«სისხლიანი რეპორტაჟების» გმირი – პრიმაკოვი

«სისხლიანი რეპორტაჟების» გმირი – პრიმაკოვი

    
       

        კვირას, რუსეთის ტელემონსტრებმა - «ორტ»-მ და «ნტვ»-მ კიდევ ერთხელ «დაბომბეს» ერთმანეთი;
        ორტ-ს მეპატრონე ბორის ბერეზოვსკი პრეზიდენტის პოსტზე ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, პუტინის კანდიდატურას უჭერს მხარს; ნტვ-ს მფლობელის, მილიარდერ გუსინსკის ფავორიტი კი «ჩვენი მეგობარი» ევგენი პრიმაკოვია.
        ორტ-ს საკვირაო პროგრამაში სერგეი დორენკომ პრიმაკოვს თავსლაფი დაასხა. ვინც ეს გადაცემა ნახა, დამეთანხმება, რომ რუსულ მასმედიაში მართლაც საშინელი ვითარებაა. ღმერთმა დაგვიფაროს ასეთივე მარაზმისაგან საქართველოში, თორემ პრესის თავისუფლებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იქნება.
        რუსეთში დამოუკიდებელი გაზეთი ან ტელეარხი საერთოდ აღარ არსებობს. სერგეი დორენკომ, რომელსაც ბერეზოვსკი თვეში 50 ათას დოლარს (!) უხდის, პრიმაკოვს და ლუჟკოვს ისეთი «თავსლაფის აბანო» მოუწყო, ნორმალური ადამიანი თვითმკვლელობამდე მივიდოდა; თუმცა, რუსულ ისტებლიშმენტში ისეთი ცნებები, როგორიცაა «სირცხვილი», «თავმოყვარეობა» «ღირსება» და ასე შემდეგ, საბოლოოდ ჩაბარდა წარსულს და «პიონერულ მორალად» ითვლება.
        წარმოიდგინეთ, კომუნისტი ზიუგანოვი (მისი მსოფლმხედველობის მიუხედავად) გაცილებით უფრო ღირსეული პიროვნება ჩანს, ვიდრე დღევანდელი რუსი «დემოკრატების» უმრავლესობა.
        სერგეი დორენკოს მთავარი ბრალდება პრიმაკოვის მიმართ ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ ტერორისტული აქტების ორგანიზება იყო. ეს საკითხი ყოფილ «პლეხანოველსა» და რუსეთის საგარეო დაზვერვის შეფს, ეტყობა ძლიერ აღელვებს; ამიტომ მან იმავე საღამოს დარეკა ნტვ-ს პირდაპირ ეთერში და განაცხადა: დორენკომ მაყურებელს დაუმალა, რომ ოფიციალურმა თბილისმა ეს ინფორმაცია უკვე უარყოო.
        კი მაგრამ, როდის უარყო ოფიციალურმა თბილისმა ინფორმაცია ტერაქტების ორგანიზებაში «პლეხანოვური კვალის» შესახებ? საქმეც სწორედ ის გახლავთ, რომ არც ერთ ოფიციალურ თანამდებობის პირს საქართველოში (სახელმწიფო მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრებს) ამერიკელი გენერლის (უილიამ ოდომის) განცხადებათა დეზავუირება არ მოუხდენიათ – არც ერთ მათგანს არ უარუყვია ინფორმაცია ამერიკული სპეცსამსახურებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების თაობაზე და არ უთქვამს - გამოძიების მასალებში პრიმაკოვი საერთოდ არ ფიგურირებსო.
        ფიგურირირებს და გვარიანადაც ფიგურირებს!! იგორ გიორგაძეს ტელეფონით საუბრისას რომ არ ეთქვა «პრიმაკოვს შევხვდი და მხარს გვიჭერსო», წარმოუდგენელია, დაზვერვის სამსახურის შეფს არაფერი სცოდნოდა იმის შესახებ, თუ როგორ გაამგზავრეს ჩეკისტებმა «იგორი» ლიბანში და როგორ «კეთილმოაწყვეს» სწორედ დაზვერვის სამსახურის კუთვნილ ბინაზე ბეირუთში.
