წყლის ნაყვა შვეიცარიაში

წყლის ნაყვა შვეიცარიაში

    რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინისა და საქართველოს მთავრობის სპეცწარმომადგენელ ზურაბ აბაშიძის შეხვედრას წინ უსწრებდა ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდის კრახი. აფხაზებმა, ოსებმა და რუსებმა დატოვეს დარბაზი, როდესაც საქართველოს დელეგაციამ ჰუმანიტარული საკითხების, მათ შორის ლტოლვილთა პრობლემის განხილვა დააპირა. ქართველებმა, ევროპელებმა და ამერიკელებმა სევდიანად გააყოლეს თვალი ამაყად მიმავალ კოლეგებს, თუმცა არანაირი შეფასება ამ დემარშს არც ევროკავშირის, არც ეუთო–ს, არც გაეროს და არც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთა მხრიდან არ მოჰყოლია. როცა ეკითხებიან თუ რატომ, დემაგოგიურად პასუხობენ: «რათა სიტუაცია არ გავამწვავოთო». კი მაგრამ, ისინი რომ ამწვავებენ სიტუაციას დარბაზის დატოვებით და ლტოლვილთა დაბრუნებაზე თუნდაც მსჯელობის ჩაშლით? პასუხი: «მმმმმმ. . . . . . . ჩვენ სიტუაცია არ უნდა გავამწვავოთ». სინამდვილეში რუსეთთან არ უნდათ საქართველოს გამო ურთიერთობის გაფუჭება.
    რუსულ დელეგაციას კი, იმავე ჟენევის დისკუსიებში სწორედ ის გრიგორი კარასინი ხელმძღვანელობს, რომელიც არაოფიციალურად დაინიშნა ზურაბ აბაშიძის ვიზავიდ. მთავრობა რამდენიმე დღეა საეჭვო დაჟინებით იმეორებს: «ორმხრივი მოლაპარაკება არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ჟენევის ფორმატის ჩანაცვლებასო». არადა, სწორედ ამას ნიშნავს! ამიტომ დათანხმდა რუსული მხარე, რომ აბაშიძე მხოლოდ კარასინს შეხვედროდა და მოლაპარაკებაც მხოლოდ შვეიცარიაში გამართულიყო. თან მაინცდამაინც იმ დღეებში, როდესაც მორიგი რაუნდი სრული კრახით დასრულდებოდა და ესეც წინასწარ ჰქონდათ დაგეგმილი. ამით დასავლეთს ეგზავნება მკაფიო შეტყობინება ანუ მესიჯი: ქართველები ჩვენთან ურთიერთობისთვის მზად არიან თქვენი მონაწილეობის გარეშეც. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები გამოდის (ქართველებისვე თანხმობით) საერთაშორისო დღის წესრიგიდან, ხოლო თბილისის განცხადებები დიპლომატიურ ურთიერთობათა არარსებობის შესახებ ფუჭია, რადგან მომლაპარაკებლად რუსეთში ყოფილი ელჩი დაინიშნა და იგი მოქმედ დიპლომატ კარასინს შეხვდა.
    ეს სიგნალი ჩვენი დასავლელი მეგობრებისთვის მით უფრო იოლი წასაკითხი იქნება, რომ თუ არ ჩავთვლით იმავე ჟენევის ფორმატს, ისინი თვითონაც არ იკლავენ მაინცდამაინც თავს საქართველოს პრობლემატიკის აქტუალიზებით. რუსეთთან ურთიერთმოქმედების თემათა ნუსხაში (სირია, ირანი, ჩრდილო კორეა, ამერიკული ხორცის აკრძაკლვა ონიშჩენკოს მიერ და აშ და ა.შ.) ჩვენი საკითხი სადღაც სულ ბოლოსკენაა და თუ ასე გაგრძელდა, საერთოდაც მოიხსნება, რადგან . . . «მასპინძელს უხარია და შენ ვინ გკითხავს?» თუ საქართველო თვითონ იწყებს სრულიად უსარგებლო და არაფრის მომტან «დიალოგს» მოსკოვთან ორმხრივ ფორმატში, მაშინ იმათ რაღაზე უნდა აიტკივონ აუტკივარი თავი, მით უმეტეს რომ ისედაც არ ეპიტნავებოდათ და მხოლოდ «სახის შესანარჩუნებლად» სჭირდებოდათ ჟენევის წყლის ნაყვაში ჩვენთან ერთად მონაწილეობა? რა, ჟენევა არ უნახავთ?
