არჩევნები 2024: რატომ მოიგო ხელისუფლებამ და წააგო ოპოზიციამ.
შესრულდა 1 წელი 2024 წლის ისტორიული არჩევნებიდან.
ის არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო!!
მოგვწონს/არმოგვწონს, თუმცა ასეა. მ ო ი გ ო.
მოიგო პირველ რიგში ამომრჩეველთა მობილიზაციის სისტემით („რვეულებიანი ჟუჟუნა დეიდებითა“ და კორპუსის „კარდაკარ მოსიარულე ნოდარი ბიძიებით“), რომელიც აბსოლუტურად კანონიერია, ლეგიტიმურია და აპრობირებულია ყველა ქვეყანაში, - ამერიკის, ისრაელისა და ავსტრალიის ჩათვლით.
იმის მიუხედავად, თუ როგორ განვითარდა ან კიდევ განვითარდება მოვლენები 2024 წლის არჩევნების შემდეგ, ახლა რევოლუციური გზითაც რომ შეიცვალოს ხელისუფლება, ამით ისტორია არ შეიცვლება, ანუ არ შეიცვლება ის ფუნდამენტური, სისტემური მიზეზები, რამაც „ქართულ ოცნებას“ გადამწყვეტი არჩევნები მოაგებინა.
ამასთან დაკავშირებით გთავაზობთ ჩემს მოკრძალებულ კვლევას.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
არჩევნები - 2024
რა მოხდა, რატომ მოხდა და როგორ გადავ(ი)რჩინოთ ევროპული მომავალი.
(წერილი პირველი)
- - - - - - - - - - - - - - - - - - -
შესავალი
რაკი ვნებები ასე თუ ისე დაცხრა, ალბათ მოვიდა დრო გავაანალიზოთ 2024 წლის 26 ოქტომბრის ისტორიული (!) არჩევნები.
ჩემი ღრმა რწმენით, ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები საქართველოს უახლეს ისტორიაში.
თვით 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებთან შედარებითაც კი, როცა ზვიად გამსახურდიას „მრგვალმა მაგიდამ“ დაამარცხა კომუნისტები, ხოლო დამოუკიდებლობის ასევე მომხრე ძალებმა („მრგვალ მაგიდასთან“ ერთად ბლოკებმა „დემოკრატიულმა საქართველომ“ და „თავისუფალმა საქართველომ“) ვერ გადალახეს 5% ბარიერი, მაგრამ ნამდვილად მოიპოვეს ერთობლივად, ანუ ზვიადის ძალასთან ერთად, იმდროინდელი საქართველოს, მათ შორის აფხაზეთის და ცხინვალის ეთნიკურად ქართული (!) მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა.
ოღონდ ქართველების ეს არჩევანი იმ ეპოქაში, - 9 აპრილის კატაკლიზმის შემდეგ (!) - ისევე არ იწვევდა არანაირ ეჭვს და არ ქმნიდა რაიმე ღირებულებით „დისკურსს“, როგორც 1991 წლის 31 მარტის ეჭვმიუტანელი რეფერენდუმი.
ხაზს ვუსვამ, რაკი ეს ძალიან არსებითია: 9 აპრილის შემდეგ, 9 აპრილი(თ) შექმნილ სოციო-ფსიქოლოგიურ ატმოსფეროში.
სულ სხვაა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები.
აქ ნამდვილად არსებობდა ღირებულებითი „კლინჩი“ და „მწვავე დისკურსი“.
ამ საარჩევნო პაექრობაში ოპოზიციას ჰქონდა ხუთი უმნიშვნელოვანესი რესურსი, რაც არ გააჩნდათ წინა ოპოზიცი(ებს) სხვადასხვა ეპოქაში, მათ შორის არც 2012 წელს, როცა ხელისუფლება საქართველში პირველად და უკანასკნელად შეიცვალა არჩევნებით.
1) სამი უძლიერესი, ყველაზე პოპულარული, საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ოპოზიციური ტელე-არხის აქტიური მხარდაჭერა.
2) მსხვილი და საშუალო ბიზნესის არც თუ მცირე ნაწილის აქტიური მხარდაჭერა: ოპოზიციურ პარტიათა ღიად და აქტიურად მხარდამჭერი მინიმუმ 10-12 ბიზნესმენის ჯამური კაპიტალი (ოქრიაშვილი, ოქუაშვილი, ჩოჩელები, ხაზარაძე, ჯაფარიძე, წერეთელი, ნაყოფია, კეზერაშვილი, რურუა, ჭყონია ი., ჭყონია თ. გილაური.....) თუ არ აღემატება, ყოველ შემთვევაში „შესადარი“ ნამდვილადაა ივანიშვილის კაპიტალთან.
3) დასავლეთის აბსოლუტურად უპრეცედენტო (!), ღია, აშკარა, პირდაპირი მხარდაჭერა და მმართველ პარტიასთან დასაველთის ღია (!) დაპირისპირება.
ასეთი რამ არ ყოფილა ა რ ა ს დ რ ო ს - ამ ქვეყნის არც ერთ ხელისუფლებასთან მიმართებაში 1992 წლიდან.
4) პირველად საქართველოს ისტორიაში, არჩევნები ჩატარდა სუფთად „პროპორციული“ წესით - ე.წ. „მაჟორიტარების გარეშე“. ეს უკვე, თავისთავად, ძალიან დიდი უპირატესობა იყო ზოგადად ოპოზიციური ძალებისთვის, თუ ისინი მოახერხებდნენ კონსოლიდაციას და რესუსრების სწორ, მიზანშეწონილ კონცენტრაციას.
5) დამოუკიდებელი საქართველოსთვის უპრეცედენტოდ ხანგრძლივი, 12 წლიანი მმართველობის შედეგად, ხელისუფლება იყო „დაჟანგული“, „ნაწოლებგაჩენილი“, ანუ მოსახლების დიდი თანაც პასსიონარული ნაწილისთვის „მოყირჭებული“.
თვით საუკეთესო ხელისუფლებაც კი ჰყირჭდება ხალხს.
მით უმეტეს ამ სოციო-ფსიქოლოგიურ დომინანტას წესით ძალუმად უნდა „ემუშავა“ იმგვარ საზოგადოებაში, იმგვარ სოციუმში, როგორიც საქართველოა.
მაგრამ არ იმუშავა.
ეს ხუთივე ძალუმი ფაქტორი არ აღმოჩნდა საკმარისი რათა ქვეყანას მოეპოვებინა დემოკრატიის „ხერხემალი“: ხელისუფლებათა, მთავარობათა ც ვ ა ლ ე ბ ა დ ო ბ ა.
რატომ?
ვიტყვი ჩემ აზრს
- - - - - - - - - - - - - - - - - - -
რატომ მოიგო ხელისუფლებამ და რატომ წააგო ოპოზიციამ?
ჩამოვთვლი რამდენიმე ყველაზე არსებით მოტივატორს იმ „მოტივაციური კომპლექსიდან“, რამაც „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი აღძრა, ხმა მიეცა მმართველი პარტიისთვის და არ მიეცა ხმა რომელიმე ოპოზიციური პარტიისთვის
აქვე ვიტყვი, რომ მომავალ წერილებში აუცილებლად დაწვრილებით გავაანალიზებ ყველა იმ არგუმენტს, რითაც ოპოზიცია და NGO-კოალიცია ცდილობს დაამტკიცოს, თითქოს „ქართულმა ოცნებამ მოიპარა 300 000 ხმა და სწორედ ამ მოპარული 300 000 ხმით შეინარჩუნა ძალაუფლება“.
მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური პარტიის ამომრჩეველი ვარ, ამის მე არ მჯერა.
არ მჯერა იმიტომ, რომ ტყუილია!
და აუცილებლად დავასაბუთებ გამოწვლილვით, რატომ არის ტყუილი.
თუმცა ჯერ სახელისუფლებო ამომრჩევლის „მოტივატორებს“ ჩამოვთვლი:
ა) ცვლილებების, ესე იგი როგორც მისი ცხოვრებისეული, ასევე საქვეყნო „სტატუს-ქვოს“ დარღვევის, 1988-2008 წწ. ოცწლიან სტრესულ გარემოში დაბრუნების და ახალი ომის შიში!
ეს არის ყველაზე მთავარი, ფუნდამენტური, „ღერძულა“ მიზეზი.
პირობითად თუ ვიტყვით „ბილბორდებმა იმუშავა“.
მათ შორის (თუმცა არა მხოლოდ) პირსისხლიანი ცოფიანი პირუტყვი კოკოითის მუქარებმა გუდაურზე, ყაზბეგზე, თრუსოზე და ა.შ.
ბ) „მიშას დაბრუნების“ შიში.
უკვე აშაკრად პათოლოგიური, პარანოიდული და არაფრით გამართლებული: მიშას პირადად (ხაზს ვუსვამ: პირადად მას-დ.) ისე უნდა საქართველოს პრემიერ-მინისტრობა და ზოგადად ხელისუფლება, როგორც მე მინდა ჩინეთის კომპარტიის პირველი მდივნობა.
Legacy და „პარტია“ სხვა თემაა.
არა, არ არის „იგივე“!
გ) კანონი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ ძალიან ზუსტი გათვლა აღმოჩნდა:
ქართველთა დიდი ნაწილი სრულიად არააგრესიული, ინდეფერენტული და „ღიმილიანად გულგრილია“ სინამდვილეში LGBT მიმართ, მაგრამ.........შვილი.....შვილი.......ფსიქოლოგიურად და მენტალურად დაუძლეველი, „გადაულახვადი“ თემაა მისთვის, თუ აქ რაიმე „ბმა“ გაჩნდა.
არადა გაჩნდა.
დ) ოპოზიციამ ვერ შეძლო გამოეყენებინა ერთადერთი და უკანასკნელი შანსი: მიშას წინადადება „ერთიან სიაზე“, რაც პოტენციური ამომრჩევლის თვალში ოპოზიციას წარმოაჩენდა არსებით (!) და გამარჯვების რეალური შანსის (!) მქონე ძალად; შესაბამისად, უამრავ „მერყევს“, „ხელჩაქნეულს“ და „სახლში დამრჩენსაც“ მიიყვანდა არჩევნებზე.
ამის ნაცვლად დაიქსაქსენ „მიკროპოლიტიკურ ორგანიზაციებად“, ხოლო ორმა ოპოზიციურმა ჯგუფმა, გაერთიანების თაობაზე მოლაპარაკებისას, საჯაროდ ჩაისვრა, რითაც გააძლიერა აღქმა: „ესენი ახლავე ერთმანეთს ჭამენ/მერე რაღას იზამენ?!“
ე) „პრეზიდენტ სალომეას“ სულელური ინიციატივა „დროებითი ტექნიკურ/ტექნოკრატიული ერთწლიანი(!) ხელისუფლების“ შესახებ, რამაც დააბნია ოპოზიციონერი ამომრჩეველი და, რაც მთავარია, გააღიზიანა ამ ქვეყანაში ძალიან მრავალრიცხოვანი „მერყევი“ ამომრჩეველი, რაკი გაუჩინა განცდა, რომ მისი ხმა „ამათთვის“ არაფერს ნიშნავს და „ვიღაცეები რაღაცეებზე“.... ვიღაც იდუმალ პრემიერ-მინისტრზე (ვის სახელსაც უმალავენ)....... მის ზურგს უკან შეთანხმდნენ იმის მიუხედავად თუ ის თავად ვის და როგორ მისცემდა ხმას.
შესაბამისად მან ისევ „ოცნებას“ მისცა ხმა, რაკი იქ სიცხადე და გარკვეულობა მაინც იყო, რაც ამ მენტალური კატეგორიისთვის ყველაზე მთავარია, რათა მისი „ძვირფასი ხმა“ ზუსტი, ცხადი და გარკვეული ადრესატისკენ წავიდეს.
ვ) ბოლო 3-4 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით უკრაინის ომის, საქართველოში რუსების „შემოსევის“, ტურისტული ნაკადების ზრდის, კაპიტალის შემოდინების, ლოჯისტიკური ხაზების გადმოლაგების, გასაყიდი ბინების მაღალ ფასად რეალიზაციის, უძრავი ქონების იჯარაზე მოთხოვნის ზრდის, ასი ათასობით ადამიანის ევროპაში გადასახლების და, შესაბამისად, აქ უმუშევრობის შემცირების, „ყოვლისმჭამელი“ რუსული ბაზრების სრულად გახსნის შედეგად....... მოსახლეობის არც თუ მცირე ნაწილის მატერიალური მდგომარეობა შედარებით (!) გაუმჯობესდა.
ამაზე ნაკლებად ლაპარაკობენ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ასევე საყოველთაო (თითქმის უფასო) ჯანდაცვა, რითაც 2,3 მილიონმა ადამიანმა ისარგებლა.
ეს პროგრამა, ზოგადად, არის „ოცნების“ უდიდესი „ფორა“ ნებისმიერ არჩევნებზე, რაკი ხალხს შესანიშნავად ახსოვს (და ამას ვერ გამოაპარებ), რომ მთლიანად, 100%-ით სწორედ ამ (!) ხელისუფლებას უკავშირდება.
მანამდე მეფობდა ლიბერტარიანული მიდგომა: „ოპერაცია გჭირდება? კერძო კომპანიაში არ დაეზღვიე? არც ფული გაქვს? ჰოდა ახლა ან გაყიდე ბინა, ან ჩაძაღლდი! აბა სახელმწიფო რა შუაშია? გადასახადის გადამხდელებმა შენი…. ან შენი ცოლის ან შენი შვილის ან დედაშენის ოპერაციაში ფული რატომ უნდა გადაიხადონ? მოგ(სკ)ვნია პატრონი!“
ჰოდა...... აი ამგვარმა მიდგომამ მოიტანა „2012 წელიც“ და „2024 წელიც“.
არა მხოლოდ „ომმა“ და ყბადაღებულმა „ცოცხებმა“
ზ) ჩემთვისაც მოულოდნელად, საქართველოში იმუშავა ე.წ. „სუვერენული დემოკრატიის“ კონცეპტმა. ანუ „არარისთქვენისაქმე - ობამ“ უკვე დასავლეთის მიმართ.
