საერთაშორისო მიმოხილვა. 30 აგვისტო. 2024 წელი.

საერთაშორისო მიმოხილვა. 30 აგვისტო. 2024 წელი.

რუსი მილიარდერი...... ვინც არ უნდა იყოს...... რომ რაიმე კომიკურ მარაზმში არ გაეხვეს, როგორ შეიძლება:

პაველ დუროვის გარემოცვა მიანიშნებს, თითქოს Телеграм-ის დამფუძნებელი, ვინც პარიზში დააპატიმრეს და გირაოთია გამოშვებული, მაკრონმა „გამოიტყუა“ შესახვედრად ბაქოდან, რათა დაეპატიმრებინათო.

მართალია ეს თუ ტყუილი, არავინ იცის.

თუმცა ის კი ფაქტია, რომ როდესაც დაპატიმრების შემდეგ დუროვს კითხეს „ერთადერთ სატელეფონო ზარს ვისთან განახორციელებო“, მან ადვოკატის ნაცვლად დაასახელა ფრანგი მილიარდერი ქსავიე ნიელ - Le monde-ს მფლობელი.

აქ დიდი ინტრიგა ისაა, რომ როგორც ჩანს ამ ფრანგმა მილიარდერმა „ჩაუწყო“ დუროვს მაკრონთან საფრანგეთის მოქალაქეობა და არავინ იფიქროს ახლა, ის ფრანგი მოსამართლე, ვინც გამოძიება დაიწყო (საფრანგეთის კანონით, მოსამართლე გამოძიებაში პროკურორთან ერთად იღებს მონაწილეობას და საქმის აღძვრის უფლებაც აქვს) მოერიდება მაკრონს, თუ გაირკვევა, რომ მართლა უკანონოდ მოიპოვა დუროვმა საფრანგეთის მოქალაქეობა

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

ირკვევა, რომ 26 აგვისტოს, როდესაც რუსეთმა უკრაინას საერთო ჯამში 236 (!) ფრთოსანი რაკეტით, ბალისტიკური რაკეტით და დრონით შეუტია, უკრაინამ პირველი F—16 დაკარგა.

უკრაინული არმიის გენშტაბი აცხადებს, რომ ამერიკული წარმოების თვითმფრინავს რაკეტა არ მოხვედრია, თუმცა რატომ ჩამოვარდა ასეთ შემთხვევაში, გაუგებარია, რაკი იგივე უკრაინული გენერალიტეტი ამტკიცებს: „პილოტის შეცდომაც“ არ ყოფილაო.

ცხადი აქ მხოლოდ ისაა, რომ როგორც მოსალოდნელი იყო, ევროპული სახელმწიფოების მიწოდებული ამერიკული F-16-ბი, რომელთა პილოტებს NATO-ს წევრი სახელმწიფოები თვეების განმავლობაში ამზადებდნენ (არადა წლები სჭირდება პილოტის მომზადებას სინამდვილეში) გამოიყენება ძირითადად რუსული „ფრთოსანი რაკეტების“ და დრონების წინააღმდეგ.

და გამოიყენება წარმატებით.

სწორედ თვითმფრინავებით ანუ ჰაერი-ჰაერის კლასის რაკეტებით ჩამოაგდეს ამ 236 რუსული აპარატიდან დიდი ნაწილი.

სულ კი უკრაინულმა „ჰაერსაწინააღდმეგომ“ 201 სამიზნე გააუვნებლა.

დანარჩენებმა მიზანს მაინც მიაღწიეს.

