საერთაშორისო მიმოხილვა. 3 ივლისი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 3 ივლისი. 2024 წელი

უნგრეთის პრემიერი, ვიქტორ ორბანი ბევრისთვის მოულოდნელად ჩავიდა კიევში და მნიშვნელოვანი განცხადებებიც გააკეთა.

როგორც ცნობილია, 1 ივლისიდან უნგრეთი, ევროკავშირის წესდებით, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა.

როგორც 2008 წლის აგვისტოში, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა იყო საფრანგეთი და საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ზუსტად ამ სტატუსით აწარმოებდა მოლაპარაკებებს მოსკოვთან და თბილისთან რუსული აგრესიის პირობებში.

ბუნებრივია, დიდი მნიშვნელობა აქვს ვინაა კონკრეტულ მომენტში ევროკავშირის თავმჯდომარე (პრეზიდენტი) ქვეყანა: 2008 წლის რუსული აგრესიის დროს ევროკავშირის პრეზიდენტი სახელმწიფო რომ არა დიდი საფრანგეთი, არამედ პატარა ლუქსემბურგი ან თუნდაც დანია ყოფილიყო ან იგივე უნგრეთი, ბევრად გაგვიჭირდებოდა.

მაშინ საფრანგეთმა გარკვეული პოზიტიური როლი ნამდვილად შეასრულა  შეცდომების მიუხედავად, რაკი პრეზიდენტ სარკოზის თავის ვალდებულებად მიაჩნდა მისი სახელმწიფო ამ კონფლიქტში ჩარეულიყო და რუსული აგრესია გარკვეულწილად შეეკავებინა.

ევროკავშირის სახელმწიფო-თავმჯდომარეობის სტატუსი როტაციულია 6 თვით.

ანუ ვიქტორ ორბანი დეკემბრის ბოლომდე ჩაითვლება „თავმჯდომარე სახელმწიფოს“ ლიდერად და ამ სტატუსით გამართავს მოლაპარაკებებს.

რატომ ჩავიდა კიევში?

ერთის მხრივ მას არ შეეძლო დაეიგნორირებინა უმთავრესი საერთო-ევროპული პრობლემა ანუ რუსული აგრესია ევროპული ქვეყნის, ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფოს, უკრაინის წინააღმდეგ და/ანუ პირველ ვიზიტად არ ჩასულიყო კიევში;

 მაგრამ მეორეს მხრივ, რაც მან უკრაინის დედაქალაქში, პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრისას და შემდგომ პრეს-კონფერენციაზე ილაპარაკა, აშკარად კრემლის წისქვილზე ასხამს წყალს.

ორბანმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებს კიევსა და მოსკოვს შორის წინ უნდა უძღოდეს ცეცხლის შეწყვეტა უკრაინის მხრიდან. ანუ.....ძალიან უცნაური მოწოდებაა: კიევმა ცალმხრივად უნდა განაცხადოს, რომ სწყვეტს ცეცხლს, სწყვეტს რუსული ობიექტების დაბომბვას ყირიმში, დონბასზე, ბელგოროდში, კურსკში, კრასნოდარში და ამის შემდეგ მოუწოდოს რუსეთს დავიწყოთ მოლაპარაკებებიო.

აქ უეჭველად იგულისხმება ის „პროექტი“, რასაც ახლა პუტინი ლობირებს დასავლეთში, რომ ფრონტის ხაზი გაიყინოს ამჟამინდელ ცეცხლის ხაზზე; ამის პარალელურად უკრაინამ უარი განაცხადოს NATO-ს წევრობაზე და დე-ფაქტო (თუ არა დე-იურე) აღიაროს ყირიმი, ასევე დონბასი რუსეთის კუთვნილებად.

ორბანმა აღიარა, რომ ზელენსკისგან სასტიკი უარი მიიღო, თუმცა მისი დანიშნულება და მისია ამ შემთხვევაში ახალი სტატუსით (უნგრეთის ახალი სტატუსით) ამ წინადადების გაჟღერება იყო და კრემლისთვის Message-ის გაგზავნა, რომ ევროკავშირში ტროას ცხენი უკვე ჰყავს უნგრეთის და მისი ლიდერის სახით.

„ცეცხლის შეწყვეტა“ და „რეალობის დე-ფაქტო“ აღიარება რუსული ტაქტიკაა შექმნილ ვითარებაში და აბსოლუტური დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ორბანი პუტინის თამაშს თამაშობს.

მან იცის, რომ პუტინს აწყობს ასეთი (!) ცეცხლის შეწყვეტა და ვითარების „გაყინვა“ და ისიც იცის (საკმარისად ეშმაკი პოლიტიკოსია), რომ ეს „პროექტი“ მისაღებია გარკვეული ძალებისთვის ევროპასა და ამერიკაში.

თუმცა ეს ძალები, ორბანისგან განსხვავებით, ამ კაპიტულაციის მოთხოვნას ღიად არ აჟღერებენ.