დასავლეთის აშკარა და აქტიურმა ზრუნვამ ქართველი ამომრჩევლის არც თუ მცირე ნაწილი გააღიზიანა. მიუხედავად იმისა, რომ შინაარსით ეს ჩარევა კეთილმოსურნე და კეთილისმყოფელი იყო.
სიკეთის მეტი დასავლეთს საქართველოსთვის არაფერი უნდოდა! მაგრამ სოციალური და მით უმეტეს „ეთნო“ -ფსიქოლოგია.......თუ „დაიძაბა“ და „აიჭრა“, შეურაცხადი ხდება.
ყველგან და ყოველთვის.
თ) ქალების დიდმა ნაწილმა საქართველოში იცის, რომ სწორედ ამ ხელისუფლებამ......არა რომელიმე სხვამ, არამედ ზუსტად ამ ხელისუფლებამ..... დაამკვიდრა ქვეყანაში უსასტიკესი სისხლის სამართლებრივი კანონმდებლობა და პრაქტიკა, რომლითაც დღეს საქართველოში ქალი ისეა დაცული ნებისმიერი სახის ძალადობისგან ოჯახში თუ ოჯახს გარეთ, როგორც არ ყოფილა ა რ ა ს ო დ ე ს - არც ერთი ხელისუფლების დროს!
საქართველო პირველ ადგილზეა ევროპაში „ოჯახური ძალადობისთვის“ სწორად გასამართლებული და სამართლიანად მსჯავრდებული მამაკაცების პროცენტით.
ბუნებრივია, ქალი ამას ღიად არ იტყვის; ანუ საჯაროდ, თუნდაც საკუთარ „მიკროსოციუმშიც“ კი არ აღიარებს, რომ ეს თემა ბევრად მეტად აღელვებს, ვიდრე „გეოპოლიტიკა“, მაგრამ....მაგრამ.....როგორც კი აღმოჩნდება საარჩევნო ბიულეტენთან „ინტიმურ მარტოობაში“, გადაწყვეტილებას მიიღებს სწორედ ამ ინტენციის შესაბამისად.
ჰო, არ დაგვავიწყდეს, რომ ქართველი ამომრჩევლის უმრავლესობა ქალია - ამ ქვეყანაში ისტორიულად დაჩაგრული ადამიანი.
ი) ყველაზე პარადოქსული და ბევრისთვის დაუჯერებელი, თუმცა მე უკვე აბსოლუტურად არ მეპარება ამაში ეჭვი:
ოპოზიციურმა ტელე-მედიამ, წლების მანძილზე ისტერიული, ტოტალური ანტისახელისუფლებო პროპაგანდით, მისდაუნებურად (ხაზს ვუსვამ: მისდაუნებურად!) შეასრულა „ორთქლის გამომშვების ფუნქცია“.
ეს ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური რეფლექსიის თვალსაზრსისით.
2007-2012 წწ. ასეთი „ორთქლის გამომშვები“ საქართველოში, შეიძლება ითქვას, არ არსებობდა. ეს გარემოება კი ქმნიდა „აკრძალული ხილის“ სოციო-ფსიქოლოგიურ დომინანტას, რამაც მაშინ ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
კ) ასაკობრივმა კატეგორიამ 18 წლიდან - 29 წლამდე ტოტალურად დააიგნორა ეს არჩევნები.
რატომ?
ძალიან საინტერესო საკითხია.
იმ გაზაფხულზეც და 2023 წელსაც...... ბარიკადებზე მიდიოდა, არათუ არჩევნებზე, რაკი იმ ბრძოლას (აი ესაა მთავარი) აღიქვამდა, როგორც ბრძოლას....თავისი ცხოვრების წესისთვის (!) და არა „ვიღაც პოლიტიკოსის გასაგდებად“ და „სხვა პოლიტიკოსის მოსაყვანად“.
არჩევნებს კი, ეს კატეგორია, მენტალურად აღიქვამს ზუსტად ასე: „ამ პოლიტიკოსის“ წასვლისა და „იმ პოლიტიკოსის“ მოსვლისთვის მივიდეეეეეეე?“
აი ამ (მობოდიშების გარეშე ვიტყვი) ჩლუნგ, ინფანტილურ მენტალიტეტს და პოლიტიკოსთა, როგორც ასეთთა მიუღებლობას......რა როდის ეშველება, ნამდვილად არ ვიცი.
და......ასევე მოუბოდიშებლად:
ქუთაისიდან მილანში რომ ვეღარ გადაფრინდებით 60 ევროდ და უვიზოდ....მე და „ჩემნაირებს“ დამაბრალეთ!
კი ბატონო.
- - - - - - - - - - - - - - - - - -
„მატყუარა არითმეტიკა“
ზოგადად, ოპოზიციონერისთვის მუდამ კომფორტულია დამარცხება ახსნას არა მისი გადაწყვეტილებებით, შეცდომებით ან სისუსტეებით, არამედ ე.წ. „გაყალბებით“
მაგალითად არა იმით, რომ კონსოლიდაცია ვერ შეძლეს და არ მონაწილეობდნენ არჩევნებში ერთიანი კონსოლიდირებული ძალით, ან ზემოთჩამოთვლილი ფუნდამენტური ფაქტორებით: ა, ბ, გ, დ......არამედ იმით, რომ....„ფლომასტერმა გადღაბნა“!
ან კიდევ იმ „სველი ზღაპრით“, რომ თურმე ვიღაცას 30 პირადობის მოწმობა ედო ჯიბებში, დაიარებოდა სოფლიდან-სოფელში სადაც ყველა-ყველას იცნობს, სხვადასხვა პირადობით დაფიქსირდა ათეულობით სხვადასხვა უბანზე სადაც „მიწერილი“ ამომრჩევლის რაოდენობა შესაძლოა 500-600-ზე მეტი არც ყოფილიყო და ეს ვერც ვერავინ შეამჩნია; მერე ვერც დაადასტურა მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად ყველა „მისული“ და „დარეგისტრირებული“ ამომრჩეველი Data-ბაზაში პირადობის ნომრით არის დაფიქსირებული - მართლა მივიდა თუ არა. და ხმის მიცემა მხოლოდ იმ უბანზეა პირადობის მოწმობით შესაძლებელი, სადაც „მიწერილია“ კონკრეტული ამომრჩეველი. სხვა უბანზე მას, იმავე პირადობობით (რომც დავიჯეროთ ეს „ჯიბეში 30 პირადობის“ უბადრუკი, იდიოტებზე გათვლილი ზღაპარი) ავტომატური (!) რეგისტრატორი აპარატი არ გაატარებდა, რომელსაც თავს ოპოზიციის ცოცხალი (!) დამკვირვებელი ადგა.
თუმცა ეს „სველი ზღაპრები“ იქით იყოს.
მოდით ახლა დავაკვირდეთ, რას გვეუბნებიან ოპოზიციონერები „მეგა-ნარატივის“ სახით:
„ხელისუფლებამ მიიღო 54% მაშასადამე 46%-მა ხელისუფლების წინააღმდეგ მისცა ხმა. თუ იმ 54% გამოვაკლებთ 300 000 ხმას, რომელიც ხელისუფლებამ „მოიპარა“ და დავუმატებთ იმ ხმებს, რაც ისედაც ხელისუფლების წინააღმდეგ იყო, გამოდის, ოპოზიციამ მეტი ხმა მიიღო ვიდრე სახელისუფლებო პარტიამ. „ოცნებამ წააგო, ოპოზიციამ მოიგო“. (ციტატის დასასრული)
გასაგებია, მაგრამ.....მოიცათ, მოიცათ..... ჯერ ერთი 46% „რანაირადაა“? თუ იმ 9%-ს დავუმატებთ ცეესკოს გამოცხადებულ 37%-ს, რომლებმაც 5% ბარიერი ვერ გადალახეს?
