რატომ არ არის საქართველო „კონსოლიდირებული დემოკრატია“?

რატომ არ არის საქართველო „კონსოლიდირებული დემოკრატია“?

ბობოქარი ამბები კი გველის სინამდვილეში.

შესაძლოა ტრავმატულიც.

ასეთი დამოკიდებულება დასავლეთსა და საქართველოს შორის არ ყოფილა ა რ ა ს დ რ ო ს.

ოღონდ ნაკლებად წერენ იმაზე, რა გახდა ამის სისტემური მიზეზი.

არადა ძალიან ღრმა სისტემური მიზეზი აქვს და ეს „სისტემა“ არანაირად არ უკავშირდება არც უკრაინას, არც ე.წ. „გლობალური ომის პარტიას“ (რომელიც არ არსებობს ბუნებაში) და არც მხოლოდ კონკრეტულ კანონმდებლობას.

სინამდვილეში საქართველო-დასავლეთის ურთიერთობათა განუხრელი „გაცუდების“ მიზეზი ისაა, რომ......საქართველო არ არის ე.წ. „კონსოლიდირებული დემოკრატია“.

დასავლეთში გვთვლიან „ჰიბრიდულ დემოკრატიად“ „ელექტორალურ დემოკრატიად“, მაგრამ არ ვართ სრულყოფილი ანუ „კონსოლიდირებული დემოკრატია“.

რატომ?

იმიტომ, რომ არ გაგვაჩნია კონსოლიდირებული დემოკრატიის მთავარი სისტემა, მისი „მზიდი კონსტრუქცია“, მისი „ალფა და ომეგა“, მისი ღერძულა ინსტიტუტი: ხელისუფლებათა ც ვ ა ლ ე ბ ა დ ო ბ ა.

სანამ ეს ინსტიტუცია არა გაქვს, ანუ არ გახასიათებს არჩევნებიდან არჩევნებამდე......ეპოქიდან-ეპოქამდე.... სრულყოფილი დემოკრატია არა ხარ.

ასეთია დასავლეთის აბსოლუტურად შეუვალი მიდგომა.

სწორედ აქ იწყება „ლოიალისტური მენტალობის“ მატარებელი სოციალური სეგმენტის მცდარ წარმოდგენათა წყება, რომელიც გულისხმობს, რომ მთავარია პროცედურა იყოს დაცული, მთავარია არჩევნები არ გაყალბდეს, მთავარია „ხალხმა მართლა აირჩიოს“ და.......დასავლეთი ჩაგთვლის „კონსოლიდირებულ დემოკრატიად“, რაკი ხალხმა „მართლა აგირჩია“ მეოთხედ, მეხუთედ, მეშვიდედ და ა.შ.

სინამდვილეში ასე არ არის: გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, სხვა კოსოლიდირებულ დემოკრატიებში ხანგრძლივი (მეოთხე, მეხუთე, მეშვიდე ვადით) მმართველობა არ ცვლის დემოკრატიის ბუნებას იმიტომ, რომ იქ ეს „სერიული“ მმართველობა დადგა უკვე მას შემდეგ (!) რაც ხელისუფლებათა ცვალებადობის (!) ინსტიტუტის არსებობა არავითარ ეჭვს აღარ იწვევდა!

აი ამის შემდეგ ამის შემდეგ, რამდენიც გნებავთ და რამდენჯერაც გნებავთ: მერკელი 18 წელი, კოლი 19 წელი „კონსერვატორები“ ბრიტანეთში 15 წელი ..... და ასე შემდეგ. იმიტომ, რომ ხელისუფლებათა ცვალებადობა იქ უკვე (!) არსებობს, როგორც ინსტიტუტი.

მაგრამ მანამდე, სულ 100%-ით პატიოსანი, გამჭვირვალე, სკურპულოზურად კანონისმიერი, „უპრობლემო“ არჩევნებიც რომ ჩაატარო, დასავლეთი არ ჩაგთვლის დემოკარტიად და არ მიიღებს არგუმენტს: „ხალხი გვირჩევს და......“

არა ბატონო. მარკერი მკაფიოა: ხელისუფლება არჩევნებით უნდა შეიცვალოს მ ი ნ ი მ უ მ ორჯერ, სამჯერ და მერე......

