კვირის მიმოხილვა: ტერაქტი, როგორც ლაკმუსის ქაღალდი

კვირის მიმოხილვა: ტერაქტი, როგორც ლაკმუსის ქაღალდი

ტერაქტი, როგორც ლაკმუსის ქაღალდი

        არშემდგარმა ტერორისტულმა აქტმა მაინც გამოამჟღავნა ის შინაგანი პროცესები, რომლებიც განვითარდებოდნენ ტერაქტის განხორციელების შემთხვევაში.
        აქ უკვე შეიძლება ვისაუბროთ ვითარების მოდელირებაზე. ეს მით უფრო საინტერესოა, რაც უფრო მაღალია ანალოგიურ პროვოკაციათა ალბათობა მომავალში. ამის გამორიცხვა კი ნამდვილად არ შეიძლება.
        აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება იმ გარემო - პირობებს (უპირველესად, საერთაშორისო თვალსაზრისით), როდესაც ეს ყოველივე ხდებოდა.
        რამდენიმე დღის წინ, ერთი ცნობილი რუსი პუბლიცისტი წერდა «ნეზავისიმაია გაზეტაში». «ვითარება, როდესაც დასავლეთი ჩაეფლო იუგოსლავიის კონფლიქტში, უაღრესად ხელსაყრელია რუსეთისათვის, რათა გამოვიყენოთ ვითარება ჩვენი პოზიციების განსამტკიცებლად დსთ-ს წევრ-სახელმწიფოებში და პრობლემები შევუქმენით რუსეთისადმი არალოიალურ რეჟიმებს, რომელთა დასაცავად დასავლეთს ამჟამად არ სცალია».
        რასაკვირველია, დასავლეთი ბალკანეთში იმდენად რთულ პრობლემას შეეჭიდა, რომ სხვა მიმართულებით (ვთქვათ, კავკასიაში) კონცენტრირებული ძალისხმევისათვის ნამდვილად არ ეცლებოდა. ამიტომ, მოსკოვის სპეცსამსახურებმა ეს დრო ხელსაყრელად მიიჩნიეს თავისი «დაკონსერვებული რეზიდენტურის» ასამოქმედებლად.
        საეჭვოა, მათი მიზანი საბოლოოდ ხელისუფლების დამხობა ყოფილიყო - იმ ძალებით, რაც მათ გააჩნდათ (თუნდაც გენერალ ყურაშვილის ფაქტორის გათვალისწინებით), ამას ნამდვილად ვერ მოახერხებდნენ, სამაგიეროდ, კიდევ ერთხელ დააფიქსირებდნენ საქართველოში არსებულ არასტაბილურ ვითარებას და ხელისუფლების სისუსტეს. ხოლო თუ უფრო მეტი «გამოდნებოდა» - ხომ მით უკეთესი მათთვის.
        ჯერჯერობით დაპატიმრებულია ათი პიროვნება, რომელთა მოტივი ეჭვს არ იწვევს, ანუ მათი განწყობა ხელისუფლების მიმართ, სულ ცოტა, არ ყოფილა არამოტივირებული.
        ყველა მათგანი იგორ გიორგაძის ყოფილი თანამებრძოლია უშიშროების სამინისტროსა თუ სპეცდანიშნულების რაზმებში.
        «უშიშროება» კი მათი პერსონებით (ისევე, როგორც გუჯარ ყურაშვილის პიროვნებით) დაინტერესდა უეჭველად იმ მიზეზით, რომ რეგულარული კონტაქტები ჰქონოდათ არა მხოლოდ იგორ გიორგაძესთან, არამედ რუსული ანტიქართული ისტებლიშმენტის სხვა წევრებთან.