გენიალურია!
მაგრამ......იმ 9%-ში შედის ასევე „პატრიოტთა ალიანსის“ მიღებული 50 000 ხმა (არც ისე ცოტაა სხვათა შორის). ეს ხმებიც „პროდასავლურ ოპოზიციას“ უნდა დაემატოს დისკურსში „ევროპა თუ რუსეთი?“
ირმა ინაშვილი და დავით თარხან მოურავი „პროევროპელები“ და „ანტიმოსკოველები“ არიან?
ეს ერთი;
მეორეც, რაკი ჩვენ აქ ვიკვლევთ იმ მოტივაციურ კომპლექსს, რომელმაც აღძრა „ოცნების“ ამომრჩეველი კონსოლიდირებულად (!) მიეცა ხმა მმართველი პარტიისთვის, მისი ხმები უნდა შეედაროს არა ასე ჩლუნგად და მექანიკურად ოთხი ოპოზიციური პარტიის ჯამს, მით უმეტეს ყველა სხვა პარტიის ჯამს, არამედ, დიახათაც, მეორე ადგილზე გასული პარტიის ხმებს ცალკე (!), მესამე ადგილზე გასული პარტიის ხმებს ცალკე (!) და ა.შ.
და როდესაც სხვაობა პირველ (ოცნებას) და მომდევნო ადგილზე გასულ პარტიას (ახლები) შორის 40%-ია (!!), ნებისმიერი ობიექტური „ევროპელი“, ვისაც საქართველოს თემასთან პოლიტიკური „ბმა“ არა აქვს ხელისუფელბათა ნებისმიერ შემთევვაში ც ვ ა ლ ე ბ ა დ ო ბ ი ს პრიორიტეტით, აუცილებლად გეტყვით, რომ რეალური კლოუნადაა ამგვარი „სუმმირება/შეჯამება“ - 2+3+4+5
იმიტომ, რომ ამომრჩევლის მოტივაციური კომპლექსი, რომელმაც ხმა მისცა პოლიტიკურ ფენომენს პირობითი სახელწოდებით „გახარია“, კარდინალურად განსხვავდება იმ მოტივაციური კომპლექსისგან, რამაც აღძრა ამომრჩეველი ხმა მიეცა ფენომენისთვის „მიშა“.
ეს ორი სხვადასხვა კატეგორიაა და მოტივატორთა სხვადასხვა „ბუკეტია“.
ასე მექანიკურად „გახარია“+ „მიშა“+„გვარამია/მელია“+„ხაზარაძე“ ეს არ ჯამდება, როდესაც (ვიმეორებ) ვლაპარაკობთ მ ო ტ ი ვ ა ტ ო რ ე ბ ზ ე.
აი ერთიანი ძალის ფორმით, ერთიანი საარჩევნო სიით და ერთი ნომრით რომ გამოსულიყვნენ არჩევნებზე, მაშინ კი ბატონო.
მანამდე კი სასაცილოდ მოეჩვენება ნებისმიერ ობიექტურ და არაანგაჟირებულ (!) ევროპელს ასეთი ლოგიკა.
მაგალითად: „მოვიგეთ თბილისში არჩევნები ისევე, როგორც მოვიგეთ ყველა დიდი ქალაქი“
ის ევროპელი ჩახედავს ციფრებს და მხრებს აიჩეჩს: „კი მაგრამ როგორ და რანაირად მოიგეთ, როცა „ოცნებამ“ ყველაზე მეტი ხმა მიიღო, თანაც ბევრად მეტი, ვიდრე მეორე ადგილზე გასულმა პარტიამ? და ყველგან პირველ ადგილზე გავიდა? ხოლო „ოცნებასა“ და მეორე ადგილზე გასულ პარტიას შორის სხვაობა ამდენი ხმა და ამდენი პროცენტია?
პასუხი: როგორ მოვიგეთ და....აი მეორე ადგილზე გასული პარტიის ხმებს თუ მივუმატებთ მესამე ადგილზე გასული პარტიის ხმებს, მერე მივუმატებთ მეოთხე ადგილზე გასული პარტიის ხმებს და მერე კიდევ მივუმატებთ მეხუთე ადგილზე გასული პარტიის ხმებს მაშინ......გამოვა, რომ თბილისი სახელისუფლებო პარტიამ წააგო და ოპოზიციამ მოიგო!“
ამას როგორც კი ეტყვით, ის „ევროპელი“ გულგრილად, დაღლილად გაგიღიმებს, თვალს აგარიდებს და შეწყვეტს დისკუსიას
იმიტომ, ბატონებო, რომ ეს ასე არ ითვლება და არ ჯამდება: 2ადგილი+3ადგილი+4ადგილი+5ადგილი.
არსად, არასდროს!
ეს არ არის ელექტორალური დემოკრატია!
ხოლო თუ იმ ევროპელს საკმარისად მტკიცე ნერვები არა აქვს და „ამოასხამს“ ამგვარი იდიოტიზმით, აუცილებლად იტყვის:
„თქვენ ახლა რას მიმტკიცებთ იცით? რომ არსებითი და განმსაზღვრელია, რამდენ ამომრჩეველს არ უნდოდა (!) „ქართული ოცნება“. არა ბატონო. ეს არ არის ევროპული მიდგომა. არსებითია არა ის, რამდენს არ უნდოდა (!) „ქართული ოცნება“, არამედ ის, რამდენს უნდოდა (!) „ქართული ოცნება“ და ხმა მისცა მას როგორც კონსოლიდირებულ პოლიტიკურ ძალას; შემდეგ რამდენს უნდოდა (!) მეორე ადგილზე გასული პარტია და ხმა მისცა მას არჩევნებში, როგორც კონსოლიდირებულ პოლიტიკურ ძალას; რამდენს უნდოდა (!) მესამე ადგილზე გასული პოლიტიკური ძალა და ა.შ.
თქვენ ტვინი.....შემიჭამეთ იმის მტკიცებით, რომ თურმე მექანიკურად უნდა „შეჯამდეს“ იმ პარტიათა ხმები, რომელთა ლიდერებს ერთი (თუნდაც ე რ თ ი!!) საერთო პრეს-კონფერენცია არ მოუწყვიათ მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში; ერთხელაც არ გაუკეთებიათ რაიმე საერთო განცხადება; ერთხელაც არ დამსხდარან ერთობლივად მაგიდასთან თუნდაც ტელეკამერების წინ, თუნდაც თვალის მოსაჩვენებლად....და ახლა მიმტკიცებთ, რომ მათი ხმები ასე მექანიკურად უნდა „შეჯამდეს“, ოპოზიცია გამარჯვებულად გამოცხადდეს, ხოლო პირველ ადგილზე გასული პოლიტიკური ძალა (ოცნება), რომელმაც 40%-ით მეტი ხმა მიიღო ვიდრე მეორე ადგილზე გასულმა (ახლები), ამის მიუხედავად დამარცხებულად?!
