რუსეთმა საქართველოს «ცივი ომი» გამოუცხადა

რუსეთმა საქართველოს «ცივი ომი» გამოუცხადა

        «ცივი ომი» ნიშნავს სახელმწიფოთა შეჯახებასა და ბრძოლას არასაომარი მეთოდებით, როდესაც ყველა მეთოდი და საშუალებაა გამოყენებული, პირდაპირი აგრესიის გარდა. როგორც ჩანს, რუსეთმა საქართველოს საწინააღმდეგოდ ამ მეთოდებისა და ბერკეტების ამოქმედება გადაწყვიტა.
        გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა საოცრად თავხედური განცხადება გააკეთა, რომლის არსი ის გახლავთ, რომ 5 დეკემბრიდან რუსეთი აუცილებლად შემოიღებს სავიზო რეჟიმს საქართველოსთან.
        თანაც, იგი უფლებას იტოვებს, დააწესოს «შეღავათიანი რეჟიმი» აფხაზეთთან და «სამხრეთ ოსეთთან». საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, საქართველოს თანხმობის გარეშე ასეთი რეჟიმის დაწესება არათუ «არამეგობრული ნაბიჯია», არამედ სუვერენიტეტის ხელყოფა და საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა. თუმცა, ასეთი ქმედება სავსებით თავსდება «ცივი ომისა» და «არასაომარი აგრესიის» ფრონტში.
        რამდენიმე დღის წინათ «რაფინირებულად შოვინისტურ» მოსკოვურ «ნეზავისიმაია გაზეტაში» ჩვენი ქვეყნის დიდ მეგობარსა და ლუშგემატკივარს – კონსტანტინე ზატულინს წამოცდა: «სავიზო რეჟიმი საქართველოს დასჯის საშუალებაა».
        თუ დღემდე რუსეთი ჭოჭმანობდა (პირველად პრეზიდენტმა პუტინმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემოღების აუცილებლობის თაობაზე 1999 წლის ოქტომბერში განაცხადა), ამის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ «სამხრეთ ოსეთისა» და «აფხაზეთის» პრობელმა იყო.
        თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან საზღვრის ცალმხრივად «გახსნა» (საქართველოს თანხმობის გარეშე), მოსკოვში «მეტისმეტად» ეჩვენეობდათ. მაგრამ ახლა, როგრორც ჩანს, მიიჩნიეს, რომ საქართველოს მიმართ აგრესიული და ძალისმიერი (თუნდაც არასაომარი) მეთოდები უფრო გაჭრის, ვიდრე (აფხაზეთის საეკითხში) კომპრომისები, მაშასადამე, სეპარატისტთა განაწყენება არ ეპიტნავებათ, ხოლო საქართველოზე ზეგავლენის გაძლიერება დასაშვებად მიაჩნიათ.
        ზოგიერთი ცნობით, ვლადიმირ პუტინმა ჯერ კიდევ ორი კვირი სწინათ მოაწერა ხელი ბრძანებულებას «სავიზრო რეჟიმის» თაობაზე. ამ ბრძანებულებით იმთავითვე გათვალისწინებული იყო «შეღავათიანი რეჟიმი» ფსოუსა და როკასთან. მაშასადამე, დათანხმდება საქართუელო თუ არა, უკვე არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. რუსეთსა და სხვა ქალაქებში დაიწყება «ნადირობა» არა უბრალოდ საქართველოს მოქალაქეებზე, არამედ, საბჭოთა პასპრორტის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ეთნიკურ ქართველებზე, რუსეთში მცხოვრებ «დამნაშავე ერის» წარმომადგენლებს ორი თვის ვადას მისცემენ «საქმეების საბოლოოდ მოსაგვარებლად». იმავდროულად, როკასთან და ფსოუზე რეჟიმი საერთოდ არ შეივცლება. გამორიცხულია ამ საკითხში რუსეთმა ისეთი პოზიცია დაიკავოს, რაც სეპარატისტულ ნაციონალურ ელიტას გაანაწყენებდა და დამატებით პრობლემებს შექმნიდა ჩრდილოეთ კავკასიაში (ჩრდილოეთ ოსეთსა და «ადიღეურ» რესპუბლიკებში).
