რუსეთის უგუნური პოლიტიკა საქართველოს წისქვილზე ასხამს წყალს

რუსეთის უგუნური პოლიტიკა საქართველოს წისქვილზე ასხამს წყალს

     

        გუშინ ბრიუსელში გაიმართა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრთა შეხვედრა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რომლებიც აგრძელებენ კონსულტაციებს ნატო-სთან «პარტნიორობა მშვიდობისათვის» პროგრამის ფარგლებში.
        თუმცა, ამჟამად უკვე ყველას შესანიშნავად ესმის, რომ ეს პროგრამა მართლაც მხოლოდ ფორმალური მიზეზია - ფონია, რომელმაც უნდა დაფაროს რეალური პროცესი: ნატო თანდათანობით ზრდის ინტერესსა და მონაწილეობას კავკასიის საქმეებში.
        რუს «გეოპოლიტოლოგებსა» და «სტრატეგებს « წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რა მოყვებოდა ახალ აგრესიას ჩეჩნეთის წინააღმდეგ.
        უნდა ითქვას, რომ ამჯერად მათ ნამდვილად დაუშვეს რამდენიმე საბედისწერო შეცდომა, რომელთაგან აღსანიშნავია საქართველოს წინააღმდეგ გაჩაღებული პროპაგანდისტული ცილისმწამებლური კამპანია, რამაც აიძულა ოფიციალური თბილისი, უფრო აქტიურად ეძება კონტაქტი დასავლეთთან - შესაბამისი გარანტიების მისაღებად.
        თავის მხრივ, დასავლეთმაც დაიწყო «საქართველოს კოზირის» გამოყენება ანუ რუსეთმა თავად გამოიწვია ის, რასაც ჩეჩნეთის ომამდე ყოველნაირად ხელს უშლიდა და რისიც ძალიან ეშინოდა: აბა, ვინ იფიქრებდა სულ რაღაც 6 თვის წინ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალურ შეხვედრებს გამართავდა ბრიუსელში, როგორც «სპეციალური სტუმარი», რაც თავისთავად საკმაოდ მაღალი სტატუსია პოსტსაბჭოური ქვეყნისათვის.
        ვინ იფიქრებდა, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი გააკეთებდა ცნობილ განცხადებას საქართველოს პოზიციის მხარდასაჭერად, რომ ევროკავშირის საბჭოს სამიტზე საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის (ტერიტორიული მთლიანობის) მხარდაჭერა აისახებოდა დასკვნით დოკუმენტში - თანაც, რუსეთის გაფრთხილების კონტექსტით.
        და ბოლოს, ნატო-ს თავდაცვის მინისტრთა საბჭომ (ფაქტობრივად, ეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოა) - მკაცრად გააფრთხილა რუსეთი, არ დაუშვას საქართველოს საზღვრების დარღვევა.
        ჩეჩნეთის კონფლიქტამდე ეს ყოველივე, უბრალოდ წარმოუდგენელი იყო, რამდენიმე წლის წინ კი, ამგვარი ჰიპოთეტური მოსაზრება ჩვენს ბრძენ «პრორუსულ პოლიტიკოსთა» ქედმაღლურ, მრავალმნიშვნელოვან ღიმილს თუ გამოიწვევდა - აქაოდა «...აბა, ვინ დაუწყებს ომს რუსეთს ჩვენი გულისათვის» და ა.შ.
        ომს რუსეთს ნამდვილად არავინ უწყებს, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ჩეჩნეთი, ძალაუნებურად, დასავლური პოლიტიკის ფოკუსში მოექცა, ხოლო ვინაიდან რუსეთმა თავად გააკეთა ყველაფერი საქართველოს დასაკავშირებლად ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებთან - იმავე ფოკუსში მოექცა საქართველოც იმ განსხვავებით, რომ საქართველო «მაინც» დამოუკიდებელი სახელმწიფოა, ხოლო «დიდი ნავთობი» უკვე იქცა ეკოპოლიტიკის ფაქტორად «დიდ საჭადრაკო დაფაზე».
        ერთი სიტყვით, ელცინის «ოჯახმა» «თხარა, თხარა და მაინც «გამოთხარა» დასავლეთის შეუდარებლად აქტიური ჩარევა კავკასიის საქმეებში, ვიდრე ჩეჩნეთის ომის განახლებამდე.
        ეს «ოჯახი» რუსეთის ინტერესებს აღარ დაგიდევთ. მისთვის მთავარია როგორმე ითამაშოს რუსების შოვინისტურ გრძნობებზე და «პატარა ძლევამოსილი ომის» შედეგად პუტინი გახდეს რუსეთის შემდეგი პრეზიდენტი.
        მათთვის ეს სამკვდრო-სასიცოცხლო საკითხია, ვინაიდან თუ პრეზიდენტი გახდება ნებისმიერი სხვა (პუტინის გარდა) - «ოჯახსა» და მის უფროსს (ელცინს) უეჭველად გაასამართლებენ ქვეყნის დაქცევისათვის.
        ჯერჯერობით «ოჯახი» (მათ შორის ბერეზოვსკი, აბრამოვიჩი, დიაჩენკო, იუმაშევი და ა.შ.) ამ ბრძოლას აგებს, ვინაიდან რუსეთის არმია ხანგრძლივად ჩაეფლო ჩეჩნეთის ჭაობში.
        გუშინ რუსმა მედესანტეებმა გროზნოს «იოლად აღება» სცადეს, მაგრამ იძულებული გახდნენ დიდი დანაკარგით უკან დაეხიათ. ჩეჩენ მეამბოხეთა ტაქტიკა უკვე გასაგებია: მათ დაუთმეს რუსეთს თითქმის მთელი «ბარის ჩეჩნეთი» - გროზნოს გარდა, ვინაიდან ეს ქალაქი უეჭველად იქცევა «წინააღმდეგობის სიმბოლო დ «, ხოლო თვითონ გამაგრდნენ მთიან ჩეჩნეთში (ვედენოსა და ატაგის რაიონებში), სადაც ჯერ-ჯერობით რუსები «ცხვირის შეყოფასაც» ვერ ბედავენ.
        ჩეჩნები მოიცდიან დაახლოებით მარტამდე, შემდეგ კი მძლავრად შეუტევენ. სწორედ იმ დროს, როდესაც მოსკოვში კულმინაციას მიაღწევს გააფთრებული ბრძოლა ხელისუფლებისათვის.
        უნდა ვაღიაროთ, რომ მთელ ამ ორომტრიალში საქართველოს ბევრი არაფერი დაუკარგავს - პირიქით (ვიმეორებ), ზოგი რამ (არც თუ უმნიშვნელო) მოვიგეთ კიდეც.
        არა მხოლოდ გაიზარდა ინტერესი საქართველოსადმი დასავლეთში, არამედ რუსული საზოგადოებრივი აზრიც «მწიფდება» აფხაზეთის საკითხში კომპრომისის აუცილებლობისათვის - წინააღმდეგ შემთხვევაში, დაკარგავენ არა მხოლოდ ჩეჩნეთს, არამედ მთელს ჩრდილოეთ კავკასიასაც.
        ჩეჩენი ხალხი მართლაც რუსეთის «ბედისწერაა».

7 დღე, 17 დეკემბერი, 1999 წელი