საერთაშორისო მიმოხილვა. 10 ოქტომბერი. 2023 წელი
ისრაელი ამზადებს სახმელეთო ოპერაციას ღაზაში. სხვა გამოსავალი მას უბრალოდ არა აქვს. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში იგი დამარცხებულად ხოლო `ჰამასი` გამარჯვებულად იქნება აღქმული, რამდენიც არ უნდა ბომბოს ახლა `ცახალმა` (ისრაელის არმიამ) ღაზა.
უკვე 1 000 ებრაელია დაღუპული.
საოცარი ფაქტია: ამდენი ებრაელი ერთად 1945 წლის შემდეგ ანუ ნაცისტური გენოციდის (ჰოლოკოსტის) შემდეგ არ დაღუპულა.
ეს ისტორიული მოვლენაა უკვე და თუ ასეთივე ისტორიული პასუხი არ გაეცა, ისრაელის სახელმწიფო დამარცხებულია!
დამარცხებულია აღქმით(!), ხოლო აღქმითი დამარცხებიდან რეალურ დამარცხებამდე არც ისე დიდი ისტორიული მანძილი დარჩება.
მით უმეტეს ამ სასტიკ რეგიონში და ორგზის უმეტეს ისრაელ-პალესტინის ანუ ებრაულ-არაბული დაპირისპირების კონტექსტში.
ამ თემაზე საუბარი უსასრულოდ შეიძლება, თუმცა ნებისმიერი ამ მასშტაბის მოვლენის ანალიზისას ვერ გავექცევით გენიალური ლათინების კითხვას: Qui prodest? ანუ `ვის აძევს ხელს?`, ჟარგონით თუ ვიტყვით, `ვის აწყობდა`? `ვის აწყობს?`
პასუხი არის ერთმნიშვნელოვანი: რ უ ს ე თ ს!
საერთოდ რომც არ ვისაუბროთ საიდან და როგორ მიიღო `ჰამასმა` ეს ტექნოლოგიები, რითაც გენიალური ტანკი `მერკავაც` კი ააფეთქა, `ვის აძლევდა` ხელს - ეს კითხვა საპასუხო ორჭოფობის საზრისულ სივრცეს არ ტოვებს უბრალოდ!
რა თქმა უნდა რუსეთს აძლევდა ხელს.
მით უმეტეს, რომ უკრაინის ომის პარალელურად ახლა ეს დიდი ომი მსოფლიოს `ტრანსცედენტულ` იდენტობით და გეოპოლიტიკურ წერტილში მხოლოდ იწყება და ღვივდება.
სწორედ მასზეა დღეს (უკვე) მიპყრობილი მსოფლიოს ყურადღება, რაკი ეგზისტენციალური საკითხია ერთდროულად რამდენიმე გლობალური ცივილიზაციისთვის.
პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, რომელსაც ზოგადად ახასიათებს ძლიერი სპიჩები, განსაკუთრებით კრიზისულ ვითარებაში, ისრაელელებს მიმართა საპროგრამო სიტყვით, რომელშიც ისრაელის `ეროვნული თანხმობის მთავრობის` სტრატეგიაზე ილაპარაკა და ამ სტრატეგიის ხუთი ძირითადი პუნქტი გამოაქვეყნა
ა) ისრაელის ტერიტორიის სრული გაწმენდა ტერორისტული ჯგუფებისგან, რომლებიც ჯერ კიდევ რჩებიან როგორც ჩანს ზოგიერთ კიბუცში და ახალი ტერორისტების შემოსვლის აღკვეთა, რაც `ითარგმნება`, როგორც ღაზას სექტორის სრული ბლოკირება, - იქიდან ყოველ დღე ისრაელში ათასობით პალესტინელი არაბი შემოდიოდა სამუშაოდ ისრაელში;
ღაზას წყლის, საკვების და ელექტროენერგიის მიწოდება 100% შეწყვეტილი აქვს უკვე
ბ) ღაზაში `მასირებული სახმელეთო ოპერაციის` განხორციელება `ჰამასის` წინააღმდეგ. რადაც არ უნდა დაჯდეს და რაც არ უნდა მოითხოვოს ამ ოპერაციამ
გ) ჩრდილოეთ საზღვრის გამაგრება და ლიბანში დისლოცირებული` ჰესბოლას` წინააღმდეგ ოპერაციის განხორციელება თუ ეს უკანასკნელი ისრაელის დაბომბვას გაბედავს
დ) საერთაშორისო მხარდაჭერის უზრუნველყოფა და ისრაელის მოქმედების თავისუფლება.
