არჩევნები 2017 - დიდი ოპოზიციური ჩაფლავება

არჩევნები 2017 - დიდი ოპოზიციური ჩაფლავება

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის „წინასწარი საბოლოო“ მონაცემებით, შაბათს გამართულ „ადგილობრივ არჩევნებში“, მილიარდერ ივანიშვილის  „ქართულმა ოცნებამ“ პირწმინდად, ულაპარაკოდ და აბსოლუტურად დაამარცხა მთავარი მოწინააღმდეგე: მიხეილ სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

ამაში დასარწმუნებლად, კიდევ ერთხელ გადავხედოთ მშრალ და „ჯიუტ“ ციფრებს: „ქართულმა ოცნებამ“ აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა უკლებლივ ყველა საკრებულოში, დაწყებული თბილისიდან, დამთავრებული ნებისმიერი რაიონით; მოიგო თითქმის ყველა მაჟორიტარულ ოლქში; მოიგო პროპორციული სიებით; მოიგო ქვეყნის მასშტაბით როგორც პროპორციულ, ასევე მაჟორიტარულ არჩევნებში; გაიმარჯვა დედაქალაქში, პირველივე ტურში „გაიყვანა“ კანდიდატები ხუთიდან ოთხ თვითმმართველ ქალაქში და, რაც მთავარია,თბილისის მერის არჩევნებზე.

ქვეყნის მასშტაბით თანაფარდობაა 55,73% - 17,07%-თან. თითქმის იგივე პარტიული თანაფარდობაა თბილისში. ოღონდ თბილისში, ამასთან, ჩატარდა ყველაზე პრინციპული და ნიშანდობილივი არჩევნები. პირველივე ტურში გაიმარჯვა კახი კალაძემ (51,12%), მეორე ადგილზე გავიდა ალეკო ელისაშვილი (17,49%) და მხოლოდ მესამეზე, ენმ-ის კანდიდატი, ყოფილი ტელედიქტორი ზალიკო უდუმაშვილი (16,55%)

მისმა ტელევიზიამ, როგორც ყოველთვის, „კრეატიულად იმოქმედა“ და ექსიტპოლის შედეგი ისე „დადო“ ეკრანზე, ზალიკო მეორეზე გადიოდა. მარტივი გათვლაა მასის ფსიქოლოგიის კარგი ცოდნით: „ხალხს“ პირველი შთაბეჭდილება ამახსოვრდება, თორემ მერე რამდენჯერაც არ უნდა გაუმეორო „ზალიკო  მეორეზე კი არა მესამეზეღა გავიდაო“. - ეს უკვე ნაკლებაღქმადია. თანამედროვე PR-ტექნოლოგები „ხალხური აღქმის“ ამ თავისებურებას მუდამ ითვალისწინებენ. დღეს ქუჩაში რომ გააჩერო, ათიდან შვიდი გეტყვით „ზალიკო მეორე ადგილზე გავიდაო“ იმიტომ, რომ პირველი რაც ნახეს საღამოს 8 საათზე, ამ ექსიტპოლის „ასეთი“ შედეგი იყო.

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ნაციონალთა რანგირებით, მათთვის მესამეხარისხოვანი იყო ზალიკო მეორეზე გავიდოდა თუ მესამეზე. მეორეხარისხოვანი - შემდგარიყო მეორე ტური ზალიკოს მონაწილეობით და პირველხარისხოვანი - ზალიკოს ეჯობნა ელენესთვის!

ანუ, პირველხარისხოვან, უმთავრეს მიზანს მაინც მიაღწიეს თბილისში: „პეროიანები“ კიდევ უფრო ჩაფლავდნენ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

გასაგებია, რომ ზალიკოს, კოლეგებისგან, ამგვარი,  PR- ტექნოლოგიური მხარდაჭერა ნამდვილად ექნებოდა, მაგრამ რა ვუყოთ კოლოსალურ სხვაობას 16,55%-სა და 51,12%-ს შორის? ვითომ ყოველივე მხოლოდ იმის ბრალია, რომ ხელისუფლებამ ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენა, მომხრეები „მოათრია“, მერე დააშინა, „აკონტროლებდა“ და ა.შ?