შეიძლება თუ არა მისაღები იყოს ეს გარკვეული ძალებისთვის კიევშიც?

შეიძლება, ოღონდ მოსკოვთან სამშვიდობო შეთანხმების ან თუნდაც „ცეცხლის შეწყვეტის“ უკრაინული მოდალობა, პრესაში გაჟონილი ინფორმაციით, უეჭველად გულისხმობს, ფრონტის ხაზის გაყინვასთან ერთად NATO-სა და უკრაინას შორის საგანგებო ხელშეკრულების გაფორმებას ალიანსში კიევის ფორმალური წევრობის გარეშე; ასევე ყირიმისა და დონბასის რუსული კუთვნილების აღიარების გარეშე; ასევე უკრაინის გადარჩენილ ტერიტორიაზე მოკავშირე სახელმწიფოთა ჯარების განლაგებას; ანტირუსულ სანქციათა უდიდესი ნაწილის შენარჩუნებას და ა.შ.

 

პუტინი ამას არ დაეთანხმება ნებით რასაკვირველია. მანამდე კი ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსი, ერმაკი, თავდაცვის მინისტრ უმაროვთან ერთად ვაშინგტონში იმყოფებიან, სადაც თავდაცვის მინისტრ ოსტინს შეხვდნენ.

ამერიკა განაგრძობს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას.

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამერიკაში კვლავინდებურად აკომენტარებენ Supreme court-ის სენსაციურ გადაწყვეტილებას აშშ პრეზიდენტთა აბსოლუტური იმუნიტეტის შესახებ მათ მიერ ოფისში საპრეზიდენტო ვალდებულებათა შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილებების გამო.

იხსნება, რომ მაგალითად, ამგვარ მიდგომას რომ ემოქმედა 1972 წელს, როცა პრეზიდენტმა ნიქსონმა ნება დართო თავის ძალისმიერ სტრუქტურებს დაეყენებინათ მოსასმენი აპარატურა „დემოკრატიული პარტიის“ შტაბ-ბინაში (ე.წ. „უოტერგეიტის სკანდალი“) მას პასუხს ვერავინ მოსთხოვდა, საქმე ვერ აღიძვრებოდა (ნიქსონი პრეზიდენტმა ფორდმა შეიწყალა, თორემ უეჭველად ციხე ელოდა), რაკი პრეზიდენტი იტყოდა, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული რაღაც შეთქმულების შესახებ მიიღო ინფორმაცია და გადაწყვეტილებაც მისი პრეროგატივა იყო.

მთავარი მაინც ისაა, რომ დონალდ ტრამპს განაჩენებს ვეღარ გამოუტანენ 5 ნოემბრის არჩევნებამდე.

 შესაძლოა პორნოვარსკვლავ სთორმი დენიელსის მოსყიდვის საქმეზე განაჩენის გამოცხადებაც კი გადაიდოს გაურკვეველი ვადით.

ამ საქმეზე, როგორც ცნობილია, „ნაფიცებმა“ ტრამპი დამნაშავედ ცნეს ბრალდების ყველა პუნქტით, თუმცა განაჩენი სადღაც 5 ივლისს უნდა გამოცხადებულიყო.

„უზენაესის“ ეს გადაწყვეტილება, ამერიკელი იურისტების შეფასებით, ისტორიულად ცვლის გარემო-პირობებს ამერიკაში ხელისუფლების პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით.

 

ოღონდ არგუმენტები „მეორე მხარესაც“ აქვს.

მთავარი არგუმენტი მაინც ისაა, რომ არჩევნების შედეგი არ უნდა განაპირობებდეს არჩევნებში დამარცხებული მხარის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. რასაც ამერიკა მოითხოვდა მთელს მსოფლიოში ყველა ქვეყნისგან და როცა ეუბნებოდნენ „თქვენთან ასე არ არის და ჩვენგან რატომ მოითხოვთო“ უპასუხებდა: „თქვენგან განსხვავებით, ჩვენ დამოუკიდებელი სასამართლო გვაქვს“.

 

 The New York Times, რომელიც ამერიკული პრესის ფლაგმანად ითვლება კვლავაც, ბაიდენისთვის ძალიან სამწუხარო ტექსტს აქვეყნებს და ამტკიცებს, რომ პრეზიდენტის უახლოესი წრე სულ უფრო შეშფოთებულია სახელმწიფოს მეთაურის ცუდი ფიზიკური ფორმის გამო.

ჯოს საუბრისას ავიწყდება მნიშვნელოვანი საკითხები, სახელები, მოვლენები, თარიღები და დღე თუ არ დაიძინა, შრომისუნარიანობას საერთოდ კარგავსო.

დებატებზე ტრამპთან მარცხის მთავარ მიზეზად სახელდება მეტისმეტად ხშირი გადაფრენები ე.წ. „ჯეთ-ლექით“, როდესაც ადამიანის ბიოლოგიური „საათი“ მოდის წინააღმდეგობაში ასტრონომიულ დროსთან.

