სისხლიანი ბუმერანგი: რუსეთი-ჩეჩნეთი

სისხლიანი ბუმერანგი: რუსეთი-ჩეჩნეთი

 

    ჩეჩნეთის რესპუბლიკაში საომარი მოქმედებების დასრულების, რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანისა და ლეგიტიმური ხელისუფლების არჩევის შემდეგ ვითარება ჩრდილოეთ კავკასიაში თვისობრივად შეიცვალა.
    ფაქტობრივად, დღეს ჩეჩნეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ბევრ ატრიბუტს შეიცავს, ხოლო ხასავიურტში რუსეთის ხელისუფლების სრულუფლებიანი წარმომადგენლის, ალექსანდრე ლებედის მიერ ხელმოწერილმა შეთანხმებამ ახალი იურიდიული რეალიებიც შექმნა.
    ჩეჩნეთის პრეზიდენტი, ასლან მასხადოვი ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ ჩეჩნეთი დღეს დამოუკიდებელი სახელმწიფოა და იგი ძველი ფორმით აღარ დაბრუნდება რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში. თუმცა, ჩეჩნეთის ხელისუფლება მზად არის განიხილოს რუსეთთან საერთო ეკონომიკური სივრცის შექმნის საკითხი.
    ჩეჩნეთში, ისევე როგორც მთლიანად ჩრდილოეთ კავკასიაში შექმნილი ვითარება არ შეიძლება საქართველოს არ ეხებოდეს, ვინაიდან ჯერ ერთი ჩეჩნეთი ჩვენი მეზობელია, რომელთანაც ბევრი რამ გვაკავშირებს. გარდა ამისა, ჩეჩნეთში მომხდარმა ტრაგედიამ და ამ ტრაგედიის შედეგებმა (მათ შორის იურიდიული და პოლიტიკური თვალსაზრისით) საქართველოსთვისაც შეცვალა ბევრი რამ, დიდი ზეგავლენა მოახდინა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემათა იურიდიულ და პოლიტიკურ კონტექსტზე.
    რუსეთში რატომღაც ძალზე მწვავედ აღიქვამენ საქართველოს მხრიდან მზარდ ინტერესს ჩეჩნეთის მიმართ. ზოგიერთი რუსი პუბლიცისტი და მოღვაწე ამის გამო შევარდნაძის ხელისუფლებას «სეპარატიზმის მხარდაჭერასა» და «რუსეთის შანტაჟირებაშიც» კი სდებს ბრალს.
    არადა, მომხდარი ტრაგედიიდან (ეს მართლაც უდიდესი ტრაგედია იყო როგორც რუსეთისათვის, ასევე ჩეჩენი ხალხისა და მთელი კავკასიისთვის) დასკვნები ნამდვილად უნდა გამოეტანათ მოსკოვში. სამწუხაროდ, ასე არ ხდება, - გავლენიანი წრეები რუსეთის ხელისუფლებაში კვლავინდებურად უჭერენ მხარს სეპარატისტულ ძალებს საქართველოში და ყველაფერს აკეთებენ ამ უკანასკნელთა პოზიციების განსამტკიცებლად ეკონომიკური, პოლიტიკური და პროპაგანდისტული თვალსაზრისით.
    სწორედ ამ «ორმაგი სტანდარტის» შედეგი გახდა ჩეჩნეთის ტრაგედია. საქართველოს პრეზიდენტს არაერთგზის განუცხადებია, რომ სწორედ აფხაზეთის მოვლენებმა განაპირობა ომი ჩეჩნეთში და ეს ომი არ იქნება «უკანასკნელი ომი რუსეთის ტერიტორიაზე, თუ იგი არ შეცვლის პოლიტიკას კავკასიაში».
    1992-1993 წლებში, როდესაც (რაც ყველაზე მეტად საწყენი და საეჭვოა) რუსეთის მთავრობას ეგრეთ წოდებულ «დემოკრატ-რეფორმატორები» წარმოადგენდნენ ეგორ გაიდარისა და ანატოლი ჩუბაისის სახით, ხოლო პრეზიდენტი ელცინი არ ავადმყოფობდა (ამდენად, სავსებით შეეძლო რეალური ზეგავლენა მოეხდინა მიმდინარე პროცესებზე), სამწუხაროდ, სწორედ რუსეთის ხელშეწყობითა და ფარული ინსპირირებით გაჩაღდა სისხლისმღვრელი ომი აფხაზეთში.
    ქვეყნის ამ ნაწილში საქართველოს შეიარაღებულ ძალთა შეყვანის შემდეგ რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა, განსაკუთრებით კი რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიამ ნამდვილი პროპაგანდისტული ომი წამოიწყეს საქართველოს წინააღმდეგ.
