ქართველ სასარგებლო იდიოტთა დოღი

ქართველ სასარგებლო იდიოტთა დოღი

რუსულ მედიაში დიდი ზარ ზეიმია: «შვედურმა პრესამ დაადგინა, რომ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი სააკაშვილსგან ქრთამს იღებდა» - ღრიალებს კრემლის საინფორმაციო მანქანა და, ეჭვმიუტანელ წყაროდ იმავე შვედურ პრესას ასახელებს.
ჯერ ის გავარკვიოთ, ვინ და რა არის ეს «შვედური პრესა»: იგულისხმება პოპულარული ტაბლოიდი «Aftonbladet» («საღამოს ფურცელი»). ძალიან პოპულარულია, მაგრამ მაინც ტაბლოიდია, თუმცა კი ჯერ კიდევ 1830 წელს დაარსდა - შვედური მოდერნიზაციის ეპოქაში. მაგრამ მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. დღეს «Aftonbladet» «ყვითელ პრესად» ითვლება. 2006 წელს, მისივე საკუთარი კორესპონდენტი, პეტერ კადხამარი წერდა, რომ «საღამოს ფურცელი» ლინდე რუსლინგის სექსუალურ თავგადასავლებს მეტ დროს და ადგილს უთმობს, ვიდრე ომს ერაყში. დიდმა შვედმა კინორეჟისორმა, ინგმარ ბერგმანმა კი ამ გაზეთს «ბინძური სანაგვე» უწოდა.
თუმცა, ეს ყოველივე, რასაკვირველია, არ ნიშნავს, თითქოს ყველაფერი, რაც «Aftonbladet» - ში იბეჭდება, ტყუილია. უბრალოდ, მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ სტატია კარლ ბილდტის მექრთამეობის შესახებ სწორედ ამ გაზეთში დაიბეჭდა და არა სხვაგან.
პუბლიკაციით ირკვევა, რომ შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კარლ ბილდტი, 2005 წელს, ანუ მაშინ, როცა არანაირი სახელმწიფო თანამდებობა არ ეკავა, სათავეში ედგა კონსალტინგურ PR-კომპანია «Kreab» - ს, რომელმაც დაახლოებით იმ დროს გააფორმა კონტრაქტი საქართველოს მთავრობასთან ლობისტური საქმიანობის შესახებ და რამდენიმე მილიონი ევროც აიღო.
ლობიზმი დასავლეთში მიღებული პრაქტიკაა. მოგვწონს ეს თუ არა, რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ იგი «კორუფციის ფორმაა», ევროპელები და ამერიკელები ასე არ თვლიან: თუ ლობისტური კომპანია მოქმედებს კანონის ფარგლებში, არანაირი დანაშაული აქ არ არის.
მაგრამ ხომ არ იქმნება ინტერესთა კონფლიქტი, როდესაც ლობისტი გადადის სახელმწიფო სამსახურში? დასავლური კანონი და პრაქტიკა აქაც ერთმნიშვნელოვნად ამბობს: არა, არ იქმნება, რადგან მოსაზრებები და ეჭვები არ შეიძლება დაედოს საფუძვლად კონკრეტულ ბრალდებებს. მოსაზრებათა გამოთქმას არავინ გიშლით, მაგრამ ერთადერთი «ფასი», რაც შეიძლება ამისთვის პოლიტიკოსმა გადაიხადოს, არის ამომრჩეველთა გულაცრუება და მისი პარტიის წარუმატებლობა არჩევნებში.
ანუ, თუ კარლ ბილდტი სააკაშვილისგან ფულს იღებდა მაშინ, როდესაც კომპანიის ხელმძღვანელი იყო და ამავე ან ასეთივე მოსაზრებებით აგრძელებდა მის მხარდაჭერას შემდეგაც, როდესაც უკვე საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი დაიკავა და ლობისტურ კომპანიას არ ხელმძღვანელობდა, მაშინ უნდა დაამტკიცო, რომ ამას აკეთებდა იმავე მერკანტილური მოსაზრებებით, როგორც ადრე. თუ ვერ ამტკიცებ, მაშინ მხოლოდ ეჭვია, რაც შეიძლება ტაბლოიდში გამოაქვეყნო, თუმცა სერიოზული მედია არ დაბეჭდავს.
აქვე ბუნებრივად ისმის რამდენიმე კითხვა, რომელიც მარტივ სქემათა მოყვარულებს ძალიან არ მოსწონთ. მაგალითად ასეთი: დავუშვათ, კარლ ბილდტი მართლა იღებდა ფულს მიშასგან, როცა Kreab-ის ხელმძღვანელი იყო და სწორედ ამით აიხსნება მისი მხარდაჭერა შემდგომ წლებში. მათ შორის საარჩევნო-საპრეზიდენტო კამპანიის დროს. მაგრამ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ხომ მხოლოდ პიროვნულად სააკაშვილს არ უჭერდა მხარს - მხარს უჭერდა საქართველოსაც რუსეთთან ომის დროს და შემდეგაც. ამასაც ქრთამის გამო აკეთებდა? რა თქმა უნდა, ზუსტად ასეთია რუსული მედიის ინტერპრეტაცია. იქ სააკაშვილ-ოპოზიციის დაპირისპირება იმდენად არ აინტერესებთ, რამდენადაც სწორედ ეს გეოპოლიტიკური მომენტი.