თქვენ მე „კიტრი“ ხომ არ გგონივართ მართლა?!!
მაგ თქვენი უგვანი ლოგიკით, მაშინ ისიც უნდა დაითვალოთ, რამდენი ამომრჩეველი საერთოდ არ მივიდა არჩევნებზე.
რაკი არ მივიდა, ესე იგი „ქართული ოცნებისთვის“ ხმაც არ მიუცია ხომ? და/ანუ არ სდომებია ეს ხელისუფლება. ჰოდა ხელისუფლების შეცვლა სდომებია მაშინ! ანუ ოპოზიციას მოუგია.
არა ბატონო. ეს არ არის დემოკრატია. და თუ ქართველებმა აქ რაღაც სხვა, სპეციფიური „ქართული დემოკარტია“ გამოიგონეთ....არ ვიცი.
ისევ და ისევ: ერთიანი სია და ერთიანი პოლიტიკური ძალა რომ ყოფილიყო მაშინ კი, მაგრამ რაკი არ იყო, არსებითია არა ეს მექანიკური „ჯამი“ არამედ სხვაობა პირველ ადგილზე გასულ და მეორე ადგილზე გასულ ძალას შორის.
სისტემურად ანალოგიური უგვანი ლოგიკით თუ ოცნების პროცენტს გამოითვლით არა არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობიდან, არამედ ამომრჩევლის საერთო რაოდენობიდან (იმათ ჩათვლით ვინც არჩევნებზე არ მივიდა), მაშინ გამოვა, რომ ოცნებამ დიდ ქალაქებში 40% კი არა, 30% აიღო ხოლო ოპოზიციამ - 70%
და თუ არა მხოლოდ საარჩევნო ხმის უფლების მქონეთ მიათვლით არამედ, ვთქვათ, საერთოდ ყველა თბილისელს, ქუთაისელს, ბათუმელს და ა.შ. გამოვა, ოცნებას 25%-ღა მიუღია და....... „20%-ღა“ მიუღია, თუ საარჩევნო წელს გარდაცვლილებსაც მიათვლით საერთო რაოდენობას, მერე იქედან გამოიყვანთ პროცენტს და ასე შემდეგ.
ნურას უკაცრავად: ელექტორალური მეცნიერებაც და პრაქტიკაც კატეგორიულად მოითხოვს და არსებითად მიიჩნევს „კონსოლიდირებული“ ამომრჩევლის ხმებს.
ანუ რამდენია „კონსოლიდირებულად“ პირველ ადგილზე გასული ამომრჩევლის პროცენტი, რამდენია „კონსოლიდირებულად“ მეორე ადგილზე გასული ამომრჩევლის პროცენტი, შემდეგ რამდენი პროცენტია მათ შორის სხვაობა.
უკაცრავად და.....იმ ევროპელის მსგავსად, არც მე ვარ მზად ეს.... „ბოსტნეული“ მივირთვა:
არსებითია არა იმ ხმების და პროცენტების ჯამი, რაც არ მიიღო (!) „ოცნებამ“ ან ჯამში მიიღო ოპოზიციამ, რომელიც ოთხი სხვადასხვა სიით გავიდა არჩევნებზე, არამედ რაც მიიღო (!) პირველ ადგილზე გასულმა ძალამ, შემდეგ სხვაობა პირველ ადგილზე გასული პარტიის მიღებული ხმებსა და მეორე ადგილზე (!) გასული პარტიის ხმებს შორის., შემდეგ მესამე ადგილზე გასულთან შედარებით და ა.შ.
ჩვენ ხომ აქ ვმსჯელობთ ამომრჩევლის მოტივაციურ კომპლექსზე!!
მესამედ ვიმეორებ: ერთიანი „ნომერი“ რომ ჰქონოდა ოპოზიციას, კიდევ გასაგები იქნებოდა. ახლა კი....სულაც არა ვარ დარწმუნებული, რომ მაგალითად „ევროპა-ამერიკა-უკრაინის“ თუ რუსეთის სანქცირების და პირდაპირი ფრენების აკრძალვის და ა.შ დისკურსში მოტივაციური კომპლექსი „გახარია“ უფრო ახლოსაა მოტივაციურ კომპლექსთან „ხოშტარია-ჯაფარიძე“, ვიდრე მოტივატორთან „მდინარაძე/პაპუაშვილი/კობახიძე“.
ნამდვილად არა ვარ ამაში დარწმუნებული.
პირიქით, იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ამგვარი მექანიკური „დაჯამება“ იმ პარტიათა ხმების, რომელთა ლიდერები გულის რევამდე ვერ იტანენ ერთამენთს, ნამდვილად ცრუპენტელობაა.
ასე არ ითვლიან, ასე არ ჯამდება, ასე არ იკრიბება და საერთოდ ასე არ ხდება არსად, არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში.
და ეს სულელური „დაჯამება“ ვერ იქნება ვერანაირი მაჩვენებელი ვერც ერთი ევროპელისთვის, ვისაც რაიმე გაეგება ელექტორალურ პროცესებში და ვისაც ამ საკითხებზე უმუშავია. ამასთან პოლიტიკურად არ არის დაინტერესებული, იცრუპენტელოს..
ჩახედავენ ის ევროპელები ციფრებს, იჩეჩენ მხრებს, უღიმიან, თვალს არიდებენ და არ პასუხობენ.
იმიტომ, რომ უმთავრესი, განმსაზღვრელი, რასაც „ევროპელი“ უყურებს, ნამდვილად ის არის, რამდენია სხვაობა პირველ და მეორე ადგილზე გასულ პოლიტიკურ ძალებს შორის.
ჰოდა როცა ეს სხვაობა 40%-ია......გაგიღიმებს და თვალს აგარიდებს. რაც არ უნდა უთხრა მერე.
თუმცა.... ამგვარი „დაჯამებითაც“ კი, ოცნება დაახლოებით 16%-ით უსწრებს იმ 4 ოპოზიციური პარტიების ჯამს (!), რომელმაც გადალახა 5%-იანი ბარიერი.
„ოცნებამ“ მიიღო დაახლოებით 54%, ხოლო ოპოზიციამ, ჯამში დაახლოებით 38%.
300 000 „მოპარული ხმაც“ რომ გამოვაკლოთ, ეს ხმები ოპოზიციას მივუმატოთ, ხოლო თარნახ-მოურავ/ირმა ინაშვილის ხმები ისევ ოცნებას წავუმატოთ (დასავლეთ-რუსეთის დისკუსრია ხომ მთავარი?), მმართველ პარტიას მაინც მეტი გამოსდის.
მაშინ რა ვქნათ?
მაშინ ის ვქნათ, რომ....„ოცნებას“ 300 000 „მოპარული ხმა“ კი არ გამოვაკლოთ, არამედ......მოდით 400 000 „მოპარული ხმა“ გამოვაკლოთ......ან კიდევ უკეთესი....500 000 „მოპარული ამომრჩევლის ხმა“ გამოვაკლოთ და ვიძახოთ, „მოვიგეთო“ - ჩვენს ხელში არ არის?