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    ახლა რაც შეეხება საკუთრივ კარასინ–აბაშიძის შეხვედრას. ახალ ხელისუფლებას ძალიან უცნაური პოზიცია აქვს, ზოგადად, რუსეთ – საქართველოს ურთიერთობათა გაუმჯობესების და კონკრეტული მოლაპარაკებების თიობაზე. ეს მიდგომა დაახლოებით ასეთია: «მე გავაგრძლებ სწრაფვას ნატო–სა და ევროკავშირისკენ, არ დავბრუნდები დსთ–ში (არადა, მოსკოვი პირველ რიგში სწორედ ამას მოითხოვს, ოღონდ ლუკაშენკოს პირით), არ აღვადგენ დიპლომატიურ ურთიერთობებს, არც კი განვიხილავ «ევრაზიული კავშირისა» და «საბაჟო კავშირის» პროექტებს, არ ვიტყვი უარს ტერმინ «ოკუპაციაზე», არ შევცვლი კანონს «ოკუპაციის შესახებ», არ გავაუქმებ «ოკუპაციის მუზეუმს», არ გადავხედავ პოზიციას ჩერქეზთა გენოციდის თაობაზე, ერთი სიტყვით არაფერს და არც ერთ ნაბიჯს . . . . ხოლო შენ უნდა . . . . შენ უნდა უნდა დააბრუნო ქართული პროდუქცია რუსულ ბაზარზე და გააუქმო ვიზები ჩემი მოქალაქეებისთვის!
    კი მაგრამ რატომ? რა რეზონი მაქვს რუსეთს რომ ეს ნაბიჯები გადავდგა? ვარ ატომური ზესახელმწიფო, დასავლელ ლიდერებს ჩემთან შხვედრისას «საქართველო» დაახლოებით სამი წელია საერთოდ აღარ უხსენებიათ. ახსენა მხოლოდ ობამამ, ისიც იმ კონტექსტში, რომ აიძულებდა თბილისს, დათანხმებოდა რუსეთის გაწევრებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (აქვე: ხომ არ იცით, სადაა ის შვეიცარიული კომპანია, რომელსაც ვითომ მონიტორინგი უნდა განეხორციელებინა ფსოუზე რუსეთის მხრიდან?), არანაირი პრობლემა საქართველოსთან დაკავშირებით არა მაქვს: ჯარები დგანან თბილისიდან 40 კილომეტრში, სომხეთში მდებარე სამხედრო ბაზას ვამარაგებ კასპიის ზღვისა და ირანის გავლით, ამდენად არც აფხაზეთის რკინიგზა მჭირდება მაინცდამაინც. მაშ რატომ უნდა დავაბრუნო ქართული ღვინო, ბორჯომი, თუ წიწმატი რუსულ ბაზარზე და ამით დავაფინანსო მისი პროდასავლური კურსი?
    რუსმა პოლიტოლოგმა ანდრეი ეპიფანცევმა ამას წინათ საოცრად ზუსტად შენიშნა: საქართველოს ახალ მთავრობას რუსეთთან მიმართებაში სურს ყველაფერი შეცვალოს ისე, რომ არაფერი არ შეცვალოსო. ანუ, იგულისხმება: თვითონ არც ერთი სარისკო ნაბიჯი არ გადადგას, რაც ქვეყნის შიგნით ნაციონალებს «სათქმელს» მისცემს, რუსეთისგან კი ერთბაშად ყველაფერი მიიღოს.
    ერთი სიტყვით, სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს.
    პოლიტიკაში ასე არ ხდება. მით უმეტეს, ჩვენი ინტელიგენციის მიერ ჯერ კიდევ მე 19 საუკუნიდან დამკვიდრებული ბრიყვული შეხედულების მიუხედავად, რუსეთს, სინამდვილეში, ტრადიციულად ძალიან ჭკვიანური და პრაგმატული საგარეო პოლიტიკა ჰქონდა. შესაბამისად, ძლიერი დიპლომატიური კორპუსიც ჰყავდა.
    მაშ რა რჯის შესანიშნავ დიპლომატ კარასინს, შეხვდეს აბაშიძეს? მხოლოდ ერთი რამ: ამით ხდება ჟენევის ფორმატის გაქარწყლება (რუს. Размывание) და მსოფლიოსთვის იმის დემონსტრირება, რომ რუსეთ–საქართველოს პრობლემატიკა ორმხრივი ურთიერთობის საკითხია და ეს თემა საბოლოოდ უნდა იყოს ამოღებული საერთაშორისო დღის წესრიგიდან!

2012