    იქმნებოდა ანტიქართული სტერეოტიპები «აფხაზეთის წინააღმდეგ საქართველოს აგრესიის», «სუვერენული აფხაზეთის დაპყრობის» თაობაზე. ტელეეთერი «უხვად და უშურველად» ეთმობოდა სეპარატიზმის იდეოლოგებს, რომლებიც თავად თხზავდნენ და რუსეთის საინფორმაციო საშუალებათა მეშვეობით ავრცელებდნენ დეზინფორმაციას აფხაზეთში შექმნილი ვითარების, საქართველოს ამ ძირძველი კუთხის წარსულის შესახებ.
    ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ძალზე სიმპტომატური იყო იმავე საინფორმაციო საშუალებათა პოზიცია ჩეჩნეთის მოვლენები დროს. ჩეჩენ მეამბოხეებს (რომელთაც რუსეთის იმპერიასთან ბრძოლის საუკუნოვანი ტრადიცია აქვთ) ისინი არასდროს უწოდებდნენ «ჩეჩნეთის შეიარაღებული ძალების მებრძოლებს» (შეადარეთ აფხაზეთში ომისდროინდელ პროპაგანდისტულ კლიშეს) პირიქით, - მხოლოდ «დუდაეველებად» მოიხსენიებდნენ.
   მაგრამ სეპარატისტების მხარდაჭერა მხოლოდ პროპაგანდისტული ფონის შექმნით როდი შემოიფარგლებოდა, რუსეთის ხელისუფლება უხვ მატერიალურ დახმარებასაც უწევდა 1992-1993 წლებში «გუდაუთის დაჯგუფებას»; არძინბას «მთავრობა» რეგულარულად იღებდა რუსეთიდან ყველაფერს, რაც ომის საწარმოებლად იყო საჭირო, - სურსათით დაწყებული, მძიმე სამხედრო ტექნიკით დამთავრებული.
    ომის ბოლო პერიოდში აფხაზმა სეპარატისტებმა ორი სუ-27 ტიპის ავიაგამანდგურებლის შეძენაც კი შეძლეს, რომელთაგან თითოეული 30-40 მილიონი დოლარი (!) ღირს. სოხუმის დაცემისა და აფხაზეთიდან მშვიდობიანი ქართული მოსახლეობის განდევნის შემდეგ შეიქმნა პრეცედენტი, რომელსაც უეჭველად უნდა «ეფეთქა» თვით რუსეთის რომელიმე რეგიონში და იფეთქა კიდეც.
    ამავე დროს, ალბათ არ არის გამართლებული ჩეჩნეთისა და აფხაზეთის პრობლემების გაიგივება, ვინაიდან ჩეჩნეთი რუსეთმა ცეცხლითა და მახვილით დაიპყრო სამსაუკუნოვანი ომის შედეგად, საქართველოს კი არასდროს დაუპყრია აფხაზეთი - იგი ყოველთვის ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილი იყო.
    მიუხედავად ზემოთქმულისა, დღეს ალბათ უკვე ის უნდა გვაფიქრებდეს, თუ როგორ ავაგოთ ურთიერთობა ჩვენს უახლოეს მეზობელთან - ჩეჩნეთთან, რომელსაც დამოუკიდებლობის პრეტენზია აქვს და საქართველოსთანაც ნამდვილად სურს ურთიერთსასარგებლო კავშირების დამყარება როგორც ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ და სამხედრო სფეროში (ამის შესახებ არაერთგზის განუცხადებია პრეზიდენტ ასლან მასხადოვს).
    უპირველეს ყოვლისა, ალბათ აქცენტი ეკონომიკურ თანამშრომლობაზე უნდა გაკეთდეს. ჩეჩნეთი დაინტერესებულია მოიპოვოს «სატრანსპორტო დერეფანი» შავი ზღვისა და ევროპის ქვეყნებისაკენ (აგრეთვე თურქეთისკენ) საქართველოს ტერიტორიის გავლით.
    ამ თვალსაზრისით, «ევროაზიული ხიდის» მშენებლობაში შეიძლება ჩეჩნეთიც ჩაერთოს. საქართველო კი დაინტერესებულია შეიძინოს ჩეჩნეთში ნავთობი და გააუმჯობესოს ენერგეტიკული კომპლექსის საწვავით მომარაგება. აქტიურად ვითარდება საზოგადოებრივი კავშირებიც. «სახალხო დიპლომატია» ბევრ პრობლემას ხელისუფლებასა და მთავრობაზე ოპერატიულად წყვეტს. არ არის გამორიცხული, უახლოეს მომავალში საქართველოში საზოგადოებრივ საწყისებზე გაიხსნას ჩეჩნეთის რესპუბლიკის წარმომადგენლობა, მოსკოვში ალბათ ამას გაგებით შეხვდებიან, ვინაიდან აფხაზეთის ასეთივე წარმომადგენლობა კარგა ხანია დაფუძნდა რუსეთის დედაქალაქში და ამ ქვეყნის ხელისუფლება საქართველოს ოფიციალურ პროტესტებს არანაირ ყურადღებას არ აქცევს.

«მოქალაქე», 27 თებერვალი, 1997 წ.