ფრაქცია «აღორძინებამ» ვიცე-სპიკერის პოსტი მიიღო

ფრაქცია «აღორძინებამ» ვიცე-სპიკერის პოსტი მიიღო

  

    პარლამენტის ბიუროს უკანასკნელ სხდომაზე ზურაბ ჟვანიამ კოლეგებს კვლავ შეახსენა, რომ არანორმალურია მდგომარეობა, როდესაც მთელი საპარლამენტო ფრაქცია სხდომებს არ ესწრება და მათ დასაბრუნებლად პარლამენტის თავმჯდომარის კიდევ ერთი მოადგილის პოსტის შემოღება შესთავაზა კოლეგებს.
    ასლან აბაშიძემ, შეიძლება ითქვას, თავისას მიაღწია. როგორც ცნობილია, მისი ძირითადი მოთხოვნა სწორედ «აღორძინებისადმი» ლოიალური ვიცე-სპიკერის პრეზიდიუმში აყვანა იყო. კანდიდატურაც უკვე შერჩეულია; ისიც აბაშიძე, ოღონდ ვახტანგი - ფრაქციის ყოფილი ხელმძღვანელი და ამჟამად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი
    «მთავარი აბაშიძის» ყოფილი ფავორიტი ედუარდ სურმანიძე, როგორც ცნობილია, აშკარად დაუპირისპირდა «აჭარის ლომის» პოლიტიკას და «აღორძინებიდან» გავიდა.
    მასთან ერთად ფრაქცია დატოვა კიდევ რამდენიმე დეპუტატმა, რომლებმაც ფრაქცია «მამული» შექმნეს. უნდა ითქვას, რომ ასლან აბაშიძის მომხრეებმა პარლამენტში ამ საკითხზე მსჯელობისას შეცდომა დაუშვეს; კერძოდ: ერთმა მათგანმა განაცხადა, რომ სურმანიძე ვიცე-სპიკერობიდან უნდა გადადგეს, «ვინაიდან იგი არ წარმოადგენს აჭარის ინტერესებს საქართველოს პარლამენტში».
    უმალვე ცხადი გახდა, რომ «სრულიად საქართველოს დემოკრატიული აღორძინების კავშირი» სინამდვილეში სწორედ აჭარის პარტიაა და არა მთელი ქვეყნისა. დღემდე ეს მომენტი ინტენსიურად ინიღბებოდა, რადგან კონსტიტუცია კრძალავს პარტიის შექმნას ეთნიკური ან რეგიონალური ნიშნით. მით უმეტეს, დაუშვებელია ასეთი პარტიის მონაწილეობა პროპორციულ არჩევნებში «საქართველოს სიით». ამავე ლოგიკით გიორგი კობახიძეც უნდა გადადგეს თანამდებობიდან და თავისი პოსტი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სხვა წარმომადგენელს დაუთმოს. გარდა ამისა, სურმანიძე დეპუტატი გახდა მაჟორიტარული (და არა პროპორციული) არჩევნების შედეგად - მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში. არავითარი საფუძველი არ არსებობს ვიფიქროთ, რომ სურმანიძე დეპუტატობას მხოლოდ «აღორძინების» მეშვეობით მიაღწევდა. სურმანიძეები აჭარაში ძალიან ძლიერი და გავლენიანი გვარია და თავს ასე ადვილად არავის დააჩაგვრინებდნენ. ედუარდ სურმანიძე ხმების საკმარის რაოდენობას აჭარაში ყოველთვის მოაგროვებდა და კვლავაც მოაგროვებს, რათა დეპუტატი გახდეს. მისი «გადადგომის» მოთხოვნა წარუმატებელი იქნებოდა, ამიტომ «აღორძინებამ» სხვა ხერხს მიმართა - ფაქტობრივად დატოვა პარლამენტი და ულტიმატუმი წაუყენა საკანონმდებლო ორგანოს: «ან შემოიღებთ ვიცე-სპიკერის კიდევ ერთ თანამდებობას, ან «აღორძინება» პარლამენტში აღარ დაბრუნდება»; უფრო მეტიც, მომავალი არჩევნები აჭარაში საერთოდ არ ჩატარდება.