ეს ბოლო თეზისი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან დასავლეთი არ მოიწონებს დიდი ხნის განმავლობაში ღაზას უწყლოდ-უშუქოდ-უსაკვებოდ დატოვებას და საარტილერიო დაბომბვებს
ე) ისრაელის ხალხის ერთობის, როგორც გამარჯვების უმთავრესი პირობის უზრუნველყოფა
თუმცა ბევრი ისრაელელი დამკვირვებელი უკვე აღნიშნავს, რომ `ხალხის ერთობა` თვით ნეთანიაჰუმ ჩამოშალა უდროო დროს წამოწყებული სასამართლო რეფორმით, რისი არანაირი აუცილებლობა (დღეს ხომ მაინც ნათელია) არ არსებობდა.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
გერმანიის მთავრობამ გამოაქვეყნა უმნიშვნელოვანესი, შეიძლება ითქვას ისტორიული გადაწყვეტილება, რომ გერმანია არ თვლის `ნაცისტად` უკრაინული ნაციონალიზმის და უკრაინის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ისტორიულ ლიდერს, სტეფან ბანდერას; ასევე იმ უკრაინულ დაჯგუფებებს (მაგალითად Galichina), რომლებიც საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ იბრძოდნენ მეორე მსოფლიო ომის დროს. თუნდაც გერმანული `ვერმახტის` ბრძოლის პარალელურად.
გერმანიის მთავრობის ამ გადაწყვეტილებას რუსული `საგარეოს` ისტერიკა მოჰყვა: თუმცა რუსები იმას არ აღიარებენ რასაკვირველია, რომ გერმანიის მთავრობა წარსულის კომპლექსებისგან სწორედ უკრაინის წინააღმდეგ რუსულმა აგრესიამ და ხოცვა-ჟლეტამ გაათავისუფლა: რაც საბჭოთა კავშირმა უკრაინელი ერის წინააღმდეგ ჩაიდინა ომამდეც და ომის დროსაც........ გარკვეული პერიოდი ომის შემდეგაც, ნაცისტთა დანაშაულზე ნაკლები როდია არც შინაარსით არც მასშტაბით.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
NATO-ში გაწევრების შემდეგ ფინეთმა გაამკაცრა დამოკიდებულება რუსების მიმართ და ამ მხრივ ლიდერიც კი გახდა ალიანსის წევრ სახელმწიფოებს შორის: ფინეთის მთავრობამ მიიღო დადგენილება და მოამზადა კანონპროექტი, რომელიც აადვილებს იმ ბინების კონფისკაციას, რასაც ფინეთის ტერიტორიაზე რუსები ფლობენ;
ამჟამად ეს რუსები ფინეთში საერთოდ ვერ ჩადიან, რაკი შეზღუდვა აქვთ დაწესებული. და ბინებსაც წაართმევენ მალე.
ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა ნიშანდობლივი განცხადება ამასთან დაკავშირებით ``უბრალო (!!!) რუსებმა უნდა იგრძნონ, რომ მათი სახელმწიფოს ქმედებაზე თვითონაც პასუხს აგებენო``.
ზედმეტიც კია იმის აღნიშვნა, რომ სანამ NATO-ს წევრი გახდებოდა, ფინეთი ამის მეათედს ვერ გაუბედავდა რუსეთს.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, ნებენზიამ უსინდისობისა და უზნეობის ყოველგვარი ზღვარი გადალახა: რამდენიმე დღის წინ უკრაინულ დაბა ჰროზაში რუსული რაკეტით მოკლულ 52 უდანაშაულო, მშვიდობიან უკრაინელზე თქვა: `მოსაკლავები იყვნენ, რაკი იმ კაფეში, რომელსაც რაკეტა ვესროლეთ, უკრაინელი ნაციონალისტის ქელეხი მიმდინარეობდა და ისინი მაგ ქელეხში მონაწილეობდნენო`.
ანუ ადრე თუ უარყოფდნენ, ახლა აღარც უარყოფენ, რომ მშვიდობიან უკრაინელებს ხოცავენ.....ქელეხში მონაწილეობისთვის.
ადრე ამბობდნენ `სინამდვილეში სამხედრო თათბირი იყოო`. ან `იარაღის საწყობი იყოო`, ან `ჩვენ არ გვისვრია, მშვიდობიან უკრაინელებს არასდროს ვესვრითო`....ახლა უკვე პირდაპირ ამბობდნენ: `უკრაინელი ნაციონალისტის ქელეხი იყო და ქელეხს ვესროლეთო`.
და...`უკრაინელი ნაციონალისტი` რას ნიშნავს საერთოდ, რა ტერმინია ეს?