        აქ ძალზე სერიოზულ როლს შეასრულებდა უეჭველად ის ფსიქოლოგიური ფენომენი, რომელზეც არაერთხელ გვითქვამს: «რუსული სპეცსამსახურების ყოვლისშემძლეობის» რწმენა, ისევე, როგორც თვით რუსეთისა - საშუალებას აძლევს იმავე სპეცსამსახურებს, ადვილად და თამამად აამოქმედონ თავისი «გავლენის აგენტურა», რომელიც ამ ფსიქოლოგიური ფენომენის გამო იმთავითვე დარწმუნებულია წარმატებასა და დაუსჯელობაში. კიდევ კარგი, ამჯერად საქართველოს სპეცსამსახურებმა პროფესიულად იმუშავეს და ამ სტერეოტიპს საკმაოდ სერიოზული დარტყმა მიაყენეს.
        ყველაზე საინტერესო მომენტი კი ის იდეოლოგიური ფონია, რომელზეც მოვლენები განვითარდა. რუსულმა პოლიტიკამ ძალიან ჭკვიანური და მიზანმიმართული პოლიტიკით შეძლო ჩამოეყალიბებინა საქართველოში ისეთი აზრი თუ განწყობა, რომ «ყველა ჩვენი უბედურება რუსეთისადმი არალოიალური დამოკიდებულებიდან მომდინარეობს»; ანუ, თუ შეიცვლება (ნებისმიერი ხერხით) ხელისუფლება და, შესაბამისად, შეიცვლება პოლიტიკა (უპირველესად, საგარეო პოლიტიკა) – რუსეთიც უმალვე შეიცვლის დამოკიდებულებას, ხოლო მისი სურვილი სავსებით საკმარისია (ვთქვათ), აფხაზეთის პრობლემის იოლად გადასაწყვეტად.
        ამ ძირშივე მცდარი (მეტი რომ არ ვთქვათ) დებულების ყველაზე აქტიური და იმავდროულად გულწრფელი ადეპტია პარლამენტის ყოფილი სპიკერი ვახტანგ გოგუაძე;
        არადა, სინამდვილეში ასე მარტივად ნამდვილად არ არის საქმე. რუსეთი დღეს ისეთ მდგომარეობაშია, მას აღარ ძალუძს პროცესების მართვა კავკასიაში სასურველი მიმართულებით. ერთადერთი, რაც კიდევ შეუძლია, დესტაბილიზაციის პროვოცირებაა, მაგრამ რაიმე მყარი კონსტრუქციის შესაქმნელად ან აღსადგენად არც სახსრები გააჩნია, არც ქმედითი ბერკეტები და არც საკუთრივ ხელისუფლების კონსოლიდირებულობის აუცილებელი პირობა აქვს.
        ნუთუ ჭკუათმყოფელი ადამიანი დაიჯერებს, რომ მოსკოვს, სადაც როგორც იტყვიან, «ძაღლი პატრონს ვეღარ ცნობს», ხოლო ისტებლიშმენტი ძალაუფლებისა და ქონების გაუთავებელი გადანაწილებით არის გართული, - შესწევს უნარი, საქართველოს მხრიდან ნებისმიერი დათმობის ფასად აღადგინოს ურთულესი (მის მიერვე ადრე შეკოწიწებული) კონსტრუქცია, რომელიც აფხაზეთში ომამდე არსებობდა?!
        ეს გამორიცხულია, - სურვილის შემთხვევაშიც კი.
        თანაც, რატომ აიტკივებენ აუტკივარ თავს, - რატომ შეიქმნიან დამატებით პრობლემებს აფხაზეთის ტრადიციულად გულშემატკივარ ჩრდილოეთ კავკასიაში მაშინ, როდესაც, საქართველოს პრობლემა შეიძლება გაცილებით იოლად გადაწყვიტონ – უბრალოდ, მოახდინონ ახალი მაშსტაბური დაპირისპირების, სამოქალაქო ომის, ქაოსის პროვოცირება. საკუთრივ შედეგი ხომ იგივე იქნება? – საქართველოს აღარ შეეძლება გააზრებული პოლიტიკის გატარება რეგიონში (საკომუნიკაციო პროექტებთან დაკავშირებით) და იძულებული იქნება დასავლეთთანაც შეწყვიტოს კონტაქტები. ყოველ შემთხვევაში, დასავლური სახელმწიფოები უარს იტყვიან ასეთ ქვეყანასთან (ნახევრადსახელმწიფოსთან თუ ფსევდოსახელმწიფოსთან) თანამშრომლობაზე.