- - - - - - - - - - - - - - - - - - -
„ფლომასტერმა გაჟონა“
ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე არსებითი არგუმენტი ამ არჩევნების წინააღმდეგ, - აბსოლუტურად ლეგიტიმური პოლიტიკურად და აბსოლუტურად ლეგალური სამართლებრივად - ნამდვიალდ არის ფარულობის დარღვევა!
მარტივად თუ ვიტყვით, გაჟონა ფლომასტერმა?
დიახ გაჟონა!
ამას „წყალი არ გაუვა“.
შეიძლებოდა შემჩნევა, ვის მისცა ხმა ამომრჩეველმა?
დიახ, ნამდვილად შეიძლებოდა.
არის თუ არა ეს კონსტიტუციის დარღვევა, რომელიც კატეგორიულად, შეუვალად, უგამონაკლისოდ, „ულაპარაკოდ“, იმპერატიულად მოითხოვს ფარულობის დაცვას არჩევნებზე ანუ იმის უზრუნველყოფას, რომ თეორიულადაც კი გამორიცხული იყოს იმის შემჩნევა კენჭისყრისას, თუ ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა?
ნ ა მ დ ვ ი ლ ა დ არის კონსტიტუციის დარღვევა!
ეს არის 100%-ით ლეგალური და ლეგიტიმური `სათქმელი“, ფოლადის არგუმენტი, რათა ეს არჩევნები ჩაითვალოს არაკონსტიტუციურად, არჩატარებუალად, შემდეგ ამ ფოლადის არგუმენტით და „სათქმელით“ მოხდეს რევოლუცია იმის მიუეხდავად, ეს მოხდა ცესკო-ს ჩინოსანთა იდიოტიზმის შედეგად თუ ბოროტი განზრახვით.
ამას არა აქვს ა რ ა ვ ი თ ა რ ი მნიშვნელობა: ფარულობის დარღვევა არის ისეთი „ატომ/ბირთვული“ არგუმენტი, „სათქმელი“, რევოლუციისთვისაც კი რომ გამამართელბელი იქნებოდა, თუ ოპოზიცია ამას მოპახერხებდა (რაკი ძალა მორევაზეა. ერთი გენიალური ქართული გამონაქვამით) ანუ ეს ფუნდამენტური დარღვევა ყველაფერს „გააპრავებდა“ ტოტალურად - რევოლუციასაც კი
მაგრამ......მაგრამ......მაგრამ.......ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ გარემოებამ ანუ „ფლომასტერის გაჟონვამ“ რაიმე რეალური გავლენა მოახდინა იმ დღეს (26 ოქტომბერს) კენჭისყრის შედეგზე!
მოდით ახლა დავაკვირდეთ, რა კონსტრუქცია შემოგვთავაზა ოპოზიციამ და ღირსპატივცემულმა „NGO-დივიზიამ“ ამასთან მიმართებაში:
26 ოქტომბერს, ვინმე ამომრჩეველი, რომელსაც თვეების განმავლობაში ოპოზიცია და ოპოზიციური მედია დაჟინებით ეუბნებოდა: ვერავინ ვერასდროს გაიგებს შენ ვის მიეცი ხმაო....მიდის საარჩევნო უბანზე......იქ როდესაც აიღო ხელში ბიულეტენი და მივიდა სპეციალურ მაგიდასთან ხმის მისაცემად.....უცბად დაინახა, რომ მის წინ ვინც მისცა ხმა, ის როცა მიუახლოვდა ელექტრონულ მანქანას და ბიუტელების მასში შეცურება სცადა, ამან...თურმე....5 მეტრის სიშორიდან შენიშნა, რომ „ფლომასტერს გაუჟონავს“, შესაბამისად იქ შესაძლოა ვინმეს დაენახა, მიმხვდარიყო, რომ რაკი ბიულეტენის ზედა ნაწილში გაჟონა ფლომასტერმა, ესე იგი ოპოზიციისტის მიუცია ხმა....ამიტომ ამ ამომრჩეველმა, ვინც მაგიდასთან იდგა და ფლომასტერი ხელში ჰქონდა აღებული, გადაიფიქრა ოპოზიციისთვის ხმის მიცემა, გააფერადა „ოცნება“ და ასე გაფერადებული შეაცურა მანქანაში.
შემდეგ სახლში რომ დაბრუნდა, მეზობელ ქალს დაუკაკუნა და მოუყვა: არ არის კენჭისყრა ფარული, ამიტომ მე კი ვაპირებდი ოპოზიციისთის ხმის მიცემას, მაგრამ რომ შევამჩნიე, შემეშინდა, გადავიფიქრე..... მე ხომ იცი მშიშარა ვარ, ქვეყანაზე კი არა, საკუთარ ოჯახზე და შვილებზე ვფიქრობ.....ამიტომ ავდექი იქვე და ისევ „ოცნებას“ მივეცი ხმა.
შენც გირჩევ ასე მოიქცე, რა იცი რა ხდება.....
ასე იქნებოდა? არ გეჩვენებათ, რომ უბრალდო რთული კონსტრუქცია კი არა ეს „ფლომასტერის გაჟონვა“ სრული გაუგებრობაა თავიდან ბოლომდე?
ოღონდ არა „სათქმელის“, არამედ დე-ფაქტო, On the ground არჩევნების შედეგზე გავლენის თვალსაზრსისით?!
თან მივაქციოთ ყურადღება, რომ იმ დღეს (არჩევნების დღეს) არც ერთი ტელევიზიით არც ერთი სიუჟეტი არ გასულა ამ ყბადარბულ „ფლომასტერზე“ და....... სხვა ამომრჩეველზე, ვინც აპირებდა არჩევნებზე მისვლას „გავლენას“ როგორღა მოახდენდა?
- - - - - - - - - - - - - - - - - - -
„რვეულებიანი ჟუჟუნა დეიდა“ და „კორპუსის მამასახლისი ნოდარი ბიძია“ ანუ „ადმინრესურსი“ და მისი საყრდენი
სველი ზღაპრები ე.წ. „კარუსელებით“ 300 000 ხმის „მოპარვის“ შესახებ განსახილველადაც არ ღირს, რაკი უბანზე რეგისტრაციას ახორციელებდა აპარატი, რომელსაც ოპოზიციის დამკვირვებელი(ც) ედგა თავზე.
ხოლო საღამოს, უბნის დახურვის შემდეგ, ბიულეტენთა შემაჯამებელ ოქმს იგივე ოპოზიციის წარმომადგენელი აწერდა ხელს.
