თედო ჯაფარიძის საგანგებო მისია

თედო ჯაფარიძის საგანგებო მისია

        რამდენიმე კვირის წინ ამიერიკიდან ჩამოსული უშიშროების საბჭოს ახლად დანიშნული მდივანი თედო ჯაფარიძე კვლავ ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ეს ვიზიტი ფართოდ აფიშირებული არ არის და თავად პრეზიდენტს რომ არ განეცხადებინა ამის შესახებ, ალბათ, ბევრს გამორჩებოდა.
        თანაც, რაც ყველაზე საინტერესოა, ვაშინგონიდან ჩამოსვლამდე ჯაფარიძემ ინტერვიუში განაცხადა, რომ ახალ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ მას ამერიკელებმა მიმართეს თხოვნით, გაემართა უშუალო მოლაპარაკება თეთრ სახლსა და პენტაგონში იმ პიროვნებებთან და უწყებებთან, რომლებიც საქართველოსთან ურთიერთობების პრობლემატიკაზე მუშაობენ.
        ასეთი კონსულტაციები მართლაც გაიმართა, მაგრამ საქართველოში დაბრუნებიდან ორიოდე კვირის შემდეგ თედო ჯაფარიძე კვლავ ამერიკაში გაემგზავრა. ეს უეჭველად იმას ნიშნავს, რომ წარმოიშვა ახალი გარემოებები, რაც დაზუსტებას მოითხოვდა. რა თქმა უნდა, საქმე ეხება ამერიკელი ინსტრუქტორების ჩამოსვლას საქართველოში და «ეკიპირება-თრეინინგის» პროგრამის განხორციელებას.
        მოსკოვში ატეხილი ისტერიკის შემდეგ ამერიკელთა «დაგვიანებამ» ბევრი დააეჭვა – ხომ არ გადაიფიქრეს მათ თავიანთი საქვეყნოდ გაცხადებული ვალდებულებების განხორციელება? ერთგვარი «ჭოჭმანის» მომენტი ნამდვილად იგრძნობოდა, ოღონდ ამის მიზეზი იყო არა მხოლოდ და არა იმდენად რუსეთის რეაქცია (შეუძლებელია, ეს ამერიკელებს არ გაეთვალათ), რამდენადაც თვით საქართველოს ხელისუფლებაში (პარლამენტსა და პოლიტიკურ წრეებში) ატეხილი დავიდარაბა და «უცნაური» (ამერიკელთათვის აშკარად მოულოდნელი) განცხადებები, ვარაუდები და წინასწარმეტყველებანი, თუ რა მიზნით იქნება გამოყენებული ამერიკული დახმარება – ხომ არ იქნება იგი მიმართული სეპაარტისტებისას და პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ.
        არ არის გამორიცხული, ამერიკელებმა მართლაც მოითხოვეს იმის გარანტია, რომ უშუალო სამხედრო დახმარებას არ მოჰყვება საქართველოში ომის გაჩაღება. ეს საკმაოდ სერიოზული პასუხია იმათთვის, ვისაც ჰგონია, თითქოს ამერიკელები «ხონჩით მოგვართმევენ აფხაზეთს», ხოლო ჩვენ ხელი არ უნდა გავანძრიოთ და თავი არ უნდა შევიწუხოთ. მით უმეტეს, ასეთ შემთხვევაში მოხდება პასუხისმგებლობის გადანაწილება, რაც ამერიკელებს სულაც არ ეპინავებათ. ეს იმას არ ნიშნავს, თითქოს აფხაზი სეპარატისტების განსაკუთრებულ დამცველებად მოგვევლინებიან, მაგრამ რა თქმა უნდა, არც ჩაერევიან, სახელმწიფო პოლიტიკურ კონფლიქტში.
        ამდენად, არავითარი პირდაპირი კავშირი «თრეინინგ-ეკიპირების» პროგრამასა და აფხაზეთის პრობლემას შორის არ შეიძლება იყოს. იგულისხმება, რომ ამერიკა გვეხმარება სახელმწიფოებრივი სტრუქტურებისა და ინსტიტუტების განმტკიცებაში. შეიძლება შემდგომ (სათანადო ტექნოლოგიის დაცვით) საქართველომ ეს სტრუქტურები გამოიყენოს სხვადასხვა სახელმწიფოებრივი პრობლემის, მათ შორის აფხაზეთის კონფლიქტის მოსაწესრიგებლად, ოღონდ ისე, რომ პასუხისმგებლობა უშუალოდ ამერიკას არ დაეკისროს და რუსეთს საშუალება არ მიეცეს, კონფლიქტის გაღვივებაში ვაშინგტონი დაადანაშაულოს.
        რაც შეეხება ამჟამად არსებულ მდგომარეობას, სარწმუნო წყაროთა ცნობით, თედო ჯაფარიძე შეხვედრებს მართავს პენტაგონში, რომელთა დროსაც ზუსტდება სამხედრო სპეციალისტების ჩამოსვლის ვადა. მიუხედავად გავრცელებული ეჭვებისა, აბსოლუტურად გამორიცხულია, ამერიკელები საერთოდ აღარ ჩამოვიდნენ და უარი თქვან (ვიმეორებ) საჯაროდ, პრეზიდენტის პირით განცხადებულ გეგმაზე, თუმცა მათ შეიძლება მოითხოვონ ზოგიერთი მომენტის დაზუსტება.
        ამჟამად მიმდინარე კონსულტაციებისას ირკვევა განსახორციელებელი ოპერაციის უკანასკნელი დეტალები: 1500-მდე ოფიცრისა და ჯარისკაცის მომზადება «ხუმრობა საქმე» არ გახლავთ. აუცილებელია ადგილის, დროის, რესურსების, მატერიალური ბაზის, პირადი შემადგენლობის ზუსტად განსაზღვრა. ისევე, როგორც ამერიკელი სპეციალისტების განთავსების საკითხები და ასე შემდეგ.
        ამ მომენტის გათვალისწინებით, მხარეები, ალბათ, ორ კვირაში დაასრულებენ კონსულტაციებს და განსაზღვრავენ საწყის თარიღს – სადღაც მაის-ივნისისთვის.

დილის გაზეთი, 11 აპრილი, 2002 წელი