ქართული სახელმწიფოებრიობა და ევროპული ექსპანსია.

ქართული სახელმწიფოებრიობა და ევროპული ექსპანსია.

ძვირფას მეგობრებს, ვისაც უყვართ კითხვა და აზროვნებენ „რთულად“ ანუ პარადოქსულად.
(მე არასდროს არაფერს „ვაპრავებ“, მხოლოდ აღვწერ და ვხსნი)
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

უხერხული, არაპოლიტკორექტული და მძიმედ გამოსათქმელი სიმართლე „რუსულ კანონზე“
- - - - - - - - - - - - - - - -

საქართველოს ისტორიის მორიგ ტეხილს ვუახლოვდებით. „მთავარია არა ფაქტი, არამედ აღქმა“ - აბსოლუტურად ეჭვმიუტანელი მაქსიმაა. ნამდვილად ასეა.
მაგრამ რაოდენაც არ უნდა იყოს „ასე“, სიმართლე უნდა ვთქვათ იმ უმრავლესობის საყურადღებოდ, ვინც არასდროს იყო და არც ახლაა მზად (საბედნიეროდ) პირდაღებული ბოჩოლასავით ენდოს დაპირისპირებულ მხარეებს.
ასეთი ბევრი გვინახავს ბოლო 36 წლის მანძილზე.

სინამდვილეში ერთადერთი, აბსოლუტურად ლეგიტიმური, პატიოსანი, მართალი, გულწრფელი, ზუსტი, არაცრუპენტელური და არადემაგოგიური არგუმენტი ამ კანონის წინააღმდეგ არის შემდეგი:

დიახ(აც) პროდასავლური არასამთავრობო სექტორი ყველა ქვეყანაში, ვისთანაც ევროპა ურთიერთქმედებს მთელს მსოფლიოში, მით უმეტეს მის სამეზობლოში, არის ინსტრუმენტალიზებული პოლიტიკური მიზნით.
არასამთავრობო ორგანიზაციები არის ის ბერკეტები, ის მექანიზმები, რომელთა მეშვეობით ევროპა ახორციელებს თავის ცივილიზატორულ მისიას ამა თუ იმ ქვეყანაში და ცდილობს (ზოგჯერ ახერხებს, ზოგჯერ ვერა) ამ ბერკეტების, ამ ინსტრუმენტების მეშვეობით დაამკვიდროს(!) განვითარებად ქვეყნებში დემოკრატია. მათ შორის უმთავრესი დემოკრატიული ინსტიტუტი - ხელისუფლებათა ცვალებადობა!

არა „ცვლილება“ არამედ ც ვ ა ლ ე ბ ა დ ო ბ ა.

არა კონკრეტული პოლიტიკური ძალის ჩანაცვლება მეორე კონკრეტული პოლიტიკური ძალით, არამედ მთავრობათა ც ვ ა ლ ე ბ ა დ ო ბ ა, როგორც ინსტიტუტი.

ეს ინსტიტუტი (ხელისუფლებათა ცვალებადობა) არის დემოკრატიის გულანი, მისი უმთავრესი სულისთქმა, ძირეული სულისკვეთება, მისი „სისხლი და ხორცი“, მისი ქვაკუთხედი, ხერხემალი, ჟანგბადი, რის გარეშეც დემოკრატია არ არსებობს.

და დიახ, ხშირ შემთხვევაში ევროპა ამ მექანიზმებს (გავლენის ბერკეტებად ინსტრუმენტალიზებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს) იყენებს იმისთვის, რათა აიძულოს (!) არა მხოლოდ კონკრეტული მთავრობა არამედ ხშირად სოციუმიც (!), თვით საზოგადოებაც, მიიღოს ეს ღირებულება (ხელისუფლებათა ც ვ ა ლ ე ბ ა დ ო ბ ა) უნდა მას ეს თუ არა, სურს თუ არა, ეპიტნავება თუ არა, ეშინია თუ არა.
ანუ მიიღოს ხელისუფლებათა ც ვ ა ლ ე ბ ა დ ო ბ ა, როგორც დემოკრატიის საფუძველთა - საფუძველი და მისი ხერხემალი.