ალბათ იმას, რომ ადამიანი სამშობლოს იცავდა რუსული აგრესიისას და ბრძოლაში დაიღუპა.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
საოცრება ხდება ამერიკაში: Robert F. Kennedy Jr. (ანუ რობერტ კენედი უმცროსი) აპირებს კენჭი იყაროს საპრეზიდენტო არჩევნებში, როგორც დამოუკიდებელმა (და არა დემოკრატმა) კანდიდატმა.
აქვე უნდა ითქვას, რომ ჩვენში არსებული აღქმის მიუხედავად, თითქოს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებშიც და კონგრესის არჩევნებშიც მხოლოდ `დემოკრატები` და `რესპუბლიკელები` მონაწილეობენ, სინამდვილეში ასე არ არის: ზოგჯერ ათეულობით კანდიდატი მონაწილეობს. უბრალოდ ამომრჩეველი სხვებს (დემოკრატებისა და რესპუბლიკელების გარდა) `არ ამჩნევს` და არც ერთ `არარესპუბლიკელ-არადემოკრატ` კანდიდატს არასდროს გაუმარჯვია უკვე ძალიან დიდი ხანია.
ოღონდ ეს კი არ არის ყველაზე საოცარი, არამედ ის, რომ ისეთი რესპექტაბელური ორგანიზაციების სოციოლოგიური გამოკვლევით, როგორიც Reuters/Ipsos-ია, 1968 წელს პალესტინელი ფანატიკოსის მოკლული რობერტ კენედის შვილი, წარმატებული იურისტი და თავგადაკლული პუტინისტი, რობერტ (ბობ) კენედი იღებს....14%-ს!!!
ეს ძალიან ბევრია.
ჯერ ერთი ბევრია იმიტომ, რომ ამერიკის ელექტორალური სისტემა გულისხმობს არა პრეზიდენტის პირდაპირ არჩევას, არამედ ხმოსნების არჩევას ყველა შტატში, რომლებიც თავის მხრივ მერე ირჩევენ პრეზიდენტს.
და როცა ტრამპს იმავე გამოკითხვით 40% აქვს, ხოლო ბაიდენს 38% (ანუ ჯერ-ჯერობით ტრამპი იგებს), რობერტ კენედის 14% შესაძლოა განმსაზღვრელიც გახდეს ხმოსანთა კოლეგიაში კენჭისყრისას..
გარდა ამისა, რობერტ კენედიმ თუ ბოლო მომენტში მხარი დაუჭირა ერთ-ერთ რეალურ კანდიდატს (ან ტრამპს ან ბაიდენს) ეს ამ კანდიდატის უპირატესობას უეჭველად გაზრდის.
`კენედების` გვარი და მათთან დაკავშირებული ტრაგიკული საგა ამერიკელთათვის საკრალური თემაა, რაც უკავშირდება ლი ჰარვი ოსვალდის მიერ 1963 წელს დალასში მოკლულ ჯონ ფიცჯერალდ კენედის, ასევე მის მეუღლეს, ჟაკლინ კენედის, როგორც ძალიან პოპულარულ ქალს; ასევე 1968 წელს ლოს ანჯელესში სერჰან სერჰანის მოკლულ რობერტ კენედის.
სერჰან სერჰანი კინაღამ გაათავისუფლეს ციხიდან 1922 წელს მას შემდეგ, რაც კალიფორნიის პროკურატურამ გამოაცხადა, რომ იგი `საზოგადოებისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენსო`.
თუმცა რობერტ კენედის ექვსი შვილიდან ხუთი სერჰანის გათავისუფლების წინააღმდეგ წავიდა.
მამის მკვლელის გათავისუფლებას მოითხოვდა სწორედაც რობერტ კენედი - უმცროსი.
ვიმეორებ: პუტინის დიდი თაყვანისმცემელია.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
მოციგურავეთა რუსმა მწვრთნელმა, ტატიანა ტარასოვამ დ აწ ყ ე ვ ლ ა ISU – მოციგურავეთა საერთაშორისო ორგანიზაცია იმის გამო, რომ კვლავ არ დაუშვა რუსი მოციგურავენი საერთაშორისო შეჯიბრებებზე.
პუტინის დავალებით რუსი ჩინოსნები ბევრს მუშაობენ ახლა, დიდ ფულსაც ხარჯავენ, რომ უკრაინაში აგრესიის მიუხედავად ISU-მ ბანი მოხსნას.
როგორც UEFA-მ მიიღო ამას წინათ ყოვლად სამარცხვინო გადაწყვეტილება იუნიორთა შეჯიბრზე