შემდეგ: კარლ ბილდტს ასეთივე მკვეთრად ანტირუსული პოზიცია ჰქონდა, მაგალითად, მოლდოვას საკითხში, უკრაინის თემაზე და ასე შემდეგ. იქაც ქრთამის გამო? «დიახ, რა თქმა უნდა, ქრთამის გამო, ისევე, როგორც 2008 წლის ომის დროს» ამტკიცებენ რუსი გველპროპაგანდისტები. არ გჯერათ? აგერ კითხეთ ქართველებს. ჰოდა დაიწყო ქართველი «სასარგებლო იდიოტების» დოღი რუსულ ტელეარხებზე. მათ გარეშე რუსეთის «საინფორმაციო ჯარებს» არაფერი გამოუვიდოდათ: მხოლოდ «Aftonbladet» -ის პუბლიკაცია საკმარისი ნამდვილად არ იქნებოდა.
«სასარგებლო იდიოტები» ყველგან არიან, მაგრამ ამდენი და ასეთი - ნამდვილად არსად. ამიტომაც ესოდენ წარმატებული საინფორმაციო დივერსიებიც რუსეთს მხოლოდ საქართველოში გამოსდის.
კარლ ბილდტის სევდიანი ისტორიიდან ნებისმიერი დასავლელი პოლიტიკოსი იმ დასკვნას გამოიტანს, რომ საქართველოსთან სჯობს საქმე საერთოდ არ დაიჭირო, თორემ აუცილებლად გაისვრები თვით ქართველების მონაწილეობთ და ბრიყვული აღტკინებით, ხოლო რუსული პროპაგანდა უკვე დაბეჯითენით ამტკიცებს: ხომ ხედავთ, რას ამბობენ თვითონ ქართველები კარლ ბილდტის შესახებ. ესე იგი, მისი პოზიცია უკრაინაშიც ასეთივე «კორუმპირებულია». ისევე, როგორც მოლდოვის საკითხში, «აღმოსავლეთ პარტნიორობის» პროგრამის შემუშავებისას, ანტირუსული სანქციების თემაზე და ა.შ და ა.შ.
აქ ყველაზე მთავარი მაინც ისაა, რომ ძალიან ძნელია გაავლო ზღვარი პოლიტიკოსის პარტიულ ინტერესებსა და ქვეყნის ინტერესებს შორის: «ბილდტი თუ ფულს იმისთვის იღებდა, საქართველო დაეცვა რუსული აგრესიის დროს, ძალიან კარგიცო» - იტყვის აბსოლუტური უმრავლესობა. მაგრამ ეს მხარდაჭერა ხომ ხელისუფლების მხარდაჭერაც გამოდიოდა?
კარგით, მიშამ ბილდტი იყიდა, სენატორი მაკკეინი იყიდა, მაგრამ მთელი «თეთრი სახლი» და სახელმწიფო დეპარტამენტიც იყიდა რამდენიმე მილიონ დოლარად? იმათაც ხომ მხარი დაუჭირეს 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ? ჯერ შედეგები არ იყო გამოცხადებული და უკვე მიულოცეს მეორედ არჩევა. ესეც ქრთამის გამო? თუ იმიტომ, რომ ასეთი იყო ამერიკისა და ევროპის გეოპოლიტიკური ინტერესი? ეს ინტერესი კი კაპიკებად არ იყიდება!
რაც შეეხება «საინფორმაციო დივერსიის» ხელოვნებას, არც ისე ძნელი განსახორციელებელია: მთავარია გქონდეს ფული და შექმნა «საინფორმაციო საბაბი»: მაგალითად რომელიღაც ტაბლოიდში. ხოლო შემდეგ იმ ტაბლოიდზე დაყრდნობით ატეხო გნიასი, რითაც ერთდროულად რამდენიმე მიზანს აღწევ.
საქართველოს შემთხვევაში «მიღწევა» ისაა, რომ დასავლურმა ელიტამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიგოს: ეს პატარა, შორეული ქვეყანა გახეთქილია შიდა წინააღმდეგობებით. ამიტომ, სჯობს მას საერთოდ არ გაეკარო, მასთან საქმე არ დაიჭირო და ქართველ პოლიტიკოსებთან რაიმე სიახლოვის იმიჯი არ შექმნა, თორემ ისევე ამოიგანგლები ტალახში, როგორც ბილდტი.
მერედა ვის, რომელ ქვეყანაში უნდა ამოგანგლული პოლიტიკოსი?
ბოლოს და ბოლოს, იმ ხალხმა, ვინც ამ კაკაფონიაში მონაწილეობს, მარტივ კითხვას უნდა უპასუხოს: გვჭირდება თუ არა ლობიზმი დასავლეთში? თუ გვჭირდება, მაშინ სად გადის და ვინ დაადგენს ზღვარს ქვეყნისა და კონკრეტული ხელისუფლების პარტიულ ინტერესებს შორის? ხოლო თუ არ გვჭირდება ლობიზმი და ლობისტური კომპანიებისთვის ფულის გადარიცხვა დანაშაულად გამოცხადდება, მაშინ როგორ უნდა ვებრძოლოთ რუსულ პროპაგანდას დასავლეთში, როცა კრემლი მილიარდობით დოლარს ხარჯავს, რათა ევრო-ატლანტიკურ ისტებლიშმენტში მისთვის სასურველი სტერეოტიპები და განწყობა შექმნას?
ამ კითხვებს კაციშვილი არ პასუხობს. თუმცა, რომელ პასუხებზეა ლაპარაკი, როდესაც კითხვები არც კი ისმება, ხოლო რუსულ მედიაში ქართველ «სასარგებლო იდიოტთა» დოღის შემხედვარეს გიძლიერდება ეჭვი, რომ ამ ქვეყანას მართლა არასდროს არაფერი ეშველება.

2014