სარკოზი-მედვედევის შეთანხმება: ძალა აღმართს ხნავს

სარკოზი-მედვედევის შეთანხმება: ძალა აღმართს ხნავს

    12 აგვისტოს, საქართველოსათვის საბედისწერო დღეს, როდესაც რუსული ტანკები თითქმის ნატახტართან იდგნენ, მოსკოვში სასწრაფოდ ჩაფრენილმა ნიკოლა სარკოზიმ, ექვსპუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმების კომენტირებისას ნიშანდობლივი რამ თქვა: «საქართველოს ამ რეგიონში (ანუ სამხრეთ ოსეთში-ნ.ვ.) რუსეთის ძალთა სტატუსი და უფლებამოსილება ჩემი მოგონილი არ არის და ვერც ეჭვქვეშ დავაყენებო».
    ესე იგი, როდესაც საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი 1992 წლის დაგომისის ხელშეკრულებას გაეცნო – გაოგნდა: ასეთი კაბალური და სამარცხვინო შეთანხმება ხომ არავის არასდროს გაუფორმებია?
    მოსკოვი კი, პარიზთან კავკასიაში «ახალი წესრიგის» თაობაზე ურთიერთმოქმედებისას განუწყვეტლივ აპელირებდა 1992 წლის 24 ივნისის დაგომისის შეთანხმებაზე, რომელიც, გვინდა ეს თუ არა, მოგვწონს თუ არა, ვაღიარებთ თუ არა, საქართველომ იძულებით(!) დაარღვია 2008 წლის 7 აგვისტოს, როდესაც ძალით უპასუხა ოსი სეპარატისტების თავხედურ პროვოკაციებს, - თამარაშენისა და ავნევის უმოწყალო დარბევას.
    სწორედ დაგომისის ხელშეკრულება დაედო პოლიტიკურ საფუძვლად სარკოზი-მედვედევის შეთანხმებას და სანამ უკანასკნელი დოკუმენტის განხილვას შევუდგებოდეთ, აქვე უნდა ითქვას, რომ დაგომისის ხელშეკრულება თავისთავად აბსოლუტურად უპრეცედენტოა მსოფლიო დიპლომატიის ისტორიაში:
    რაკი «სამხრეთ ოსეთში», 1991 წლიდან დაწყებული, რუსეთის მოქმედებას კვიპროსზე თურქეთის ქმედებას ადარებენ, შეიძლება ასეც ითქვას: ეს იგივეა, ბერძნები კუნძულზე თურქული არმიის შეჭრას რომ დათანხმებოდნენ და მისთვის «სამშვიდობო სტატუსი» მიენიჭებინათ საკუთარი ხელმოწერით.
    სინამდვილეში, მედვედევმა ცეცხლის შეწყვეტა და თბილისზე შეტევის შეჩერება ძალიან ძვირად მიჰყიდა ფრანგებსა და, ზოგადად, ევროპელებს: ორივე მხარე ხვდებოდა, რომ ხელშეკრულება დაირღვეოდა, მაგრამ სარკოზის სჭირდებოდა ომის შეწყვეტა, ხოლო პუტინ-მედვედევის ორთავიან ტანდემს – მისი ქმედებების ლეგალიზაცია.
    ამთავითვე უნდა აღინიშნოს, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით, მოსკოვში ხელმოწერილი დოკუმენტი არ არის შეთანხმება საქართველოსა და რუსეთს შორის. რუსებმა იგი პოლიტიკურად გააფორმეს, როგორც შეთანხმება საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს, საქართველოსა და აფხაზეთს შორის, რომლის გარანტებიც არიან ერთის მხრივ რუსეთის ფედერაცია, ხოლო მეორეს მხრივ - საფრანგეთის რესპუბლიკა და ევროკავშირი.
    მართალია საქართველოს პრეზიდენტმა დოკუმენტის მხოლოდ იმ ვარიანტს მოაწერა ხელი, რომელსაც კოკოითისა და ბაღაფშის ხელმოწერები არ «ამშვენებდნენ», მაგრამ ამით, პოლიტიკური თვალსაზრისით (რაც იურიდიულ დეტალიზებას ხშირად არ ემთხვევა), ბევრი არაფერი იცვლება.

    მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რაც დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ მოხდა.
    დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მოსკოვმა მთლიანად დაარღვია ეს ხელშეკრულება (ასოც და სულისკვეთებაც) და მისი ღირებულება იმ ქაღალდის ფასზე დაიყვანა, რომელზეც იგი დაბეჭდილია.
    ნიკოლა სარკოზის თვითმფრინავი მოსკოვიდან აფრენილიც არ იყო, რომ რუსულმა ჯარებმა დაიკავეს გორი, შემდეგ იგოეთი, დასავლეთ საქართველოში კი – ფოთი.
    შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი ითვალისწინებდა «უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღებას»; თუმცა, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რამდენად სახიფათოა საერთაშორისო დოკუმენტში ორმაგად წაკითხვის შესაძლებლობის მქონე ფრაზების დაფიქსირება. მით უმეტეს მაშინ, როდესაც საქმე რუსულ პოლიტიკასთან გაქვს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბერნარ კუშნერი იმ დღეებში გულამოსკვნით ჩიოდა, რომ სიტყვიერი (!) შეთანხმების საფუძველზე ეს «დამატებითი ზომები» გულისხმობდნენ მხოლოდ და მხოლოდ პატრულირებას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიაზე და მეტს არაფერს.
    მით უმეტეს არ ითვალისწინებდნენ ფოთში შეჭრასა და ცენტრალური ავტომაგისტრალის გადაკეტვას. შეთანხმებაში არაფერია ნათქვამი აგრეთვე «ბუფერული ზონების» შესახებ.
    სხვათა შორის, ამ მომენტში რუსები იმავე ავადსახსენებელ «დაგომისის ხელშეკრულებას» იყენებდნენ, რომელიც ნამდვილად აწესებდა «უსაფრთხოების» ზონას – გორამდე და ცენტრალურ ავტომაგისტრალსაც კვეთდა, მაგრამ ფოთისა და სენაკის ტერიტორიებამდე 90-იანი წლების «სამშვიდობო ფორმატებით» გათვალისწინებული ზონებიც კი ვერ აღწევდნენ; გამოდის, ხსენებული პუნქტის შესაბამისად, რუსებს შეეძლოთ «უსაფრთხოების დამატებით ზომებად» გამოეცხადებინათ, ვთქვათ, თბილისში შემოსვლა და სამთავრობო შენობების ბლოკირება;
    ანუ, აქ ყველაფერი პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე და დასავლეთის რეაქციაზე იყო დამოკიდებული; მაშასადამე, შეთანხმების ეს პუნქტიც (უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ) რუსეთმა არათუ დაარღვია, არამედ თვით დოკუმენტის პოლიტიკური სულისკვეთების საწინააღმდეგოდ გამოიყენა;
    ხელშეკრულების მეორე, პირდაპირი და უხეში დარღვევა იყო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება, რაც აგრეთვე კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა სარკოზი-მედვედევის შეთანხმების მთელ სულისკვეთებას, მის, თუ შეიძლება ასე ითქვას «ფილოსოფიას».
    უფრო მეტიც: მოსკოვმა განაცხადა, რომ აპირებს შექმნას სამხედრო ბაზები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში; და ეს მაშინ, როდესაც შეთანხმებით, რუსული ჯარები უნდა დაბრუნებულიყვნენ 7 აგვისტომდე არსებულ ხაზზე. პრეზიდენტ მედვედევის თქმით «დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ შეიქმნა ახალი რეალობა და რუსეთი მოქმედებდა ამ რეალობის შესაბამისად».
    კი მაგრამ, სად გაგონილა «ახალ რეალობას» საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევის უფლება მიეცა ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარისათვის?
    მაგრამ მოსკოვში მეორე ვიზიტისას პრეზიდენტმა სარკოზიმ (ზოგადად დასავლეთმა) ესეც «გადაყლაპა» და ახალი შეთანხმების გაფორმებით რუსეთს დაუდასტურა, რომ ამაზე თვალს დახუჭავს (რეალურად) თუკი მოსკოვი სხვა პუნქტებს შეასრულებს და ჯარებს თუ არა 7 აგვისტომდე არსებულ ხაზზე, მაგრამ თუნდაც «ბუფერული ზონებიდან» მაინც გაიყვანს.
