ჯონი ხეცურიანი პარლამენტში ბრუნდება

ჯონი ხეცურიანი პარლამენტში ბრუნდება

      გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, იუსტიციის ყოფილი მინისტრი ჯონი ხეცურიანი, რომელიც თანამდებობიდან გადადგა (სხვათა შორის, არცთუ ისე ხშირი პრეცედენტია ბოლო დროს) ცნობილი «საუკუნის გაქცევის» შემდეგ _ პარლამენტში ბრუნდება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად.
        ეს უმნიშვნელო ფაქტი არავის ეგონოს _ იგი უეჭველად მიუთითებს, რომ პრეზიდენტი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პარლამენტთან ურთიერთობას.
        ამჟამინდელი «საპარლამენტო მდივნით» იგი კმაყოფილი არ იყო, რაც განსაკუთრებით აქტიურად გამოიხატა «კაზინოების თაობაზე» ატეხილი დავიდარაბით.
        ბედის ირონიით, მთავრობის სხდომაზე ედუარდ შევარდნაძემ სწორედ ჯონი ხეცურიანი გააფრთხილა «უკანასკნელად», - გამოეტანა კანონპროექტი სხდომაზე განსახილველად.
        იუსტიციის სამინისტრომ პროექტი მოამზადა, მაგრამ უშუალოდ პარლამენტში მისი გატანა და საკმოად გავლენიან ჯგუფებთან «შესკდომა» ისევ ჯონი ხეცურიანს მოუწევს, ოღონდ ამჯერად, როგორც საპარლამენტო მდივანს. ეს საკითხი მისთვის ერთგვარ «საცდელ ქვად» იქცევა.
        საეჭვოა, ჯონი ხეცურიანმა აქ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიოს, ვიდრე მისმა წინამორბედმა, მაგრამ ხეცურიანის მონაწილეობით დისკუსია შესამჩნევად გამწვავდება, ვინაიდან მას მეტი გამოცდილება და «წონა» აქვს, მათ შორის, ერთგვარი პოლიტიკური ანგაჟირებაც, ვინაიდან ქართული პოლიტიკური კლასის წევრებს თავიანთი კოლეგები არასდროს ავიწყდებათ და მათ პოლიტიკურ «კაპიტალს» (რაოდენ მცირეც არ უნდა ჩანდეს) ყოველთვის ითვალისწინებენ.
        ჯონი ხეცურიანი კი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო 1989 წელს - «9 აპრილის ეპოქაში». შემდგომ აკაკი ასათიანის «ტრადიციონალისტთა კავშირის» ერთ-ერთი თვალსაჩინო ფიგურაც გახდა.
        ნიშანდობლივია ასათიანის დუმილი ჯონი ხეცურიანის ბოლოდროინდელ «თავგადასავლებთან» დაკავშირებით. შეიძლება ვივარაუდოთ, ყოფილი «ტრადიციონალისტი» და «იუსტიციის მინისტრი» საჯარო პოლიტიკას აღარასოდეს დაუბრუნდება, ხოლო მისი გადადგომა სულაც არ ნიშნავს, თითქოს პრეზიდენტი თავისი გარემოცვიდან «გაუშვებს».
        ედუარდ შეძარდნაძეს ასეთი რამ საერთოდ არ ახასიათებს, როცა «გადადგომა» გარკვეული პოლიტტექნოლოგიური ჩანაფიქრის შედეგია. ამ შემთხვევაში, იუსტიციის მინისტრის «გადადგომამ» ძალზე საჭირო პრეცედენტი შექმნა და ამ პრეცედენტის ქმედითობა სულ მალე დადასტურდება, თუ მინისტრებმა უფლებამოსილებათა წარმატებით განხორციელება და პრეზიდენტის დავალებათა შესრულება ვერ შეძლეს.
        იმავე «ტექნოლოგიის» შესაბამისად, რაც უფრო მეტია ასეთი «პრეცედენტი», მით ნაკლებია «საუკუნის გაქცევის» მსგავსი ესქტრემალური ვითარებებისა და ექსცესების ალბათობა.
        რაც შეეხება პარლამენტთან ურთიერთობას, პრეზიდენტის «საპარლამენტო მდივნის» თანამდებობაზე სერიოზული და ცნობილი ფიგურის დანიშვნა (აღდგენა) კიდევ ერთი სიმპტომია მნიშვნელოვან გადაწყვეტილებათა მომწიფებისა.
        პრეზიდენტს ამ ვითარებაში პარლამენტთან განსაკუთრებული ურთიერთობა ექნება. მით უმეტეს, რომ მოსალოდნელია აზრთა უთანხმოება ზოგიერთ საკითხზე თვით საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილთანაც კი, არათუ ოპოზიციასთან.
        როგორც მოსალოდნელია, პარლამენტი უახლოეს მომავალში განიხილავს ახალ კანონპროექტს «ადგილობრივი არჩევნების» შესახებ. ეს გარდაუვალია, ვინაიდან ევროსაბჭოს «რეკომენდაციათა» შესაბამისად (რასაც საქართველო ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებისას დაეთანხმა), 2001 წლის «ლოკალური არჩევნებისას», მოსახლეობას უნდა მიეცეს საშუალება, აირჩიოს არა მხოლოდ საკრებულო, არამედ რაიონების აღმასრულებელი ხელისუფლებაც, ანუ გამგებლები.
        მაგრამ ესეც კი წვრილმანია თბილისის მერის არჩევნებთან შედარებით, რისთვისაც საგანგებო კანონის დამუშავება იქნება აუცილებელი.
        პრეზიდენტს ამის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და არავინ იცის დანამდვილებით, დაეთანხმება თუ არა იგი თბილისის მერის არჩევას.
        მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ძლიერი საპარლამენტო მდივანი ამ საკითხზე ბობოქარი დებატებისას (რაც გარდაუვალია) პრეზიდენტს უეჭველად დასჭირდება.
        ზოგიერთი არცთუ უსაფუძვლოდ მიიჩნევს, რომ თბილისის მერის არჩევნები მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების რეპეტიცია იქნება. გარდა ამისა, მწიფდება რაღაც გადაწყვეტილება საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ მოწყობასთან და აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით.
        ესეც რომ არ იყოს, ძლიერი საპარლამენტო მდივნით პრეზიდენტს უფრო მეტად შეეძლება თავისი პოზიციის დაცვა, თუ პარლამენტი 2003 წლამდე დაიწყებს მსჯელობას საკონსტიტუციო რეფორმაზე, ანუ ხეცურიანის დანივშნა მოვლენათა ამგვარი განვითარების შესაძლებლობას პრინციპში ადასტურებს.

დილის გაზეთი, 7 ნოემბერი, 2000 წელი