დიახაც, დასავლეთი ერევა ამ ბერკეტების მეშვეობით საშინაო საქმეებში, დიახ, ხარჯავს ფულს იმისთვის, რათა მაქსიმალურად გააძლიეროს ალტერნატივები, ორგანიზაციები, ჯგუფები, რომლებიც სისხლს გაუშრობენ ნებისმიერ ხელისუფლებას, უხვად აფინანსებს კრიტიკულ მედიას - თუნდაც არაობიექტურს, თუნდაც ტენდენციურს, „ავად მყეფარეს“ ნებისმიერი ხელისუფლების მიმართ..... ისევ და ისევ იმ „ცივილიზატორული მისიის“ ფარგლებში, რათა დაამკვიდროს ამა თუ იმ ქვეყანაში ხელისუფლებათა, მთავრობათა ც ვ ა ლ ე ბ ა დ ო ბ ა მიუხედავად არა მხოლოდ კონკრეტული მთავრობის, არამედ ხშირად კონკრეტული სოციუმის წინააღმდეგობისა.

იმიტომ, რომ ამ ინსტიტუტის გარეშე (ვიმეორებ) დემოკრატია არ არსებობს და, შესაბამისად, ევროპის ეს ცივილიზატორული მისიაც შეუსრულებელი იქნება.

ამიტომაც არ მოსწონთ ეს „რუსული კანონი“ ევროპელებს - ამით ერთმევათ ბერკეტები და მექანიზმები ხსენებული კეთილშობილი (!) ცივილიზატორული მისიის შესასრულებლად.

თავის მხრივ, ის სუბიექტები, რომლებიც საქართველოში ამ კანონს ეწინააღმდეგებიან, ამ სიმართლეს ვერ ამბობენ, რადგან...... უხერხული სათქმელია, რომ ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევა დიახაც კარგია, სახელმწიფო ინსტიტუტთა პარალელური და უცხოური გავლენის მექანიზმების შექმნა დიახაც კეთილისმყოფელია, „მკურნალობის მეთოდია“, - კეთილშობილური მიზნის მქონეა, თუნდაც საქართველოს ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის სახელმწიფო სუვერენიტეტის შელახვის, მის საშინაო საქმეებში ჩარევის ხარჯზე და ამ აუცილებელი პირობით.
სხვაგვარად მიზანი ვერ მიიღწევა

და რაკი ეს არგუმენტაცია „უხერხული გამოსათქმელია“, „რუსული კანონის“ მოწინააღმდეგეები იგონებენ ათას ყალბ, ცრუპენტელურ არგუმენტს:

ტყუილი და ცრუპენტელობაა, რომ „ეს კანონი სხვაა და ამერიკული FARA - სხვა“. სინამდვილეში „სხვაა“ მხოლოდ იმ აზრით, რომ ის (ამერიკული) ბევრად მკაცრია.

ტყუილი და ცრუპენტელობაა თითქოს ამერიკული FARA ან ახლახან საფრანგეთის პარლამენტის მიღებული კანონი „მხოლოდ ლობიზმს ეხება“ და არა ყველაფერს, რაც ნებისმიერი უცხოური წყაროდან ფინანსდება.

ტყუილი და ცრუპენტელობაა თითქოს ახლახან მიღებული ფრანგული კანონი „მხოლოდ რუსეთს და ჩინეთს ეხება, რაკი ეს პირდაპირ წერია ფრანგულ კანონშიო“.
არა ბატონო, ნუ იტყუებით: არ წერია ეს ფრანგულ კანონში - ეს წერია პრეამბულაში ფრანგებისთვის დამახასიათებელი მოხდენილი პოლიტიკური მანიპულაციით, მაგრამ თვით კანონში არ წერია! ანუ ამ ფრანგული კანონით ეხება რუსეთს და ჩინეთს ისევე, როგორც დიდ ბრიტანეთს, ამერიკას და კანადას.