ოღონდ......უკრაინელებს F—16 ამ მიზნით არ სჭირდებოდათ უპირველეს ყოვლისა: სინამდვილეში უკრაინელთა პრიორიტეტი იყო F-16-ის „ჰაერი-ზედაპირი“ კლასის რაკეტებით, სტრატოსფეროდან დაებომბათ ობიექტები რუსეთის ტერიტორიაზე, რაც კვლავინდებურად პრობლემად რჩება, რაკი ამერიკელები შესაბამის რაკეტებს არ აწვდიან და არც ნებას რთავენ მათი თვითმფრინავების ასე გამოყენებისა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ექს-თავდაცვის მინისტრ შოიგუს გუნდის კიდევ ერთი მაღალჩინოსანი (უკვე მეათე) დააპატიმრა მოსკოვის გარნიზონულმა სასამართლომ კორუფციისთვის და გააგზავნა ბუტირკას ციხეში.

პაველ პოპოვი უკვე მეათეა შოიგუს გარემოცვიდან.

ძალიან საინტერესო ბრალდება წაუყენეს: ვეტერანებისთვის და სამხედროთა ოჯახებისთვის პარკ „პატრიოტს“ აშენებდა და რესურსებს, ასევე მუშა-ხელს იყენებდა საკუთარი აგარაკის მოსაწყობადო, რაც რა თქმა უნდა კორუფციაა.

ანუ „ატკატის“ ფორმაა იმ კომპანიისთვის, ვინც პარკს აშენებდა.

თუმცა რუსეთში გენერლები მუდამ აშენებდნენ აგარაკებს ამ ხერხით.

და ახლა რა „ემხეცათ“ ცოტა არ იყოს გაუგებარია.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ძალიან მნიშვნელოვანი, სისტემური ინტერვიუ ჰქონდა პრეზიდენტობის კანდიდატ ჰარისს (ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატ უოლცთან ერთად) CNN-ზე.

სატელევიზიო ფორმატით ეს იყო sit-down interview, როდესაც ინტერვიუერი და რესპონდენტები სხედან და აქვთ საშუალება დინჯად განიხილონ ყველა საკითხი, რაც ნამდვილად არ გამორიცხავს სიმწვავეს.

ყველაზე ნიშანდობლივი რაც იყო: ჰარისიც (და უოლციც) ერიდებოდნენ კონკრეტიკას სამომავლო პროგრამებთან დაკავშირებით. გასაგებია რატომაც: ჰარისის უძლიერესმა „PR-ინჟინრების“ გუნდმა მას აუხსნა, რომ 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები არ არის უბრალოდ არჩევანი „დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს“ შორის ან „ჰარისსა და ტრამპს“ შორის. ეს არის ეგზისტენციალური არჩევანი, ამიტომ ყურადღება უნდა გამახვილდეს ფუნდამენტურ საკითხებზე.

ჰარისის ერთადერთი მკაფიო დაპირება იყო „Middle class“ ანუ საშუალო ფენის გაძლიერება, რაც ასევე ეგზისტენციალური საკითხია, რადგან ამერიკის, ზოგადად დასავლური სახელმწიფოების სტაბილურობისა და განვითარების საყრდენი სწორედ საშუალო ფენაა.

პოსტსაბჭოურ ქვეყნებში ეს ფენა მცირერიცხოვანია. ხოლო დასავლეთში - მრავალრიცხოვანი და განმსაზღვრელი.

კამალამ არ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას ტრამპის რასისტულ გამოხდომებზე მისი მისამართით. „ეს მოყირჭებული ძველი თემა არისო“.

აქაც პოლიტტექნოლოგიაა - არ არის აუცილებელი „შინაარსში“ შესვლა, რაც მხოლოდ გააძლიერებდა ტრამპის ნარატივს „სამიზნე“ აუდიტორიაში. ბევრად გონივრულია იგნორი.

იმავე ტექნოლოგიის ფარგლებში, კამალამ არ უპასუხა კითხვას, რა ბრძანებულებას მოაწერს ხელს პირველივე დღეს თეთრ სახლში.

არადა თითქოსდა ლოგიკური იქნებოდა ეთქვა: ემიგრანტებს მოქალაქეობას მივანიჭებ, ყველა შეზღუდვას მოვხსნი ან აბორტის აკრძალვებს შევაჩერებ მთელი ამერიკის მასშტაბითო.

