ცხინვალის ბარიერი

ცხინვალის ბარიერი

           
       

        გასულ კვირას საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც დიდი წარმატებით «გახსნა აჭარის კვანძი», კიდევ ერთი სტრატეგიული პრობლემის «კვანძის გახსნას» შეუდგა.
        სირთულის ხარისხის მიხედვით, შემდეგი, რა თქმა უნდა, სამხრეთ ოსეთის პრობლემა უნდა ყოფილიყო და ამგვარი პროგნოზირებადობა სწორედ იმას მეტყველბს, რომ ხელისუფლება ამ შემთხვევაში მოქმედებს არა იმპულსურად, არამედ გეგმაზომიერად და სათანადო ტექნოლოგიის დაცვით. უფრო მეტიც _ საკმაოდ რეალისტურად ანუ «შესაძლებლის» გათვალისწინებით არა მხოლოდ ტაქტიკური თვალსაზრისით, არამედ სტრატეგიული გადაწყვეტის მხრივაც. ამასვე ადასტურებს, თუნდაც, პრეზიდენტ სააკაშვილის სენსაციური განცხადება საქართველოს შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრივი სტატუსის შესაძლო აღიარების შესახებ (შეგახსენებთ, რომ წინა ხელსიუფლება ავტონომიაზე და თვით სახელწოდებაზე («სამხრეთ ოსეთი») ღია მსჯელობასაც კ ვერ ბედავდა), რაც შემდგომ განავრცო სახელმწიფო მინისტრმა გოგა ხაინდრავამ. მისი თქმით, «საქართველო მზად არის, სამხრეთელ ოსებს მიაკუთვნოს სუვერენიტეტის იგივე ხარისხი, რაც ჩრდილოელ ოსებს აქვთ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში».
        ეს განცხადებები იმას ნიშნავს, რომ თბილისმა დაისახა რეალური მიზანი (არა ოსი სეპარატისტების, არამედ საქართველო-რუსეთის შესაძლო კომპრომისის გათვალისწინებით) და ყველა ტაქტიკურ ღონისძიებას ახორციელებს სწორედ ამ მიზნის მისაღწევად. პოლიტიკური მეთოდოლოგიის თვალსაზრისით კი, რეალისტური მიზნის იმთავითვე განსაზღვრას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
        კონფლიქტების მიმართულებით ქართული პოლიტიკის მთავარი ნაკლი, წლების განმავლობაში, სწორედ საბოლოო მიზნის გაურკვევლობა იყო, ანუ ჩვენ თავად არ ვიცოდით, რა გვინდოდა და რას ვისახავდით მიზნად აფხაზეთსა თუ სამხრეთ ოსეთში, რაც სეპარატისტებს მანევრირების ფართო სივრცეს უტოვებდა.
        ამჟამად ვითარება ძირეულად შეიცვალა: საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ პრობლემათა გადაწყვეტის საშუალებად ქვეყნის ფედერალიზაცია მიაჩნია. ამ შინაარსის განცხადება პრეზიდენტმა სამხედრო აღლუმზე გააკეთა. იგულისხმებოდა, რომ «ფედერალლიზაცია» უკანასკნელი ზღუდეა, რომლის მიღმა ქვეყანა არ დაიხევს და დანაწევრებას არ შეურიგდება. «სტატუს-კვოს» შენარჩუნების მოსურნეთათვის (როგორც მოსკოვში, ასევე სეპარატისტულ რეგიონებში) ეს საკმაოდსერიოზული სიგნალია.
        რაც შეეხება კონკრეტულ ტექნოლოგიას, ამჯერად ლეგიტიმურ «კაზუს ბელიდ» გამოიყენება კონტრაბანდის თემა, რაც საკმაოდ ეფექტური შეიძლება აღმოჩნდეს. ის, რომ «ცხინვალი არ არის აჭარა», _ სწორედ განსხვავებული ტექნოლოგიის შერჩევას მოითხოვს.