ტყუილი და ცრუპენტელობაა, თითქოს „არსებობს ათამდე კანონი გრანტების და ტრანზაქციების შესახებ და რა უშლით ხელს იმ კანონში შეიტანონ ცვლილებებიო“.
კი მაგრამ.... განა ანალოგიური კანონები ტრანზაქციების და გადარიცხვების შესახებ ამერიკაში არ არსებობს? საფრანგეთში არ არსებობს? გერმანიაში არ არსებობს? პოლონეთში არ არსებობს? ბრიტანეთში არ არსებობს? შეეტანათ მაშინ იმ კანონებში ცვლილებები - რატომ სჭირდებათ ცალკე აქტი, ცალკე FARA ანუ ცალკე განსაკუთრებული ფრანგული თუ ბრიტანული თუ პოლონური თუ გერმანული კანონი?

ტყუილი და ცრუპენტელობაა, რომ აი „ხომ არიან რეგისტრირებულნი „საგადასახადოში“, ხომ აბარებენ ანგარიშს? რაღა საჭიროა ცალკე რეესტრი და ცალკე რეგისტრაცია?“ მერედა....„საგადასახადო“ ამერიკაში არ არსებობს? NGO-ები და ფიზიკური პირები ამერიკულ „საგადასახადოში “რეგისტრირებულნი არ არიან? თითოეულ ცენტზე დაწვრილებით ანგარიშს არ აბარებენ? რატომღა სჭირდებათ მაშინ ამერიკელებს ცალკე FARA, ცალკე კანონმდებლობა, ცალკე რეგისტრაცია? ფრანგებს რომ „საგადასახადო“ აქვთ და უსასტიკესი საგადასახადო კანონმდებლობა, ასეთი მსოფლიოში არ გააჩნია არავის. იქ არ არიან დარეგისტრირებულნი ეს ორგანიზაციები და ანგარიშს არ აბარებენ? რატომღა დასჭირდათ მაშინ ფრანგებს ახლახანს ცალკე კანონის მიღება და ცალკე რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება?

ამ ყალბ არგუმენტებს და სიცრუეს იგონებენ იმისთვის და იმიტომ, რომ სიმართლე და სინამდვილე უხერხული სათქმელია: უხერხული სიმართლე კი ნამდვილად ისაა, რომ დიახ, არასამთავრობო სექტორს ევროპა აფუძნებს და იყენებს მისი „ინსტრუმენტალიზებისთვის“ კეთილშობილი მიზნის მისაღწევად: პარტნიორ ქვეყანაში „ჩასარევად“ და ხელისუფლებათა ცვალებადობის უმთავრესი დემოკრატიული ინსტიტუტის დასამკვიდრებლად.

კი, ამ პროცესში ევროპა, თქვენ წარმოიდგინეთ, ბევრ რამეს არ მოერიდება. მაგალითად უკიდურეს შემთხვევაში რევოლუციის მხარდაჭერას ან/და თუნდაც არა პირდაპირ გაყალბებას, მაგრამ მანიპულაციას, რისი კლასიკური მაგალითიც იყო 2020 წელს ISFED-ის „პარალელური დათვლა“, როდესაც ამ NGO-მ, მისივე აღიარებით, მიათვალა ხმების საერთო რაოდენობას ბათილი, ასევე „ყველას წინააღმდეგ“ ბიულეტენები(რასაც ოფიციალური კანონი არ ითვალისწინებდა), ამით შეამცირა მმართველი პარტიის პროცენტი და.....შეუქმნა ოპოზიციას „რევოლუციური არგუმენტი“

ზუსტად ისევე, როგორც 2003 წელს, ანალოგიური მანიპულაციით, ევროპის ხელდასხმით, იმავე ISFED-მა ასეთივე მანიპულაცია განახორციელა იმდროინდელ „პარალელური დათვლის“ დროს რაკი ევროპა დარწმუნდა, რომ ედუარდ შევარდნაძე კიდევ 20 წელი არ აპირებდა ხელისუფლებიდან წასვლას და ხელისუფლებათა ც ვ ა ლ ე ბ ა დ ო ბ ის დემოკრატიული ინსტიტუტის დამკვიდრებას.

