საერთაშორისო მიმოხილვა. 22 აგვისტო. 2024 წელი
რას მოვესწარით: EU უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი „მხარს უჭერს უკრაინის შეიარაღებულ ძალთა ოპერაციას რუსეთის ტერიტორიაზე“ და კიდევ უფრო მეტი: „ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინამ განახორციელოს სარაკეტო და საარტილერიო დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე“.
რამოდენა ისტორიული „გზა“ განვლო ევროპამ, მთელმა დასავლეთმა, 2014 წლიდან, როდესაც პუტინის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ ევროკავშირმა ფაქტობრივად დაბლოკა თუნდაც თავდაცვითი იარაღის (!) მიწოდება უკრაინისთვის.
ანტისატანკო „ჯაველინებსაც“ კი ძუნწად და „კრიახით“ აწვდიდნენ უკრაინულ არმიას - ვაითუ პუტინი გაბრაზდესო.
ეს ტრანსფორმაცია თავიდან ბოლომდე უკრაინელი ჯარისკაცის დამსახურებაა - მისი მედეგობის და გმირობისა.
მთავარია უკრაინის არმიამ წინ წაიწიოს წარმატებით და ახალ-ახალი გამარჯვებები მოიპოვოს.... მალე ალბათ „ჟოზეფ ბორელები“ იმასაც იტყვიან: მხარს ვუჭერთ უკრაინამ მოსკოვი აიღოს და სამხედრო დამნაშავე პუტინი კრემლის ქონგურზე ჩამოახრჩოსო.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
აშშ დემოკრატიული პარტიის კონვენტზე (Democratic National convention - DNC) ერთი ძალიან საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა, რომელიც მეტყველებს „დემოკრატიული პარტიის“ იმმანენტურ, არსებით უპირატესობაზე „რესპუბლიკური პარტიისა“ და ტრამპის მიმართ.
დავაკვირდეთ: სიტყვით გამოვიდა ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი, მისი ცოლი და 2016 წელს პრეზიდენტობის კანდიდატი, ექს-სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, სიტყვით გამოვიდა ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა, მისი ცოლი, ყოფილი პირველი ლედი მიშელ ობამა......ტრამპის მხარდასაჭერად „რესპუბლიკური პარტიის“ კონვენტზე ვინ გამოვიდა ასეთი რანგისა?
გასაგებია, რომ აღარც არიან ცოცხლები თითქმის - გარდა ჯორჯ ბუშ - უმცროსისა, მაგრამ ეს გარემოება უფრო იმაზე მეტყველებს, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ ისტებლიშმენტი ბევრად დაკნინებულია „დემოკრატიულ ისტებლიშმენტთან“ შედარებით და ამის მიზეზი (ვიმეორებ) ის არ არის მხოლოდ, რომ „ცოცხალი“ ექსპრეზიდენტები, ბუშის გარდა, არ გააჩნიათ. უფრო ისაა მიზეზი, რომ დონალდ ტრამპი მაინც, გარკვეული აზრით, „უცხო სხეულია“ „რესპუბლიკური“ ისტებლიშმენტისთვის; ხოლო კამალა, ისევე როგორც ჯო ბაიდენი „დემოკრატიული ისტებლიშმენტის“ ინტეგრალური, სისტემური წევრები და ლიდერები არიან.
ანუ, ზოგადად თუ ვიტყვით, „რესპუბლიკელებს“ დღეს ჰყავთ მხოლოდ ერთი გამოკვეთილი, თავისთავადი და „ბექგრაუნდის“ მქონე ლიდერი. ესაა თვით დონალდ ტრამპი.
მის მხარდასაჭერად რამდენიმე ცნობილი სენატორი კი გამოვიდა, თუმცა იმ რანგის და სტატუსის ლიდერები არ ჰყავთ რაც „დემოკრატებს“.
„რესპუბლიკური პარტიისთვის“ ეს ზოგადად სერიოზული პრობლემაა და თუ ახლა ტრამპმა არჩევნები წააგო“, სწორედ ეს გარემოება აუცილებლად გახდება ამ პარტიის ისტორიული დაკნინების წინაპირობა.
