ამერიკა-ჩინეთი: გლობალური კონდომინიუმი
„სამეფო მიღება“
იშვიათია იმგვარი ერთსულოვნება, რაც ამერიკელმა დამკვირვებლებმა გამოამჟღავნეს ვაშინგტონში სი ძინპინის მიღების გარეგნული, პროტოკოლური, საზეიმო დახვედრის შეფასებისას: „ამგვარი რამ არასდროს მომხდარა და ასეთი მასშტაბები არც ერთ დახვედრას არასდროს ჰქონია“.
პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია დიპლომატია, ხოლო დიპლომატიაში - პროტოკოლი.
დავიწყოთ იმით, რომ დონალდ ტრამპი პირადად დახვდა სი ძინპინს ვაშინგტონთან მდებარე „ენდრიუსის“ სამხედრო ბაზაზე.
მანამდე აშშ პრეზიდენტი მხოლოდ ორჯერ დახვდა თვითმფრინავის ტრაპთან უცხოელ სტუმარს: 2015 წელს ბარაკ ობამა დახვდა ამ აეროპორტში (უფრო სწორად, აეროდრომზე, რაკი ეს სამხედრო ბაზაა) რომის პაპს და 1962 წელს ჯონ კენედი დახვდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ჰაროლდ მაკმილანს.
სი ძინპინს, ტრამპის ბრძანებით „თავზე გადაუფრინეს“ B-1 და B-2 ბომბდამშენებმა.
ზოგადად, ამერიკული კულტურის ერთ-ერთი „მარკერია“, რომ ამერიკელებს ძალიან არ უყვართ არმიის გამოყენება ცერემონიული ღონისძიებებისთვის.
ტრამპამდე სამხედრო აღლუმებსაც არასდროს ატარებდნენ ან ატარებდნენ ძალიან იშვიათად.
Xi-ს ვიზიტის ცენტრალური ღონისძიება აღმოჩნდა დიდებული „ოფიციალური სადილი“, რომელზეც ტრამპმა მიიწვია ამერიკის ტექნოლოგიურ გიგანტთა დამფუძნებლები. მათ შორის მასკი (Tesla/SpaceX), ალტმანი (OpenAI), ეთნიკურად ჩინელი (ტაივანელი) ჯენსენ ხუანგი (Nvidia) და ტიმ კუკი (Apple); ასევე სხვა დიდ კომპანიათა დამფუძნებლები და ტოპ-მენეჯერები.
იმ სუფრასთან, სადაც სი ძინპინი და დონალდ ტრამპი ისხდნენ, სწორედ ტექნოლოგიურ კომპანიათა ლიდერები მიიპატიჟეს. მათ შორის მასკი. ტრამპმა ამის გამო პირადი წყენაც კი დაივიწყა, რაკი ილონი დონალდის მეგობარი და თანამებრძოლი დიდი ხანია აღარ არის.
როგორც „თეთრი სახლი“ იტყობინება, სუფრაზე მიუტანიათ „ამერიკული კერძები ჩინური სპეციფიკით“.
ღიმილს იწვევს: რომელ „ამერიკულ კერძებზეა“ საერთოდ საუბარი?
„ამერიკული კულინარია“ სად გაგონილა?! ვერც კი შეედრება ჩინურ სამზარეულოს რასაკვირველია.
ამერიკული სამზარეულო ინგლისური, ბრიტანული საზარეულოს „შთამომავალია“, რომელზეც საფრანგეთის პრეზიდენტმა შარლ დე გოლმა თქვა: „როგორ შეიძლება „დიადად“ იწოდებოდეს ერი, რომელსაც ესოდენ ღარიბი სამზარეულო აქვსო“
ტრამპმა შანსი ხელი არ გაუშვა, მისი წინამორბედი ბაიდენი კიდევ ერთხელ „ჩაეწიხლა“: როდესაც ჩინელი სტუმარი ამერიკის ყოფილ პრეზიდენტთა გალერეასთან ჩაატარა, ჯო ბაიდენის პორტრეტის ნაცვლად „ავტომატური ხელმოწერის აპარატის“ ფოტო ეკიდა, რაზეც ძინპინს გაეცინა.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ ტრამპს პირადი საჩუქარი არ ჩაუტანა: ატლანტას შტატის ზოოპარკს ცხოველები აჩუქა.
აქვე უნდა ითქვას, რომ სი ძინპინი, ზოგადად, ძალიან იშვიათად ახორციელებს ოფიციალურ, მით უმეტეს სამუშაო ვიზიტებს.
იმიტომ კი არა, თითქოს არ იწვევენ. ყველა იწვევს რასაკვირველია, თუმცა ურჩევნია თავად მიიღოს სხვა სახელმწიფოთა ლიდერები.
ერთადერთი გამონაკლისი ამ მხრივ ამერიკაა. ოღონდ ამერიკაშიც ბოლოს მხოლოდ 2015 წელს იმყოფებოდა ვიზიტით.