ბუნებრივია თავად ასე იტყვის, რადგან სიმართლე ბევრად არასასიამოვნო და რთულია: ზალიკოს კატასტროფული მარცხის მთავარი მიზეზი, სინამდვილეში, ის გახდა, რომ საარჩევნო კამპანიის გადამწყვეტი ეტაპი ჩაატარა „გუგავა მოვა!!!“-ს სტილში, ნაცვლად „თბილისოს“ მოტივებზე აგებული მისივე საარჩევნო კლიპის მშვიდი, კონსტრუქციული, კეთილგანწყობილი, არააგრესიული „იმიჯისა“.

ეს კომიკური „ყელზე ძარღვების დაბერვა“, „შევარდნა-გამოვარდნა“, ნაძალადევი „გაბრაზება“, უბრალოდ არ უხდებოდა ამ ადამიანს, - ხელოვნური ჩანდა, ხოლო სხვა ოპოზიციონერებს ნამდვილად ვერ აჯობებდა აგრესიითა და „ძარღვების დაბერვით“. არ არის ზალიკო არც გუგავა და არც ნიკა მელია. თუ „ნაციონალებს“ ამგვარი საარჩევნო კამპანია ჰქონდათ დაგეგმილი თბილისში, მაშინ ნიკა მელია ბევრად რელევენტური იქნებოდა.

ზალიკოს უნდა ეთამაშა „კალაძის მოედანზე“ იმ აზრით, რომ პოზიტიური, არააგრესიული პროგრამით და „უორდინგით“ მიემართა კონსტრუქციული, მშვიდი, გაწონასწორებული, თავდაჭერილი, მოაზროვნე თბილისელი ამომრჩევლისთვის. რეალურად კი გამოუვიდა „ზალიკო მოვააააა!!!“ - შესაბამისი შედეგით.

ახლა ყველაზე საინტერესო, გარკვეულწილად ტრაგიკომიკურიც ისაა, დაუბრუნდება თუ არა ზალიკო მისთვის ნამდვილად საყვარელ საქმიანობას, - ტელევიზიას და ტელედიქტორობას, რაზეც აშკარად არ უნდოდა უარის თქმა და ლამის ძალით მოახვიეს თავს პოლიტიკოსობა.

საავტორო გადაცემა რომ ჰქონოდა, კიდევ ჰო, მაგრამ ახლა ისევ დიქტორი?! თუმცა, არ არის გამორიცხული, მომავალ წელს პრეზიდენტობაზე იყაროს კენჭი.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რაც შეეხება ზოგად შედეგებს და ოპოზიციის აშკარა ჩაფლავების მიზეზებს: ჯერ ერთი, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ აქტივობის მაჩვენებელი (ქვეყნის მასშტაბით 45,65%) ნამდვილად არ არის მცირე! პირიქით, ადგილობრივი არჩევნებისთვის მოულოდნელად მაღალიცაა. ოპოზიცია მარცხს იმით ხსნის, რომ ხელისუფლებამ „ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენა“. ანუ, თავისი ამომრჩეველი მოიყვანა, ხოლო ოპოზიციის მომხრეები რატომღაც (არ აზუსტებენ თუ რატომ) „სახლში დარჩნენ“ და არჩევნებზე არ მივიდნენ.

