ქართველი კანონიერი ქურდები: მოტყუებული ქალწულნი    

ქართველი კანონიერი ქურდები:  მოტყუებული ქალწულნი    

 

    რამდენიმე დღის წინ, ასლან აბაშიძის დემოკრატიული კონსტიტუციის თანაავტორმა, ვალერი გელბახიანმა ჟურნალისტებს მოუთხრო, რომ თურმე, 2003 წლის რევოლუციამდე მცირე ხნით ადრე, ქუთაისელი კანონიერი ქურდის, ტარიელ ონიანის თხოვნით, რანგით მასზე «მორჩილმა», მაგრამ მაინც არც თუ მცირე გავლენის ქუთაისელმავე ავტორიტეტმა, ბონდო შალიკიანმა მიხეილ სააკაშვილს ნახევარი მილიონი დოლარი გადაურიცხა საარჩევნო-რევოლუციური საჭიროებისათვის.
    ეს თემა დამსახურებულად იქცა «კვირის სენსაციად».
    ნამდვილად არ ვიცი, მართალს ამბობს თუ არა ამ შემთხვევაში ვალერი გელბახიანი. მაგრამ ამ საგულისხმო ისტორიაში ყველაზე კომიკური ეს არის: თუ ტარიელ ონიანმა და ბონდო შალიკიანმა მართლა ეგზომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მიხეილ სააკაშვილის გახელისუფლებაში, რა სასაცილოდ იდიოტურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ორივენი, როდესაც «დაფასების» ნაცვლად, პრეზიდენტმა სააკაშვილმა მადლობა იმით გადაუხადა, რომ ორივე ღირსპატივცემულ «ავტორიტეტს» საქართველოდან ფეხი ამოუკვეთა და პაპამათისეული ქონებით დაწყებული ამ ქვეყანაში თუ რამ ებადათ, ყველაფერი ჩამოართვა!
    არადა, აშკარად სულ სხვა რამეს ელოდნენ.
    ხომ წარმოგიდგენიათ, საკუთარი თავისადმი რა პატივისცემით გაიხსენებენ აწი და რა სიამაყით მოუყვებიან შვილთაშვილებს იმ წვლილის შესახებ, რაც ვარდების რევოლუციაში შეიტანეს?!
    ასეთივე მდგომარეობაში აღმოჩნდა ყველა, ვინც რევოლუციაში დაახლოებით იმავე გათვლითა და განწყობით მიიღო მონაწილეობა, როგორც ორმა ზემოთხსენებულმა «ავტორიტეტმა».
    საერთოდ, ეს ე.წ. «კანონიერი ქურდები» ცოტა უცნაური მენტალობის მატარებელი ხალხია: თავად როცა «არიფებს» ატყუებენ, იყენებენ და აგდებენ – ეს ნორმალურია, ხოლო თუ ვინმემ ისინი გააგოიმა, გამოიყენა და გადააგდო (აფერუმ!) – მოტყუებული ქალწულის პოზაში დგებიან და კეთილშობილ აღშფოთებას ვერ მალავენ: გულწრფელად მივეცით და იმან რით გადაგვიხადაო.