“all pomp and little progress“
„დიდი პომპეზურობა და მცირე პროგრესი“ ანუ რეზულტატი - ასე დაახასიათა ვიზიტი BBC-მ.
სხვები იმავე სტილში წერენ, რომ ეს იყო „ვიზუალის უპირატესობა შინაარსზე“.
უამრავი ცერემონიის მიღმა ტრამპს და Xi-ს მხოლოდ მცირე დრო ჰქონდათ არსობრივი მოლაპარაკებებისთვის, თუმცა ამერიკული მედია იმასაც წერს, რომ აზრიც არ ჰქონია სუბსტანციურ მოლაპარაკებებს ორ ლიდერს შორის: ნებისმიერ შეთანხმებას წინასწარ მათი „სტაფი“ ამუშავებს და თუ პრობლემურ საკითხებზე „სტაფებმა“ და Team-ებმა ანუ გუნდებმა ვერ მოილაპარაკეს, რა აზრი ჰქონდა ლიდერთა მოლაპარაკებას, როცა პოზიციები, კარდინალურ საკითხებზე კვლავინდებურად საპირისპირო და შეურიგებელია?
ისმის კითხვა: თუკი, რაღაში დასჭირდა მაშინ ტრამპს ჩინელი ლიდერის ესოდენ პომპეზური, ლამის გრანდიოზული მიღება?
ესაა მთავარი კითხვა და მასზე პასუხი - ქვემოთ.
როდესაც ჩინელი ლიდერის თვითმფრინავი ენდრიუსის აეროდრომზე დაეშვა, აშშ ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკასა და ჩინეთს შორის „საბაჟო ზავი“ კიდევ ორი თვით, ანუ ნოემბრიდან - იანვრამდე გაგრძელდა მხარეთა შეთანხმებით.
შეგახსენებთ: ტრამპმა დიდი საბაჟო ტარიფები დაუწესა ჩინეთს იმ გათვლით, რომ ჩინეთი მეტს ყიდის ამერიკაში, ვიდრე ამერიკა-ჩინეთში; ამდენად საბაჟო ტარიფთა ომის ესკალაციით უფრო ჩინეთი უნდა დაზარალებულიყო, მაგრამ.....ჩინელმა „კომუნისტებმა“ (პირობითად უკვე რასაკვირველია) „ტექნოლოგიურად“ იმოქმედეს: ფერადი ლითონების ამერიკაში ექსპორტი შეზღუდეს.
არადა ფერადი ლითონები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამერიკული ინდუსტრიებისთვის ავიამშენებლობიდან - იმავე მაღალ ტექნოლოგიებამდე.
თითქოსდა ფერადი ლითონების მეტი რა არის დედამიწაზე? მოიძიებდა სხვა წყაროებს ამერიკა რასაკვირველია, მაგრამ ამას დრო და დიდი ხარჯები დასჭირდებოდა;
ხოლო ზარალი იმდენად არსებითი გამოდიოდა, გადააჭარბებდა კიდეც ჩინეთის ზარალს ამერიკული ბაზრების დაბლოკვის გამო;
მთლიანობაში, ფერადი ლითონები ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და „გამჭრელი“ კოზირი აღმოჩნდა სი ძინპინის ხელში, სხვა კოზირებთან ერთად.
მათგან აქვე უნდა დავასახელოთ კიდევ ერთი, სისტემური კოზირი და უპირატესობა: დონალდ ტრამპი მუდამ გრძნობს „დემოკრატების“ პრესს და ნოემბრის საშუალედო არჩევნებისთვის ემზადება; უამრავ საგარეო-პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ამ „პრესის“ ქვეშ იღებს. Xi-ს კი ეს პრობლემა არ აქვს - არანაირი არჩევნები ჩინეთში არ არის. ძალაუფლებისთვის „კულუარულ/აპარატული“ ბრძოლა იქაც მიმდინარეობს, როგორ არა, თუმცა სხვა შინაარსის და ხარისხის.
მთლიანობაში, ამჟამად სი ძინპინს იმდენად ძლიერი პოზიციები აქვს ტრამპთან შედარებით, რომ სიმბოლური ნაბიჯების გადადგმაც შეუძლია: მაგალითად, ვაშინგტონში თავისი ლიდერის ვიზიტამდე ჩინეთმა შეამცირა ტარიფი დიზელის საწვავის ექსპორტზე და ამით როგორც ტრამპს, ასევე მთელს დასავლეთსაც აჩვენა რამდენად დამოკიდებულია მასზე იმ დროს, როცა „ორმუზის“ ყურეში შექმნილი მდგომარეობის და უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის გამო სწორედ დიზელის საწვავი აღმოჩნდა ყველაზე მოწყვლადი.
წელს დონალდ ტრამპი და სი ძინპინი კიდევ ორჯერ შეხვდებიან ერთმანეთს: ნოემბერში, „წყნარი ოკეანის სამიტზე“ (ჩინეთში) და დეკემბერში, ისევ ამერიკის ტერიტორიაზე, ოღონდ G20 სამიტის დროს ფლორიდაში.
