სეპარატისტები დალის სვანეთში ქართველთა გენოციდს ამზადებენ?

სეპარატისტები დალის სვანეთში ქართველთა გენოციდს ამზადებენ?

        ავღანეთის ამბების გამო დასავლეთს აქტიური რეაგირების საშუალება შეიძლება აღარ ჰქონდეს
       

        ავღანეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, სულ უფრო საშიშ ხასიათს იძენს აფხაზეთში შექმნილი ვითარება. გუშინ ჩეჩნურმა სამხედრო დაჯგუფებამ, რომელიც კოდორის ხეობის მიდამოებში მოქმედებს, «სტრელას» ტიპის რაკეტით ჩამოაგდო გაეროს ვერტმფრენი, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის გაეროს სამხედრო მისიის დამკვირვებელი.
        მიუხედავად ავღანეთის ომისა, ამ ინციდენტს დიდი რეზონანსი მოჰყვება - მათ შორის გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში. არ არის გამორიცხული, დამკვირვებელთა დაღუპვის შემდეგ გაეროს სამხედრო მისიამ საერთოდ შეწყვიტოს საქმიანობა საქართველოში (აფხაზეთში) და ეს გარკვეული თვალსაზრისით, არცთუ ისე დიდი ტრაგედია იქნება, ვინაიდან, 7 წლის განმავლობაში, სანამ გაეროს დამკვირვებლები აფხაზეთში იმყოფებიან, ამას პრობლემების მეტი ჩვენთვის არაფერი მოუტანია.
        რეალურად ბევრს არაფერს აკეთებენ, ხოლო მათთან დაკავშირებული ინციდენტები საქართველოს უდიდეს ზიანს აყენებს. გარდა ამისა, რუსეთის ძალისხმევით, გაეროს სამხედრო დამკვირვებელთა მანდატი ისეთნაირად არის შედგენილი, რომ იგი მთლიანად უკავშირდება რუსეთის, ეგრეთ წოდებული «სამშვიდობო ძალების» მოქმედებას და სინქრონიზირებულია მათთან.
        გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დამკვირვებელთა დაღუპვამ კიდევ უფრო გაართულა საინფორმაციო ფონი, რომლის გამოყენებასაც აფსუა სეპარატისტები აქტიურად შეეცდებიან. არ არის გამორიცხული, მათ შეტევა განახორციელონ კოდორის ხეობის წინააღმდეგ.
        განურჩევლად იმისა, იმყოფებიან თუ არა ჩეჩენი «ბოევიკები» უშუალოდ დალის სვანეთში (კოდორის ხეობაში), დარტყმის მთავარი ობიექტი სწორედ ეს ხეობა გახდება. რუსული მასმედია უკვე იუწყება, რომ «მოძმე აფხაზმა ხალხმა გადაარჩინა სოჭი ჩეჩენი და ქართველი ტერორისტების ერთდროული შემოტევისაგან». ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში მათ ყოველმხრივი მხარდაჭერა უზრუნველყოფილი ექნებათ, დაწყებული საინფორმცაიო ფონით, დამთავრებული იარაღით.
        აფსუებს შეუძლიათ გამოიყენონ მთავარი უპირატესობა: არტილერია, რომელიც ჯერ კიდევ ომის დროს მიიღეს რუსეთისგან ან ალაფად დარჩათ. მათ თავისუფლად შეუძლიათ შორსმსროლელი საარტილერიო სისტემებით კოდორის ხეობის ქართული სოფლების განადგურება, რის თავიდან ასაცილებლადაც ერთადერთი მეთოდი რჩება კონტრშეტევა კოდორის შესართავის მიმართულებით.
        ზემოთქმულის მიუხედავად, ვერ ვიტყვით, თითქოს ასი პროცენტით გამორიცხულია ჩეჩნების მონაწილეობა (ქართველებთან ერთად) აფსუათა წინააღმდეგ განხორციელებულ პროვოკაციებში.
        ჩეჩნების გადასროლამ აფხაზეთში და იქ საომარი მოქმედებების განვითარებამ საქართველოსთვის მაინც გამოიღო ორი დადებითი შედეგი: დაიღვარა სისხლი ჩეჩნებსა და აფსუებს შორის (კავკასიაში ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია) და სეპარატისტებს საბოლოოდ მოესპოთ ილუზია, რომ «დამოუკიდებელ აფხაზეთში» მშვიდი და კომფორტული ცხოვრების საშუალება ექნებათ. დაირღვა ეგრეთ წოდებული, «კავკასიელ მთიელთა სოლიდარობაც», რომლის სიმტკიცე, როგორც აღმოჩნდა, გრუ-ს ძალისხმევაზე იყო დამყარებული.
        ისე, თუ კოდორის ხეობა დაიკარგა, ყველაფერს ხაზი გადაესმევა. ავღანეთში მიმდინარე მოვლენები დასავლეთს აქტიური რეაგირების საშუალებას არ მისცემს.

დილის გაზეთი, 9 ოქტომბერი, 2001 წელი