ედუარდ შევარდნაძე არავის არაფერს აპატიებს
ბოლო დროს პრეზიდენტის ყურადღება განსაკუთრებით გამახვილდა ეკონომიკურ და კრიმინალურ პრობლემებზე. უფრო ზუსტად, ამ პრობლემათა «ნაერთზე» - შევარდნაძემ სამართალდამცავ ორგანოთა შეკრებაზე განაცხადა, რომ მის «განცვიფრებასა და აღშფოთება იწვევს ზოგიერთი დოკუმენტი, რომელიც 1992-1994 წლებში მიიღო საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა».
უპირველეს ყოვლისა, როგორც ჩანს, იგულისხმება ლიცენზიები, რაც გაიცემოდა პრემიერ-მინისტრისა და ვიცე-პრემიერების მიერ - საქართველოდან სხვადასხვა სახის პროდუქციის გატანის ნებართვით. უკვე «დაირხა ხმა», რომ ამასთან დაკავშირებით, თითქოს პატიმრობა ელის ყოფილ ვიცე-პრემიერ ავთანდილ მარგიანს, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში კოდორის ხეობაში იმყოფებოდა; თავად მარგიანი დაპატიმრების მუქარას სერიოზულად არ აღიქვამს, რადგან ღრმად სწამს, რომ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და ამ დანაშაულის დამადასტურებელი რაიმე საბუთიც არ არსებობს. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტი კვლავ და კვლავ ადასტურებს თავის პოზიციას და სამართალდამცველი ორგანოებისაგან მტკიცე ზომების მიღებას მოითხოვს.
ეს ყოველივე იმდენად პოლიტიკური ფაქტორი არ არის, რამდენადაც ფსიქოლოგიური. სინამდვილეში, დარტყმა ერთადერთი კაცის - ყოფილ პრემიერ-მინისტრ თენგიზ სიგუას წინააღმდეგაა მიმართული. ეს უკანასკნელი თავადაც არ მალავს რომ «საქმეს უხსნიან და ცდილობენ კრიმინალი აღმოუჩინონ წარსულ საქმიანობაში, მაგრამ ამაოდ დაშვრებიან, ვინაიდან არანაირი ფაქტები არ არსებობს, რომლებიც ადასტურებენ ჩადენილ დანაშაულს».
სიგუას ოპტიმიზმი ღრმა რწმენას ეფუძნება, მაგრამ მას ავიწყდება, რომ ჯერ ერთი, საქართველოში ჯერ კიდევ საბჭოთა კანონმდებლობა და სისხლის სამართლის კოდექსი მოქმედებს, რომელიც ბოლშევიკების მიერ არის შექმნილი პრინციპით «Был бы человек, а статья найдется».გარდა ამისა, 1992-1993 წლების ბობოქარ პერიოდში, საეჭვოა, მინისტრთა კაბინეტის ყველა გადაწყვეტილება კანონთან სრულ შესაბამისაობაში ყოფილიყო. გარდა ამისა, სიგუას ნურც ის დაავიწყდება, რომ პრემიერ-მინისტრი პასუხს აგებს კანონის წინაშე არა მხოლოდ ქრთამის აღების ან სახელმწიფო ქონების მითვისებისათვის, არამედ იმ შემთხვევაშიც, თუ ამ ქონებას იგი თავად, ან მისი ხელქვეითი უყაირათოდ გამოიყენებს და გაფლანგავს.
ასე რომ, «Статья найдется».
მთავარი მაინც ის არის, რომ სიგუამ შევარდნაძეს აწყენინა. ბატონ შევარდნაძეს კი არ სჩვევია, ვინმეს რამე აპატიოს. 1992 წლის 7 მარტს, როდესაც საქართველოს მომავალი პრეზიდენტი თბილისში დაბრუნდა, სიგუა მას არ დახვდა აეროპორტში და საკმაოდ უკმეხადაც ესაუბრა პირველი შეხვედრის დროს.
1993 წლის აგვისტომდე, შევარდნაძე პრემიერ მინისტრს ფაქტობრივად ვერ მართავდა და იმ პერიოდში, ალბათ, ბევრი დამცირებაც მოითმინა (განუზომელ ძალაუფლებას ჩვეული კაცი დაუმორჩილებლობას შეურაცხყოფად და დამცირებად აღიქვამს-ავტ.), თუმცა, მას არაფერი დავიწყებია და უკეთეს დროს ეძებდა, რათა შეურაცხყოფისათვის სამაგიერო გადაეხადა.
ვიმეორებ: შევარდნაძე სამაგიეროს გადახდას მხოლოდ «კანონიერი გზით» აპირებს - მკვლელსა და სადისტს იგი არავის მიუგზავნის; ამიტომ, თუ სიგუას წინააღმდეგ არანაირი სამხილი არ აღმოჩნდა, მას შეუძლია მშვიდად იძინოს, მაგრამ სამხილი შეიძლება კიდეც აღმოჩნდეს და მაშინ - აქვე, თბილისში, «გულთან ახლოს», ორთაჭალის ციხეში. . . . .
იოსებ სტალინს ეკუთვნის სიტყვები: «Нет ничего слаще, чем наметить врага, выждать время, отомстить и отправится спать».
«მსგეფსი», 25 თებერვალი, 1996 წელი.