        გუშინდელ რადიოინტერვიუში პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხადა, რომ თუ რუსეთი დაარღვევს საერთაშორისო სამართალს და ცალმხრივად შემოიღებს «შეღავათებს» სეპარატისტულ რეგიონებთან, საქართველო არა მხოლოდ გაამწვავებს ამ საკითხს საერთაშორისო ასპარეზზე, არამედ მიიღებს ადეკვატურ ზომებს რუსეთ-საქართველოს საზღვრის სხვა მონაკვეთებზე.
        იგულისხმება, რა თქმა უნდა, ჩეჩნეთის მონაკვეთი. კერძოდ, პანკისის ხეობის მიმდებარე ტერიტორიას (განსხვავებით შატილის მიმართულებისგან) რუსული ქვედანაყოფები ვერ აკონტროლებენ.
        თუ რუსეთი ცალმხრივ ზომებს მიიღებს სხვა ტერიტორიებზე, საქართველომ შეიძლება საზღვარი აქ აგრეთვე ცალმხრივად გახსნას, რაც რუსეთისთვის არასასურველია. მაგრამ დაწყებულ პროცესს ეს ვეღარ შეაჩერებს.
        აკაკის იგავისა არ იყოს, «როგორ აგიმღვრევ წყალსაო» - რუსეთს ეყოფა ყველანაირი (მათ შორის, საინფორმაციო) რესურსი, რათა საქმე ისე წარმოადგინოს, რომ თუ საქართველო ხსნის საზღვარს _ ეს «სეპარატიზმის მხარდაჭერაა», ხოლო თუ რუსეთი იმავეს აკეთებს აფხაზეთთან, ეს გამართლებულია «ჰუმანიტარული მოსაზრებებით».
        უბრალოდ, გამაოგნებელი და აღმაშფოთებელია ის ცინიზმი და უსინდისობა, რომლითაც რუსული მედია აშუქებს ამ პრობლემას. მაგალითად, საგარეო საქმეთა მინისტრ იგორ ივანოვის გუშინდელ პრესკონფერენციაზე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა (რა თქმა უნდა, წინასწარი შეთანხმებით) შეკითხვა ისეთნაირად დასვა, თითქოს სავიზო რეჟიმის პასუხად საქართველო აპირებს ჩეჩნეთთან საზღვრის გახსნას და არც ერთი სიტყვით (არც კორესპონდენტს, არც რესპონდენტს) არ უხსენებიათ, ეგრეთ წოდებული «შეღავათიანი რეჟიმი» საქართველოს აზრის იგნორირებით) აფხაზეთთან და «სამხრეთ ოსეთთან».
        მეორე მხრივ, რუსეთისთვის, რა თქმა უნდა, სასარგებლო იქნებოდა, თუ საქართველო ხელს მოაწერდა დოკუმენტს «სავიზო რეჟიმის» თაობაზე და თვითონ დაეთანხმებოდა (იმავე დოკუმენტით) სეპარატისტებისთვის განსაკუთრებულ რეჟიმს.
        სანაცვლოდ, საქართველო მიიღებდა სიტყვიერ (ფაქტობრივად, მხოლოდ სიტყვიერ) დაპირებას, რომ რუსეთიდან დაუყოვნებლივ არ გამოაძევებდნენ მის მოქალაქეებს, მაგრამ თბილისმა ეს «არაადეკვატურად» მიიჩნია და არცთუ უსაფუძვლოდ.
        ამრიგად, 5 დეკემბერს, პირველად მთელი ისტორიის განმავლობაში, რუსეთსა და საქართველოს შორის სრულფასოვანი საზღვარი დაწესდება. ყოველ შემთხვევაში, «ქართველი ეროვნების» საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამ გზით, რუსეთს სურს სოციალური პრობლემები შექმნას ჩვენს ქვეყანაში, მოახდინოს დაპირისპირების პროვოცირება, გაამწვავოს ეკონომიკური კრიზისი, ერთი სიტყვით, შეაფერხოს სახელმწიფოებრივი განვითარების პროცესი და გრძელვადიანი (სტრატეგიული) პრობლემები შეგვიქმნას.
        მაგრამ რა მიზანს ისახავს იგი? რატომ გვიცხადებს უკვე აშკარა დაუფარავ «ცივ ომს»? რა თქმა უნდა, ჩეჩნეთის პრობლემა აქ არაფერ შუაშია, სინამდვილეში, რუსეთი ცდილობს, პრობლემები შეგვიქმნას და გაამწვავოს, რათა უზრუნველყოს თავისი სამხედრო ბაზების დატოვება საქართველოში.
