მარგველაშვილი-ღარიბაშვილი. რა სჯობია ნიუ იორკში ფეხით სიარულს!

მარგველაშვილი-ღარიბაშვილი. რა სჯობია ნიუ იორკში ფეხით სიარულს!

 

თბილისზე რომ უთქვამს ერთ ნიჭიერ კაცს: „ნეტავ შენს ქუჩებში მახეტიალაო“.  იგივე ითქმის ნიუ იორკზეც:  მის სტრიტებსა და ავენიუებზე უაზრო ხეტიალს მართლა არაფერი სჯობია.  თანაც, ყველა ეროვნებისა თუ კულტურის ადამიანისთვის. ამითაა  სწორედ გამორჩეული ეს მართლაც უნიკალური ქალაქი.

42-ე ქუჩიდან რომ ბროდვეიზე ჩაუხვევ, განსაკუთრებით გვიან საღამოს . . .  ან „ემპაიერ სტეიტს“   ჩაუვლი და თავს კეფას მიაბჯენ, რათა ბოლომდე ახედო . . . .  ან „კრაისლერ-ბილდინგის“ ულამაზეს მწვერვალს გახედავ უკანასკნელად, წამოსვლის წინ,  აი „დიდოსტატის მარჯვენას“  კინო-გმირმა რომ გახედა მყინვარწვერს ბოლოჯერ . . . .  ან „ბლუმინგდეილში“ შეხვალ „ისე“, „რამეზე“ . . . .  ჩვეულებრივი „ბიგ - სთორ“ არ გეგონოთ, „ეიჩ ენდ ემ“ - ივით ბანძი: მხოლოდ ექსკლუზივებია ექსკლუზიური მყიდველებისთვის. განსაკუთრებით ქალბატონებისთვისაა გასაგიჟებელი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც სწორედ ეს უთხრა პრეზიდენტ მარგელაშვილს საჯაროდ: „შე გოიმო, როგორც ჩანს ნიუ იორკის ნახვა გინდა, თორემ მე ბევრჯერ მაქვს ნანახი და იქ სამარიაჟოდ კი არა, საქმის გასაკეთებლად მივდივარო“.

სახელმწიფოს მეთაურმა, ერთ-ერთი თანაშემწის პირით, ასე უპასუხა: „ეგება მაინც მომცეთ გაეროში გამოსვლის უფლება - საყოველთაო კენჭისყრით არჩეული პრეზიდენტი ვარ ბოლოს და ბოლოსო“.

თუმცა, დართავენ ნებას თუ არა, წელს უკვე ნებისმიერ შემთხვევაში წავა. თუნდაც „ქალთა როლის შესახებ“ გაეროს ეგიდით გამართულ ფორუმზე დასასწრებად. ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე ვერ გაერკვა ნიუანსებში, „რამსები აერია“ და მოწვევა სწორედ პრეზიდენტს გამოუგზავნა. თუმცა ვილნიუსში საქართველოს საელჩოს, დარწმუნებული ვარ, თბილისიდან ამის თაობაზე მკაცრი ინსტრუქციები ექნებოდა.

ერთი სიტყვით, ამჟამად, შარშანდელისგან განსახვავებით, გიორგი მარგველაშვილს  მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი „მაინც წავიდეს“, რაც არ უნდა იღონოს პრემიერმა. კაცმა რომ თქვას, ხელს ვერც შეუშლიან: აიღებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბილეთებს „ლუფთჰანზას“  რეისზე თბილისი-მიუნჰენი-ნიუ იორკი („პეგასუსით“ არ გაამგზავრებენ იმედია) და ჩავა „მსოფლიოს დედაქალაქში“.

იქ (გაეროში) საქართველოს ელჩია  ცუდ დღეში: დახვდეს თუ არა აეროპორტში? რომელს ემსახუროს საკუთარი ლიმუზინით - პრეზიდენტს თუ პრემიერს? როგორ გადაანაწილოს წარმომადგენლობის მცირერიცხოვანი  პერსონალი ისე, რომ თან ორივეს მოემსახურონ, თან მეტისმეტი არ მოუვიდეთ და პრემიერ-მინისტრი არ განაწყენდეს?

და საერთოდ, როგორ აუხსნას მთელი ეს მარაზმი „ქართული თავისებურებებით“ ადგილობრივი პროტოკოლის მუშაკებს, რომლებსაც, მათი გამობრძმედილობისა და ყოვლისმნახველობის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, მსგავსი არაფერი ახსოვთ მას შემდეგ, რაც აფრიკელი კაციჭამია ბოკასა ეწვია ნიუ იორკს ან აწ განსვენებული მუამარ კადაფი ჩაბრძანდა  და გაეროს შტაბ-ბინის ეზოში არაბულ-ბედუინური კარავი გაშალა ფრანგული წარმოების ბიო ტუალეტით.

 ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, გაეროს გენასამბლეის დროს ერთი ქვეყნიდან ორი სხვადასხვა დელეგაცია ჩასულიყო. პოლონეთის პრეზიდენტი და პრემიერი (იქაც ასეთი საკონსტიტუციო სისტემაა, - ჩვენი მსგავსი) კი ჩაფრენილან სხვადასხვა ღონისძიებაზე დასასწრებად, მაგრამ ერთი თვითმფრინავით და, რაც მთავარია,  ერთი დელეგაციით!