და არც კლიმატის ცვლილებაზე გაიმეორა ცნობილი „მემარცხენე“ მესიჯბოქსი.

ეს იმას ნიშნავს, რომ კამალას გუნდში კარგად აცნობიერებენ: ტრამპის ნარატივში არის „კვანძები“, რაც ხსენებულ „საშუალო ფენას“ იზიდავს და თუ ამ „მოედანზე“ არ „ითამაშებენ“, წააგებენ 5 ნოემბერს!

კითხვაზე: „მიიწვევთ თუ არა რესპუბლიკელებს თქვენს მომავალ კაბინეტშიო“ უპასუხა: „რატომაც არა - მუდამ ასე ვიქცეოდი ჩემი კარიერის განმავლობაში“.

მივაქციოთ ყურადღება, რომ კამალას ბიუროკრატიული ანუ სახელმწიფო მოხელეობის თუ სახელმწიფო მოღვაწეობის „ბექგრაუდნი“ აქვს: იგი ხომ კალიფორნიის შტატის გენერალური პროკურორი იყო!

სხვა ძალიან მნიშვნელოვანი „გადაწყვეტილების მიმღები“ (Decision maker) თანამდებობებიც ეკავა განსხვავებით ტრამპისგან, რომელიც სახელმწიფო სამსახურში არასდროს ყოფილა - პირდაპირ პრეზიდენტი გახდა ბიზნესმენობიდან.

ამომრჩეველთა გარკვეული ნაწილისთვის კი ბიუროკრატიულ ანუ სამოხელეო/სამოღვაწეო „ბექგრაუნდს“ მნიშვნელობა აქვს.

თორემ განა რაიმე თვალსაზრისით არსებითია  ვის დანიშნავს კამალა თავის კაბინეტში?!

თუ გავითვალისწინებთ, რომ ასგზის „რესპუბლიკელიც“ იყოს - „ტრამპისტი“ და დონალდის გუნდის წევრი ნამდვილად არ იქნება.

ჰარისმა დაადასტურა, რომ ისრაელის მხარდაჭერის სტრატეგია ამერიკაში „ორპარტიულია“ და ჰარის-უოლცის ადმინისტრაცია აქ რასაკვირველია არაფერს შეცვლის:  აშშ არ დაუშვებს ისრაელის განადგურებას რადაც არ უნდა დაუჯდეს. თუნდაც დიდი ომის დაწყებად ირანთან ან  უზარმაზარ ანტიისრაელურ კოალიციასთან, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა ისტორიის მანძიზლე - 1967 და 1973 წლებში.

მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი თეზისი, რაც ჰარისმა გააჟღერა იყო ფრაზა: „მოვიდა დრო გადავშალოთ  გასული ათწლეულის ფურცელი“.

„გასული ათწლეული“- იგულისხმება არა მხოლოდ და არა იმდენად „კოვიდ-პანდემია“ ან ავღანეთიდან ისე წასვლა, როგორც წავიდა იქიდან ამერიკა, არამედ ტრამპის ფენომენი, რომელიც სწორედ 10 წლის წინ გამოჩნდა, 2016 წელს პრეზიდენტი გახდა........ შემდეგ იყო  ამერიკის ისტორიისთვის უპრეცედენტო მოვლენები 2021 წლის 6 იანვარს, როცა დონალდის მხარდამჭერები კაპიტოლიუმზე კონგრესის შენობაში შეიჭრენ.....

 

და რა საინტერესო კომენტარი გააკეთა ტრამპმა ამ ინტერვიუზე: “BORING!!!” (ანუ „მოსაწყენი“) - დაწერა მან საკუთარ სოციალურ ქსელში Truth.