        გუშინვე მოსკოვში დაიწყო შესაბამის მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი «ბაზების თაობაზე». ქართულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი ხელმძღვანელობს. საქართველოს საგარეო პოლიტიკურმა უწყებამ ეროვნული უშიშროების საბჭოზე «სავიზო პრობლემატიკის» განხვილვის შემდეგ საკმაოდ მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან სეპარატისტებისთვის «სასათბურე პირობების» დაწესების შემთხვევაში, საქართველო აღარ დაეთანხმება გუდაუთის ბაზის «სარეაბილიტაციო ცენტრად» გადაკეთების წინასწარ შეთანხმებულ ვარიანტს.
        ფაქტობრივად, ეს განცხადება იმას ნიშნავს, რომ შეუძლებელი იქნება სხვა ტაქტიკური კომპრომისებიც, «ბაზებთან დაკავშირებით». კერძოდ, ახალქალაქისა და ბათუმის ბაზების 2005 წლამდე შენარჩუნება, ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე რუსული კომენდატურის შექმნა და ასე შემდეგ.
        საქართველომ შეიძლება კატეგორიული უარი განაცხადოს «ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების» ხელშეკრულების რატიფიცირებაზე, ვიდრე რუსეთი მთლიანად არ შეასრულებს სტამბოლის შეთანხმებით განსაზღვრულ ვალდებულებებს.
        ეს კი უეჭველად გამოიწვევს დასავლეთის გააქტიურებას და რუსეთზე ზეგავლენის გაძლიერებას. იმავე სტამბოლის შეთანხმებით, 2000 წლის დეკემბრის ბოლომდე უნდა გარკვეულიყო ბათუმისა და ახალქალაქის სამხედრო დაჯგუფებათა საბაზო დისლოცირების ვადები, საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხს უკავშირებდა აფხაზეთის პრობლემას, მაგრამ კომპრომისი არ შედგა და პროცესები უეჭველად დაჩქარდება.
        შეიძლება ვივარაუდოთ, მოვლენათა შემდეგი ალგორითმი რუსეთი სრულად გაიტანს (ეს პროცესი თითქმის მთლიანად დაასრულა კიდეც) «ნამეტ» სამხედრო ტექნიკას, რაც აღემატება საერთოევროპულ ხელშეკრულებით განსაზღვრულ კოვტებს, 2001 წლის ივლისამდე (სტამბოლის შეთანხმების შესაბამისად) რუსეთი გაიყვანს სამხედრო კონტინგენტებს ვაზიანიდან (გარდა აეროდრომისა) და გუდაუთიდან, რის შემდეგაც გუდაუთის სამხედრო ბაზას სეპარატისტები დაეპატრონებიან. თუმცა, არსებობს სხვა ალბათობაც: «ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობის» მომიზეზებით, გუდაუთაში რჩება რუსული სამხედრო კონტინგენტის ნაწილი.
        ნებისმიერ შემთხვევაში, რუსეთი «ღიად დატოვებს» ახალქალაქისა და ბათუმის ბაზების საკითხს. საქართველო მოითხოვს მათ დაუყოვნებლივ გატანას, რუსეთი კი განაცხადებს, რომ მხოლოდ გატანის «მოსამზადებლად» 3-4 წელი სჭირდება.
        სწორედ ამ პერიოდში (2-3-4 წლის განმავლობაში) რუსეთი შეეცდება «სავიზრო რეჟიმითა» და სხვა მეთოდებთი გაართულოს ვითარება საქართველოში და მიაღწიოს მდგომარეობის დესტაბილიზაციას, რათა საქართველოს ხელისუფლებას «აღარ ეცალოს» ისეთი საკითხებისთვის, როგორიცაა ქვეყნიდან უცხო ქვეყნის ჯარების გაყვანა. სავიზო რეჟიმის ძირითადი დანიშნულება სწორედ ესაა, თუ ყველაფერთან ერთად, ეს რეჟიმი დაადასტურებს განვლილი 5-6 წლის რეფორმათა შედეგად რამდენად შედგა საერთოდ საქართველო, როგორც მდგრადი სახელმწიფო.

დილის გაზეთი, 21 ნოემბერი, 2000 წელი