საერთაშორისო მიმოხილვა. 1 თებერვალი. 2024 წელი
ჩინეთის მიმართ თანამედროვე პუტინის რუსეთის დაბეჩავებული, პატრონყმური ურთიერთობის და ქვეშევრდომობის საოცრად მკაფიო, სამარცხვინო გამოხატულება გახდა გადაწყვეტილება, რომელიც მოსკოვის მერიამ მიიღო ჩინეთის საელჩოს მოთხოვნით; მოსკოვში, პირველად ისტორიაში, აღინიშნება „ჩინური ახალი წელი“: არბატი და სხვა ცენტრალური ქუჩები მოირთვება „ჩინურ სტილში“, მოეწყობა ჩინური მუსიკის ფესტივალები და ასე შემდეგ.
„ჩინური ახალი წლის აღნიშვნა“ თებერვალში იგეგმება და მოსკოვის ცენტრი „ჩაინათაუნს“ დაემსგავსება.
გამორიცხულია ეს რუსებს არ აღიზიანებდეს.
ერთია, როდესაც მეზობელი ქვეყნის სახელმწიფო ზეიმის აღსანიშნავად იმართება კონცერტები და სხვა სახის ღონისძიებები და მეორეა, როდესაც ქალაქში, სადაც ჯერ (ჯ ე რ) არ არის დიდი ჩინური დიასპორა განსხვავებით იმავე ნიუ იორკისა და ლონდონისა, აღინიშნება „ჩინური ახალი წელი“, რაც სრულიად არატრადიციულია მოსკოვისთვის და აშკარად დამამცირებელია იმავე „პატრონყმობის“ კონტექსტში.
თუმცა პუტინს სხვა გზა არა აქვს. ბევრი ელემენტარულად მოაზროვნე რუსი აღნიშნავს, რომ მითური „დასავლური იმპერიალიზმის“ წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში პუტინმა რუსეთი „ჩინეთის ქვემდებარე ქვეყნად“ აქცია.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .
გუშინ სოხუმში ჩატარდა იმ აფხაზი ოპოზიციონერების პრეს-კონფერენცია, რომლებიც რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს რუსეთ-აფხაზეთის „საზღვარზე“, ფსოუს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე და დიდხანს არ უშვებდნენ რუსეთში.
თუმცა შემდეგ მაინც გაატარეს.
აფხაზი ოპოზიციონერები ჰყვებოდნენ, რომ რუსი მესაზღვრეები დიდხანს ეკითხებოდნენ მათ, თუ რატომ არიან „ანტირუსულად“ განწყობილნი, რატომ ეწინააღმდეგებოდნენ პუტინისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემას, რატომ ეწინააღმდეგებიან რუსეთისთვის ენგურჰესის გადაცემას, ახალი ათონის მონასტრის დაბრუნებას და ა.შ.
აფხაზი ოპოზიციონერები აღშფოთებას ვერ ფარავდნენ ამის გამო. ოღონდ პრეტენზია ჰქონდათ....ასლან ბჟანიას ხელისუფლებასთან. თითქოსდა ასლან ბჟანიამ გადასცა რუსულ ФСБ-ს იმ აფხაზი მოღვაწეების სია, რომლებიც ბჟანიას „პრორუსულ პოლიტიკას“ ეწინააღმდეგება.
ეს რასაკვირველია ასე არ არის. სინამდვილეში, რუსული საელჩო სოხუმში ზუსტად იმიტომ არსებობს, რათა შეაგროვოს ინფორმაცია და „გადასცეს მოსკოვს“.
მაგრამ აფხაზ სეპარატისტებს, მათ შორის ოპოზიციონერებს, რომლებმაც ეს გარემოება შესანიშნავად იციან, ამის ღიად თქმა არ აწყობთ, - ურჩევნიათ აქცენტები საკუთარ ხელისუფლებაზე დასვან, თორემ ხელმეორედ რუსი მესაზღვრეები არა უბრალოდ შეაჩერებენ საზღვარზე და დიდხნიან საუბარს გაუმართავენ პოლიტიკურ თემებზე, არამედ საერთოდ არ შეუშვებენ რუსეთში.
ბუნებრივია, რუსეთის მიზანი ამ შემთხვევაში ისაა, რომ თავის მარიონეტს, ანუ ბჟანიას ხელისუფლებას შეუმციროს „ოპოზიციური წინააღმდეგობა“, რათა აფხაზი ოპოზიციონერები ვერ ბედავდნენ პრორუსული პროექტების წინააღმდეგ გამოსვლას.