        აქ ყველაფერი ნათელია, მაგრამ საინტერესოა, რუსულ ოლიმპზე ატეხილი უმოწყალო «ხოცვა-ჟლეტა» (ჯერჯერობით თითქოს უსისხლო, თუმცა დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, სისხლი მხოლოდ რუსულ-ჩეჩნურ ფრონტზე როდი დაიღვრება), როგორ იმოქმედებს «¹1 ტერორისტის», - იგორ გიორგაძის ბედზე.
        ვიმსჯელოთ ლოგიკურად: თუ ელცინ-ბერეზოვსკის გუნდი პრიმაკოვის საბოლოო დისკრედიტაციას გადაწყვეტს, მის მიერ (დაზვერვის უწყების ხელმძღვანელობისას) სხვა სახელმწიფოთა წინააღმდეგ განხორციელებული «სპეცოპერაციების» გამოაშკარავება საამისოდ საუკეთესო საშუალებაა.
        ეს, რა თქმა უნდა, თვით რუსეთის სახელმწიფოებრივ ინტერესებსაც სერიოზულ ზიანს მიაყენებს, მაგრამ ამაზე მოსკოვში აღარავინ ფიქრობს. ბოლოს და ბოლოს, ელცინი მზადაა, ყველაფერი მას «დაბრალდეს,» ოღონდ კი მას შემდეგ პრეზიდენტი პუტინი გახდეს და არა პრიმაკოვი; ანუ ჰქონდეს გარანტია, რომ 2000 წლის ივლისში (არჩევნების შემდეგ), ციხეში არ ამოაყოფინებენ თავს.
        «შევარდნაძეზე თავდასხმები» ამ თვალსაზრისით შესანიშნავი საბაბია. მერედა, როგორ შეიძლება კრემლმა ეს სკანდალი საბოლოოდ «ააფეთქოს»? რასაკვირველია, საუკეთესო გზა იქნება იგორ გიორგაძის «მოულოდნელი აღმოჩენა», დაპატიმრება და «მეგობარი საქართველოს» სამართალდამცველი ორგანოებისათვის გადმოცემა.
        როგორც კი იგორ გიორგაძე «მშობლიურ მეხუთე იზოლატორში» აღმოჩნდება, უმალვე ყველაფერს «დაფქვავს» და ისე ტკბილად აჭიკჭიკდება საქართველოს ტერაქტებში ევგენი პრიმაკოვის «როლის» შესახებ, რომ თვით სერგეი დორენკოსაც კი შეშურდება;
        ამრიგად, იგორ გიორგაძე ახლა მართლა შეიძლება იმალებოდეს, ოღონდ ამჯერად ემალებოდეს იმავე სპეცსამსახურებს, რომლებმაც 1995 წლის სექტემბერში იგი ვაზიანის სამხედრო აეროდრომიდან მოსკოვში გააპარეს.
        იგი შეიძლება მხოლოდ მინსკში დაიფარონ, ვინაიდან ლუკაშენკო ელცინ-ბერეზოვსკის გუნდს ეჭვის თვალით უყურებს და უფრო პრიმაკოვს სწყალობს, მაგრამ, ასპროცენტიან გარანტიას გიორგაძეს ვერც მინსკი მისცემს.
        ასე რომ, ყველაფერთან ერთად, გიორგაძე ტრაგიკომიკურ ვითარებაშიც აღმოჩნდა: აბა, რას იფიქრებდა რუსეთის ინტერესების გულმხურვალე დამცველი, რომ სწორედ კრემლის გარშემო ატეხილ გააფთრებულ ბრძოლას შეეწირებოდა «პაიკად».
        ზის ალბათ ახლა და ძრწოლით ადევნებს თვალს დორენკოს «სისხლიან რეპორტაჟებს» იმის თაობაზე, თუ როგორ უკეთებდნენ შვეიცარიის კლინიკაში პრიმაკოვს ოპერაციას კუდუსუნის ძვალზე.

დრონი, 26 ოქტომბერი, 1999 წ.