რეალურად, ყველაზე მთავარი გარემოება, რისი წყალობითაც „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო ეს არჩევნები, იყო ადმინისტრაციული რესურსი და პირველ რიგში ამომრჩეველთა მობილიზების, მათი საარჩევნო ყუთთან „მიყვანის“ სისტემა, რომელიც შედგება რამდენიმე კომპონენტისგან:
ჯერ „კარდაკარ გამოკითხვა“ პარტიული აქტივისტების და კარგად ანაზღაურებადი პარტიული თანამშრომლების მიერ კორპუსის მამასახლისი „ნოდარი ბიძიების“ მონაწილეობით და ხელშეწყობით (რასაც კანონი არ კრძალავს);
პირადი მონაცემების, მათ შორის ტელეფონის ნომრების გამორთმევა (რასაც კანონი არ კრძალავს);
არჩევნების დღეს „რვეულებიანი ჟუჟუნა დეიდების“ მიერ მიმსვლელ/არმიმსვლელთა აღრიცხვა, კონტროლი (რასაც კანონი არ კრძალავს);
საარჩევნო დღის განმავლობაში „არმომსვლელთა“ ტელეფონის ნომრებზე რეგულარული რეკვა და ისტერიკების მოწყობა (რასაც კანონი არ კრძალავს);
„კორპუსის და სოფლის მამასახლისი“ „ნოდარი ბიძიების“ მიერ სახლში მისვლა და ბინაზე კაკუნი (რასაც კანონი არ კრძალავს, რაკი იმ მამასახლისს არ ეკრძალება პარტიულობა);
ამ პროცესში არც თუ იშვიათად, განსაკუთრებით რეგიონებში სახელმწიფო ადმინისტრაციების, მუნიციპალიტეტების, ბოლოს ძალისმიერი სტრუქტურების ჩართვა (რასაც კანონი ერთმნიშვნელოვნად კრძალავს (!!!) მაგრამ ძალიან რთული დასამტკიცებელია და ეს ყბადაღებული „ადმინისტრაციული რესურსი“ ვერაფრის დიდებით ვერ იმუშავებდა, რომ არა ის სისტემა (ამომრჩევლის მობილიზაციისა), რასაც კანონი არ კრძალავს.
ამ სისტემას იყენებდა საქართველოში ყველა ხელისუფლება 1995 წლიდან.
იყენებდა ძალიან დიდი წარმატებით.......
ერთადერთი გამონაკლისით: 2012 წელს მან ვერ იმუშავა, იმდენად ძლიერი აღმოჩნდა ხელისუფლების შეცვლის სურვილი და მტკიცე განზრახვა. განსაკუთრებით თბილისში.
ამასთან დაკავშირებით ერთი კითხვა მინდა დავუსვა ძვირფას მკითხველს:
30 წელია ხელისუფლებ(ები) ამ სისტემას იყენებენ მეთქი და....აბა თუ გაიხსენებთ ერთ (თუნდაც ერთ, ერთადერთს მაინც!!) შემთხვევას, ოპოზიციას მისი აკრძაკლვა მოეთხოვოს?!
ვერც ერთ შემთხვევას ვერ გაიხსენებთ.
და რატომ? ცხადია, რომ ადმინისტრაციული რესურსი სწორედ ამ სისტემას ეყრდნობა „დომკრატივით“ ხომ?
მაშ რატომ არ ითხოვდა და არ ითხოვს მის აკრძალვას ოპოზიცია?
არც ერთი ოპოზიცია არც ერთი ხელისუფლების დროს!
რატომ?
იმიტომ, რომ ჯერ ერთი, ძლიერ ოპოზიციურ პარტიებს სინამდვილეში თავადაც ჰყავთ „რვეულებიანი ჟუჟუნა დეიდები“ ...... თავადაც ატარებდნენ „კარდაკარს“ „გივი ბიძიების“ მეშვეობით და რაც მთავარია, „პარტიული ამომრჩევლის მობილიზაციის სისტემა არის იმ გლობალური NGO-სტრუქტურათა დამფინანსებლების პლანეტარული „ფლეიბუკის“ საკვანძო ნაწილი, რისთვისაც ისინი აფინანსებენ NGO სტრუქტურებს მთელს დედამიწაზე.
NED და EED კოლოსალურ (მილიარდობით) დოლარსა და ევროს ხარჯავდნენ მთელს პლანეტაზე მათ შორის საქართველოში პოლიტიკური პარტიების და მათი „კოორდინატორების“ ტრენინგებზე, თუ როგორ ჩაატარონ „კარდაკარი“ და როგორ „მოათრიონ“ ამომრჩეველი არცევნების დღეს საარჩევნო ყუთთან.
ამერიკაში რომ ეს სისტემა მუშაობს...ისეთი უნდა. ტავად ვარ მოწმე.
ასეთ „მსუყე“ ლუკმას კი ქართული ოპოზიცია ან ქართული NGO სექტორი ხელიდან როგორ გაუშვებდა?
მერე კი გამოდიან და ჭიჭყინებენ ეს ენჯეოშნიკები და ენჯეოშნიცები „გააყალბეეეეეეეეეეეეეეეეეს“
სრული პასუხისმგენლობით ვიტყვი:
ათასი კი არა ათი ათასი პროცენტით ვარ დარწმუნებული: რომ არა ეს სისტემა „რვეულებიანი ჟუჟუნა დეიდების“ და „კორპუსის მამასახლისი ნოდარი ბიძიებისა“ (რასაც ეყრდნობა „ადმინრესურსი და მის გარეშე ვერ იმუშავებდა - გ ა მ ო რ ი ც ხ უ ლ ი ა) ბოლო არჩევნებზე ყველა სხვა ფაქტორის არსებობის შემთხვევაშიც კი „ქართული ოცნება მიიღებდა მააააააააააქსიმუმ 43-45%-ს
ანუ ხელისუფლება საქართველოში შ ე ი ც ვ ლ ე ბ ო დ ა!!
- - - - - - - - - - - - - - - - - -
ქართველი ინტროვერტები და ექსტარვერტები
აბა გავიხსენოთ, ყველა არჩევნების წინ რა ფრაზა გვესმოდა ყველაზე ხშირად ოპოზიციურ ნარატივში?
აი ეს ფრაზა, დავაკვირდეთ: „მე არ ვიცნობ ადამიანს, მე არ შემხვედრია ადამიანი, ამ ხელისუფლებას („მოქალაქეთა კავშირს“, „ნაციონალურ მოძრაობას“, „ოცნებას“-დ) ხმას აძლევდეს. და ახლა გვეუბნებიან, თითქოს მან (ხელისუფლებამ) მილიონზე მეტი ხმა მიიღოოოოოოოოოო?! რა სისულელეა, რა სიგიჟეა......დიახ, რა სისულელეა! რა სიგიჟეა!! ამითაც ხომ ცხადია, რა მასშტაბით გაყალბდა არჩევნები - აბა ამათ მომხრეს რომ ვერ შეხვდები საერთოდ, ეს არ არის თავისთავად მტკიცებულება გაყალბების მასშტაბისაააააააა?“
ხსენებული ნარატივი ძალიან მნიშვნელოვანი სოციო-ფსიქოლოგიური ფენომენის „გასიტყვებაა“, ამიტომ მას აუცილებლად უნდა შევეხოთ, თუნდაც მოკლედ
საქმე ის გახლავთ, რომ დიდი პირობითობით თუ ვიტყვით, საქართველოში ხელისუფლების ამომრჩეველი (ესე იგი სტატუს-კვო/ლოიალისტი ამომრჩეველი) უკვე ტრადიციულად ინტროვერტია, ხოლო ოპოზიციის ამომრჩეველი - ექსტრავერტი.
ტერმინების განმარტებას მკითხველს არ ვაკადრებ; უბრალოდ აღვწერ მათ მიერ გამოხატულ ფენომენს:
ოპოზიციის ამომრჩეველი, როგორც წესი, არც ვიწრო წრეში, არც ფართო წრეში არ მალავს....და არათუ არ მალავს, არამედ ღიად, მჭექარედ არტიკულირებს, ფონტანირებს, მანიფესტირებს რომ დ ი ა ხ ა ც - ის ოპოზიციის ამომრჩეველია, რომ სძულს არსებული მთავრობა......