საქართველოს შემთხვევაში კი ესეც გამოირიცხა: ამ ჩვენი მძვინვარე „ეთნოფსიქოლოგიის“  გათვალისწინებით ხომ, გადამწყვეტი მნიშვნელობა იმას აქვს, ვინ ვის უკან იჯდება. ვის რომელ სართულზე ექნება კაბინეტი, ვინ გახსნის ოლიმპიადას, ვინ უბრალო მაყურებლად დარჩება სტადიონზე და ა.შ და ა.შ. ეს უფრო მნივნელოვანია კონკრეტული „სფიჩის“ შინაარსზე და, კაცმა რომ თქვას, ამაში პრემიერ-მინისტრი არ ცდება, რადგან კონსტიტუციურ დებულებებზე ბევრად უფრო არსებითი და განსმსაზღვრელი მართლაც ისაა (აქ, ამ ქვეყანაში!) რას ხედავს და რას როგორ აღიქვამს ქართველი ბიუროკრატი: თუ ის ხედავს, რომ ოლიპიადას პრეზიდენტი ხსნის და არა პრემიერი, რომ გაეროში პრეზიდენტი გამოდის და არა პრემიერი, მაშინ, რაც არ უნდა ეწეროს კონსტიტუციაში, იგი მთავრობის მეთაურს უკვე აღარ აღიქვავს „მთავრად“ და „პირველ კაცად“. ყოველ შემთხვევაში, ეჭვი შეეპარება და თუ ეჭვი შეეპარება, კრიტიკულ შემთხვევაშიც ორჭოფობას დაიწყებს.

მთელი ეს მარაზმი (დარწმუნებით შეიძლება ითქვას) არის შედეგი ამჟამინდელი, „მოდერნიზებული კონსტიტუციის“ ავტორთა ავანტიურისტული მცდელობისა, დალოცვილ „ქართულ ნიადაგზე“ დაემყნოთ დე გოლის „მეხუთე რესპუბლიკის“ კონსტიტუციით განსაზღვრული ე.წ. „ფრანგული მოდელი“ ხელისუფლებათა გამიჯვნისა, როდესაც საყოველთაოდ არჩეული პრეზიდენტი და პარლამენტის მიერ დამტკიცებული პრემიერი ძალაუფლების ორ სხვადასხვა ცენტრს ქმნიან და ამით ერთმანეთს აწონასწორებენ.

როგორც ჩანს, ამ ჭკუისკოლოფებს ეგონათ, ასეთივე „გამიჯვნა“  საქართველოში პლურალიზმსა და  ძალთა წონასწორობას შეუწყობდა ხელს, „რაკი ამგვარი შეწონასწორება სხვა მეთოდებით ვერ შეიქმნა და ყველა წინა რეჟიმი ავტორიტარიზმისკენ გადაიხარაო“.

ანუ, დარწმუნებით შეიძლება ითქვს: მოქმედი კონსტიტუციის ავტორებმა სპეციალურად ჩადეს მასში ისეთი  მექანიზმები, პრეზიდენტი და პრემიერი ძაღლი-კატასავით ყოფილიყვნენ.  ოღონდ  შედეგად მივიღეთ არა გაწონასწორება-შეკავების სისტემა, არამედ (ისევ და ისევ) სრული მარაზმი, როდესაც სახელმწიფოს მეთაურსა და მთავრობის მეთაურს ელემენტარულ საკითხებზე არ შეუძლიათ შეთანხმება.

არ შეუძლიათ, რადგან ქვეყნისა და საზოგადოების ზოგადი პოლიტიკური კულტურა არ იძლევა ამის საშუალებას!  თორემ ირაკლი ღარიბაშვილის ზემოთხსენებული მოსაზრება (ბიუროკრატიის თვალში აუცილებელი „პირველ-კაცობის“ შესახებ) „რეზონს“ მოკლებული სულაც არაა: ეს ხომ ის ქვეყანაა, სადაც გადამდგარი პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტს სამკვდრო-სასიცოცხლოდ იმის გამო დაუპირისპირდა და სამოქალაქო ომი იმიტომ გააჩაღა, რომ სუფრაზე მიწვევამდე სახელმწიფოს მეთაურის უმცროსმა ვაჟმა ხუმრობით პანღური ამოჰკრა, - პირველი ლედის მოურიდებლად დამცინავი ხითხითის აკომპანიმენტით.

ასეთ სამხეცეში რომელ გაწონასწორება-შეკავებაზეა საერთოდ ლაპარაკი? „თუ არ მიაჩვევ, არ ასწავლი,  ვერც ვერასდროს შეეჩვევა და ვერ ისწავლისო“. ჰოდა, ამ „მიჩვევა-სწავლების“ პროცესში ეს ჩვენი უდღეური სახელმწიფო შესაძლოა საერთოდ დაიქვეს!

ამიტომ, ჩვეულებრივი ქართული მარაზმი ასევე ჩვეულებრივ ქართულ სამოქალაქო ომში (ესე იგი მორიგ კატასტროფაში) რომ არ გადაიზარდოს, სასწრაფოდ შესაცვლელია კონსტიტუცია, - პრეზიდენტი უნდა აირჩიოს პარლამენტმა და მას უნდა ჰქონდეს ისეთივე  წმინდად სიმბოლური ფუნქცია, როგორც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს, რომელიც ყოველდღიურად გულმოდგინედ ვარჯიშობს ხელის ჩამორთმევის ხელოვნებაში, რაკი სხვა საქმე მაინც არა აქვს. ან ისევ ძველ, „ყოვლისშემძლე პრეზიდენტის“ მოდელს დავუბრუნდეთ, თუმცა ეს უკვე იყო და სიკეთე ნამდვილად არ მოიტანა.

ეგება კიდევ ახალი ვცადოთ რამე, თორემ მართლა გულისამრევი ხდება ეს ყოველივე.

2015