არანაირი პერსპექტივა, რომ მხარეები არსებით პრობლემებს გადაწყვეტენ, ჯერ არ ჩანს.
ჩინურ-ამერიკული „გორდიასის კვანძი“
გასულ წელს ამერიკის სავაჭრო დეფიციტმა ჩინეთთან ვაჭრობაში 202 მილიარდ დოლარს გადააჭარბა;
სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში ჩინეთი კვლავინდებურად წინააღმდეგია „გაუხსნას“ ჩინური ბაზრები ამერიკულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას და ჯიუტად მოითხოვს ტრამპისგან გააუქმოს ყოველგვარი შეზღუდვა მიკრო-ჩიპების თუ სხვა ახალი ტექნოლოგიების მიწოდებაზე; წინააღმდეგ შემთხვევაში ისევ იმუქრება ფერადი ლითონების ბლოკადით;
ამერიკისთვის სტრატეგიულად მიუღებელია კომუნისტური, ავტოკრატიული, პატერნალისტური, პროტექციონისტული ჩინეთი, - იაფი მუშა ხელის, პროფკავშირების აკრძალვის, იუანის ხელოვნური დევალვაციის და მუდმივი დოტირების წყალობით (ანუ არასაბაზრო ინსტრუმენტების გამოყენებით) - იქცეს „მსოფლიო ფაბრიკად“ (როგორც ბრიტანეთი იქცა „მსოფლიო ფაბრიკად“ XVIII საუკუნიდან).
სი ძინპინის ვიზიტამდე მცირე ხნით ადრე ჩინეთმა 30 თანამგზავრი აიტანა დედამიწის ორბიტაზე იმ დიდი პროგრამის ფარგლებში, რომლითაც გეგმავს 3 000 სატელიტის პროდუცირებას გლობალური ინტერნეტის სფეროში ამერიკისთვის კონკურენციის გასაწევად;
თავისთავად ესეც საფრთხეა, რადგან არავინ იცის, კრიზისის შემთხვევაში როგორ და რა ფორმით გამოიყენებს ამ სატელიტებს ჩინეთის არმია. და ხომ არ განმეორდება არც თუ ისე დიდი ხნის წინანდელი ინციდენტი, როდესაც ერთ-ერთი ჩინური თანამგზავრი „მოულოდნელად“ აფეთქდა და ნამსხვრევებმა კინაღამ გაანადგურა ამერიკული კოსმოსური აპარატი.
გარდა ამისა, მხარეები ახლოსაც არ არიან თუნდაც არსებითი დიალოგის დაწყებასთან ტაივანის საკითხზე, რომელიც სი ძინპინისთვის იდენტობის (მაშასადამე ეგზისტენციალური) თემაა, ხოლო ტრამპისთვის - რეგიონში ამერიკის პრესტიჟის და/ანუ გავლენის საკითხი;
ამერიკის ოდინდელი პოლიტიკაა, რომ ვაშინგტონი არ ცნობს ტაივანის დამოუკიდებლობას, თუმცა არც პრობლემის ძალისმიერ გადაწყვეტას არ დაუშვებს;
ოღონდ......რამდენიმე კვირის წინ ამერიკა იძულებული გახდა ტაივანის მიმდებარე წყლებიდან, ესე იგი წყნარი ოკეანის აუზიდან ახლო აღმოსავლეთში გადაესროლა ავიამზიდი „ჯორჯ ვაშინგტონი“ მას შემდეგ რაც ირანის მიმდებარედ დისლოცირებულ მეორე ავიამზიდზე, „აბრაჰამ ლინკოლნზე“ ლამის ამბოხი დაიწყო ეკიპაჟის და პერსონალის გადაღლილობის გამო.
ამით ტაივანის მიმართულება „მოშიშვლდა“, რაც სი ძინპინის „მადას“ ამძაფრებს „ერთი დარტყმით გადაწყვიტოს“ ისტორიული პრობლემა, - სანამ ამერიკა ჩაფლულია ახლო აღმოსავლეთის ომში.
კიდევ ერთი სპეციფიკური მომენტი ისაა, რომ სპარსეთის ყურიდან ჩინეთი კვლავინდებურად იღებს როგორც ირანულ ასევე „არაბულ“ ნავთობს და იმ ვითარებაში, როდესაც ტრამპმა ირანული ნავთობისთვის ორმუზის ყურე დახურულად გამოაცხადა, ამას ერთადერთი ახსნა აქვს: აშშ ვერ ბედავს ირანული ნავთობით დატვირთული ჩინური ნავთობტანკერების ბლოკირებას!!