        თუ აჭარის შემთხვევაში ეს იყო «ადამიანის უფლებები» და იმ უპირატესობით სარგებლობა, რასაც აჭარისა და დანარჩენი საქართველოს საზოგადოების იდენტურობა (საზოგადოებრივ ფასეულობათა ერთიანობა) განაპირობებდა, ცხინვალთან მიმართებაში, მთავარი არგუმენტი კონტრაბანდასთან ბრძოლა იქნება, რაც ერთი მხრივ რეგიონში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების გავლენისა და კონტროლის ხარისხის გაძლიერებას გულისხმობს, მეორე მხრივ კი, სავსებით ლეგიტიმურ მისწრაფებად აღიქმება და არ უტოვებს დამაჯერებელ არგუმენტს ანტიქართულ ძალებს მოსკოვში, რომლებიც ყოვეგვარი კომპრომისის წინააღმდეგნი არიან.
        რა თქმა უნდა, მოწინააღმდეგეს (ამ შემთხვევაში სეპარატისტებსა და მოსკოველ «შეურიგებლებს») მაინც საკმაოდ ძლიერი ბერკეტები რჩებათ საქარტველოს გეგმათა ჩასაშლელად. ისინი არასდროს ნებით არ დაეთანხმებიან, მაგალითად, თუნდაც ერთობლივი საბაჟო პუნქტის გახსნას როკის გვირაბთან, რაკი შესანიშნავად უწყიან, რომ ჩვენში დამკვიდრებული გამარტივებული აზრის მიუხედავად, სინამდვილეში, ყბადაღებული «ერგნეთის ბაზრობა» და, მთლიანად, სამხრეთ ოსეთიდან მომდინარე კონტრაბანდა, ძალიან სერიოზული შემაფერხებელი ფაქტორია ეკონომიკის განვითარებისათვის. მათ კი სულაც არ აძლევთ ხელს ამ ფაქტორის მოსპობა.
        ამის დასადასტურებლად შეიძლება მოვიყვანოთ ფრიად ნიშანდობლივი და საინტერესო ფაქტი: რამდენიმე წლის წინ რუსეთმა ერთი შეხედვით უცნაური გადაწყვეტილება მიიღო _ მან აკრძალა ვაშლისა და სხვა ხილის შეტანა საქართველოდან რუსეთის ტერიტორიაზე, ლარსის საგუშაგოს გავლით, ესე იგი საქართველოდან ისევ და ისევ ცხინვალი და როკის გვირაბი რჩებოდა. ამით რუსულ-ოსურ ტანდემს სურდა, თბილის დამოკიდებული ყოფილიყო ცხინვალზე, რათა ერგნეთის ბაზრობის გაუქმების ან მისი მუშაობის შეფერხების შემთხვევაში, ჩვენს ქვეყანას პრობლემები მომრავლებოდა. ნუ დავივიწყებთ იმავე «კონტრაბანდული დერეფნით» პროდუქცია საპირისპირო მიმართულებითაც მორაობდა. მაშასადამე, ერგნეთის ბაზრობის დახურვა გულისხმობს საქართველოდან რუსეთში საექსპორტო ერთადერთი გზის გადაკეტვასაც. მაგრამ თუ სტატუს-ქვოს არ ვურიგდებით, მაშინ ეს დანაკარგი აუცილებლად უნდა მივიჩნიოთ. სხვაგვარად შეუძლებელია: ამა თუ იმ ჯგუფთა ინტერესები ამ პროცესში უეჭველად შეილახება, რაკი 10 წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული სტატუს-ქვოს შენარჩუნებაში არა მხოლოდ ოსური და რუსული მხარეები იყვნენ დაინტერესებულნი, არამედ საკმაოდ გავლენიანი ჯგუფები ქართულ სოციუმშიც. მათ ძლიერი ლობისტური ჯგუფები ჰყავთ, რომელთა აქტიურობის მოწმენი უახლოეს მომავალში გავხდებით, თუკი ხელისუფლებამ კიდევ უფრო რთული ნაბიჯი გადადგა და აღურიცხავი პროდუქციის კონტრაბანდასთან გათანაბრება გაბედა.