დიახ, დიახ, საქმეც სწორედ ესაა, რომ ხსენებული ე.წ. „რუსული კანონი“ ევროპას ამგვარი ოპერაციების შესაძლებლობას შეუზღუდავს იმ კეთილშობილი (!) მიზნით, რათა ქართული დემოკრატია ხელისუფლებათა ცვალებადობას მიაჩვიოს ანუ..... ევროპამ ჩვენს ქვეყანაში „დემოკრატიული ასიმილაციის“ კეთილისმყოფელ მიზანს მიაღწიოს.

და არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რამდენი პროცენტი უჭერს მხარს ხელისუფლებას.
მოსახლეობის 99% რომ აბსოლუტურად გულწრფელად, ყოველგვარი გაყალბების, ყოველგვარი მოსყიდვის, ყოველგვარი დაშინების გარეშე მხარს უჭერდეს ხელისუფლებას და მხოლოდ 1% უჭერდეს მხარს მის ალტერნატივას, ევროპა, ხსენებული მექანიზმებით და მრავალგზის ნახსენები მიზნით, სწორედ იმ 1%-ს დაეხმარება, მის გაძლიერებაზე და ხელისუფლების დასუსტებაზე იმუშავებს. საბოლოოდ კი ხელისუფლების ცვლილებაზე.
თუნდაც რევოლუციური გზით.
სასურველია (!) უსისხლოდ.
კი, ასეა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .
და....არ დაიჯეროთ, თითქოს დასავლეთი სხვაგვარად იქცეოდა წინა ხელისუფლების დროს.
არ დაიჯეროთ! ეს არის ან უმეცარი, ან ბოროტი ტყუილი.
სინამდვილეში დასავლეთი ზუსტად ასევე იქცეოდა მიშას დროსაც;
ოღონდ განსხვავება მაშინ იცით რა იყო?
ორი:
ა) „არასამთავრობო სექტორი“ იმ დროსაც ასევე „ცდილობდა“, იბრძოდა, აქტიურობდა, განცხადებებს აკეთებდა, „რიფორტებს“ აგზავნიდა და ა.შ, მაგრამ.....მათ აქტიურობას ტელევიზიები არ გააშუქებდნენ! იმ დროს NGO სექტორს არ ჰქონდა ასეთი „პლატფორმები“ რამდენიმე ტელევიზიის სახით, როგორც დღეს აქვთ.

ბ) იმ NGO-ლიდერებს, ვინც ახლა ასეთი თამამი, ასეთი რადიკალური და ამაყად „ყელმოღერებულია“ ხელისუფლების წინააღმდეგ, ამის მეათედი რომ გაებედათ იმ დროს...... ჰაერში გაჟიმავდნენ ვანო და ერეკლე. ამიტომაც ვერ ბედავდნენ ამის მეათედს!

ოღონდ თვით ევროპა ნამდვილად ასევე იქცეოდა მიშას ხელისუფლების დროსაც: ზუსტად ასევე აფინანსებდა NGO-ებს, ზუსტად ასევე ლობირებდა ცვლილებებს, ზუსტად ასევე პრომოუტირებდა „ხავერდოვანი რევოლუციების“ ტექნოლოგიებს და.......მოიტანა კიდეც!
განა ვინ უზრუნველყო 2012 წელს ხელისუფლების ტრანზიცია? რა თქმა უნდა დასავლეთმა!
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
სინამდვილეში, ეს კანონი „რუსულია“ იმიტომ, რომ იგი ეწინააღმდეგება ევროპის ცივილიზატორულ („დემოკრატიზების“) ისტორიულ ექსპანსიას.