თუმცა ეს უკანასკნელნი ავითარებენ საპასუხო ნარატივს: „ჩვენ ხომ რუსეთის მოქალაქეები ვართ? რუსეთის კონსტიტუცია გვაძლევს უფლებას, გვქონდეს განსხვავებული აზრი ბიჭვინთის აგარაკზე. ეს ხომ რუსეთის კონსტიტუციის დარღვევა არ არის?“
ზოგადად, არსებობს ორი ტიპის სეპარატიზმი; მათ შორის აფხაზურ სეპარატიზმსაც გააჩნია ეს ორი ტიპი: ერთია აგრესიული სეპარატიზმი, რასაც აფხაზები იყენებდნენ და იყენებენ საქართველოს წინააღმდეგ: ქართული ენის უკუგდება, აგრესია, ომი, ეთნიკური წმენდა .......
და მეორე ტიპის სეპარატიზმი, ბევრად უფრო ეშმაკური და რაფინირებული გულისხმობს ინტეგრაციას, პირიქით - რუსული ენის აღიარებას ლამის „პირველ ენად“, რუსეთის მოქალაქეობის მიღებას, რუსეთთან უამრავი ხელშეკრულების გაფორმებას და შემდეგ ამ „ინტეგრირებული“ სახელმწიფოს სისტემების გამოყენებას ე.წ. „დამოუკიდებლობის“ შესანარჩუნებლად.
სწორედ ამ ტექნოლოგიას მისდევენ ამჟამად აფხაზები, პირველ რიგში აფხაზი ოპოზიციონერები რუსეთის მიმართ, როცა ეწინააღმდეგებიან მოსკოვის პროექტებს, არ ემხრობიან აფხაზეთის შესვლას რუსეთის შემადგენლობაში და ამ დროს დემაგოგიურად იყენებენ რუსეთსავე ინსტიტუტებს.
დაახლოებით ასეთ სეპარატისტულ ტექნოლოგიას იყენებდა ასლან აბაშიძე საქართველოს მიმართ: თითქოსდა სრული ინტეგრაცია, მაგრამ რეალურად აჭარის დე-ფაქტო, ბოლოს კი უკვე დე-იურე გამოყვანა საქართველოს იურისდიქციიდან, თან დემაგოგია „საქართველოს პატრიოტობის“ შესახებ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ჰააგის გაეროს საერთაშორისო სასამართლომ მიიჩნია, რომ რუსეთმა დაარღვია „დისკრიმინაციის დაუშვებლობის“ შესახებ საერთაშორისო კონვენცია იმით, რომ კრძალა უკრაინულ ენაზე სწავლება ყირიმში 2014 წლის ანექსიის შემდეგ.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა მათ შორის საქართველოსთვისაც და აი რატომ:
მას შემდეგ რაც ყირიმი დაიპყრო, რუსეთმა უკრაინულ ენაზე სწავლა აკრძალა და შეცვალა იგი უკრაინული ენის სწავლებით როგორც ცალკე ენისა. თან დემაგოგიურად იძახდა: ხომ ხედავთ, უკრაინული სკოლები არ დამიხურავს - უკრაინულ ენას ვასწავლიო. არადა „უკრაინული სკოლები“ რა თქმა უნდა ის სკოლები იყო, სადაც ყველა საგანი (მათ შორის ფიზიკა, მათემატიკა....) უკრაინულ ენაზე ისწავლებოდა და არა უკრაინული ენა ისწავლებოდა ცალკე საგნად.
ზუსტად ასევე, მას შემდეგ, რაც აფხაზმა სეპარატისტებმა, რუსეთის საოკუპაციო ძალთა ეფექტური კონტროლით სრულად გაავრცელეს თავისი სეპარატისტული გავლენა გალის რაიონზე, მათ აკრძალეს ქართულ ენაზე სწავლა გალის სკოლებში და ჩაანაცვლეს იგი ქართული ენის სწავლებით, როგორც ცალკე ენისა.
და ასევე დემაგოგიურად იძახიან: „ქართული სკოლები გალში არ დაგვიხურავს: ხომ ხედავთ ქართულ ენას ვასწავლით ქართველ ბავშვებსო“
ანუ, ორივე შემთხვევაში რუსეთი მოქმედებდა მშობლიური ენის წინააღმდეგ და ეს იყო (არის) დისკრიმინაცია.
ოღონდ, ორივე შემთხვევაში რუსეთი (ყირიმში) ხოლო აფხაზეთში მისი ხელქვეითი სეპარატისტები დემაგოგიურად იყენებენ იმ საერთაშორისო კონვენციას, რომლის თანახმად, მართლაც, ერთი ევროპული ქვეყანა არ არის ვალდებული მეორე ევროპული ქვეყნის ძირითად ან სახელმწიფო ენაზე დაუშვას ყველა საგნის სწავლება.