        ადრე თუ გვიან ეს ნაბიჯი გარდაუვალი იქნება, რადგან სხვაგვარად ვერავითარი «ბლოკ-პოსტები» და საგუშაგოები შიდა-ქართლის არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან წამოსული პროდუქციის ნიაღვარს ვერ შეაჩერებს.
        ამჟამინდელი კანონმდებლობით კი, პოლიციას უფლება აქვს, მხოლოდ მიზერული ჯარიმა გადაახდევინოს ფაქტობრივად კონტრაბანდული პროდუქციის შემომტანს. სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციაც მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელია, თუ იგი უშუალოდ მძღოლს ეკუთვნის. თუმცა, ერგნეთით წლების განმავლობაში «დაინტერესებულმა» საქმოსნებმა ჭკუა იხმარეს და მისდობილობით აფორმებენ ავტომანქანას, რის შემდეგაც მისი კონფისკაცია შეუძლებელი ხდება.
        ცხინვალში და მის გარჩემო მიმდინარე მოვლენების დროს, საქართველომ პირველად, მრავალი წლის განმავლობაში, მოიგო საინფორმაციო ომი. თანაც, მიუხედავად იმისა, რომ რუსული მედიის კეთილგანწყობის იმედი იმთავითვე არ უნდა გვქონოდა. ამაშიც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მიზანმიმართულმა ტაქტიკამ და სარისკო, თუმცა მეტად ეფექტურმა ღონისძიებებმა, რომელთა შორის, უპირველესად, უნდა დავასახელოთ პირველი ლედის «ჰუმანიტარული დემარში» ცხინვალის შემოგარენში, რამაც სეპარატისტთა და მათ მხარდამჭერთა ჩლუნგი შეურიგებლობა დაადასტურა. ამრიგად, მათთვის მეტად წამგებიანი იყო.
        მიუხედავად ამისა, ცხინვალში იოლი და სწრაფი წარმატების იმედი არ უნდა გვქონდეს. ოსური ფენომენი რუსეთის სტრატეგიული მოკავშირეა კავკასიის რეგიონში და ამ ბერკეტს მოსკოვი იოლად არ დათმობს. სეპარატისტულ რეჟიმს კი (რაოდენ უკმაყოფილოც არ უნდა იყოს ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი მისი მმართველობით) კიდევ საკმაოდ დიდი რესურსი აქვს ანტიქართულ და ეთნონაციონალისტურ გრძნობებზე აპელირებისათვის.
        თანაც, მივაქციოთ ყურადღება, რომ აჭარის ელიტისაგან განსხვავებით, რომელი საბედნიეროდ(!) ვერ მიხვდა ხელისუფლების შეცვლით სოციალური უკმაყოფილების «ორთქლის გამოშვების» აუცილებლობას და აბაშიძეთა ოჯახურ კლანს გადააყოლა თავისი ინტერესები, _ სამხრეთ ოსეთის რეგიონული ელიტა, რაოდენ უცნაურადაც უნდა მოგვეჩვენოს, ბევრად გონიერი აღმოჩნდა: ედუარდ კოკოითი უკვე მესამე პრეზიდენტია, ხოლო «სამხრეთ ოსეთში» ნამდვილად მოქმედებს ხელისუფლებათა ცვლის მექანიზმი. თუმცა, ყველა ეს ხელისუფლება, რასაკვირველია, ერთგვაროვნად ანტიქართულადაა განწყობილი და ხოლო მისი «მორჯულება» ერთობ რთული ამოცანა იქნება.
        პრობლემის გადაჭრისათვის აუცილებელი ფაქტორების გასაძლერებლად თბილისს დასჭირდება გაააქტიუროს უშუალოდ მოსახლეობასთან თანამშრომლობის ამჟამინდელი, საკმაოდ გონივრული ტაქტიკა.