და მეტისმეტად ნუ ავფოფინდებით ახლა ამ თეზისის გამო: ნებისმიერი ცივილიზაციის მთავარი თვისება არის ე ქ ს პ ა ნ ს ი ა! სხვაგვარად ეს ცივილიზაცია არაა.
ევროპული ცივილიზაციის ექსპანსია საქართველოში არის კარგი (წერტილი)
რუსული ცივილიზაციის ექსპანსია საქართველოში არის ცუდი (წერტილი)

მარტივია:
როდესაც დასავლეთი ქმნის არასამთავრობო ინფრასტრუქტურას რუსეთში, საქართველოში ან ყირგიზეთში, მას აქვს კეთილშობილი ცივილიზატორული მისია: უზრუნველყოს ხელისუფლებათა ანუ მთავრობათა ც ვ ა ლ ე ბ ა დ ო ბ ი ს ინსტიტუტის დამკვიდრება და/ანუ დემოკრატია.
ეს არის ამ Penetrating ანუ შეღწევის მთავარი, სისტემური მიზანი.
ხოლო როდესაც რუსეთი ქმნის ამერიკაში არასამთავრობო ინფრასტრუქტურას, მისი ბოროტი და ბინძური მიზანია გამოიწვიოს რასობრივი შუღლი, განახორციელოს საინფორმაციო და სამოქალაქო დივერსიები, ხელი შეუწყოს სოციალურ ფენათა დაპირისპირებას და მთლიანობაში მაქსიმალურად დაასუსტოს არა კონკრეტული ხელისუფლება, არამედ თვით დემოკრატია და დემოკრატიული სახელმწიფო.

სწორედ ამიტომ, ამერიკული FARA დიახაც არის გამართლებული, ხოლო რუსული ანალოგიური კანონმდებლობა არის გაუმართლებელი მიუხედავად იმისა, რომ..... თქვენ წარმოიდგინეთ, ამერიკული FARA ბევრად მკაცრი და რეპრესიულია, ვიდრე არათუ ქართული კანონი, რაც ახლა განიხილება, არამედ თვით 2012 წლის რუსული კანონიც კი.
არ დაიჯეროთ ის დემაგოგია და ცრუპენტელობანი, რასაც ამის თაობაზე გეუბნებიან.

ანუ მთავარია არა პუნქტუაცია, არამედ კანონის მიზანი (!) და დანიშნულება (!).
როგორც კანონის, ასევე თვით ცივილიზაციური ექსპენსიისა.

„საბჭოთა კავშირის დროს რომ იყო დირექტიოვებიოოოოო.....ახლა ევროკავშირის დირექტივებიოოოოო.....„

სსრკ იყო ცუდი (წერტილი)
EU არის კარგი (წერტილი)
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
განა მე არ ვიცი რა არის ან რა შეიძლება იყოს ამ ნარატივის საწინააღმდეგო არგუმენტაცია?
ისევ ჩემს საყვარელ მეთოდს, მოდელირებას თუ მივმართავთ და თუ წარმოვიდგენთ „ქართული ოცნების“ ჭკვიანი, პატრიოტი, პასუხისმგებელი დეპუტატის ან მომხრეს (ასეთები იქ ბევრია, გარწმუნებთ-დ.) გასაუბრებას პირობითად „ევროპის წარმომადგენელთან“, ეს დიალოგი დაახლოებით ასე წარიმართება:

„ოცნება“:
კი მაგრამ, თქვენ ხომ ძალიან კარგად იცით, რომ მოსახლეობის უმრავლესობა მართლა ჩვენ გვიჭერს მხარს?
რატომ ცდილობთ ხელისუფლებათა „ცვალებადობის“ ხელოვნურად დამკვიდრებას?
ეს იცით რას გამოიწვევს?
ეს გამოიწვევს იმას, რომ ახალი ხელისუფლება უეჭველად იქნება ფრაგმენტული, ე.წ. „კოალიციური“.......
შემდეგ ამ კოალიციის სუბიექტები „დაჭამენ ერთმანეთს“, ვეღარ შეძლებენ კონცენტრირებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის გატარებას, ერთმანეთის ჯიბრზე იქნებიან სულ უფრო რადიკალურნი რუსეთის მიმართ და გააკეთებენ პოპულისტურ განცხადებებს, გადადგამენ პოპულისტურ ნაბიჯებს;
ამის პასუხად მოსკოვი „აუშვებს მოკლე საბელიდან“ იმ ცოფიან ქოფაკს, რომელიც ახლა ჰყავს დაბმული ცხინვალში და პირ/სისხლ/დუჟმორეული იყურება თრუსოს ხეობისკენ, ასევე ყაზბეგისკენ, თბილის-ქუთაისის ავტოტრასისკენ....
გარდა ამისა, სახელისუფლებო ვალატილობა, მთავრობათა ცვალებადობა და ტურბულენტობა საქართველოს სუსტი სახელმწიფოებრიობის პირობებში გამოიწვევს იმას, რომ ქართული Deep state ანუ საშუალო რგოლის „გადაწყვეტილების მიმღები“ ბიუროკრატია არაქმედუნარიანი გახდება, თანდათანობით სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები სულ უფრო დასუსტდებიან, ამას მოჰყვება მთავრობათა ქრონიკული რყევა, ცვლა, სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან და მედია რესურსებთან დაკავშირებული განსხვავებული ინტერესების მქონე ეკონომიკური და ფინანსური კლანების „ურთიერთჭმა“ და საბოლოოდ შესაძლოა საქართველოს სახელმწიფოებრიობის ჩამოშლა იმ უამრავი საგარეო და საშინაო რისკის დადგომით რაც საქართველოს ფაქიზ და სუსტ სახელმწიფოებრიობას საუკუნეობით მოჰყვება.

აი ამ ნარატივს ევროპა იცით რას უპასუხებს?
უეჭველად უპასუხებს შემდეგს:

„ევროპა“: უკაცრავად, მაგრამ ეს ყველაფერი თუ სიმართლეა, რასაც შენ მეუბნები, გამოდის, საქართველოს სახელმწიფოებრივად არსებობის რესურსი არ აღმოაჩნდა!
დემოკრატიას ჯერ არც ერთი სახელმწიფო არ დაუღუპავს და თუ თქვენს სახელმწიფოს დაღუპავს, მაშინ გამოდის......თქვენ ხართ არა სახელმწიფო, არამედ Failed state ესე იგი დაცემადი ფსევდო-სახელმწიფო!
ჩემი მოწოდება არ არის თქვენი საუკუნოვანი სახელმწიფოებრივი დავრდომილებანი და სისუსტენი ვმართო......ჩემი მოწოდებაა დემოკრატიის აშენებაში დაგეხმაროთ და თუ დემოკრატია დააქცევს თქვენს სახელმწიფოს, მაშინ უბრალოდ არ გქონიათ უნარი იარსებოთ დემოკრატიულ სახელმწიფოდ და მაშინ.......დამანებეთ თავი!
დემოკრატიაზე უარის თქმა სახელმწიფოებრივი საყრდენების შესანარჩუნებლად ჩემთვის მიუღებელია!
მე მაინტერესებს დემოკრატია და არა სახელმწიფოებრიობა.
და რასაც არ უნდა ვამბობდე, მე არც თქვენი ტერიტორიული მთლიანობა მაინტერესებს დიდად.
სინამდვილეში (!) „ერთა თვითგამორკვევის ღირებულება“ ჩემთან ბევრად ახლოსაა, ვიდრე „ტერიტორიული მთლიანობა“, ვინაიდან ბევრად უფრო კორელირებს ჩემს ძირეულ იდეასთან - პიროვნების თავისუფლებასთან და არჩევანის საშუალებასთან; ამის სიმპტომია სწორედ, რომ მე თქვენს სეპარატისტებს შევუქმენი ისეთი გლობალური მედია-პლატფორმა, რაც მათ რუსეთშიც კი არ გააჩნიათ.
არც არასდროს დაგიჭერთ მხარს ცხინვალის და აფხაზეთის სახელმწიფოებრივ პრობლემათა ძალით (!) გადაჭრაში.
მოლაპარაკებით თუ მოახერხებთ - კი ბატონო!
თუკი რუსეთი პირდაპირ, უმიზეზოდ (!) შემოიჭრება და დაპყრობას დაგიპირებთ, დაგეხმარებით იმით, რომ მოგცემთ იარაღს, მაგრამ თქვენს ნაცვლად მე არ ვიომებ.
მთლიანობაში, ჩემი ცივილიზაციური მისია არ არის ისტორიულად დავრდომილ Failed state-ების სახელმწიფოდ ქცევა.
ჩემი მსოფლიო-ისტორიული მისიაა პიროვნული თავისუფლება, დემოკრატია და მის ქვაკუთხედი: ხელისუფლებათა ცვალებადობა.
და..... თუკი მართალია მეთქი, რასაც მეუბნები, რომ დემოკრატია (რომლის ეკონომიკური საძირკვლის განვითარებისთვის მილიარდები მომიცია და კიდევაც მოგცემ) დაგღუპავს, ჩამოგაქცევს, მაშინ....უკაცრავად....მე არა ვარ მოწოდებული დავკავდე „კონუსის ბურთზე წვეროთი დადგმის“ უნაყოფო მცდელობით, როგორიც ყოფილა თურმე შენი სახელმწიფოებრიობა, რომელსაც, როგორც შენ მეუბნები „დემოკრატია დაღუპავს“.
ჩემთვის დემოკრატია და სახელმწიფო განუყოფელია
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
აი ასეთი იქნება ამაზე ევროპელის პასუხი.
არ მოგვწონს ხომ?
მაგრამ ევროპა თუ გვინდა, იგი უნდა მივიღოთ ისეთი, როგორიც არის და არა ისეთი, როგორიც ჩვენ გვაწყობს და გვინდა რომ იყოს.

