ჯავახეთში სომხური ნაციონალიზმის ვულკანი ფშვინავს

ჯავახეთში სომხური ნაციონალიზმის ვულკანი ფშვინავს

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოულოდნელი სტუმრობა სამცხე-ჯავახეთში, როგორც ჩანს, ორი ძირითადი მიზეზით იყო განპირობებული - ვითარების დაძაბვით ახალქალაქში და პარლამენტში მიმდინარე დისკუსიით «თვითმმართვლობის» თაობაზე.

    საკანონმდებლო ორგანოში გამოიკვეთა კანონის მომხრეთა ალიანსი (მოქალაქეთა კავშირს, როგორც ჩანს, დაემატებიან «მამული» და «მაჟორიტარი», აგრეთვე «იმედი»), რომელიც უახლოეს მომავალში უზრუნველყოფს წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევას ადგილებზე.
    რაც შეეხება ადმინისტრაციას, მისი ფორმირების პროცესში ამ ორგანოთა როლი და ფუნქცია უეჭველად გაიზრდება - საპარლამენტო უმრავლესობა ამ დათმობაზე ნამდვილად წავა. მაგრამ მხოლოდ «შიდასაპარლამენტო» დისკუსიაში არგუმენტის მოსაპოვებლად ზურაბ ჟვანია სამხრეთ საქართველოში არ გაემგზავრებოდა. როგორც ჩანს, ჯავახეთში საქმე ვერ არის ისე იდილიურად, «ოფიციოზს» რომ სურს წარმოგვიდგინოს. ადგილობრივ სომხებს საქართველოს ტერიტორიულ-ადმინისტრაციული დაყოფის ამჟამინდელი სქემა დიდად არ ეპიტნავებათ. ეს ბუნებრივია: სამცხე-ჯავახეთის მხარეში გაერთიანება მათ ადმინისტრაციულ ერთეულში უმცირესობად აქცევს მაშინ, როდესაც საკუთრივ ნინოწმინდისა და ახალქალაქის რაიონებში უმრავლესობას წარმოადგენდნენ, თანაც აბსოლუტურ უმრავლესობას (დაახლოებით 90-95 პროცენტს).
    ბუნებრივია, სომხებს სურთ ისეთ ადმინისტრაციულ მოწყობას მიაღწიონ, რომელშიც თავისი რიცხობრივი უპირატესობის რეალიზებას შეიძლებენ. ამიტომ მოითხოვს მათი საზოგადოება «ჯავახკი» ზემოხსენებული ორი რაიონის გაერთიანებას ერთ მხარედ. არავის ეგონოს, «ჯავახკი» ადგილობრივი მოსახლეობისა და ადგილობრივი სომხური «ელიტის» ინტერესებს არ გამოხატავდეს. უბრალოდ, სომხები ჭკვიანი და ფრთხილი ხალხია - მათ «ჯავახკას» დაავალეს თქმა იმისა, რასაც უმრავლესობა ვერ იტყვის. ამჟამად მათ ერევნიდან მიღებული აქვთ დავალება: არ გაართულონ თბილისთან ურთიერთობა.
    «ჯავახკამ» ზურაბ ჟვანიასთან შეხვედრისას ეშმაკური ხერხი აირჩია: «ჩვენ კი გთავაზობთ ჯავახეთის მხრის შექმნას, მაგრამ თუ უარს გვეტყვით, ამას არანაირი გართულება არ მოჰყვებაო». რა თქმა უნდა, არ მოჰყვება (ჯერჯერობით), მაგრამ დაფიქსირდება მთავარი - სამცხე-ჯავახეთის მხარიდან გამოყოფისა და ცალკე ადმინისტრაციული ერთეულის შექმნის სურვილი. ზურაბ ჟვანიამაც იეშმაკა და პირდაპირ უარი არ უთხრა: ჩამობრძანდით თბილისში და განვიხილოთო.
    «განხილვას» აზრი არა აქვს - საქართველოს ხელისუფლება არასდროს დათანხმდება ჯავახეთის ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად ჩამოყალიბებაზე.
    მეორეს მხრივ, სომხები ორჭოფულ პასუხს სცემენ კითხვაზე: «გამგებელი უნდა დაინიშნოს, თუ აირჩეს?». მათი ყოყმანის მიზეზი გასაგებია: მეზობელ სომხეთში, სადაც სომხური მოსახლეობა 99 პროცენტს აღწევს, «მაზრების» გამგებელს პრეზიდენტი ნიშნავს. ამიტომ, მეტისმეტი (ასე ვთქვათ) სითამამე იქნებოდა საქართველოში მცხოვრებ სომხებს «დემოკრატიის ლოზუნგით» გამგებელთა არჩევითობა მოეთხოვათ. ეს არც არის აუცილებელი: როდესაც საქართველოში ადგილობრივი არჩევნები ჩატარდება და აირჩევა ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანო (დანიშვნითი იქნება გამგებელი თუ არჩევითი - მნიშვნელობა არა აქვს), სომხური საკრებულოების წევრები შეიკრიბებიან და გადაწყვეტენ: გაერთიანდეს თუ არა ჯავახეთი ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად საქართველოს შემადგენლობაში! რამდენიც არ უნდა ვიძახოთ შემდეგ - «ადგილობრივ საკრებულოს ასეთი უფლებამოსილება არა აქვსო», ამ არგუმენტს ევროსაბჭოში არავინ გაიზიარებს: საკრებულოებში ხომ ხალხის წარმომადგენლები იქნებიან?

მერიდიანი, 17 სექტემბერი, 1997 წ.