ხალხის რისხვამ პრეზიდენტი აიძულა, ბობოლა ენერგეტიკოსები მოეხსნა

ხალხის რისხვამ პრეზიდენტი აიძულა, ბობოლა ენერგეტიკოსები მოეხსნა

  

    საქენერგოს თავზე მოქუფრული ღრუბლები, ბოლოს და ბოლოს, მართლა იქცა «ხალხის რისხვის» საავდრო წინასწარმეტყველებად. ედუარდ შევარდნაძის თქმით, მისი მოთმინების ფიალაც აივსო და «დასასჯელიც დაისაჯა» ანუ თანამდებობიდან გათავისუფლდა საქენერგოს თავმჯდომარის მოადგილე რეზო არველაძე, თელასის ხელმძღვანელი გაბრიჭიძე, საქენერგოს გენერაციის უფროსი ბადურაშვილი და საქენერგოს მესვეური მეტრეველიც, რომელმაც, ამ შემთხვევაში, «მეხამრიდის» ფუნქცია შეასრულა დავით ზუბიტაშვილისათვის.
    ედუარდ შევარდნაძეს ზუბიტაშვილის მოხსნა ნამდვილად არ სურდა, ვინაიდან შესანიშნავად უწყის, რომ გააფთრებული ხალხის «დაკმაყოფილება»  ბობოლა ენერგეტიკოსთა მსხვერპლთშეწირვით ვერ გადაწყვეტს არსებითად თვით ენერგეტიკულ პრობლემას, რომელსაც დიდწილად ობიექტური მიზეზები აქვს და არა სუბიექტური.
    ოღონდ, ობიექტურ მიზეზებად საკუთრივ ენერგეტიკის ტექნოლოგიის დასახელება (ბუნებრივი აირისა და მაზუთის ნაკლებობა, მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობა, დანადგარების მორალური თუ ფიზიკური ცვეთა) მეტისმეტი გულუბრყვილობა იქნებოდა. აქ უფრო პოლიტიკურ და ძალაუფლებრივ ტექნოლოგიასთან გვაქვს საქმე, ვიდრე კონკრეტული საწარმოს (საქენერგოს) სისტემაში არსებულ ტექნიკურ თუ მმართველობით სირთულეებთან.
    დავით ზუბიტაშვილი, როგორც ჩანს, კარგად «აწონასწორებდა» ძალთა განლაგებას ენერგეტიკულ კომპლექსში, რომელიც 1992 წლის შემდეგ საქართველოში გავლენისა და ფულის მოპოვების ყველაზე უხვი წყარო გახდა. შემთხვევითი არ არის, რომ ქართული ისტებლიშმენტის ბევრი წარმომადგენელი (სახელმწიფო მინისტრის ჩათვლით) წარმოქმნილ კრიზისს პოლიტიკურ სარჩულს უდებს და «გარკვეულ ძალთა» - უპირველესად «ზვიადისტების» შეთქმულებასაც ამხელს.
    რა თქმა უნდა, ეს ვერსია სასაცილოა, მაგრამ ის ხალხი, ვინც ამ სფეროში არსებული შინაგანი წინააღმდეგობებით, ამ წინააღმდეგობათა გადაწყვეტისა და ხელისუფლებაზე ზემოქმედების მექანიზმებით ცდილობს ახსნას წარმოშობილი პერმანენტული კრიზისის სიღრმისეული მიზეზი - ნამდვილად არ ცდება;
    იგივე პრობლემა სხვა კუთხით ახსნა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისი თქმით, მას ძალიან უჭირს დაუპირისპიროს რაიმე არგუმენტი იმ მოსაზრებას, რომ ბოლოდროინდელი ენერგოკრიზისი გამოწვეულია გარკვეულ ჯგუფთა დაპირისპირებით თვით «ენერგეტიკოსთა» წრეში იმის თაობაზე, თუ ვინ მოტეხავს «ფირმა «იტერას» წილს» ანუ ვინ შეძლებს, გახდეს საქართველოში რუსეთიდან მოწოდებული ბუნებრივი აირის განმკარგველ-მონოპოლისტი.
    ეს მოსაზრება გაცილებით ახლოა ჭკუასთან, ვიდრე გულუბრყვილო (მეტი რომ არ ვთქვათ) მსჯელობა «ზვიადისტების შეთქმულებაზე» ან იმის დაჯერება, რომ საქენერგომ ხუთი წლის განმავლობაში ვერ შეძლო თბილსრესისთვის საწვავის მიწოდების რეჟიმის დარეგულირება.
    საბჭოთა კავშირის დაშლისა და საქართველოს დამოუკიდებელ ქვეყნად ქცევის შემდეგ, არც ერთ სახელმწიფოებრივ სისტემას ქვეყანაში არ ჰქონია ისეთი თვითკმარი და თავისთავადი (თითქმის შეუზღუდავი) მნიშვნელობა, როგორც ენერგეტიკას.
