ჩეჩნების რუსეთში ექსტრადირების თემა ამოწურულია ?

ჩეჩნების რუსეთში ექსტრადირების თემა ამოწურულია ?

        გუშინ თბილისის საოლქო სასამართლოში დაიწყო ჩეჩენი ეროვნების რუსეთის მოქალაქის, ხამზატ ისაევის სასამართლო პროცესი, რომელსაც ბრალად ედება რუსეთ-საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთა.

        ისაევი, სხვა 12 ჩეჩენთან ერთად, შარშან, აგვისტოში დააკავეს საზღვრის სიახლოვეს ქართველმა მესაზღვრეებმა. როგორც ცნობილია, 13 დაკავებულიდან, 5 ჩეჩენი უკვე ოქტომბერშიგადაეცათ რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებს. ორი საქართველოს მოქალაქე (ქისტი) აღმოჩნდა და მათი ექსტრადირების საკითხი დღის წესრიგიდან დაუყოვნებლივ მოიხსნა (რაკი საქართველოს კონსტიტუცია კრძალავს მოქალაქეთა უცხო ქვეყნის მართლმსაჯულებისათვის გადაცემას).
        დარჩა ექვსი, ეგრეთ წოდებული, «ბოევიკი», რომელთაგან სამს უმაღლესმა სასამართლომ აპრილში გამოუტანა განაჩენი და გააუქმა პროკურატურის დადგენილება ექსტრადირების თაობაზე. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ერთ-ერთი მათგანის (კერძოდ, რუსულან გელოგაევის მიმართ საქმე შეწყვეტილი არ არის. პროკურატურა მიიჩნევს, რომ გელოგაევი არ ყოფილა ლტოლვილი (როგორც თავს ასაღებდა) და ამ მოტივით მის ექსტრადირებაზე უარის თქმა უკანონოა, თუმცა, რაკი უზენაესმა სასამართლომ მათ ექსტრადირებაზე უარი თქვა, ძალზე საეჭვოა, იგი ამ საკითხს თვისებრივად დაუბრუნდეს. მით უმეტეს, რომ პრეზიდენტმა შევარდნაძემ ამ გადაწყვეტილებას ერთმნიშვნელოვნად დაუჭირა მხარი და არც რაიმე განსაკუთრებით მწვავე (ყოველ შემთხვევაში, შარშანდელთან შედარებით) რეაქცია გამოუწვევია მოსკოვის მხრიდან.
        ძნელი დასაჯერებელია, აგრეთვე, რომ საოლქო სასამართლომ ანალოგიური გადაწყვეტილება არ მიიღოს დანარჩენი სამი განსასჯელის მიმართ. რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე – მოსამართლეებიც ადამიანები არიან და ატმოსფერო, რომელიც ამა თუ იმ საქმის გარშემო იქმნება, მათზეც მოქმედებს. ეს ატმოსფერო კი (რუსეთის მხრიდან წნეხი) აშკარად შესუსტდა, რასაც თავისი მიზეზები აქვს, ამ ცვლილებათა სახით, რაც რუსეთ-ამერიკა-საქართველოს «გეოპოლიტიკურ სამკუთხედში» მოხდა.
        ამრიგად, ისაევს რუსეთს ძნელად თუ გადასცემენ. მასთან დაკავშირებით ხომ იგივე პრობლემები არსებობს, რაც სხვა ჩეჩენთა ექსტრადირებაზე უარის თქმის მიზეზი გახდა. დანამდვილებით ისიც კი არ არის ცნობილი, იგი მართლაც ისაევია თუ (ვთქვათ) მაჰმუდოვი – ისევე, როგორც სხვა ჩეჩნებს, მასაც შეუძლია, ბოლო მომენტში უარყოს წინასწარი ჩვენებისას დასახელებული გვარი და ნამდვილი გვარი დაასახელოს. მისი იდენტიფიცირება ძალიან ძნელი იქნება – ჩეჩნეთში არსებული ვითარების გათვალისწინებით.
        მაშასადამე, ერთადერთი ბრალდება, რითაც შეიძლება უკანასკნელი სამი ჩეჩენი გაასამართლონ (ვინც ჯერ არ წარმდგარა სასამართლოს წინაშე), იქნება საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთა და იარაღის უკანონო შემოტანა.
        ქართული მხარე აპირებდა, ცამეტივე ჩეჩენისთვის ანალოგიური ბრალდება წაეყენებინა, მაგრამ ხუთ ექსტრადირებულთან დაკავშირებით, კომპრომისი გარდაუვალი აღმოჩნდა.
        არ არის გამორიცხული, რუსეთისა და საქართველოს გენერალურ პროკურატურებს შორის (პოლიტიკური დისპოზიციის შეცვლასთან დაკავშირებით) მიღწეული იყოს გარკვეული არაფორმალური შეთანხმება, რომლის თანახმად, რუსული მხარე აღარ გაამწვავებს ექსტრადირების თემას, თუ დაკავებული ჩეჩნები ნამდვილად გასამართლდებიან საქართველოში და მათ მიესჯებათ ხანგრძლივი ვადით თავისუფლების აღკვეთა. საქმე ის გახლავთ, რომ 2000 წელს, ცნობილი ინციდენტის შემდეგ (როცა ათეულობით ჩეჩენი ასსას ხეობაში ჩაბარდა საქართველოს არმიის ქვედანაყოფებს), თბილისის რაიონულმა სასამართლომ მათ პირობითი სასჯელიგადაუწყვიტა, ანუ, ფაქტობრივად, გაათავისუფლა და პანკისის ხეობაში დააბრუნა. სად არიან დღეს ისინი, არავინ იცის. ამიტომ მოსკოვი ამჯერად უფრო მყარ გარანტიებს მოითხოვს. როგორც ჩანს, იგი დაკმაყოფილდება 6 ჩეჩენის საქართველოში გასამართლებით, მაგრამ კვლავ გაამწვავებს კონფრონტაციას მათი ნებისმიერი საბაბით გათავისუფლების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით კი ისაევს, მაჰმუდოვს, ალიხოდჟაევს, შელიგაევს და სხვებს 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
        თუმცა, აქ არის კიდევ ერთი საინტერესო მომენტი, რის თაობაზეც დაპატიმრებულთა ნათესავები და ახლობლები ბოლო დროს ალაპარაკდნენ: როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა პუტინმა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში განსახილველად შეიტანა კანონპროექტი ამნისტიის შესახებ, რომელიც ეხება ყველა რიგით ჩეჩენ მებრძოლს (ასლან მასხადოვისა და მისი უშუალო გარემოცვის გარდა) ვისაც საცხოვრებელი სახლების აფეთქებაში და სხვა ამგვარ ტერაქტებში არ მიუღია მონაწილეობა.
        ანუ, შეიძლება ასეც მოხდეს, რომ საქართველოში გასამართლებული ჩეჩენი მეომრები ციხეებში დარჩნენ (რაკი, ჩვენი კანონმდებლობით, მათთვის ამნისტია გათვალისწინებული არ არის) მაშინ, როდესაც ექსტრადირებულები (მათ შორის ოქტომბერში ექსტრადირებული 6 ჩეჩენი) გათავისუფლდეს. ქართული მხარე კი ამასობაში ორმხრივი ვალდებულებით იქნება შებოჭილი რუსეთის გენპროკურატურის მიმართ.

დილის გაზეთი, 5 ივნისი, 2003 წელი