        მიუხედავად ამისა, ქართველ საზოგადო მოღვაწეთა მნიშვნელოვან ნაწილს ვერაფრით შეასმენ, რომ ზემოთმოყვანილი დებულება მცდარია და ყალბი. არადა, ვიდრე იგი არსებობს, - იარსებებს ნოყიერი ნიადაგიც ყოველგვარი პროვოკაციისათვის.
        ისევე, როგორც 1995 წლის 29 აგვისტოს ტერაქტის შემსრულებელსა თუ ორგანიზატორებს არაფერი ამოძრავებდათ, პირადი მოტივების გარდა, ასევე საეჭვოა სხვა მოტივი ჰქონოდათ ამჟამინდელი შეთქმულების მონაწილეებს, რომლებმაც თანამდებობები დაკარგეს და «თამაშგარეთ აღმოჩნდნენ», მაგრამ ორივე შემთხვევაში იდეოლოგიური «საფარი» სწორედ ხსენებული ძირშივე მცდარი სტერეოტიპია.
        ამიტომ, რამდენიც უნდა იძახონ «პრორუსული ორიენტაციის» ადეპტებმა, თითქოს მათ არავითარი (თუნდაც, ირიბი) კავშირი არ აქვთ ამგვარ პროვოკაციებთან, სინამდვილეში სწორედ ისინი ქმნიან ნოყიერ იდეოლოგიურ ნიადაგს პროვოკატორთათვის, რომლებმაც, მაგალითად, ზუსტად გათვალეს (ან კი რა გათვლა უნდოდა?), რომ 29 აგვისტოს ტერაქტის წარმატებისას ტელევიზიას მიაწყდებოდა გულდათუთქულ მოღვაწე-ინტელიგენტთა მთელი არმია, რომელიც ცრემლებს კი დაღვრიდა, მაგრამ ყველაფერს, ისევ და ისევ, «არასწორი ორიენტაციით» ახსნიდა.

ბორის კაკუბავა – ქართული ეროვნული მოძრაობის თანამედროვე სახე

        რამდენიმე დღის წინ «ილია ჭავჭავაძის საზოგადოების» ყოფილმა აქტიურმა წევრმა, ბორის კაკუბავამ განსაცვიფრებელი რამ განაცხადა ინტერვიუში. მისი თქმით, ქართველი ერი უნდა ემადლიერებოდეს ბოლშევიკებს, რომლებმაც შექმნეს საქართველო, ხოლო ის, რაც ამჟამად გვაქვს, ბოლშევიკთა დანატოვარის მხოლოდ ნარჩენია. ბოლშევიკებამდე კი, კაკუბავას თქმით, საქართველო იყო «ონი-ხონი-ზესტაფონი» და სხვა არაფერი.
        ამას რომ მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის რომელიმე ყოფილი თანამშრომელი ამბობდეს, გასაკვირი ნამდვილად არ იქნებოდა, მაგრამ ბორის კაკუბავა ხომ ლამის ქართული ეროვნული მოძრაობის სათავეებთან იდგა? ყოველ შემთხვევაში, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოლიტპატიმარი იყო, რომლის გათავისუფლებისთვის (ოდნავი გადაჭარბებით) მთელი დემოკრატიული მსოფლიო ზრუნავდა რონალდ რეიგანიდან - ფრანსუა მიტერანამდე!
        ზოგიერთი ცნობით, ამერიკის პრეზიდენტის მიერ საბჭოთა ხელმძღვანელობისთვის გადაცემულ პოლიტპატიმართა სიაში (80-იან წლების შუა ხანებში) კაკუბავას გვარიც ფიგურირებდა.
        ყველაზე ადვილი იქნებოდა, ბორის კაკუბავას ამჟამინდელი პოზიცია მისი «აგენტობით» აიხსნას. დარწმუნებული ვარ, სწორედ ასეთ ახსნას მოუძებნიან კაკუბავას პოზიციას ყოფილი თანამებრძოლები. აქაოდა, კაკუბავა «გრუ»-ს აგენტი იყო ყოველთვის» და თავი მხოლოდ ამჟამად გაამჟღავნაო.