რასაც უახლოეს მომავალში შეიძლება დაემატოს ბაბ ელ მანდების სრუტის (და მაშასადამე სუეცის არხის) ბლოკირება პროირანული შიიტური დაჯგუფება ჰუსიტების მიერ;
ეს იმდენად არა ჩინეთის, არამედ ისევ ამერიკის პრობლემა და თავის ტკივილი იქნება;
სი ძინპინს კი შეუნარჩუნდება „კომფორტი“ „შორიდან“ ადევნოს თვალი იმ რეგიონში მიმდინარე მოვლენებს იმის მიუხედავადაც კი, რომ ევროპასთან სავაჭროდ სუეცის არხი ჩინეთსაც ძალიან სჭირდება, თუმცა ამ მაგისტრალის ნორმალურ ფუნქციონირებაზე გეოპოლიტიკური პასუხისმგებლობა მას არ ეკისრება.
მთლიანობაში, გეოპოლიტიკური დისკურსი საკვანძოა Xi-ს ტრიუმფალური ვაშინგტონური ვიზიტის შეფასებისას, თუმცა ამის შესახებ შემდეგ წერილში.
ამერიკულ-ჩინური „Chessboard“
გეოპოლიტიკა, როგორც ჯერ კიდევ ზბიგნევ ბჟეზინსკი წერდა, ვერ იტანს „სიცარიელეს“.
პოლონური წარმოშობის ამერიკელი მეცნიერი იმაშიც მართალი გამოდგა ისტორიულად, რომ გლობალური ჰეგემონობის ბედი ევრაზიაში წყდება.
ანუ მთელს პლანეტაზე (როგორც ბჟეზინსკი დეტერმინირებდა) “ჰეგემონობას“ მოიპოვებს ის ქვეყანა, რომელიც იქნება ჰეგემონი ევრაზიაში.
ოღონდ ევრაზია მისთვის „დიდი საჭადრაკო დაფა“ (The Grand Chessboard) იყო და ჩინეთს სულაც არ მიიჩნევდა ამერიკის იმ დონის მოწინააღმდეგედ, რომ ვაშინგტონისთვის საბოლოოდ გამოწვევად ქცეულიყო.
იმ დროს, როდესაც ეს ეპოქალური ტექსტი იწერებოდა (ცივი ომის დასრულების შემდეგ) ნამდვილად ასე ჩანდა, თუმცა ილუზია აღმოჩნდა: ჩინეთი დღეს იმდენად მნიშვნელოვანი მოთამაშეა პლანეტაზე, რომ ამერიკა იძულებულია მას განსაკუთრებული ანგარიში გაუწიოს, რაც მთლიანად დაადასტურა სი ძინპინის ისტორიულმა ვიზიტმა ვაშინგტონში.
აქ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ აშკარად მცდარია წარმოდგენა, თითქოს დონალდ ტრამპი მხოლოდ პიროვნული გადაწყვეტილებებით მოქმედებს და მისი ახირებაა ესა თუ ის მიდგომა.
მათ შორის ჩინეთის მიმართ.
რეალურად, ტრამპმა უბრალოდ „თავი მოუყარა“ იმ რეფლექსიას, რაც ამერიკულ ელიტებში დიდი ხანის მანძილზე მიმდინარეობდა ჩინეთთან დაკავშირებით, თუ რა „ეღონათ“ და როგორი მიდგომა, როგორი გრძელვადიანი პოლიტიკა იქნებოდა მეტად პროდუქტიული, რაც ერთის მხრივ ამერიკას არ დაასუსტებდა, თუმცა მეორეს მხრივ ეგზისტენციალურ გამოწვევებსაც არ შეუქმნიდა;
„თუკიდიდეს მახე“
არსებობს ასეთი მოარული პუბლიცისტური (და მეცნიერულიც) ტერმინი, რაც ფართოდ არის დამკვიდრებული პოლიტოლოგიურ ლიტერატურაში: „თუკიდიდეს მახე“ (Thucydides Trap).
ეს არის კონცეფტი, რომლის მიხედვითაც, როდესაც ახალი ძლიერი სახელმწიფო (მაგ. ჩინეთი) საფრთხეს უქმნის არსებულ დომინანტ ძალას (მაგ. აშშ), მათ შორის ომი თითქმის გარდაუვალი ხდება — ზუსტად ისე, როგორც ეს ანტიკურ ხანაში ათენსა და სპარტას შორის მოხდა.
ოღონდ ანტიკურ ეპოქაში ბირთვული იარაღი არ არსებობდა.
შესაბამისად, ამჟამად ამერიკული ელიტები (და არა მხოლოდ პერსონალურად ტრამპი) ცდილობენ იმგვარი „Modus Vivendi“ და „Modus Operandi“ გამოიმუშაონ ჩინეთის მიმართ, რაც დღევანდელ მსოფლიოში იქნება მიზანშეწონილი და პრაგმატული.
დავაკვირდეთ იმასაც, რომ არა მხოლოდ „რესპუბლიკელთა“ არამედ ამერიკელ „დემოკრატთა“ ნარატივშიც გაქრა ჩინეთის მიმართ პოსტულატები ადამიანის უფლებების და დემოკრატიის შესახებ.