        ვგულისხმობთ ოსური მოსახლეობისთვის მატერიალური დახმარების სხვადასხვა ფორმას: სასუქების დარიგება მხოლოდ ერთი მათგანია. ამ მხრივ საქართველოს (ეკონომიკური სიდუხჭირის მიუხედავად) საკმაოდ ბევრი შეუძლია გააკეთოს. გარდა ამისა, ჩვენ უნდა შევურიგდეთ იმას, რომ სამხრეთელი ოსები ვერასდროს იგუებენ სრულფასოვან საზღვარს ჩრდილოეთ ოსეთთან (უფრო მეტად ვიდრე «რუსეთთან»). ამდენად, ქართული პროპაგანდის საფუძვლად მომავალში «საზღვრის გამჭვირვალობა» უნდა იქცეს.
        მაგრამ საბოლოოდ, ამ რეგიონში რუსეთის პოზიციაზე და საქართველოსთან კომპრომისისათვის მის მზადყოფნაზე ბევრად მეტი იქნება დამოკიდებული, ვიდრე, მაგალითად, აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტისას. ნებისმიერ შემთხვევაში, ხელისუფლება სამხრეთ ოსეთის პრობლემის გადაჭრის სტრატეგიად ჩამოყალიბებული «სტატუს-კვოს» დარღვევას აირჩევს, მაგრამ იგი განხორციელდება საკმარისად ფრთხილად, რათა ახალი, დამღუპველი ომი და სისხლისღვრა არ გამოიწვიოს.
       
       

კახა ბენდუქიძე: დაკარგული თაობის დაბრუნება

    საქართველოს ახლადდანიშნული ეკონომიკის მინისტრი მრავალი თვალსაზრისით უნიკალური პიროვნებაა. იშვიათია ბიზნესმენი (მით უმეტეს ქართველი), რომელსაც თვით ყველაზე შოვინისტურად და შეურიგებლად განწყობილი რუსი პოლიტოლოგებიც კი (მაგალითად მიხაილ ლეონტიევი) პატივს სცემენ და სამაგალითოდ მიიჩნევენ.
        ბენდუქიძე ამ თვალსაზრისით, რუსეთშიც გარკვეული ფიგურა იყო. მისი ბიზნესი ერთ-ერთი ყველაზე «პატიოსდანდ და გამჭვირვალედაა» მიჩნეული. თანაც, მეტად პრესტიჟულ დარგში, _ მანქანათმშენებლობაში, სადაც (მით უმეტეს რუსეთის პირობებში _ მისი «წითელ დირექტორთა ლეგიონით») წარმატების მიღწევა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ნავთობის ბიზნესში ან, თუნდაც, საბანკო სფეროში.
        გარდა ამისა, ბენდუქიძე (ეს შეიძლება ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ითქვას) რუსული ლიბერალიზმის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგია. ყოველ შემტხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ მოღვაწეობას არ ეწეოდა, ბენდუქიძე ბევრად უკეთ და წარმატებით იცავდა ლიბერალურ იდეას თვისებრივად (ისტორიულად) არალიბერალურ (ანტილიბერალურ) საზოგადოებაში, ვიდრე ირინა ხაკამადა ან ბორის ნემცოვი.
        მას ყველა პატივს სცემს: მემარცხენეებიდან _ მემარჯვენეებამდე, დერჟავნიკებიდან _ ლებარალური იმპერიალიზმის ადეპტებამდე.
        ამასტან, კახა ბენდუქიძე ჩვენს თანამემამულეთა იმ თაობას განასახიერებს, რომელმაც საქართველოში ვერ მოახერხა თავისი ნიჭის და შესაძლებლობების გამოვლენა. მართალია, ბენდუქიძემ ბევრად ადრე დატოვა საქართველო (ჯერ კიდევ 70-იან წლებში), მაგრამ იგი მაინც შეიძლება ჩაითვალოს იმ ტალღის ერთ-ერთ წარმომადგენლად, რომელმაც სამშობლოში დაწყებული საშინელი ანარქიისა და ნგრევის გამო, რუსეთში აირჩია მოღვაწეობის გაგრძელება.
        ამავე მიზეზით, გასული საუკუნის 80-90-იან წლებში საქარტველო ათეულობით ათასმა უნიჭიერესმა ადამიანმა დატოვა, რომელთა ნიჭი და ინტელექტი ქვეყანას ბევრ სიკეთესა და სარგებელს მოუტანდა.