 ბაიდენმა მართლაც ბევრი იფრინა ბოლო დროს. ევროპასა და ამერიკას შორის. იტალიიდან პირდაპირ კალიფორნიაში გაფრინდა ფონდ-რაიზინგში მონაწილეობის მისაღებად და....ვინც ამერიკაში ყოფილა ან ამდენი უფრენია, იოლად დამეთანხმება, რომ „ჯეთ-ლექი“ სრულიად ახალგაზრდა ჯან-ღონით სავსე ადამიანსაც კი „კისერს სტეხს“ ხშირად, არათუ 81 წლის მოხუცს......

 

ბაიდენმა ტრამპთან დებატების კომენტირებისას განაცხადა: „ისე ვიყავი დაღლილი, ლამის სცენაზე დამეძინაო“.

ბაიდენის სტაფი მუდმივად იმეორებს (რაც სრული სიმართლეა), რომ ჯოს არანაირი „პარკინსონის დაავადება“ არა აქვს და ნუ უგონებთო.

მართლა არა აქვს - ასეთი რამ არ დაიმალებოდა....... თუმცა PR-ს თავისი კანონები გააჩნია და უკვე ის, როცა „თავს იმართლებენ“: „არა აქვს“ „არა აქვს“ „არა აქვს პარკინსონიო“ - ნეგატიურად მოქმედებს რეიტინგზე.

 ასეთია მასობრივი აღქმის თავისებურება იმის მიუხედავად, მართლა აქვს თუ არა პარკინსონის უკურნებელი დაავადება ან დემენცია.

 

კონგრესმენი „დემოკრატიული პარტიიდან“, Lloyd Doggett, რომელიც ტეხასს წარმოადგენს აშშ კონგრესში, პირველი ოფიციალური პირი გახდა, ვინც ღიად მოუწოდა ბაიდენს, მოხსნას თავისი კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებზე ფიზიკური ფორმის გამო.

საინტერესოა მისი არგუმენტაცია: „ჯო ბაიდენმა გადაარჩინა ქვეყანა 2020 წელს ტრამპისგან და არ უნდა დაუშვას, რომ ტრამპს ჩააბაროს ისევ ქვეყანა 2024 წელსო“.

მაშასადამე, კონგრესმენი გულისხმობს, რომ ჯო უეჭველად წააგებს დონალდთან 5 ნოემბერს - იმდენად ცუდ ფორმაშია.

ეს გასაგებია, მაგრამ....„დემოკრატების“ უბედურება ახლა ისაა, ალტერნატიული კანდიდატის შერჩევა რომ არ შეუძლიათ.

უფრო ზუსტად, თეორიულად კანდიდატების მეტი რა ჰყავთ.

პრობლემა ისაა, რამდენად იქნება ეს კანდიდატი კონკურენტუნარიანი 5 ნოემბრის არჩევნებზე.

როგორც კი კონგრესმენ Lloyd Doggett-ს კომენტარი გამოქვეყნდა, ამერიკული მედია რასაკვირველია მაშინვე ჩაეჭიდა თემას და შეეცადა მოეპოვებინა სხვა დემოკრატი კონგრესმენებისა თუ სენატორების კომენტარები, თუმცა აბსოლუტურმა უმრავლესობამ ღია კომენტარისგან თავი შეიკავა, მაგრამ......ABC News-ს ზოგიერთმა ანონიმურობის პირობით უთხრა, რომ Doggett-ს ეთანხმება.

თვით ჯო ბაიდენი MSNBC ცნობით „ჯიუტად“ აცხადებს ვიწრო წრეში, რომ გაიმარჯვებს კიდეც და პრეზიდენტობაც შეუძლია.

ანუ ჯოს პიროვნული სიჯიუტე უდავოდ ერთ-ერთი ფაქტორი ხდება. თანაც მნიშვნელოვანი ფაქტორი.

ნენსი პელოსიმაც კი, რომელიც ქვედა პალატის“ ყოფილი სპიკერია, ვეღარ მოითმინა და ბაიდენს მოუწოდა, რამდენიმე ინტერვიუ ჩაწეროს ამერიკელ ჟურნალისტებთან, რათა ცხადი გახდეს ყველასთვის: „ის, რაც ტრამპთან დებატების საღამოს მოხდა, ეპიზოდი იყო თუ „მდგომარეობაა?“ “I think it’s a legitimate question to say, is this an episode or is this a condition?” - განაცხადა პელოსიმ და მანვე აღიარა, რომ ეს შეშფოთება მასთან საუბრისას ბევრმა „დემოკრატმა“ ლიდერმა გამოთქვა.

მოკლედ......ცუდად არის „დემოკრატების“ საქმე.

და ეს მხოლოდ მათივე ბრალია - დროულად უინდა ეზრუნათ და შეეგნოთ, რომ მოხუცებულ მამაკაცს წლები ემატება, არ აკლდება; მაშასადამე უნარები აკლდება და არ ემატება.