ზოგჯერ ჟღერს, თუმცა მხოლოდ პერიფერიულად - განსხვავებით ცივი ომის ეპოქისგან.
ბევრად ნაკლებადაც, ვიდრე მაგალითად პუტინის რუსეთთან მიმართებაში.
და ამის მიზეზი მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია არ არის: ამერიკელები ხედავენ, რომ დენ სიაოპინის ეპოქიდან მოყოლებული, ჩინეთის რეჟიმი (მხოლოდ ფორმალურად კომუნისტური) აშენებს „მილიარდნახევრიან სინგაპურს“ იმავე მეთოდის გამოყენებით, რაც წარმატებით განახორციელა პატარა სინგაპურში ლი კუან იუმ: საბაზრო ეკონომიკა პოლიტიკური დიქტატურისა და ტოტალიტარიზმის პირობებში
რამდენად გაამართლებს ასეთი მეთოდი უზარმაზარ ჩინეთში, თუკი მან გაამართლა პატარა სინგაპურში..... სხვა თემაა.
ოღონდ ამერიკულმა ელიტებმა ჯერ კიდევ ტრამპამდე შენიშნეს ჩინეთი არ გახდება პოლ პოტის კამპუჩია, მაგრამ ვერც იაპონია გახდება, სადაც მეორე მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ უბრწყინვალეს ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ წარმატებებს მიაღწიეს პოლიტიკური პლურალიზმის, დემოკრატიის და სიტყვის თავისუფლების პირობებში.
ვაშინგტონში ვიზიტისას Xi-მ „სამეფო სადილზე“ გამოსვლისას შემთხვევით როდი გაიხსენა: „ჩვენ ერთად ვიბრძოდით იაპონური მილიტარიზმის წინააღმდეგო“. ნამდვილად ერთად იბრძოდნენ ამერიკა და ჩინეთი WWII-ს განმავლობაში და თუ ძინპინის ამ ფრაზას „დიპლომატიური ენიდან“ გადმოვთარგმნით, არა მხოლოდ იმაზე იყო მინიშნება, რომ იაპონიისგან განსხვავებით ჩინეთი იმ ომში არ დამარცხებულა და/ანუ ისტორიულად გამარჯვებულთა ბანაკში აღმოჩნდა, არამედ ოსტატური, დიპლომატიური ქარაგმაა ამერიკის მცდელობაზე, შექმნას „წყნარი ოკეანის NATO“, - სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი AUKUS ამერიკის, დიდი ბრიტანეთის, ავსტრალიის მონაწილეობთ და რაც მთავარია, დროთა განმავლობაში მიიწვიოს მასში იაპონია.
სხვათა შორის, სი ძინპინის ეს ქარაგმა მესამე კომპონენტსაც მოიცავდა: თუ იაპონიას ტრამპი ან მისი მემკვიდრე ნამდვილად მიიწვევს AUKUS-ში, პეკინი უეჭველად გამოაცხადებს ამ აქტს „მეორე მსოფლიო ომის შედეგთა გადახედვის“ მცდელობად, რაკი იაპონია იყო და რჩება ჩინეთში სოციალური რესენტიმენტის ფაქტორად (და ნურავინ იტყვის, თითქოს თუნდაც კომუნისტურ ჩინეთში ამგვარი ეროვნულ-სოციალური რესენტიმენტი ქმედითი არ არის), დღეს კი გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგედ წყნარი ოკეანის აუზის დასავლეთ ნაწილში გავლენის მოპოვებისთვის ბრძოლისას.
როგორც იაპონიას მიაჩნდა გასული საუკუნის 1930-იანი წლებიდან ეს რეგიონი მისი ექსკლუზიური პასუხისმგებლობის ზონად, ასევე მიაჩნია დღეს ჩინეთსაც. შესაბამისად, პეკინი აუცილებლად შეეცდება აპელირებას იმ ისტორიულ გარემოებაზე, რომ იაპონიის ჩართვა AUKUS-ში ეწინააღმდეგება თვით იაპონიის კონსტიტუციას, რომელიც 1945 წელს, გენერალ მაკარტურის საოკუპაციო ადმინისტრაციის მიერ დაიწერა ფაქტობრივად და გამორიცხავდა იაპონიის ნებისმიერი ფორმით მილიტარიზაციას.
ოღონდ პრეზიდენტ რეიგანის ადმინისტრაციას რომ ეცადა 1980-იან წლებში იაპონიის არმიის აღდგენა ან იაპონიის ჩართვა სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკში, იმდროინდელი, ჯერ კიდევ ძალიან სუსტი და არაკონკურენტუნარიანი ჩინეთის პროტესტებს ვაშინგტონი ყურადღებას არ მიაქცევდა.