ანუ..... 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებს ის მნიშვნელობაც აქვთ, რომ GOP (Great old party) შეინარჩუნოს რენომე და მისი „ველი“ არ მოსუფთავდეს საბოლოოდ - დონალდ ტრამპის დამარცხების შემთხვევაში.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
ბელორუსის ავტოკრატმა მმართველმა ლუკაშენკომ მკაცრად გააკრიტიკა ყაზახეთი იმის გამო, რომ თურმე ყაზახეთს „ყველაფერი უნდა რუსეთისგან, მაგრამ სანაცვლოდ რუსეთს არაფერს აძლევს“.
მაინც რა უნდა მისცეს ყაზახეთმა რუსეთს, ლუკაშენკოს არ დაუკონკრეტებია და ვერც დააკონკრეტებდა, რაკი თვითონაც არ თანხმდება პუტინის წინადადებაზე ბელორუსის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის შესახებ, რაც პუტინმა ჯერ კიდევ 2001 წელს გააჟღერა.
თანაც, ნაწილ-ნაწილო ანუ რამდენიმე ოლქით.
თუმცა ეს არ არის ყველაზე საინტერესო. ყველაზე საინტერესო მაინც ის არგუმენტაციაა, რაც ლუკაშენკომ მოაყოლა ფრაზას „ყაზახეთის მიერ რუსეთისთვის რაღაცის დათმობის შესახებ“: ჩვენო, - რუსეთი და ბელორუსი - დავეხმარეთ ყაზახეთს, როცა იქ კინაღამ სახელმწიფო გადატრიალება მოხდაო (ნავთობპროდუქტების გაძვირების გამო ამბოხი ჰქონდა მხედველობაში-დ) მაშინ ხომ ყაზახეთმა რუსეთს სთხოვაო დახმარება და არა ჩინეთს ან თურქეთსო. ჰოდა კიდევ რომ დასჭირდება, აღარც დავეხმარებითო“.
ეშმაკობს აქ „ბაწკა“, როგორც ლუკაშენკოს უწოდებენ გარკვეულ წრეებში.
სინამდვილეში რუსეთი მხოლოდ იმიტომ დაეხმარა ყაზახეთის ამჟამინდელ პრეზიდენტ ტოკაევს ძალაუფლების შენარჩუნებაში, რომ თუ რუსეთი ჯარებს არ გააგზავნიდა, აი მაშინ კი ნამდვილად მიმართავდა ტოკაევი ჩინეთს, თურქეთს და ისინი გადასხამდნენ დესანტს ყაზახეთში ამბოხის შესაჩერებლად.
ეს „საფრთხე“ რომ არა, რუსეთს ძალიანაც აძლევდა ხელს არეულობა და სისხლიანი დაპირისპირება ყაზახეთში (რომლის ეკონომიკაში ამერიკამ და ევროპამ ასეულობით მილიარდი დოლარი ჩადო) ისევე, როგორც მუდამ სურს ასეთი სისხლიანი დესტაბილიზაცია ნებისმიერ სხვა ქვეყანაში.
მით უმეტეს მეზობლად.
ლუკაშენკოს განცხადება არის რეაქცია ყაზახეთის ხელმძღვანელობის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებზე, რომლითაც ასტანამ რეალურად დაბლოკა რუსული ფინანსური ტრანზაქციები (მას შემდეგ რაც აშშ ფედრეზერვი მართლა დაემუქრა სასჯელით) და პროდუქციის დიდი ნაწილის რეექსპორტიც აკრძალა.
მათ შორის იმ ნაკეთობებისა, რასაც რუსეთი სამხედრო წარმოებისთვის იყენებდა.
. . . . . . . . . . . . . . . . .
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სიკორსკიმ მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ ახალ ხელისუფლებას არა აქვს საშუალება, დაანგრიოს ვარშავაში ე.წ. „Сталинская высотка“ ანუ სტალინის ცათამბჯენი, რომელიც იოსებ სტალინის ბრძანებით 1950 წელს ააშენეს სსრკ ხარჯით ვარშავაში, როგორც „საბჭოთა ხალხის საჩუქარი პოლონელ ხალხს“.
ასეთი ცათამბჯენები სტალინის ბრძანებით მოსკოვშიც ააშენეს და დღემდე დგანან.
ერთ მათგანში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროა გამაგრებული, ხოლო მეორეში - ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტი.
სიკორსკის თქმით, ჯერ ერთი ეს „სტალინის ცათამბჯენი“ სრული სიმახინჯეა არქიტექტურულად და ვერ თავსდება ვარშავას „ურბანულ ქსოვილში“.