        არადა, სინამდვილეში, ასე მარტივად არ არის საქმე.
        საეჭვოა, კაკუბავა აგენტი იყოს. უფრო მეტიც, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ არავითარი «აგენტი» იგი არ არის. სინამდვილეში ბორის კაკუბავას ამჟამინდელი პოზიცია ქართული ეროვნული მოძრაობის დეგრადაციისა და სრული კრახის გამოვლენაა. უბედურება ის არის, რომ კაკუბავა დღეს იმდენადვე გულწრფელია, რამდენადაც გულწრფელი იყო 1988-89 წლებში.
        რაც მთავარია, კაკუბავა მხოლოდ საკუთარ აზრს არ გამოხატავს - იგი გამოთქვამს იმ ათეულობით ათასი გამწარებული ლტოლვილის გულისთქმას, რომლებიც თავ-ბედს იწყევლიან: რატომ დროულად არ მივხვდით, რასთან გვქონდა საქმე და თავი რატომ დავიღუპეთო. ამ საკითხს ეს «მოძრაობა» ვერ გაექცევა: 80-იანი წლების აღტკინება შეიცვალა სრული ნიჰილიზმითა და გულაცრუებით.
        თვით ბორის კაკუბავა კი მხოლოდ განსახიერებაა ამ საზარელი ტრაგედიისა.
        ნებისმიერი სამართლიანი საყვედური მის მიმართ ელემენტარული უაზრობა იქნებოდა.
        ბორის კაკუბავა (ვიმეორებ) არის იმ უღრმესი კრიზისის გამოხატულება, რომელშიც 1988 წელს დაწყებული მოძრაობა აღმოჩნდა XX საუკუნის მიწურულს.

არძინბა საერთაშორისო მხარდაჭერას ეძებს

        ძალაუნებურად შეგშურდება ის აქტიურობა, რომელსაც აფხაზი სეპარატისტები ამჟღავნებენ საერთაშორისო ასპარეზზე თავიანთი პოზიციების დასაცავად. უპირველესად, ინფორმაციული თვალსაზრისით.
        ინტერნეტში უკვე არსებობს შესაბამისი გვერდი, რომელშიც აფხაზეთის ისტორია, რა თქმა უნდა, არძინბას პოზიციებიდან არის შეფასებული და აღწერილი; დასავლეთის ყველა ქვეყანაში აქტიურობენ არძინბას წარმომადგენლები (მერე რა, რომ ოფიციალურად ელჩები არ ჰქვიათ), რომლებიც მუდმივად მიზანდასახულად ამზადებენ საზოგადოებრივ აზრს «დამოუკიდებელი აფხაზეთის» სასარგებლოდ.
        არსებობს ინფორმაცია, რომ არძინბას სპეციალური ემისარი რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა ლათინურ ამერიკაში, მოიარა პარაგვაი, კოლუმბია, ჩილე, სხვა შედარებით პატარა ქვეყნები და ცდილობდა, ოფიციალური პირები დაერწმუნებინა, ეღიარებინათ აფხაზეთის დამოუკიდებლობა; რაც, თითქოსდა, არავითარ გართულებას არ გამოიწვევს, ვინაიდან საქართველოს უმძიმესი შიდაპრობლემები აქვს და აფხაზეთისთვის ვითომდაც სულაც არ სცალია.
        სხვათა შორის, უნდა ვაღიაროთ, რომ ამგვარი საშიშროება ნამდვილად არსებობს - «დე ფაქტო», ადრე თუ გვიან, აუცილებლად გადაიქცევა «დე იურედ», ანუ საერთაშორისო სამართალში გაჩნდება ფაქტობრივად არსებულის იურიდიულად აღიარების ტენდენცია. არძინბამ ეს შესანიშნავად უწყის; ამიტომ ცდილობს, თავდაპირველად კონტაქტები დაამყაროს ისეთ შორეულ ქვეყნებთან, რომლებისთვისაც სადღაც, ცხრა მთასა და ზღვას იქით არსებული აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.