ახლა მთელი ამერიკა ემზადება Trump-Harris პირველი დებატებისთვის, რომელიც 10 სექტემბრისთვისაა ჩანიშნული და ალბათ გადამწყვეტი იქნება მაინც. მიუხედავად იმისა, რომ საეჭვოა უკანასკნელი იყოს. თუმცა „პირველი შთაბეჭდილება“ მაინც სხვაა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ლეგენდარულმა შვედურმა ჯგუფმა ABBA შეიძლება უჩივლოს ტრამპს წინასაარჩევნო შეხვედრებისას მათი ჰიტების გამოყენების გამო.

ხშირად ჟღერს «The Winner Takes It All» „Money, Money, Money“, „Dancing Queen“ და სხვა შედევრები.

აქ ცოტა არ იყოს კომიკური ისაა, რომ საეჭვოა ABBA-ს პროდიუსერები ან თავად ასაკოვანი შემსრულებლები წინააღმდეგნი ყოფილიყვნენ ტრამპის გუნდის მიერ მათი სიმღერების გამოყენებისა. როგორც ჩანს ტრამპი, რომელიც ნამდვილი ბიზნესმენია და ყოველ ცენტს ითვლის, არ უხდის ფულს ან უარს აცხადებს იმდენი გადაუხადოს, რამდენსაც ითხოვენ

თანაც ABBA გამონაკლისი როდია.

სელინ დიონიც მზადაა უჩივლოს ტრამპს მისი ვოკალური და მუსიკალური შედევრის My Heart Will Go On გამოყენებისთვის.

ყველა ამ სიმღერის საავტორო უფლება ეკუთვნის გიგანტურ გლობალურ ხმის ჩამწერ სტუდიებს - მრავალმილიარდიანი ბრუნვით; თუმცა ტრამპი ისეა „შესული“ ბრძოლის ქარცეცხლში, ეს ყოველივე წვრილმანად ეჩვენება.

. . . . . . . . . . . . . . . . .

UEFA-მ, ბოლოს და ბოლოს, მაინც შექმნა „სუპერლიგა“ და ცოტა არ იყოს გაუგებარია, რა საჭირო იყო ის დიდი სკანდალი 2 წლის წინ.

თუმცა გარკვეული სხვაობა მაინც არის იმ დროს დაინიცირებული  „სუპერლიგისგან“, რომელშიც მხოლოდ გრანდები უნდა ყოფილიყვნენ.

ახლა ერთიან ევროპულ სუპერლიგაში იქნება 36 გუნდი.

ხელოვნური ინტელექტი შეარჩევს კენჭისყრით ვინ ვისთან ითამაშებს.

იანვრისთვის გამოვლინდება პირველი რვა გუნდი. კიდევ რვა - დამატებითი თამაშებით და დაიწყება ჩვეულებრივი „ფლეი-ოფფ“ (მერვედფინალებიდან) ფინალამდე.

ყველა გუნდი 4 თამაშს გამართავს საკუთარ მოედანზე და კიდევ 4 თამაშს - სტუმრად იმ გუნდებთან, რომელთაც AI შეარჩევს კენჭისყრით.

რუსული გუნდები ევროპული ტურნირებიდან 2022 წლიდან გააგდეს.

აქ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ქვეტექსტი იოს არის, რომ „სუპერ-ლიგა“ ე.წ. „ძველი ევროპის“ ანუ დასაველთ ევროპის ინიციატივა იყო, „ახალი“ ანუ„ აღმსოაველთ ევროპა“ კი ეწინააღდმგებოდა - ჩვენ დავიჩაგრებითო.

მართლაც, დღევანდე სისტემაში „ახლებს“ და „პატარებს“ მეტი შანსი ჰქონდათ გაებრწყინათ გრანდების გვერდით.

მაგრამ ევროპის ზესახელმწიფოებმა სხვა გადაწყვეტილება მიიღეს და თუ გავითვალისწინებთ, რომ ფეხბურთი ასეულობით მილიონ ადამიანს აღელვებს, ეს მხოლოდ „საფეხბურთო ელიტების“ დონეზე გადასაწყვეტი ნამდვილად არ იქნებოდა.