დღეს უკვე სულ სხვა ვითარებაა: ნახევარი საუკუნის მანძილზე ჩინეთმა უზარმაზარი გზა განვლო და სულ სხვა სახელმწიფოა რეგიონული და გლობალური გავლენის თვალსაზრისით, ვიდრე დენ სიაოპინის რეფორმათა საწყის ეტაპზე იყო.
ტრამპის Real Politik
ამერიკის ადმინისტრაციები (ვიმეორებ) მუდამ ყურადღებით ეცნობიან Think Tank-თა ანალიტიკურ მასალებს, ისევე როგორც ამერიკული, მრავალნაცადი და ძალიან კვალიფიციური დიპლომატიური ელიტის მოსაზრებებს.
უეჭველად მათ ურჩიეს ტრამპს ასეთი მასშტაბის მიღება მოეწყო სი ძინპინისთვის და ემოქმედა უფრო „რაფინირებულად“, „ფაქიზად“ Real Politik ინსტრუმენტთა გამოყენებით - იმ სხვაობათა გათვალისწინებით, რაც შესაძლოა უპირატესობაც იყოს, თუმცა არასწორი, მეტისმეტად ხისტი მოქმედების შემთხვევაში სისუსტეც
მაგალითად, თანამედროვე ამერიკასა და თანამედროვე ჩინეთს შორის ის ფუნდამენტური სხვაობაა, რომ ჩინეთი, ამერიკისგან განსხვავებით, არ ცდილობს სამხედრო ძალის პროეცირებას გლობალურად:
პეკინი ცდილობს მისი ეკონომიკური გავლენა, ეკონომიკური თუ ფინანსური ძლევამოსილება და შესაბამისი პროექტები გაავრცელოს როგორც ევრაზიაში, ასევე „გლობალურ სამხრეთში“, მათ შორის აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში......მაგრამ არ ახორციელებს სამხედრო ძალის პროეცირებას: პეკინი არ აგზავნის სამხედრო გემებს ახლო აღმოსავლეთში, სადაც ასი პროცენტით ბატონობს ამერიკული ფლოტი, არ აგზავნის სამხედრო გემებს და დესანტს ვენესუელაში ან კუბაზე, სადაც ამერიკა აგრძელებს ძალის პროეცირებას......
ეს ერთის მხრივ თითქოს სისუსტეა ჩინეთის სახელმწიფოსთვის, რაკი კაცობრიობის ისტორია გვასწავლის, რომ თუ ეკონომიკურ და ფინანსურ ძლევამოსილებას, გავლენას, ექსპანსიას „ქვემეხი და შაშხანა“ არ მიჰყვება (როგორც „მიჰყვებოდა“ დიდ ბრიტანეთს XIX საუკუნეში) ის გავლენები იოლად „ჩამოიშლება“ და უსარგებლოდ იქცევა.
მაგრამ ვაშინგტონში (და ეს ვიზიტის კიდევ ერთი მანიფესტირებული შედეგია) გააცნობიერეს, რომ ახლა XIX საუკუნე აღარ არის - XXI საუკუნეა, ხოლო „ვიქტორიანული ეპოქის“ მიდგომებით, ისევე როგორც თუნდაც რეიგანისეული „ღირებულებითი“ პოსტულატებით, ჩინეთს ვეღარაფერს დააკლებენ მაშინ, როდესაც ახალ ეპოქაში გადამწყვეტი ხდება ტექნოლოგიური ინოვაციურობა, კოსმოსში პიონერობა, ხელოვნური ინტელექტის სფეროში ლიდერობა და კრეატიულობა, „მწვანე ენერგეტიკა“, რაც ბოლოს და ბოლოს ეკოლოგიური პრიორიტეტი კი არ არის მხოლოდ, არამედ ელემენტარულად პრაგმატული არჩევანია, რადგან 100 წლის შემდეგ დედამიწაზე ნავთობი აღარც იქნება და ა.შ და ა.შ.
ამდენად, ტრამპს ურჩიეს, ემოქმედა „ფაზლის“ ან/და „ზიარჭურჭლის“ პრინციპით, როდესაც ამერიკამ და ჩინეთმა შესაძლოა ერთმანეთი „შეავსონ“ კიდეც, იყონ კონკურენტები თუმცა არ იყონ მტრები.
ასეთი Modus Vivendi-თვის ვაშინგტონი უკვე მზადაა გარკვეულწილად მოითმინოს კიდეც ის, რომ სი ძინპინის ჩინეთი არღვევს „ბრეტონო ვუდსის“ პრინციპებს, ახორციელებს პროტექციონისტულ პოლიტიკას, დოტირებას, ვალუტის ხელოვნურ დევალვაციას ექსპორტის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად და ა.შ.
სამაგიეროდ ყიდულობს 200 (!!) ერთეულ Boeing-ს 2026 წელს, ამით ზრდის ამერიკის კონკურენტუნარიანობას Airbus-თან პლანეტარულ შეჯიბრში“ და იმავდროულად აქვს ისეთი ინსტრუმენტები, როგორიცაა ფერადი ლითონების ექსპორტი.