        ყოველ შემთხვევაში, საქართველო საპასუხოდ, მათ საწინააღმდეგოდ, ვერაფერს გააწყობს.
        ასეთი ვითარების შექმნას ხელს უწყობს ის ძალზე საშიში და სარისკო მოლაპარაკება, რომელსაც პერმანენტულად ვაწარმოებთ სეპარატისტებთან მთელი მსოფლიოს თვალწინ.
        ამგვარი მოლაპარაკება (მორიგი რაუნდი სტამბულში გაიმართება), თუ იგი უშედეგოა, საერთაშორისო საზოგადოებრიობის თვალწინ აფიქსირებს მხარეთა თანასწორსუბიექტურობას.
        არძინბას თავდაპირველად სხვა მიზანი თუ მოტივი არც ჰქონია - ყველა მოლაპარაკება ჟენევაში, მოსკოვში, ნიუ-იორკში, ათენში თუ ნებისმიერ სხვა ქალაქში მისთვის იყო საშუალება, საქართველოსგან გამიჯვნა დაედასტურებინა მსოფლიო თანამეგობრობის თვალში, ანუ ის (მისთვის უდავო) ფაქტი, რომ საქართველო სხვაა და აფხაზეთი – სხვა.
        სწორედ ამ რეალობის დაფიქსირება არ სურს აზერბაიჯანს და ამიტომაც არ მართავს პირდაპირ მოლაპარაკებას ეგრეთ წოდებულ «მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკასთან».
        თქვენ წარმოიდგინეთ, ამ რეალობის დაფიქსირებისა თვით ვეებერთელა რუსეთსაც კი ეშინია, ამიტომ, მოსკოვმა კარგა ხანია შეწყვიტა მოლაპარაკება ჩეჩნებთან «ხელშეკრულების თაობაზე», რაკი მიხვდა, რომ გროზნოს მხოლოდ საკუთარი ლეგიტიმურობის დადასტურება სურდა.
        კონტაქტები რუსეთისა და ჩეჩნეთის წარმომადგენლებს შორის უკვე ეპიზოდურია. თანაც, შეხვედრა არასდროს გამართულა მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე და არცერთხელ (1998 წლის შემდეგ) არ გაფორმებულა, როგორც «ოფიციალური მოლაპარაკება»
        მოლდოვა რომ მოლდოვაა, ისიც კი ერიდება დნესტრისპირეთთან მოლაპარაკებას ისეთი ფორმატით, როგორითაც ჩვენ ვაწარმოებთ დიალოგს აფხაზეთთან.
        ამ ფორმატით მოლაპარაკებების გაგრძელება უბრალოდ საშიშია – ამან შეიძლება უაღრესად ნეგატიური შედეგი გამოიღოს. ამიტომ, დღევანდელ ვითარებაში უმჯობესი იქნებოდა, მოლაპარაკება კონკრეტულ, ორმხრივად საინტერესო საკითხებზე, რაც შეიძლება «დაბალ დონეზე», ხოლო სტრატეგიული კომპრომისის შემცველი დოკუმენტიც (თუ ასეთი კომპრომისი გარდაუვალია), სჯობს, ალბათ, იმავე დონეზე მომზადდეს არძინბას ხელისუფლების ირიბი ლეგიტიმაციის გარეშე.
        ამ შემთხვევაში, კომპრომისის სივრცე საერთაშორისო სამართლის სუბიექტ საქართველოსთვის გაცილებით უფრო ფართო იქნება, ვიდრე სეპარატისტული აფხაზეთისთვის.
        მოლაპარაკებათა ასეთი ფორმატით გაგრძელებით კი ჩვენ თავად ვიგდებთ თავს წამგებიან მდგომარეობაში. სტამბულის, ათენის ან ვაშინგტონის შეხვედრას მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს აზრი, თუ იგი პროცესის ფინალი იქნება, რომლის დროსაც ორივე მხარისთვის მეტ-ნაკლებად მისაღები კომპრომისი დაფიქსირდება.

დილის გაზეთი, 31 მაისი, 1999 წელი