        ბენდუქიძემ უკვე ჩამოაყალიბა თავისი კონცეფცია. მისი პროექტის არსი, ეკონომიკის სფეროში იქნება «პრაგმატულად» პრორუსული ლიბერალიზმი». ანუ კრემლისაგან შედარებით დამოუკიდებელი კერძო რუსული კაპიტალის მოზიდვა საქართველოსათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დარგების განსავითარებლად. ამ პროცესში ახლადდანიშნული ეკონომიკის მინისტრი რაიმე სერიოზულ პოლიტიკურ წინააღმდეგობას ვერ ხედავს, რაკი, როგორც ჭეშმარიტ ლიბერალს, ღრმად სწამს, რომ «იმპერიალისტური ინვესტიცია» არ არსებობს და ნებისმიერი კერძო ინვესტიცია, თავისი არსით, ყოველთვის ლიბერალურია.
        მეორე მხრივ, არანაკლებ საინტერესოა ქართული მხარის მოტივაცია.
        კახა ბენდუქიძე მეტისმეტად ნიშანდობლივი (რუს, знаковая) ფიგურაა, რათა მისი მოწვევა კაბინეტში საერთო-პოლიტიკური მნიშვნელობის აქტი არ იყოს
        როგორც ჩანს, მინისტრთა კაბინეტი მართლაც გეგმავს ძალზე რადიკალური ეკონომიკური რეფორმების გატარებას. მათ შორის, საგადასახადო სფეროში არც თუ პოპულარუსლი, მაგრამ ყოვლად აუცილებელი გადაწყვეტილებების მიღებას და დიდი პროვატიზების დასრულებას.
        ამ პროცესში ეკონომიკის მინისტრრად ავტორიტეტული, გამოცდილი, ლიბერალური მსოფლმხედველობის მატარებელი მოღვაწის მოწვევა ერთობ გონებამახვილური სვლა ჩანს.
        ნუ გვეგონება, თითქოს ეს ორი თემა (ცხინვალის გარშემო «პრესინგის» გაძლიერება და კახა ბენდუქიძის მოწვევა ეკონომიკის მინისტრად) ურთიერთდაკავშირებული არ არის.
        ერთ-ერთმა ყველაზე ჭკვიანმა რუსმა ექსპერტმა («ნეზავისიმაია გაზეტას» დამფუძნებელმა და ყოფილმა რედაქტორმა) ვიტალი ტრეტიაკოვმა, გასულ კვირას «როსიისკაია გაზეტას» ფურცლებზე გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნა, რომ მისი აზრით, სააკაშვილმა და ჟვანიამ ბენდუქიძის დანიშვნით ქართული პოლიტიკის საერთო პარადიგმა დაადასტურეს: «პოლიტიკა _ ვაშინგტონს, ეკონომიკა _ რუსეთს».
        რა თქმა უნდა, მემარცხენე და დერჟავნიკული იდეების მატარებელი ტრეტიაკოვი აქ აშკარა უტრირებას მიმართავს და სასურველს _ რეალობად ასაღებს, მაგრამ მთავარში ის არ ცდება: «ახალი თბილისი» ცდილობს მოსკოვთან სტრატეგიული თანამშრომლობის «მოდუს-ვივენდის» მიგნებას, რომელიც იგულისხმებს პოლიტიკურ გარანტიებს (მათ შორის ვაშინგტონისაგან) და (იმავდროულად) ეკონომიკური კოოპერაციის ხელსაყრელი მოდელის ჩამოყალიბებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ლიბერალური სივრცის გაძლიერებას და გაფართოებას.
        ამ სივრცემ უკვე მოიცვა აჭარა. მომავალში მან აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთიც უნდა მოიცვას, რაც ბევრად უფრო რეალისტური და მიზანშეწონილია, ვიდრე «ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად» მორიგი სამხედრო ავანტიურის წამოწყება _ სატანადო პირობების არაარსებობისას წინასწარ გადაწყვეტილი და განსაზღვრული სავალალო შედეგით.

7 ივნისი, ორშაბათი, 2004 წელი
        24 საათი