რუსეთმა ბოდიში მოგვიხადა და თითიც დაგვიქნია

რუსეთმა ბოდიში მოგვიხადა და თითიც დაგვიქნია

 

        რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, როგორც ჩანს, სხვა გზა არ დარჩენოდა, გარდა ბოდიშის მოხდისა თუშეთის ინციდენტის გამო. ბოდიში კი მოგვიხადეს, მაგრამ ეს, რასაკვირველია, იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთის სტრატეგიული პოლიტიკური კურსი ჩვენი ქვეყნის მიმართ, იოტისოდენად მაინც შეიცვალა.
        თუმცა ტაქტიკური სახეცვლილებები გამორიცხული არ არის. დაღესტნის მოვლენათა მიუხედავად, რუსეთი კვლავინდებურად უჭერს მხარს აფხაზურ სეპარატიზმს და აგრძელებს მოქმედებას «ორმაგი სტანდარტებით». ამგვარი მოქმედების ბრწყინვალე ილუსტრაცია იყო რუსეთის ტელეკომპანია ორტ-ს გუშინდელი პროვოკაციული სიუჟეტი აფხაზეთიდან: ჟურნალისტი გულდათუთქული ყვებოდა ისეთივე სეპარატისტების უბედურებასა და მათთვის მოსალოდნელ საფრთხეზე (საქართველოს მხრიდან), როგორებსაც «ტერორისტებსა» და «არამზადებს» უწოდებს დაღესტანში.
        ორტ (ამ გახურებული ომის დროს) აფხაზეთში თავის გადამღებ ჯგუფს არ გაგზავნიდა, სხვა მნიშვნელოვანი მიზანი რომ არ ჰქონოდა; ნუ დავივიწყებთ, რომ, აქციონირების მიუხედავად, ეს ტელეარხი მაინც ოფიციოზად რჩება, ანუ ყველაზე ხშირად სწორედ ის გამოხატავს რუსეთის ოფიციალურ პოზიციას და ასრულებს შესაბამის დავალებებს როდესაც ოფიციალურ მოსკოვს სჭირდება სხვადასხვა სახის პროპაგანდისტული დივერსიის განხორციელება საქართველოსა თუ რომელიმე ქვეყნის მიმართ.
        რა თქმა უნდა, არც ის გახლავთ შემთხვევითი, რომ ორტ-ს სიუჟეტი, რომლის ძირითადი აზრიც აფხაზეთში საომარი მოქმედებების შესაძლო განახლება და «საქართველოს ახალი აგრესია» იყო, ეთერში გადაიცა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ბოდიშის მოხდის მეორე დღესვე – დაღესტანში გააფთრებული ბრძოლებისა და რუსული არმადის მორიგი შერცხვენის ფონზე.
        ამას, რასაკვირველია, თავისი მიზეზები აქვს: მოსკოვში აშკარად გაღიზიანებული არიან იმით, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ამჯერად (განსხვავებით ჩეჩნეთის მოვლენებისაგან) მხარი არ დაუჭირა რუსეთის მოქმედებას.
        პირიქით, დიპლომატიური დემარშები და მწვავე განცხადებები ომალოს დაბომბვასთან დაკავშირებით, გარკვეულწილად, რუსეთის ქმედებათაგან «გამიჯვნის» საშუალებაა. არადა, მოსკოვს არ სურს აღიაროს, რომ თბილისის პოზიცია ამ შემთხვევაში სავსებით ლოგიკურია და ბუნებრივი, ვინაიდან ჩეჩნეთში რუსეთის მოქმედების მხარდაჭერის სანაცვლოდ (1994-96 წლებში) საქართველომ ვერაფერი მიიღო _ რუსეთი ერთი ხელით საკუთარ მეამბოხეებს ებრძვის და, იმავდროულად, აქტიურად ეხმარება კვლავ ანტიქართველ სეპარატისტებს.
        აქედან გამომდინარე, ორტ-ს სიუჟეტიც გარკვეულწილად «თითის დაქნევა» იყო _ «თუ ჭკუით არ იქნებით, გავიმეორებთ იმას, რაც 1993 წელს ჩავიდინეთ თქვენს წინააღმდეგ». რუსული მონსტრის ტელეარხის ჟურნალისტმა ეს ამოცანა (ჩვეულებისამებრ) მაღალკვალიფიციურად შეასრულა _ სიუჟეტი ერთი მხრივ, თითქოს ჟურნალისტური ვერსიაა, მეორე მხრივ კი «ქარაგმულად» რუსეთის ოფიციალურ პოზიციას გამოხატავს და იმავდროულად ცდილობს ქართული საზოგადოებრივი აზრის «აფორიაქებას» _ საზოგადოებრივ ცნობიერებაში ძველი კომპლექსების გაღვივებას, დაშინებას და ა.შ.
        საბედნიეროდ, რუსული ტელეარხების (იმავე საინფორმაციო იარაღისა, რომლის მეშვეობითაც საქართველოში ხშირად ხორციელდებოდა საინფორმაციო დივერსიები) გავრცელება ჩვენს ქვეყანაში შეწყვეტილია. ამით საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა რეალური დამოუკიდებლობისაკენ, ვინაიდან დამოუკიდებელ სრულფასოვან ქვეყანას აუცილებლად უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი საინფორმაციო სივრცე.
        რაც შეეხება თვით «ორტ»-ს პროვოკაციულ სიუჟეტს, რუსეთმა ამით მართლაც «თითი დაგვიქნია». როგორც ჩანს, მოსკოვში არ ეპიტნავებათ საქართველოს მცდელობა, შეცვალოს რუსი «მშვიდობისმყოფელნი» საერთაშორისო კონტიგენტით. არადა, თუ ვერაფრით მივაღწიეთ, რომ «სამშვიდობო კონტინგენტმა» დაიცვას გალის ქართული მოსახლეობა «აფხაზური იურისდიქციისაგან», რაც ტერორსა და განქართველებას ნიშნავს, მაშინ რა განსხვავებაა და რა მნიშვნელობა აქვს, რუსი ჯარისკაცები იდგებიან ენგურთან, პარაგვაელი თუ ავსტრალიელი?
        «აფხაზური ადმინისტრაციისა და მილიციის» საქმიანობაში ხომ მაინც არ ერევიან და მხოლოდ «მხარეთა დაშორიშორებით» არიან დაკავებულნი? ამას მაინცდამაინც რუსული კონტინგენტი რად უნდა - «დაშორიშორებას» ნებისმიერი ქვეყნის სამხედრო ფორმირება შეძლებდა.
        აქედან გამომდინარე, რაკი რუსი «მშვიდობისმყოფელნი» უკვე ერთი წელია უმანდატოდაც არიან, მანდატის გაფართოების თაობაზე გადაწყვეტილებას კი არ ასრულებენ, მათი გაყვანა-ჩანაცვლება ნამდვილად მომწიფდა.

დრონი, 21 აგვისტო, 1999 წელი