    ასლან აბაშიძეს ის კი არ უთქვამს «აღორძინება» არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას», არამედ «აჭარა არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობასო». ამ მუქარამ გაჭრა: პარლამენტის ხელმძღვანელობა დათმობაზე წავიდა და მეხუთე ვიცე-სპიკერის პოსტის შემოღებას აპირებს, თუმცა ამას შეიძლება გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვეს: რა დააშავეს სხვა ფრაქციებმა? თუ «აღორძინებას» უნდა ჰყავდეს წარმომადგენელი, რატომ არ უნდა ჰყავდეთ ვიცე-სპიკერი მაჟორიტარებს ან იმავე ეროვნულ-დემოკრატებს?
    პრობლემის არსი (აქედან გამომდინარე) ის არის, წარმოადგენს თუ არა ედუარდ სურმანიძე საკუთრივ აჭარას. გაუგებარია, რატომ მიაჩნიათ «აღორძინების წევრებს», რომ მაინცდამიანც ვახტანგ აბაშიძეს შეუძლია აჭარის ინტერესების დაცვა და არა ედუარდ სურმანიძეს. შედეგად ვითარება კიდევ უფრო დაიძაბება, ვინაიდან სურმანიძე-აბაშიძის დაპირისპირება გარდაუვალი ხდება. «მოქალაქეთა კავშირმა» კი სურმანიძის გადაყენება არ ისურვა, ვინაიდან, ალბათ, ჩათვალა, რომ ასეთი დედალმაშობა შელახავდა მის ავტორიტეტს და მმართველ პარტიასთან თანამშრომლობის სურვილს დაუკარგავდა ყველა პოლიტიკოსსა თუ პოლიტიკურ ძალას.
    ამიტომაც შეთანხმდნენ ტაქტიკურ კომპრომისზე, თუმცა იგი სტრატეგიული არ არის და თვისებრივად ვერ წყვეტს პრობლემას. ეს ნათლად გამოჩნდა ზურაბ ჟვანიას განცხადებაშიც ბიუროს სხდომაზე: არავის უნდა მიეცეს თუნდაც საბაბი ცენტრთან ურთიერთობის გამწვავებისთვისო. რა თქმა უნდა, სურმანიძე და თვით ვიცე-სპიკერის პოსტიც მხოლოდ ზედაპირული მიზეზია. სინამდვილეში აჭარასა და ცენტრს შორის ფარულ თუ აშკარა დაპირისპირებას უფრო სერიოზული, სიღრმისეული ფაქტორი უდევს საფუძვლად: აჭარის ელიტის უმრავლესობასა და მისი ინტერესების გამომხატველ ასლან აბაშიძეს არ აკმაყოფილებთ აჭარის სტატუსი, რომელიც თანდათან ყალიბდება, როცა ქვეყანა ასიმეტრიულ ფედერაციად იქცევა.
    ამის პირდაპირ თქმას ერიდებიან, ვინაიდან ამ შემთხვევაში თბილისში ბევრ მომხრეს დაკარგავენ. სინამდვილეში ასლან აბაშიძის გაღიზიანების მთავარი მიზეზი სწორედ აქ უნდა ვეძებოთ; საქართველოს სამხარეო მოწყობა და ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ ერთეულთა «გამსხვილება» აჭარას (შინაარსობრივად) აქცევს ჩვეულებრივ ქართულ მხარედ - სხვა მხარეთა ტოლფასად, რაც ბათუმში არ ეპიტნავებათ. ოღონდ ამას (ვიმეორებ) პირდაპირ არასოდეს იტყვიან - მაშინ ვინღა დაიჯერებს მათ «საერთო სახელმწიფოებრივ» რიტორიკას?
    მიუხედავად ამისა, მეხუთე ვიცე-სპიკერის თანამდებობის შექმნა «აღორძინებას» მაინც აიძულებდა დაბრუნდეს პარლამენტში, რადგან სხვა თვალსაჩინო მიზეზი საკანონმდებლო ორგანოს ბოიკოტისათვის უბრალოდ არ არსებობს. მაგრამ ისიც საკითხავია, რა მოჰყვება ზურაბ ჟვანიას წინადადების განხილვას პლენარულ სხდომაზე; დაეთანხმებიან თუ არა მას სხვა ოპოზიციური ფრაქციები და ხომ არ მოითხოვენ ისინიც ანალოგიური პოსტების შემოღებას თავიანთი წარმომადგენლობისათვის?

მერიდიანი, 10 ივნისი, 1998 წ.