატი და მათი პოლიტიკის გამტარებელია.
    ჯერ კიდევ არ არის გვიან, საქართველოს პრეზიდენტმა უარი თქვას ამ საბედისწერო ნაბიჯის გადადგმაზე. აუცილებლად უნდა შეგვენარჩუნებინა ბოლომდე (მიუხედავად გალის მოვლენებისა) ჩვენი მთავარი პრინციპი: ჯერ პრობლემის გადაწყვეტა, ერთობლივი ადმინისტრაციის შექმნა (თუნდაც გალში). ამ გარანტიით ლტოლვილთა დაბრუნება და მხოლოდ ამის შემდეგ – ყველაფერი დანარჩენი; მანამდე კი, სეპარატისტებზე ზემოქმედება მცირე ინტენსივობის სამხედრო მოქმედებით, ანუ პარტიზანული მოძრაობით, ან ამ მოძრაობაზე უარის თქმა, ოღონდ (რაც მთავარია) «საზღვრის გაუხსნელად».

დილის გაზეთი, 23 ნოემბერი, 1998 წ.