    იგი არის არა მხოლოდ ეკონომიკის, მრეწველობის, არამედ მთლიანად სახელმწიფოს ხერხემალი, რომელსაც უხეში მოპყრობა მხოლოდ დაამსხვრევს და მთელ ორგანიზმს პარალიზებულად აქცევს.
    ედუარდ შევარდნაძის სიფრთხილე სწორედ ამითაა გამოწვეული. საქართველოში კომუნისტური რეჟიმი ამოიწურა - ამდენად, «მავნებელთა წინააღმდეგ» ტერორით ამა თუ იმ სფეროში ფარული საბოტაჟის მოშლა შეუძლებელია.
    ერთადერთ გამოსავლად არსებული რეალობის გათვალისწინება და საქენერგოს შიგნით არსებულ წინააღმდეგობათა გამოყენება რჩება. ფინანსური ბერკეტები, რესურსის გადანაწილება, მესაკუთრის შეცვლა - გაცილებით უფრო ეფექტური საშუალებაა პრობლემის გადასაწყვეტად.
    თუმცა, დაილოცოს «ძველი მეთოდიც» - განსაკუთრებული ტექნოლოგია არ იყო საჭირო საქენერგოში «კომპეტენტური კომისიის» გასაგზავნად, რომელიც სულ ადვილად აღმოაჩენდა კორუფციის ფაქტებს და სიმდიდრის გადანაწილებით გართულ ენერგეტიკოსებს დროულად მიუჩენდა კუთვნილ ადგილს. ამიტომაც თქვა შევარდნაძემ რადიოინტერვიუში, ერთგვარად ნოსტალგიური ტონით: «ტყუილად ჰგონია ზოგიერთს, რომ თუ კორუფციის ფაქტები დადასტურდა (არადა თითქმის ყოველდღიურად ვიღებ სიგნალებს ამის თაობაზე), ზოგიერთი მხოლოდ თანამდებობის დაკარგვით გადარჩება - არა, ასე არ იქნება». თუმცა, სინამდვილეში პრეზიდენტმა მაინც დროთა შესაბამისი მეთოდიკით ამჯობინა მოქმედება.
    რაც შეეხება ამ დარგის რესტრუქტურიზებას და პრივატიზებას, - ამის გაკეთება გაცილებით რთული იქნება. ენერგეტიკის სფეროს სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ ათწლეულების განმავლობაში იგი ერთიანი სტრუქტურა იყო და ყველაზე მყარად სწორედ აქ ჩამოყალიბდა აღებ-მიცემობის «პირამიდული» სისტემა. პრივატიზება (რეალობიდან გამომდინარე) შეიძლება ეფექტიანი იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საწარმოო სიმძლავრეებს სპეციალისტები დაეუფლებიან - ანუ იგივე ხალხი, ვინც დღესაც მართავს ენერგეტიკას და გემრიელადაც იკვებება. ოღონდ სახელმწიფოსთვის ამ ნაბიჯის გადადგმა, გარკვეულწილად, საშიშიც კია. შემდგომ პროცესების მართვა შესაძლოა უფრო გართულდეს, - ვინაიდან ძველ-ახალ მეპატრონეებს ხელყოფისაგან საქართველოს კონსტიტუცია და კერძო საკუთრების პრინციპი დაიცავს.
    ამავე დროს, მდგომარეობის უცვლელად დატოვება უკვე შეუძლებელია - ენერგეტიკული კრიზისი ნელ-ნელა პოლიტიკურში გადადის და ხელისუფლებაც იძულებული ხდება რისკზე წავიდეს. როგორც ჩანს, ერთადერთი რაციონალური (არაემოციური) გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან არის რამდენიმე ურთიერთდაპირისპირებული, კონკურენტი ენერგოკომპანიის შექმნა, რომელთაც სხვადასხვა კონტრაგენტები ეყოლებათ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ. ენერგეტიკული ბაზარი უნდა დაიყოს სფეროებად, სეგმენტებად. იმათ სხვადასხვა მიმწოდებლები დააკმაყოფილებენ, ეს უეჭველად გააძვირებს ელექტროენერგიას, მაგრამ სხვა გამოსავალი ნამდვილად აღარ არის.

7 დღე, 28 ნოემბერი, 1997 წ.