ბოლოს და ბოლოს, გენიალური ილონ მასკის Tesla კვლავინდებურად რჩება ამერიკის „ახალი ინდუსტრიის“ ხერხემლად, მაგრამ.....ამ ინდუსტრიის დიდი ნაწილი სწორედ ჩინეთშია გადატანილი.
ჩინეთის გარეშე იგი უბრალოდ განადგურდება, შესაბამისად განადგურდება მისივე SpaceX, კოსმოსური პროგრამა, რომელიც ჯერ კიდევ დოტაციურია.......
ხოლო თანამედროვე მსოფლიოში ამერიკის ეკონომიკა, როგორი გრანდიოზულიც არ უნდა იყოს, მაინც აღარ არის ისეთი დომინანტი, როგორც 80 წლის წინ: ამერიკამ მთლიანადაც რომ ჩაკეტოს ბაზარი ჩინური პროდუქციისთვის, საერთოდაც რომ „წამოიღოს“, მაგალითად ჩინეთიდან ავტომრეწვი, იგივე Tesla, თვით ჩინური ავტომრეწვი, პირველ რიგში ელექტრომანქანების ინდუსტრია იმდენად ძლიერია, იმდენად სწრაფად ვითარდება, ხოლო მსოფლიო ბაზრებს ამერიკის მიღმაც უკვე ისეთი შესაძლებლობა აქვთ, ჩინეთი შესაძლოა დაზარალდეს, მაგრამ ამერიკამ, არ არის გამორიცხული, კიდევ უფრო დიდი ზარალი ნახოს.
„გავიყოთ გავლენები“ და „შევავსოთ ერთმანეთი“
სწორედ ამიტომაც, ვაშინგტონის ვიზიტი ნამდვილად მანიფესტირებდა: მზად ვართ კომპრომისებისთვის, მზად ვართ....„გავიყოთ გავლენები“ „შევავსოთ ერთმანეთი“ და პარალელურადაც კი ვიმუშაოთ იმ სფეროებში, სადაც უკვე დამოკიდებულნი ვართ ერთმანეთზე.
გარდა ამისა, ნურც იმას დავივიწყებთ, რომ ამერიკა-ჩინეთის რთული ურთიერთქმედება ვითარდება იმ ისტორიულ მომენტუმში, როდესაც ლამის გამართლდეს გერმანელი ფილოსოფოსისა და კულტუროლოგის, ოსვალდ შპენგლერის წინასწარმეტყველება „ევროპის მზის ჩასვენების“ შესახებ:
ევროპა ვეღარ ასრულებს იმ როლს, რომელსაც მუდამ ასრულებდა კაცობრიობის ისტორიაში, როგორც საკაცობრიო ცივილიზაციის ცენტრი: დღეს არც ერთი თვალსაზრისით, ანუ არც ინდუსტრიულად და არც ტექნოლოგიური პროგრესის მხრივ (მით უმეტეს გეოპოლიტიკურად) ევროპა ამერიკისა და ჩინეთის თანასწორი „აქტორი“ აღარ არის.
NATO (ევროატლანტიკური ორგანიზაცია) სუსტდება, რადგან ამერიკას სხვა, როგორც მინიმუმ ტოლფარდი პრიორიტეტები უჩნდება პლანეტაზე. მათ შორის იმავე წყნარი ოკეანის აუზში, სადაც AUKUS მთავარი მიზანი ჩინეთის „დაბალანსებაა“, რაშიც ევროპა მინიმალურ როლსაც ვეღარ თამაშობს.
უფრო მეტიც: ტრამპის ამერიკას ევროპასთან არანაკლები სავაჭრო/სატარიფო წინააღმდეგობები აქვს ვიდრე ჩინეთთან.
რუსეთი - „თამაშ გარეთ“
ბუნებრივად ისმის კითხვა: შესაძლებელია თუ არა, დონალდ ტრამპმა ისეთივე პომპეზურობით მიიღოს ვაშინგტონში ვლადიმერ პუტინი (თუნდაც უკრაინაში აგრესიის დასრულების შემდეგ და თუნდაც რუსეთის ბირთვული არსენალის გათვალისწინებით), როგორც მიიღო სი ძინპინი?
გამორიცხულია!
იმიტომ, რომ დონალდ ტრამპს მხოლოდ სი ძინპინი მიაჩნია დღეს პლანეტაზე „ტოლად და სწორად“.
პუტინი კი ჩინელი ლიდერის „ხელქვეითია“ რამდენი ატომური მუხტიც არ უნდა გააჩნდეს;
თანამედროვე რუსეთმა ელემენტარული „გაჯეტების“ შექმნა ვერ მოახერხა თუ არ ჩავთვლით კომიკურ Ёмобил-ს ორი (წინა და უკანა) ეკრანით........ რაიმე ტექნოლოგიურ ინოვაციაზე, ავტომრეწვზე, გემთმშენებლობაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.