მაგალითად: თუ გერმანელები ცხოვრობენ სტრასბურგში (არადა, ხომ ცხოვრობენ ნამდვილად) ანუ საფრანგეთის ტერიტორიაზე, საფრანგეთი არ არის ვალდებული დაუშვას გერმანულ ენაზე სწავლება ყველა საგნისა საფრანგეთის ტერიტორიაზევე, თუმცა ამ საერთაშორისო კონვენციებით ვალდებულია გერმანელ ბავშვებს ჰქონდეთ გერმანული ენის (!) სწავლის საშუალება, რათა ეს ენა არ დაივიწყონ.
ოღონდ აქ რუსები დემაგოგიურად აიგნორებენ იმ გარემოებას, რომ ეს ევროპული კონვენცია არარელევანტურია ყირიმის ან აფხაზეთის შემთხვევაში, რაკი ეს ტერიტორიები რუსეთმა წაგლიჯა საქართველოს და უკრაინას და მერე სცადა იქ „ევროპული კონვენციის“ დამკვიდრება, თითქოსდა აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფო იყოს, ხოლო ყირიმს მსოფლიო თანამეგობრობა არ ცნობდეს უკრაინის განუყოფელ ნაწილად.
უცნაური ისაა, რომ განსხვავებით უკრაინისგან, საქართველოს არც ერთ ხელისუფლებას არ უჩივლია საერთაშორისო სასამართლოებში ამ დისკრიმინაციული პრაქტიკის წინააღმდეგ, როგორიცაა ქართველი ბავშვებისთვის გალში ქართულ ენაზე (!) სწავლის უფლების წართმევა და ამ უფლების დემაგოგიურად ჩანაცვლება ქართული ენის (!) სწავლის უფლებით.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
უკრაინამ ყირიმში, სევასტოპოლში, „ბელბეკის“ აეროდრომს შეუტია დრონებით. ჯერ-ჯერობით შედეგი არ ჩანს, თუმცა ეს უფრო „მოსინჯვითი“ დარტყმა იყო, რადგან სრულიად აშკარაა, რომ თუ ამერიკამ არ დაუშალათ, უკრაინა ემზადება დიდი სტრატეგიული შეტევისთვის ყირიმზე - დესანტის გადასხმით და ასე შემდეგ.
ყოველ შემთხვევაში, რუს სეპარატისტებს, რომლებიც ყირიმში „მშვიდ და უზრუნველ ცხოვრებას„ ელოდნენ რუსეთის შემადგენლობაში, ეს ცხოვრება არ ეღირსათ და აღარც ეღირსებათ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რუსეთში უდიდესი რეზონანსი გამოიწვია საერთაშორისო სპორტული არბიტრაჟის გადაწყვეტილებამ, 4 წლით აუკრძალოს ასპარეზობებში მონაწილეობა ფანტასტიკურად პოპულარულ მოციგურავეს კამილა ვალიევას, რომელიც სულ 17 წლისაა, მაგრამ ჩემპიონია ფიგურულ სრიალში.
ახლა კი ირკვევა, რომ ეს საბრალო გოგონა (მისი მწვრთნელი ეთერ თუთბერიძეა) იმარჯვებდა საშინელი დოპინგ-წამლების წყალობით. ამიტომ არბიტრაჟმა რუსეთის ნაკრებს ჩამოართვა გუნდური ჩემპიონობა და ამერიკელებს მიაკუთვნა.
აღშფოთებულები არიან რუსები- გვჩაგრავენ რუსებსო.
არადა, რა შუაშია „ჩაგვრა“?
უბრალოდ, საერთაშორისო ორგანიზაციებმა გაბედეს ის, რასაც მანამდე, ანუ უკრაინის ომამდე ვერ ბედავდნენ: დაერქვათ რუსული დოპინ-სტრატეგიისთვის თავისი სახელი.
ლეგენდარული საბჭოთა-რუსული სპორტი, მათ შორის ფიგურული სრიალი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სახეობაა, მთლიანად დოპინგით გაჟღენთილი იყო მუდამ და არის ახლაც.
ამის მიზეზი მარტივია: საბჭოთა „დერჟავას“ არსებობის დროსაც და „დერჟავას“ დაშლის შემდეგაც, მოსკოვი ვერ დაუშვებდა, რომ ამერიკას და ევროპას ჩამორჩენოდა რუსების თვალში, რაკი „აღარ ვართ сверхдержава“ ძალიან მტკივნეულად აღიქმება რუსული სოციუმის ისტორიული ამბიციის გათვალისწინებით.