ჯერ ერთი, რაც შეეხება ამ ყბადაღებულ „კოორდინატორებს“. მარცხის ამით  (ან, ყოველ შემთხვევაში, მხოლოდ ამით) ახსნა ელემენტარული ცრუპენტელობაა: „კოორდინატორობა“ ჯერ კიდევ მიშამ, ვანომ და მერაბმა მოიფიქრეს 2010 წელს. ამ ინსტიტუტის „გამაპრავებელი“ კანონი მიღეს და შესაბამისი ტექნოლოგიაც მაშინ დამუშავდა: „კოორდინატორი“ თავად ან ოჯახის წევრის მეშვეობით არკვევს, თუ ვინ არის ამა თუ იმ კორპუსში თუ დასახლებაში სახელისუფლებო პარტიის მომხრე; შემდეგ, რაკი მისგან მიიღებს პასუხს, რომ  მომავალ არჩევნებზე აპირებს ხმა მისცეს მმართველ პარტიას, აღარ მოეშვება, არჩევნების დღეს ასჯერ დაურეკავს, შეახსენებს, სახლშიც მივა, ანუ ყველა გზითა და ხერხით შეეცდება იგი უბანზე მიიყვანოს, რაკი წინასწარი გამოკითხვის დროს მიიღო პასუხი „ხელისუფლებას ვუჭერ მხარსო“ მაგრამ.....აშკარა ტყუილია, თითქოს „კოორდინატორს“ შეუძლია გააკონტროლოს, ვის შემოხაზავს მის მიერ უბანზე „მიყვანილი“ ამომრჩეველი, როცა მარტო დარჩება „ჯიხურში“. მკაფიო მაგალითია ის, რაც მოხდა 2012 წელს, როდესაც თავისი ამომრჩეველი კი „მიიყვანეს“, მაგრამ ეს ამომრჩეველი უკვე ისე იყო იმედგაცრუებული „ციხის ვიდეოებით“, რომ „ქართული ოცნება“ შემოხაზა.

მეორე და არანაკლები ცრუპენტელობაა, თითქოს ყველაფერი იმას გადაუწყვეტია, რომ დამკვირვებლები „თავზე ადგნენ რეგისტრატორებს“. არადა, იმათ შორის, ვინც „თავზე მდგომად“ სჩანდნენ, არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იყვნენ, არამედ ოპოზიციური პარტიების და უთვალავი სადამკვირვებო ორგანიზაციისა.

არც ერთი, არც მეორე „ხერხი“ კანონს პირდაპირ არ ეწინააღმდეგება და, რასაკვირველია, „ქართული ოცნება“ კომფორტულად გამოიყენებდა იმ მექანიზმებს, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შექმნა, რათა საკუთარი მმართველობა „გაემარადიულებინა“. მაშინ კოშმარშიც არ მოელანდებოდათ, რომ ყველა ეს მექანიზმი მათ წინააღმდეგვე  იქნებოდა გამოყენებული.

რაც მთავარია, ვერ ერთი ეს „ტექნოლოგია“ ვერ ხსნის ასეთი კოლოსალური სხვაობის მიზეზს: ადმინისტრაციულმა რესურსმა, შეიძლება ხელისუფლებას მოუტანოს, მაქსიმუმ, 5-10%, მაგრამ 35%?!!!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

კიდევ ერთი მოარული „ახსნა-თავის მართლებაა“, თითქოს „სახლში დარჩენილი“ ამომრჩეველი რომ მისულიყო არჩევნებზე,  სურათი კარდინალურად შეიცვლებოდა. ნამდვილად შეიცვლებოდა, ოღონდ არა კარდინალურად: „სახლში რჩება“ არა მხოლოდ ის კატეგორია, ვისაც გული აქვს აცრუებული ოპოზიციაზე („დაჭამეს ერთმანეთი ამ დამპლებმა და მაინც ვერ მოიგებენ...“..) არამედ, ასევე ის კატეგორია, რომელიც ხელისუფლებას უჭერს მხარს და არჩევნებზე არ მიდის, რაკი „ბიძინა მაინც მოიგებს, მიშა მაინც ვერ გაიმარჯვებს, მე კი დღეს უამრავი სხვა საქმე მაქვს......“

„კოორდინატორები“ ყველას ვერ „მიათრევენ“

ანუ, „სავალდებულო მონაწილეობის“ შესახებ კანონის მიღება სურათს გაკრვეულწილად შეცვლიდა, თუმცა არა კარდინალურად.