და აი სწორედ აქ შემოდის მთავარი კითხვა: თუკი ვაშინგტონში ტრამპმა და სი-მ, ანუ ამერიკამ და პეკინმა არსებითად ვერაფერზე მოილაპარაკეს, რატომ იყო ესოდენ მნიშვნელოვანი (ჭეშმარიტად ეპოქალური, ისტორიული მნიშვნელობისა) ეს ვიზიტი?
პასუხი: იმიტომ, რომ ამით პირველად, ესოდენ ცხადად, მკაფიოდ, მთელი მსოფლიოს თვალწინ ამერიკამ დააფიქსირა, მოახდინა მანიფესტირება, რომ მხოლოდ (!) ჩინეთი მიაჩნია პლანეტაზე „ტოლად და სწორად“, ესე იგი ტოლფას პარტნიორად.
მარტივი ილუსტრაცია: ყველას გვახსოვს, ტრამპის არჩევის შემდეგ ევროპელი ლიდერები რომ ჩავიდნენ ვაშინგტონში.
როგორ „დაამწკრივა“ ისინი თეთრ სახლში, ოვალურ კაბინეტში თავისი საწერი მაგიდის წინ ტრამპმა....... ანუ, ფაქტობრივად, როგორ დაამცირა: დიდი, ისტორიული ევროპული ზესახელმწიფოები, მათი ამჟამინდელი ლიდერების სახით, - საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია......„მწკრივში“ იდგნენ აშშ პრეზიდენტის საწერი მაგიდის წინ და ტრამპის განცხადებებს ელოდნენ, რაკი სრულებით ცხადია, რომ ამერიკის დახმარების გარეშე პუტინის აგრესიას ვერ გაუმკლავდებიან;
განა შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ანალოგიური ცენა სი ძინპინის მონაწილეობით „თეთრ სახლში“, იმავე „ოვალურ კაბინეტში?“
წარმოუდგენელია!
უკვე წარმოუდგენელია!!
ამავე დროს, დონალდ ტრამპი აუქმებს სამხედრო სწავლებებს სამხრეთ კორეაში, რათა ჩინეთი არ გააღიზიანოს!!
აი სწორედ ამ ახალი გეოპოლიტიკური რეალობის დემონსტრირებას ისახავდა მიზნად ეს ვიზიტი ამერიკის მხრიდან: „ჩვენ ორნი ვართ პლანეტაზე: ჩვენ და ჩინეთი......ჩვენმა ორმა Nation უნდა გადაწყვიტოს კაცობრიობის ბედი XXI საუკუნეში და უფრო შორეულ პერსპექტივაში..... ჩვენ მხოლოდ ჩინეთი მიგვაჩნია თანასწორად, ვისთანაც განვიხილავთ გლობალურ პრობლემებს და შევეცდებით მივაღწიოთ კომპრომისს.....
ყველაფერი დანარჩენი, მათ შორის, ტაივანი, ირანი, ჩიპები, AI, ფერადი ლითონები....მხოლოდ დეტალებია; სხვაგვარად თუ ვიტყვით, Zoom Out-ის შედეგად რჩება ის უკვე გლობალური გარემოება, რომ ვაშინგტონი და პეკინი არიან პლანეტაზე „კონდომინიუმის“ მონაწილენი
„კონდომინიუმი“ ნიშნავს ერთობლივ მართვას!
ამ ტერმინმა - „გლობალური კონდომინიუმი“ - უკვე გაიჟღერა ზოგიერთ კომენტარში მეინსტრიმულ არხებზე. მაგალითად ABC-ს ედითორიალში.
და ეს არ არის შემთხვევითი:
ვაშინგტონის ვიზიტმა დაადასტურა, რომ როგორც თავის დროზე ორი დიდი ევროპული Nation, საფრანგეთი და ინგლისი, მხოლოდ ერთმანეთს თვლიდა „ტოლად და სწორად“, ასევე დღეს და საშუალოვადიან პერსპექტივაში, ეს ორი ქვეყანა, ჩინეთი და ამერიკა შეეცდებიან ერთმანეთთან წონასწორობის დაცვას და პოზიციათა სტრატეგიულ შეჯერებას გეო-პოლიტიკური თუ გეო-ეკონომიკური საკითხების თაობაზე დიალოგის და ურთიერთქმედების წარმართვისას.
თანამედროვე პლანეტარული დისკურსის „გულანი“ ისაა, რომ ჩინეთი არ არის დაინტერესებული ამერიკის დაცემით, რაკი თავადაც დაზარალდება და ვეღარც ამერიკას წარმოუდგენია მსოფლიოს გეოპოლიტიკური თუ გეოეკონომიკური „არქიტექტურა“ ჩინეთის გარეშე.
აქვე: ძნელად თუ ჩაითვლება „შემთხვევითობად“ ის გარემოება, რომ ეს ახალი გლობალური რეალობა სწორედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მმართველობისას „გაფორმდა“ მთელი მსოფლიოს დასანახად.
დათო