თუკი „ხალხი გირჩევს“ ჯიუტად გაუთავებლად....ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ....თვითონ ხალხია არადემოკრატიული, რომელსაც არ სურს ან არ შეუძლია მიიღოს „ხელისუფლებათა ცვალებადობა“ როგორც ინსტიტუტი.

ასეთია დასავლეთის დამოკიდებულება. და ეს დამოკიდებულება არ შეიცვლება.

დასავლური პოლიტკორექტულობის გამო ამას ასე არ გეტყვიან, მაგრამ ნამდვილად იგულისხმება, რომ დემოკრატიის შინაარსს მათ შორის განსაზღვრავს ხალხის ელექტორალური კულტურა: რამდენად აქვს მას უნარი (და სურვილი!) შეცვალოს ხელისუფლება.... მერე კვლავ შეცვალოს ხელისუფლება......შემდეგ ისევ და ასე შემდეგ.

თუ ამის უნარი ხალხს (თვით ხალხს..... დიახ დიახ, მას თვითონ!) არ გააჩნია, „სკურპულოზურად და უდარღვევოდ ჩატარებული არჩევნები“ სულაც არ არის საკმარისი არგუმენტი, რათა დასავლეთმა „კონსოლიდირებულ დემოკრატიად“ ჩაგთვალოს. და......რევოლუცია არ მოგიწყოს.

პირიქით - დასავლეთი ყველაფერს იღონებს, რათა დაეხმაროს იმ ძალებს, იმ „სამოქალაქო საზოგადოებას“, იმ ოპოზიციას, რომელიც იბრძვის ხსენებული ინსტიტუციის- ხელისუფლებათა ც ვ ა ლ ე ბ ა დ ო ბ ი ს - დასამკვიდრებლად.

მაშინაც კი, თუ უმრავლესობა მ ა რ თ ლ ა სტატუს-ქვოს უჭერს მხარს.

და თავისი ცივილიზაციური მისიიდან გამომდინარე, დასავლეთის ამგვარი მიდგომა არის თვისებრივი, იმმანენტური! - სანამ ხელისუფლებათა „ცვალებადობა“ არ გახასიათებს, დემოკრატია არა ხარ (წერტილი)

და რაკი დემოკრატია არა ხარ, ხელისუფლებას აქვს „დამნაშავეობის პრეზუმფცია“. ყველგან, ყველაფერში.

როგორც ჩანს ამ პარადიგმით განვითარდება მოვლენები 27 ოქტომბრიდან.

და იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხელისუფლებამ თავი შეინარჩუნა, დასავლური „ტრენდი“ უკვე შეუქცევადია და ეს არის ყველაზე ცუდი, რაც პატარა ქვეყანას შეიძლება დაემართოს.

სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ არა ვართ აზერბაიჯანი, რომლის მიმართ დასავლეთს ამგვარი მიდგომა არა აქვს რაკი......აზერბაიჯანი ავტოკრატიაა და „მაინც არაფერი ეშველება“ (დასავლური აღქმით).

შენ ჰიბრიდული, სანახევროდ ელექტორალური დემოკრატია მაინც ხარ და..... შეიძლება „გეშველოს“.

თუნდაც „ვარდების რევოლუცია-II“-ით

და ნებისმიერ შემთხვევაში ქვეყნის მიმართ სანქციები სულ უფრო გაძლიერდება.

ამიტომ....სიგიჟეს კი ვამბობ, მაგრამ......

ნუ დამესევით ახლა უკვე „ოცნების“ მომხრეთა მხრიდან და ნუ დამიწყებთ „ნაცი ნაცის“ ძახილს.

ხელისუფლებამ რა უნდა ქნას?

პატრიოტი ხელისუფლება უნდა მოდუნდეს და მიიღოს ექსტაზი.

ანუ.....ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე თვითონ შეუწყოს ხელი ამ ინსტიტუციის დამკვიდრებას.