მთავარი მიზეზი, რაც უკვე მეოთხედი საუკუნეა განაპირობებს „ფორას“ უკლებლივ სახელისუფლებო პარტიისათვის უდავოდ ისაა, რომ ოპოზიცია ვერა და ვერ ახერხებს პოზიტიური პროექტის გამომუშავებას, რომლითაც არა მხოლოდ პროტესტულ ელექტორატს მოიზიდავდა, - ჰორმონები რომ აწვებათ და „შევარდნა-გამოვარდნისთვის“ მუდამ მზად არიან - არამედ იმ მშვიდ, დინჯ, მდუმარე, ჩაფიქრებულ, დაკვირვებულ, ფრთხილ, „მეოჯახე“ - „ობივატელურ“ უმრავლესობას, რომელსაც, ჩვენი სისხლიანი ისტორიის ბოლო ათწლეულთა განმავლობაში გამოუმუშავდა რადიკალური ცვლილებებისა და „გარდატეხების“ იმმანენტური შიში. და თუ რაიმე მართლა განსაკუთრებული პირობები არ შეიქმნა, -  2003 წლის „დარდუბალას“ ან 2012 წლის „ცოცხის“ მსგავსი, - ეს უმრავლესობა, ინსტიქტურად, მუდამ არსებულის „შენარჩუნებას“ მისცემს ხმას იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას „შეჩვეულ ჭირად“ აღიქვამს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ქართველმა პოლიტიკოსებმა ეს მოცემულობა საკუთარ თავს, საკუთარ უპასუხისმგებლობასა და არაპროფესიონალიზმს უნდა დააბრალონ. სწორედ გასული 25 წლის ნგრევის, უბედურების, სისხლისღვრის, ომის, რევოლუციების, გადატრიალება-გადმოტრიალებების შედეგად შეიქმნა ამგვარი განწყობა, როდესაც ხსენებულ უმრავლესობას ცვლილებებისადმი იდიოსინკრაზია გამოუმუშავდა. ამიტომაც, ოპოზიცია, თავის გადასარჩენად, იმ პასიონარულ უმცირესობაზე, ანუ ე.წ. „პროტესტულ ელექტორატზე“ აკეთებს გათვლას, რომელიც „ყოველთვის მზადაა“, თუმცა არჩევნებს ვერ მოიგებს - შეიძლება მოიგოს მხოლოდ რევოლუცია.

საოცარია, მაგრამ უამრავი მარცხის მიუხედავად, ქართულმა პოლიტელიტამ ვერა და ვერ გაიგო: „პროტესტული ელექტორატი“ არ არის და არც შეიძლება იყოს უმრავლესობა! ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყანაში ოპოზიცია იგებს არა „პროტესტულ უმცირესობაზე“, არამედ იმ უმრავლესობის უმრავლესობაზე დაყრდნობით, რომელიც არჩევნებიდან-არჩევნებამდე პოზიტიურ პროგრამებს აფასებს და ხან ერთ პარტიას აძლევს ხმას ამ მოტივაციით, ხან მეორეს.

 საქართველოშიც, „პროტესტულ“ და ნორმალურ ელექტორატს შორის  თანაფარდობა დაახლოებით იმდენია, რაც დაიდო 2017 წლის არჩევნებზე!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

სწორედ ამ თვალსაზრისით, გასულმა არჩევნებმა დიახაც, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ იმ დისკუსიაში, რომელიც გასულ წელს გაიმართა ყოფილ „ნაციონალთა“ შორის, სწორედ გიგი-გიგა-დათოს გუნდი იყო მართალი  და არა ე.წ. „მიშას გუნდი“.

ფენომენალური „მიშა“ ნამდვილი მისწრებაა „ქართული ოცნებისთვის“, რადგან ომთან, უბედურებასთან, დაძაბულობასთან, სტრესებთან ასოცირდება, ამიტომ ესოდენ მახინჯი ალტერნატივით („ან მიშა ან ბიძო“) ოპოზიცია მუდამ დამარცხდება, ხელისუფლება კი ყოველთვის, ყველა არჩევნებს მოიგებს ასეთივე, ან კიდევ უფრო დიდი უპირატესობით.

2017