განხეთქილება «ეროვნულ-დემოკრატიულ» პარტიაში?

განხეთქილება «ეროვნულ-დემოკრატიულ» პარტიაში?

  
   

    არაერთგზის აღნიშნულა, რომ პარტიული სისტემა საქართველოში ჩამოყალიბების სტადიაშია და რეალურად, ჩვენს ქვეყანაში სულ რამოდენიმე ნამდვილი პარტიაა. როდესაც ამბობენ «ნამდვილი პარტია», გულისხმობენ უპირველეს ყოვლისა სწორედ «ეროვნულ-დემოკრატებს» და, ამავე დროს, მიჯნავენ მათ ე.წ. «ჯუჯა პარტიებისაგან», რომლებიც ჭეშმარიტი პოლიტიკური ორგანიზაციის არც ერთ პირობას არ აკმაყოფილებენ.
    ფაქტობრივად, გიორგი ჭანტურიამ მძლავრი და მკაცრად სტრუქტურიზებული პარტია შექმნა თითქმის «შიშველ ადგილას». სწორედ ამიტომ, ამ პარტიის შექმნა და არსებობა უფრო დიდი და სერიოზული მოვლენაა ვიდრე, ვთქვათ, «მოქალაქეთა კავშირისა», ვინაიდან ეს უკანასკნელი ადრე არსებული ცნობილი სოციალური სტრუქტურის ბაზაზე იქმნება. ამ თვალსაზრისით, «ეროვნულ-დემოკრატებს» ვერ შეედრებიან ვერც «რესპუბლიკელები» (რომელთა მსოფლმხედველობრივი ეკლექტიზმი ბოლო დროს თვალში საცემი გახდა) და ვერც ერთი სხვა პარტია.