სადმე სუფრაზე (ანუ მიკროსოციუმის ერთ-ერთ სეგმენტში-დ.) ხმამაღლა ლანძღავს ხელისუფლებას, ჩამოთვლის არგუმენტებს, ამაყად აქვს ყელი მოღერებული, რაკი ეს, მისი რწმენით, საამაყოა ზოგადად- საკუთარი პოზიციის ღიად გამოხატვა,
მაგრამ......იმავე „სუფრაზე“ ანუ იმავე მიკროსოციუმში შეიძლება იყონ და არიან ადამიანები, რომლებიც ან ჩუმად სხედან (როგორც ინტროვერტები) ან.....ხშირ შემთხევვაში მათ ეთანხმებიან კიდეც ცალყბად, რაკი საქართველოში ჩამოყალიბდა მახინჯი სისტემა, როდესაც ხელისუფლების მომხრეობა ზოგადად „სირცხვილია“, რაღაცნაირად „უხერხულია“ და ამ სიმახინჯის ჩამოყალიბებას ზუსტადაც ის უწყობს ხელს, რომ ამდენი ხნის განმავლობაში, ქართულ ელიტათა უნიათობის წყალობით ვერა და ვერ მოვახერხეთ ხელისუფლებათა ც ვ ა ლ ე ბ ა დ ო ბ ი ს კეთილშობილი, მაცოცხლებელი ინსტიტუტის ჩამოყალიბება.
ამიტომაც, თუ კერძო ინტერაქციებისას მხოლოდ ღიად გამოხატულ პოზიციებს მიადევნებთ თვალს „მიკროსოციუმებში“, მართლა დაგრჩებათ შთაბეჭდილება, თითქოს ხელისუფელბას მომხრე საერთოდ არ ჰყავს
არადა......სინამდვილეში ასე არ არის:
როდესაც ის ინტროვერტი „სტატუს-კვო/ლოიალისტი“ ამომრჩეველი, (რა პოზიციასაც არ უნდა გამოხატავდეს „სუფრაზე“), ბოლოს და ბოლოს აღმოჩნდება საარჩევნო ბიულეტენთან „ინტიმურ მარტოობაში“, ის სულ სხვა გადაწყვეტილებას მიიღებს მის ხელთ არსებული კალმით.
დემოკრატიებში ასე არ არის. ამერიკელს არასდროს შერცხვება თქვას, რომ „დემოკრატია“ და „დემოკარტების“ მხარდამჭერი; ხოლო „რესპუბლიკელს“ - რომ „რესპუბლიკელია“ და „რესპუბლიკური პარტიის“ მხარდამჭერი.
იმის მიუხედავად, რომელი პარტიაა ხელისუფლებაში.
ამ ჯანსაღ დამოკიდებულებას ქმნის სწორედ ის კეთილშობილი ინსტიტუცია ხელისუფლებათა ცვალებადობისა.
საქართველოში კი „მხარდამჭერი პოზიცია“ აღიქმება არა კონკრეტული პარტიის (თუნდაც მმართველი პარტიის) მომხრეობად არამედ ხ ე ლ ი ს უ ფ ლ ე ბ ი ს მხარდაჭერად, რაც „მოვე ტონია“ და გაბატონებულ სოციო-ფსიქოლოგიურ დომინანტას ეწინააღდმეგება.
ამდენად, როდესაც ოპოზიციის მომხრე (უფრო ზუსტად ხელისუფლების მოწინააღდმეგე) სადმე ინტერაქციისას ანუ მაგალითად სუფრაზე თვალებანთებული, ტუჩებაკანკალებული ამბობს რისხვით: „მე არ ვიცნობ....არ შემხვედრია ადამიანი ამათ (!!) ხმას აძლედეს“....მას ვერც კი გაუბედავ შეპასუხებას და იმის თქმას, რომ ჯერ ერთი „ბაბლი ბაბლია“ და მეორეც, იმ „ბაბლის“ წევრი ბევრი ინტროვერტი სინამდვილეში (მისი გააფთრებული „ტუჩებაკანკალების“ შიშნეულად შემხედვარე), უ მ ა ლ ა ვ ს (!) საკუთარ არჩევანს.
სტატუს-კვო/ლოიალისტი ადამიანი ხომ უმრავლეს შემთხვევაში საბრალო „ობივატელია“, ე შ ი ნ ი ა ცვლილებების და სწორედ ამიტომ ეშინია კონფლიქტისა.
ექსტრავერტს კი კონფლიქტის არ ეშინია, ვინაიდან სოციო-ფსიქოლოგიური დომინანტა მის მხარესაა და ეს ძალიან კარგად იცის - გამოცდილი აქვს სხვადასხვა სიტუაციაში.
ზუუუუუსტად ამით აიხსნება უცნაურობა, რომელიც მოხდა 2024 წლის ექსიტ-პოლზე.
ანუ მოხდა ის, რაც თითქმის არ მომხდარა საქართველოში არასდროს: ყველაზე ავტორიტეტული ბრიტანული და ამერიკული სოციოლოგიური კომპანიების ჩატარებული ექსიტპოლის შედეგი კარდინალურად აცდა საარჩევნო შედეგს.
განცვიფრებულნი იყვნენ და მხრებს იჩეჩდნენ: „ასეთი რამ არასდროს დაგვმართიაო“.
არადა მართლა არ ესმით როგორც ჩანს, რომ ნორმალურ ქვეყნებში, სადაც ისინი ექსიტ-პოლებს ატარებდნენ, არანაირი „სოციო-ფსიქოლოგიური დომინანტა“, არანაირი „ინტროვერტები“ და „ექსტრავერტები“ არ არსებობენ საარჩევნო დისკურსში.
ეს ერთი.
და მეორეც: სრული პასუხისმგებლობით ვიტყვი, რომ საქართველოში 1990 წლის შემდეგ (1995, 1999, 2003...... და ა.შ) არ ჩატარებულა არც ერთი საპარლამენტი არჩევნები, სოციალური პ ო ლ ა რ ი ზ ა ც ი ა ესოდენ მკვეთრი და „ცეცხლოვანი“ ყოფილიყო, როგორც 2024 წელს
და ეს რა თქმა უნდა პირველ რიგში ოპოზიციური ტელე-მედიის დამსახურებაა, რომელიც ძალუმად ფონტანირებდა შესაბამის დამოკიდებულებებს.
რა ეშველებათ საბრალო (ორივე საბრალოა სინამდვილეში-დ.) ქართველ ინტროვერტებსა და ექსტრავერტებს?
ერთადერთი: ხელისუფლებათა საარჩევნო (!) ცვალებადობა, როგორც დემოკრატიული ინსტიტუცია და არა ყოველი არჩევნების შემდეგ ამ ყბადაღებული ფრაზის ვერბალური მულტიპლიცირება: „მე, ძმაო.... მე დაო..... არ შემხვედრია ადამიანი, რომელიც ამათ........აძლევდეს ხმას“
დათო
ისტორიის რიგითი ჯარისკაცი