ევროპას არანაირი საქმე არა აქვს ჩვენი „უსახელმწიფოებრიობის“ ან ფეოდალური დავრდომილების ეპოქიდან გადმოყოლილ სახელმწიფოებრივ პრობლემებთან! ეს უნდა გავიგოთ და ამას უნდა მივხვდეთ!
არც ექნება არასდროს.

ევროპა დაგვეხმარება დემოკრატიის აშენებაში, ამ მიზნით მოგვცემს მილიარდებს, ამ მიზნით გაგვიხსნის ბაზრებს, ამ მიზნით დაგვაჯილდოებს უვიზო რეჟიმით, მიგვიღებს, მოგვეფერება, მაგრამ.... თუ დარწმუნდება, რომ დემოკრატია და ხელისუფლებათა ცვალებადობა ქართულ სახელმწიფოებრიობას ღუპავს, რაკი ისტორიულად „არშემდგარი სახელმწიფო“ აღმოვჩნდით, სამუდამოდ დაგვანებებს თავს!
. . . . . . . . . . . . . . . . . .
სულ ბოლოს:
ამ ცინიკურ (თუმცა ცინიზმი ხშირად ბევრად პატიოსანია, ვიდრე სადღეგრძელო-დ.) რეფლექსიას შესაძლოა მეტაფორები არც მოუხდეს, მაგრამ ორ „კინომეტაფორას“ შემოგთავაზებდით ამ ტექსტის ილუსტრაციად

ა) ფინალურ კადრებს მელ გიბსონის გენიალური ფილმიდან Apocalypto - ევროპის ცივილიზატორული მისიის ასახვით. ოდესღაც ქრისტიანობა რომ იყო და ახლა დემოკრატიაა.
და
ბ) შესანიშნავი ქართველი ხელოვანის, გიორგი ოვაშვილის გულამოსკვნით მართალ და პატიოსან ფილმს „გაღმა ნაპირი“ - პატარა, ცხოვრებით დაჩაგრული ბიჭი რომ ომში დაკარგულ მამას ეძებს.

მამას, რომელიც უპატრონებს, დაარიგებს, თუ საჭიროა კიდეც გაწკეპლავს მწარედ, ასწავლის, მიასწავლის, აიძულებს, დასჯის, აღზრდის, მაგრამ ისტორიულ ობლობაში არ მიატოვებს.

დათო