უვიზო რეჟიმი რუსეთთან: პოლიტიკური სვლა, ტაქტიკური წარმატება და საფრთხეები

უვიზო რეჟიმი რუსეთთან: პოლიტიკური სვლა, ტაქტიკური წარმატება და საფრთხეები

   პარლამენტში გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ცალმხრივად აუქმებს სავიზო რეჟიმს რუსეთის ფედერაციასთან. ინიციატივას დიდი გამოხმაურება მოჰყვა როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე თვით რუსეთშიც. თანაც, პრეზიდენტის გადაწყვეტილება «ექსპრომტი» ნამდვილად არ ყოფილა; იგი აშკარად დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა.
    თუმცა, სანამ თვით ამ პოლიტიკურ დემარშზე და მის შედეგებზე ვისაუბრებდეთ, ალბათ უპრიანია საკითხის ისტორიაც გავიხსენოთ: რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემოღება 1999 წელს გადაწყვიტა. იმ დროს ჩრდილო კავკასიაში კიდევ უფრო დაძაბული სიტუაცია იყო: ვლადიმერ პუტინს, რომელიც ძალაუფლებისთვის (უფრო ზუსტად, ელცინის მემკვიდრეობისთვის) იბრძოდა, სჭირდებოდა «ხანმოკლე და წარმატებული ომი» ჩეჩნური სეპარატიზმის წინააღმდეგ. მაშინ მას ჯერ კიდევ პრემიერ–მინისტრის თანამდებობა ეკავა, თუმცა ყველა ხვდებოდა, რომ ბორის ელცინის რჩეული სწორედ КГБ – ს ყოფილი რეზიდენტი გახდებოდა.
    პუტინის დავალებით, იმდროინდელმა თავდაცვის მინისტრმა, მარშალმა სერგეევმა ედუარდ შევარდნაძეს დაურეკა და საქართველოში რუსეთის ბაზებიდან – შატილის გავლით ჩეჩნური ფორმირებებისათვის ზურგში დარტყმის უფლება მოითხოვა. თანაც უთხრა, რომ დეტალებს თბილისში ჩამოფრენისთანავე გააცნობდა. პრეზიდენტი შევარდნაძე მოსკოვის წინადადებას მაშინ უკვე ვერ დაეთანხმებოდა (პირველი ჩეჩნური ომის დროს – 1994 წელს – კი დაეთანხმა), რადგან საქართველოში მორიგი საარჩევნო ორომტრიალი იდგა და ოპოზიცია ამ ფაქტს აუცილებლად გამოიყენებდა.
    ამიტომ, ჩვენი ქვეყნის მაშინდელმა პრეზიდენტმა მარშალ სერგეევს მეორე დილით დაურეკა და უარი უთხრა. თანაც გააფრთხილა: ტყუილად არ ჩამოხვიდე, აზრი არა აქვსო. მარშალმა ეს ამბავი რა თქმა უნდა მაშინვე შეატყობინა რუსეთის მომავალ პრეზიდენტს (ელცინი იმ დროს უკვე ისეთ დღეში იყო, ოჯახის წევრებსაც ვეღარ სცნობდა), რომელმაც უმალ მოიწვია მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომა და საჯაროდ, ტელეკამერების თანდასწრებით მოსთხოვა საგარეო საქმეთა სამინისტროს (მინისტრი დედით ქართველი იგორ ივანოვი გახლდათ) საქართველოსთან სავიზო რეჟიმი შემოეღო.
    საზღვარი მთლიანად მხოლოდ 2001 წლიდან ჩაიკეტა, რადგან ეს ურთულესი საკითხია და უამრავ პროცედურას მოითოვს. გარდა ამისა, რუსებს საქართველოში ოთხი სამხედრო ბაზა ჰქონდათ (თბილისი, ახალქალაქი, ბათუმი, გუდაუთა), ამდენად, მათ სამხედრო მოსამსახურეებს გრძელვადიანი ვიზები სჭირდებოდათ. ეს საკითხი ყაზბეგის რაიონის მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლაში გაიცვალა და ორივე მხარე, ასე თუ ისე, დაკმაყოფილდა.

– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –
    ბუნებრივია, რუსეთის მთავარი მიზანი არალოიალობისთვის საქართველოს დასჯა იყო და ეს მოტივაცია მთელი ამ წლების განმავლობაში არსად გამქრალა. მით უმეტეს ნატოსა და ევროკავშირისაკენ სწრაფვის გათვალისწინებით. თუმცა, აქვე უნდა თქვას, რომ მოსკოვს იმდენად ეს სწრაფვა კი არ აშფოთებდა (ჩვენი ქვეყნისადმი დასავლეთის იმდროინდელი გულგრილი დამოკიდებულების გათვალიწინებით), რამდენადაც ედუარდ შევარდნაძის, შემდეგ კი მიხეილ სააკაშვილის უარი, ჩართულიყო კრემლის მიერ ინსპირირებულ ინტეგრაციულ გაერთიანებებში. იმ დროს მათ საბაჟო კავშირი და კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაცია ერქვათ.
    მას შემდეგ მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეიცვალა: უპირველეს ყოვლისა, რუსეთის ჯარი გავიდა თბილისიდან და სამხრეთ საქართველოდან, იყო აგვისტოს ომი, ქართული ტერიტორიების ოკუპაცია, ემბარგო, ათასგვარი პროვოკაცია და ა.შ. მიუხედავად ამისა, სავიზო რეჟიმის საპასუხო გამკაცრებას აზრი არასდროს ჰქონია: საქართველოსათვის ხელსაყრელია შეინარჩუნოს გამარტივებული სავიზო რეჟიმი რუსეთთან, რადგან ჯერ ერთი, ასეულობით ათას ქართველს აქვს რუსული პასპორტი. გარდა ამისა, ტურიზმი ქვეყანაში ვალუტის მოზიდვის ერთ–ერთი უმთავრესი საშუალება.
    თითქოს ხომ არ ჰქონდა დიდი მნიშვნელობა, გადაიხდიდა თუ არა რუსი ტურისტი 20 დოლარს აეროპორტში ვიზის ჩარტყმის სანაცვლოდ. მაგრამ სინამდვილეში, ამას ფსიქოლოგიური ეფექტი მაინც აქვს: რუსებს აინტერესებთ საქართველო და როდესაც ესმით – იქ უვიზოდ შეიძლება ჩასვლა, მეტი სურვილი უჩნდებათ ქვეყანას ესტუმრონ. ამდენად, რუსეთიდან ტურისტული ნაკადის ზრდა გარანტირებულია და ეს სულაც არაა წვრილმანი.
    ამასთანავე, ვიზების გაუქმებით საქართველომ მთელ მსოფლიოს უჩვენა, რომ რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის მომხრეა. მოსკოვი კი ნამდვილად უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, რაკი საპასუხო ნაბიჯს არ გადადგავს და საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზებს არ გააუქმებს.
    საპარლამენტო დებატების შემდეგ ზოგიერთი ოპოზიციონერი აცხადებდა, რომ პუტინი და სააკაშვილი ერთსა და იმავე ხერხს მიმართავენ, როდესაც საუბრობენ სახელმწიფოთშორისი ურთიერთობის გაუმჯობესების შეუძლებლობაზე, ხალხებისა და «ჩვეულებრივი ადამიენების» მიმართ კი სიმპატიას გამოხატავენ. არადა, როგორღაა ეს ერთი და იგივე, თუკი პუტინი ბევრს ლაპარაკობს ქართველი ხალხის, უბრალო ქართველებისადმი სიმპატიაზე, მაგრამ მათთვის დაწესებულ სავიზო რეჟიმს და ემბარგოს არ აუქმებს? აბა ჩვენი მთავრობის წევრებს რუსული ვიზები სულ არაფერში სჭირდებათ, მსხვილმა მეღვინეებმა კი იპოვეს ბაზარი თავისი პროდუქციისთვის. მაშასადამე, პუტინი არც ისე გულწრფელია. უფრო ზუსტად, ცინიკურად არაგულწრფელი: სინამდვილეში, ვიზებით და ემბარგოთი იგი სწორედ იმ «უბრალო ქართველებს» სჯის, რომელთა ერთმორწმუნეობასა და სიყვარულზეც საუბრობს. ქართულმა მხარემ კი, უბრალო რუსებისადმი სიმპატია არა მხოლოდ განცხადებით, არამედ საქმით დაადასტურა. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო მოედნებზე რუს დიპლომატებთან და დეპუტატ კოსაჩოვის მსგავს პროფესიონალ დემაგოგებთან პაექრობისას სერიოზულ არგუმენტად იქცევა.
    – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –
    ბუნებრივია, ისევე როგორც ნებისმიერ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, სავიზო რეჟიმის გაუქმებასაც სერიოზული გამოწვევები და საფრთხეები ახლავს თან. მაგალითად, როგორ გავაკონტროლოთ, ვინ შემოდის და ვინ გადის ქვეყნიდან, ხომ შეიძლება მათ შორის პროვოკატორები ან სულაც ტერორისტები იყონ? მაგრამ საქმე ისაა, რომ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, უვიზო რეჟიმი სულაც არ ნიშნავს უკონტროლოს. ვიზას რომ არ გთხოვ, ამით ნამდვილად არ ვკარგავ უფლებას, ქვეყანაში არ შემოგიშვა. თანაც, ყოველგვარი ახსნა–განმარტების გარეშე. ამიტომ, თუ ვინმეს ჰგონია, რომელიმე ჩვენს «დაუძინებელ მეგობარს» (მაგალითად დსთ–ს ინსტიტუტის გამგე კონსტანტინე ზატულინს) ამიერიდან თავისუფლად შეუძლია შემოვიდეს საქართველოში და აქ პროვოკაციული სხდომები მოაწყოს თბილისში ან სხვა რეგიონებში სიტუაციის ასარევად – ძალიან ცდება. აეროპორტშივე ეტყვიან ქართველი მესაზღვრეები, რომ ქვეყანაში უბრალოდ არ შემოუშვებენ. ზუსტად ასე მოიქცა უკრაინა პრეზიდენტ იუშენკოს მმართველობისას, როდესაც ზატულინმა ყირიმში დააპირა ჩასვლა. არადა, უკრაინასა და რუსეთს შორის მაშინაც უვიზო რეჟიმი მოქმედებდა. იგივე მექანიზმი იმოქმედებს იმ ოსების მიმართ, რომლებიც თრუსოს ხეობაში ყაზბეგის გავლით გადასვლას გადაწყვეტენ. ნუ გექნება ბატონო ავი ზრახვები გიჟმაჟი კოკოითის «დიდ ალანიასთან» თრუსოს შეერთების შესახებ და არ ჩაგიკეტავ გზას. ხოლო თუ ამგვარი ზრახვები გაქვს, ასი ვიზაც არ გიშველის.
    მეორე საფრთხე ტერორიზმს უკავშირდება: «ვაითუ დივერსანტები შემოგვიგზავნონო». მაგრამ დივერსანტებს ვიზა არასდროს სჭირდებათ. თუ რუსეთი საქართველოში ტერაქტების ორგანიზებას გადაწყვეტს, ტერორისტებს ოფიციალურად კი არ გამოაგზავნის ლეგალურ სასაზღვრო პუნქტებზე (თუნდაც სხვისი პასპორტით) არამედ ისევე მოიქცევა, როგორც დღემდე ირჯებოდა: ოკუპირებული აფხაზეთიდან და «სამხრეთ ოსეთიდან» შემოაპარებს. განა ტერორისტ მერაბ ყოლბაიას («კოჭოია») ვიზა სჭირდებოდა, ამერიკის საელჩოსთან რომ ბომბი დაედო? გორსა და ცხინვალს შორის რეალური საზღვარი, რა თქმა უნდა, არ არსებობს, იქ კი ბევრად ადვილია ტერორისტების შემოგზავნა, რათა შემდგომ ისინი თბილისი–ქუთაისის მთავარი ტრასით გაემგზავრონ დასავლეთის ან აღმოსავლეთის მიმართულებით.
    რაც შეეხება იმას, რომ «უვიზო რეჟიმით რუსი ინვესტორები ისარგებლებენ და ქართულ ეკონომიკას იგდებენ ხელთ», ამგვარი «ნევროზის» პასუხად მხოლოდ ერთი უტყუარი ისტორიული ფაქტის გახსენება კმარა: აგვისტოს აგრესიის დროს, როდესაც რუსეთი უმოწყალოდ ბომბავდა საქართველოს ტერიტორიას, მათ შორის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, არც ერთი ბომბი არ ჩამოვარდნილა «ინტერ–რაოს» კუთვნილი ენერგოსაწარმოების გვერდით! იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ რუსულმა კომპანიამ «კავკასიონის» ხაზით ელექტროენერგიის მოწოდება არ შეწყვიტა, რაკი ამგვარი ქმედება საინვესტიციო ხელშეკრულების გაუქმებისა და ქონების (მაგალითად იმავე თელასის) კონფისკაციის იურიდიულ საფუძველს შექმნიდა.

2012