    სარკოზი-მედვედევის შეთანხმების კიდევ ერთი პუნქტი ეხებოდა კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარული ტვირთების შეტანას, ჰუმანიტარული დერეფნების შექმნას და, ზოგადად, ჰუმანიტარული ძალისხმევის ხელშეწყობას.
    ეს პუნქტიც უხეშად დაირღვა, რადგან რუსულმა ჯარებმა საქართველოს ტერიტორიიდან – ცხინვალის რეგიონში საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები არ შეუშვეს და ჰუმანიტარული ტვირთების დარიგებაზეც კატეგორიული უარი განაცხადეს.
    ამრიგად, რუსეთმა არ შეასრულა და უხეშად დაარღვია სარკოზი-მედვედევის შეთანხმების ყველა ის პუნქტი, რომელიც საქართველოში მისი შორსმიმავალი მიზნების რეალიზებას ხელს უშლიდა.
    მიუხედავად ამისა, დასავლეთი ფაქტობრივად(!) იძულებული გახდა შერიგებოდა ახალ რეალობას, - ძალით ჩამოყალიბებულ სტატუს-კვოს და დებატები რუსეთთან მხოლოდ თეორიულ რაკურსში გადაეტანა. ანუ იმავე «ჟენევის ფორმატში», რომელიც მხოლოდ ექსპერტების დონეზე შეხვედრას ითვალისწინებს ჯერ-ჯერობით და მეტს, რეალურად, არაფერს!
    რუსეთის მოქმედება როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური და დიპლომატიური თვალსაზრისით სხვა არაფერია, თუ არა საერთაშორისო სამართლისა და დიპლომატიის ელემენტარულ კანონთა იგნორირება, მათი ფეხქვეშ გათელვა და «ძალის უფლების» დამკვიდრება (საკუთარი სუვერენული საზღვრების მიღმა) – ნაცვლად საერთაშორისო სამართლის ძალისა.
    სამწუხაროდ, რიტორიკის მიუხედავად, დასავლეთს არ გააჩნია არანაირი ბერკეტი და სურვილიც (მზადყოფნა), რათა მოითხოვოს რუსეთისაგან რაიმე უფრო მეტი, ვიდრე კარალეთიდან და ფოთიდან ჯარების გაყვანაა;
    ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, დენიელ ფრიდმა უკანასკნელ ინტერვიუში პირდაპირ განაცხადა კიდეც, რომ აფხაზეთისა და «სამხრეთ ოსეთის» საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება «შორეული მომავლის საქმეა» იმ აზრით, რომ საქართველო უნდა იქცეს ეკონომიკურად და პოლიტიკურად (დემოკრატიის თვალსაზრისით) მიმზიდველ ქვეყნად, რათა ოსებმა და აფხაზებმა თავად მოინდომონ საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება.
    თუმცა, როცა საქმე ეთნიკურ ნიადაგზე წარმოშობილ სიძულვილს ეხება, არც ერთი და არც მეორე ფაქტორი სინამდვილეში განმსაზღვრელი არ არის.
    მაგალითად, ძალზე მიმზიდველი ქვეყანაა დიდი ბრიტანეთი, დემოკრატიაც არ დაეწუნება, მაგრამ ჩრდილო ირლანდიელებს მისკენ გული მაინც არ მიუწევთ.
    თუ პირდაპირ ვიტყვით, სარკოზი-მედვედევის შეთანხმება რუსეთმა იმავე ევროპელებს «ცხვირწინ დაუფხრიწა» და ნუგეშად სახის შენარჩუნების საშუალება დაუტოვა – ევიანში მედვედევის სტუმრობის ფორმით.
    სამაგიეროდ, სისხლი აღარ იღვრება და კოდორისა თუ ლიახვის ქართულ ნასახლარებზეც (სასაფლაოს) მშვიდობა დაისადგურებს.
    ევროპელებს კი მშვიდობის გარდა არაფერი სურდათ, რაკი ხედავენ და აღიარებენ, რომ კავკასიაში, 2008 წლის აგვისტოში, ძალამ აღმართი მოხნა.