ქართველ მეწარმეებს «პირველადი კაპიტალი» დაავიწყდათ

ქართველ მეწარმეებს «პირველადი კაპიტალი» დაავიწყდათ

 

        «მეწარმეთა პარტიების» შექმნა საქართველოში ეპიდემიის სახეს იძენს. გოგი თოფაძის პარტია უკანასკნელი ნამდვილად არ იქნება. პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე ბესო ჯუღელის «მოკვეთაც» მეტად ნიშანდობლივი მოვლენაა. იგი უეჭველად მიუთითებს, რომ მეწარმეთა პარტიებიც საქართველოში იმავე საფუძველზე იქმნება, რაზეც პოლიტიკური ორგანიზაციები, ანუ ამბიციის, პიროვნული დაპირისპირების, აქედან გამომდინარე, შუღლისა და ურთიერთქიშპობის ნიადაგზე.
        არანაირი რეალური განსხვავება მეწარმეთა სხვადასხვა პარტიების პროგრამებს შორის, რა თქმა უნდა, არ არსებობს! ყველა მათგანს საფუძვლად უდევს ორი ძირითადი მოთხოვნა: ჩაიკეტოს საქართველოს ეკონომიკური საზღვარი, რათა მომხმარებელი იძულებული გახდეს შეიძინოს უხარისხო და ძვირი ადგილობრივი პროდუქცია, ნაცვლად ხარისხიანი და იაფი უცხოურისა.
        მეორე: გაიცეს სახელმწიფო შეღავათიანი კრედიტები, რომელსაც არ გასცემს არც ერთი კომერციული სტრუქტურა, ვინაიდან იმთავითვე ცხადია, რომ ეს კრედიტი არ დაბრუნდება. ანუ ერთადერთი, ვინც გასცემს კრედიტებს, სწორედ სახელმწიფოა, რადგან კერძო მეწარმე (ბანკირი) თავს არ მოიტყუებს. მხოლოდ სახელმწიფო მოხელემ შეიძლება მოატყუოს სახელმწიფო (მაგრამ არა საკუთარი თავი).
        ამრიგად, მეწარმეთა სხვადასხვა დაჯგუფებას შორის დაპირისპირების მთავარი მიზეზი პიროვნული ამბიციაა, ანუ მარადიული ქართული დილემა: «უჩემოდ ვით იმღერეთა», - ვინ უნდა იყოს ლიდერი და ასე შემდეგ.
        შექმნილ ვითარებაში მეწარმეები ვერანაირ გავლენიან პოლიტიკურ ძალას, რა თქმა უნდა, ვერ შექმნიან, ისევე როგორც, «მემარცხენეებმა» დაკარგეს სერიოზული შანსი – ურთიერთდაპირისპირებისა და გაუტანლობის შედეგად.
        მიუხედავად ამისა, მეწარმეთა ბოლოდროინდელი პოლიტიკური გააქტიურება მაინც მეტად საინტერესო მოვლენაა, რომელსაც შორსმიმავალი შედეგები შეიძლება ჰქონდეს.
        ქართველმა მეწარმეებმა ადვილად დაივიწყეს (ასევე ადვილად შეახსენებენ, თუ მეტისმეტად შეურაცხყოფენ და შეავიწროვებენ არსებულ პოლიტიკურ ელიტას) თავისი კაპიტალის წარმოშობის ისტორია. პერესტროიკისდროინდელი ერთი პერიფრაზის კიდევ ერთხელ პერიფრაზირებას თუ მოვახდენთ: «გადაფხიკეთ თანამედროვე ქართველი მეწარმე და აღმოაჩენთ ყოფილ წითელ დირექტორს». მათი კაპიტალის განვითარებისთვის თვალის გადევნება კი არც ისე ძნელია. დეკემბერ-იანვრის მოვლენების, ანუ სამხედრო გადატრიალების შედეგად, მათ, ფაქტობრივად, ავტონომიურობა მოიპოვეს იმჟამინდელ სამეურნეო - მმართველობით სისტემაში და ჯერ არაფორმალურად, შემდეგ კი ფორმალურად დაიკანონეს დიდძალი ქონება, რომელსაც მანამდე მხოლოდ ადმინისტრაციულად ხელმძღვანელობდნენ.
        ეს იყო «ოქროს ხანა» ყოფილი «საბჭოთა ინდუსტრიის კაპიტნებისათვის», - როცა «სამხედრო საბჭოს» სახით ფაქტობრივად უკონტროლო ძალაუფლება შეიქმნა, რომელმაც საკუთარი შეხედულებისამებრ გადაანაწილა ქონება, ანუ «წითელ დირექტორებს» საშუალება მისცა პირველადი კაპიტალი დაეგროვებინათ, მოეხდინათ საწარმოთა პრივატიზება და ა.შ.
        «ოქროს ხანის» «ბრილიანტის პერიოდი» იყო ეროვნული ბანკის ლიბერალური ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, რომელიც პირველადი კაპიტალის ათასგვარი «გარეცხვის», «ლეგალიზაციის», გადინება-შემოდინების საშუალებას ქმნიდა.
        ახლა, დღევანდელ პირობებში, სწორედ ის ხალხი, ვინც 1992-95 წლებში გულარხეინად ძარცვავდა ქვეყანას, გაჰქონდა ყველაფერი, რაც შეეძლო, ყიდდა და ყიდულობდა, რაც უნდოდა (ვისაც უნდოდა) - საერთაშორისო სავალუტო ფონდის «აკადემიური კრიტიკოსის» როლში გვევლინება და საკუთარი პატერნალისტური სულისკვეთების ეკონომიკურ კონცეფციას ავითარებს – ეს საქართველოს უახლესი ისტორიის კიდევ ერთი ტრაგიკომედიაა.

მერიდიანი, 19 აპრილი, 1999 წელი