    ამრიგად, «ეროვნულ-დემოკრატიული» პარტია საქართველოში ნამდვილად განსაკუთრებული მოვლენაა. სამწუხაროდ, გიორგი ჭანტურიას მკვლელობის შემდეგ პარტიას გაუჭირდა «შოკური» მდგომარეობიდან გამოსვლა; გაჩნდა მეტად საშიში სიმპტომები, რაზეც უკვე საუბრობენ საზოგადოებაში; როგორც ჩანს, გია ჭანტურიას მკვლელობის ორგანიზატორებმა ზუსტად გათვალეს ის აუცილებელი შედეგები, რასაც გიორგი ჭანტურიას ფიზიკური განადგურება გამოიწვევდა. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ლიდერი იყო როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური თვალსაზრისით - მისი ავტორიტეტის ურყევობა და ეჭვმიუტანლობა «კრავდა» პარტიას მსოფლმხედველობრივი და ორგანიზაციული თვალსაზრისით.
    ამგვარი «გულანის» ამოცლის შემდეგ, პარტიაში, როგორც ჩანს, დაიწყო რყევა და შინაგანი დესტაბილიზაციის პროცესები. თავად «ეროვნულ-დემოკრატები» ყოველგვარ ხმებს რაიმე განხეთქილების თაობაზე კატეგორიულად უარყოფენ, მაგრამ ფაქტები მაინც სხვას მეტყველებენ. . . .
    როგორც ცნობილია, წესდების თანახმად, პარტიის თავმჯდომარეს ირჩევს პარტიის ყრილობა. 3 დეკემბერს, სწორედ პარტიის მორიგი ყრილობის პერიოდში მოხდა გიორგი ჭანტურიას იდუმალებით მოსილი მკვლელობა. პარტიის წევრებმა გადაწყვიტეს შემდეგ ყრილობამდე არ განეხილათ თავმჯდომარის საკითხი - გიორგი ჭანტურია სიმბოლურად კვლავაც ითვლება პარტიის თავმჯდომარედ, შემდეგ თავმჯდომარეს კი ყრილობა აირჩევს დაახლოებით 1995 წლის დეკემბერში.
    ირინა სარიშვილმა - ჭანტურიამ პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა: «გიორგი ჭანტურიას საქმეს გააგრძელებს მისი ცოლი». ქ-ნ ირინას მაღალი რეიტინგი როგორც პარტიაში, ასევე საზოგადოებაში არავითარ ეჭვს არ იწვევს. ამდენად მისი გადაწყვეტილება, კენჭი იყაროს პარტიის თავმჯდომარის პოსტზე - სავსებით ბუნებრივია და ეს არც არავითარ კითხვებს არ გამოიწვევდა, რომ არა ქალბატონ ირინას მეორე, საკმაოდ უცნაური განცხადება, რომელიც მან ჟურნალისტ ვალერი კვარაცხელიასთან პირისპირ საუბარში გააკეთა. კერძოდ, მან ბრძანა: «გადაწყვეტილი მაქვს კენჭი ვიყარო პარტიის თავმჯდომარის პოსტზე; რაც შეეხება კონკურენტებს - რეალურ კონკურენტებზე საუბარი არ არის».
    ვიმეორებ, რომ ეს განცხადება (ყოველ შემთხვევაში საზოგადოების ნაწილისათვის) გაუგებარია, ვინაიდან საყოველთაოდ ცნობილია როგორც მინიმუმ ერთი რეალური კონკურენტის (მამუკა გიორგაძის) არსებობა. უფრო მეტიც: მრავალი დამკვირვებლის აზრით, მამუკა გიორგაძე (პარტიის პოლიტიკური მდივანი), ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრთა საერთო მენტალიტეტიდან გამომდინარე, შესაძლოა უფრო მეტად მისაღები კანდიდატურაც კი იყოს. ამავე დროს, თავად გიორგაძეს ჯერჯერობით არავითარი განცხადება მომავალ კენჭისყრაში მონაწილეობის ან არმონაწილეობის თაობაზე არ გაუკეთებია. გარდა ამისა, განცვიფრებას იწვევს ის ფაქტი, რომ ირინა სარიშვილი-ჭანტურია დემონსტრაციულად არ მონაწილეობს საპარლამენტო სხდომებზე უმნიშვნელოვანესი პრობლემების განხილვაში მაშინ, როდესაც 4 ივლისს, ცნობილი დადგენილების მიღება სწორედ ფრაქცია «ეროვნულ-დემოკრატმა» უზრუნველყო. ხოლო მამუკა გიორგაძემ (ფრაქციის თავმჯდომარემ) ერთმნიშვნელოვნად განაცხადა: პარტია მზად არის კომპრომისისათვის, თუ სახელმწიფოს მეთაურის მხრიდან იქნება რეალური გარანტიები მომავალ კონსტიტუციაში დემოკრატიული ნორმების ასახვასთან დაკავშირებით.
    შევარდნაძის რეაქციამ არ დააყოვნა. გაზეთ «მოქალაქისათვის» მიცემულ ინტერვიუში მან დაუფარავად ისაუბრა «ჯენტლმენური შეთანხმების» შესაძლებლობაზე უპირველეს ყოვლისა, სწორედ ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიასთან.
    ამავე დროს, ქ-ნმა ირინამ «ამერიკის ხმისათვის» მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ვერავითარ სხვაობას ვერ ხედავს დღევანდელ ხელისუფლებასა და ექსპრეზიდენტის ხელისუფლებას შორის. ეს მეტად სერიოზული განცხადებაა - თუ გავითვალისწინებთ უახლესი წარსულის გამოცდილებას.

    ყოველი ცნობა «ეროვნულ-დემოკრატიულ» პარტიაში უთანხმოების თაობაზე პარტიის წევრთა გაღიზიანებას იწვევს. მაგრამ ჩვენი, როგორც ჟურნალისტების უფლებაა, საჯაროდ ვიმსჯელოთ იმ საკითხებზე, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს. მათი უფლებაა - უარყონ ჩვენი დასკვნები.

«მიმომხილველი», 3 აგვისტო, 1995 წელი.