გარდა ამისა, „Сталинская высотка“-ს მშენებლობის დროს (სადაც ახლა „კულტურის სახლია“) უდიდესი რაოდენობით გამოიყენეს აზბესტი.
ეს ნივთიერება, რომელსაც ყოფილ საბჭოთა კავშირში, პოსტსაბჭოურ და პოსტკომუნისტურ ქვეყნებში აქტიურად იყენებდნენ მშენებლობისას მისი სიიაფის გამო, სინამდვილეში საშინლად მომწამვლელია.
ეკოლოგიაზე საერთოდ აღარც არის ლაპარაკი - უბრალოდ კატასტროფულად კარცეროგენულია (კიბოს გამჩენი).
ამიტომ ამერიკაში, მაგალითად, საერთოდ აკრძალეს და თუ სადმე იყო გამოყენებული, სპეციალური ჯგუფი მიდის ხოლმე მის მოსანგრევად ამერიკის დასახლებულ პუნქტებში - კოსმონავტებივით ჩაცმულნი, როგორც ქიმიური ომის დროს.
სიკოსრკის განცხადებას პოლიტიკური საფუძველი აქვს: საქმე ის გახლავთ, რომ ამ „სტალინური ცათამბჯენის“ მშენებლობა ვერ ხერხდება, რაკი პოლონეთის წინა მთავრობამ იგი „კულტურული ძეგლის“ ნუსხაში შეიტანა.
აქ აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ისტორიული ფაქტი: როდესაც 1944 წელს ნაცისტური არმია პოლონეთიდან იხევდა, ცოფიანი ჰიტლერის ბრძანებით, ქალაქი მთლიანად, პირწმინდად დაანგრიეს!
ანუ ჰიტლერის მითითებით ნაცისტურმა არმიამ დანაღმა ყველა ქუჩა, ყველა შენობა და მთლიანად ააფეთქა.
დღეს რასაც ვხედავთ ვარშავაში, 90%-ით ომის შემდეგაა აღდგენილი, თუმცა გვეჩვენება ზოგჯერ, რომ ძველია.
. . . . . . . . . . . . . . . . .
პუტინი აზერბაიჯანიდან ჩრდილო კავკასიაში ჩავიდა.
ჯერ ჩრდილო ოსეთში ბესლანის ტერაქტის დროს (2004წ) დაღუპული ბავშვების მემორიალთან დაიჩოქა, პირჯვარი გადაიწერა, შემდეგ გროზნოში გაემგზავრა და იქ ყურანით ირბინა, რაც რუსულმა პროპაგანდამ მუსლიმურ ქვეყნებში „გააფიარა“
უჭირს და „ასეთები“ სჭირდება ახლა ძალიან როგორც ჩანს.
. . . . . . . . . . . . . . . . .
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, დიმიტრი ზახარჩენკო, რომელიც 16 წლიან სასჯელს იხდის 1,5 მილიარდი რუბლის (!) ქრთამის აღებისთვის, პუტინს წერს წერილს და ითხოვს: უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად გამიშვით, - სამშობლოსთვის უნდა ვიომოო.
გასაკვირი არ არის - პუტინმა ღიად, ოფიციალურად, დაუფარავად გაუშვა ციხეებიდან ბანდიტები, პედოფილები, მკვლელები - ოღონდ კი ეომათ უკრაინის წინააღმდეგ
ამ ზახარჩენკოს ამბავი რამდენიმე წლის წინ იმდენად რეზონანსული იყო, ვერც კი დამალა პუტინის პროპაგანდამ: აღმოუჩინეს სპეციალურად ამ მიზნით შეძენილი ერთოთახიანი ბინა, რომელიც სჭირდებოდა.....„ფულის საწყობად“.
ანუ უბრალოდ კი არ ინახავდა ქრთამად აღებულ ფულს, არამედ საწყობი ჰქონდა ფულის - იმდენი იყო.
ზახარჩენკო, სინამდვილეში, რუს „ძალოვანთა“ ქისაა და ეს ფული მათ ეკუთვნოდათ, თუმცა მასზე „გადატეხეს“ ყველაფერი
საოცარი ილუსტრაციაა, თუ რას წარმოადგენს პუტინის რეჟიმი.