საერთაშორისო მიმოხილვა. 11 თებერვალი. 2025 წელი
ილონ მასკის ახალი გრანდიოზული პროექტი: ამერიკელი მულტი-მილიარდერი და დონალდ ტრამპის „მარჯვენა ხელი“ აპირებს შეიძინოს Artificial Intelligence სფეროში ლიდერი ამერიკული კომპანია:
ილონ მასკმა განაცხადა, რომ სათავეში უდგას ინვესტორთა ჯგუფს, რომელიც მზადაა $97,4 მილიარდად იყიდოს OpenAI, - ChatGPT-ის „მამობილი კომპანია“.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯერ ერთი, ილონ მასკმა სწორედაც პოლიტიკური და სახელისუფლებო გავლენებისთვის შეიძინა Twitter (უწოდა X) და უდიდესი როლიც შეასრულა ტრამპის გაპრეზიდენტებაში, ხოლო ამჟამად OpenAI-ს დაადგა თვალი, გამოდის ეს ფიგურა ამერიკულ პოლიტიკაში და ხელისუფლებაში უდიდეს გავლენას იძენს მთელს ქვეყანაზე.
ლაპარაკი არ არის მხოლოდ ტრამპის ადმინისტრაციაში მის გავლენებზე.
თუ ილონ მასკის X-ს დაემატება ხელოვნური ინტელექტის კომპანია, მაშინ ამ ორი უდიდესი რესურსის სამუშაო „ალგორითმები“ მასკმა შეიძლება ისე „დაალაგოს“, რომ „გატრენდოს“ ის რაც მისთვის სასურველია და დაბლოკოს არასასურველი პროცესები ან ტენდენციები სოციალური კომუნიკაციის სფეროში, რომლებიც XXI საუკუნეში არათუ „ბევრ რამეს“, აარმედ უკვე ყველაფერს წყვეტენ.
შეასრულებენ თუ არა „მუხრუჭის“ როლს ამერიკის დემოკრატიული ინსტიტუტები, ამჟამად უცნობია.
თავის დროზე, 2015 წელს, ილონ მასკი სემ ალტმანთან ერთად OpenAI-ს თანადამფუძნებელი იყო, თუმცა შემდეგ კომპანიას ჩამოშორდა.
მეორეს მხრივ, ჩინეთსა და ამერიკას შორის უკვე გაიხსნა არათუ კონკურენციის, არამედ ნამდვილი ომის „ფრონტი“მას შემდეგ, რაც ჩინეთმა წარმოადგინა საკუთარი ინოვაცია AI სფეროში: DeepSeek, რომელიც სპეციალისტთა აზრით, ჯერ ერთი ტექნოლოგიურად არ ჩამოუვარდება ამერიკულ ანალოგებს და სჯობნის კიდეც მათ და მეორეც (ეს ძალიან მნიშვნელოვანია მარკეტინგული თვალსაზრისით) რა თქმა უნდა ბევრად იაფია ვიდრე ამერიკული ანალოგები.
ტრამპი, რასაკვირველია, მხარს დაუჭერს მასკის ინიციატივას, რაკი თავიდანვე განაცხადა, რომ AI მისი ერ-ერთი პრიორიტეტი იქნება.
. . . . . . . . . . . . . . . . .
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ განიხილავს თავისი Vice-ს, JD Vance მემკვიდრედ 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე.
ეს განცხადება პრეზიდენტმა ტრამპმა გააკეთა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, ხოლო ჟურნალისტი, თავის მხრივ, აპელირებდა მედიაში მოარულ აბსოლუტურად ლეგიტიმურ მოსაზრებაზე, თუ ვის განიხილავს ტრამპი მემკვიდრედ, რაკი ამერიკული კონსტიტუციით მესამედ კენჭისყრის უფლება არ აქვს.
ეს უფლება, როგორც ირკვევა, პოლიტიკოსს არ აქვს არა მხოლოდ ზედიზედ სამჯერ, არამედ მთლიანობაშიც სამჯერ
ტრამპი აშკარად ელოდა ამ კითხვას და არა მხოლოდ ის თქვა, რომ არ განიხილავს ვენსს მემკვიდრედ, არამედ ისიც, რომ „ამაზე ლაპარაკი ნაადრევია“.
რა თქმა უნდა ნაადრევია, რაკი სულ ახლახან ჩატარდა არჩევნები და თითქოს რა დროს 2028 წლის პოლიტიკური დისკურსია ჯერ?
ამ შემთხვევაში პრეზიდენტი მოქმედებს ტექნოლოგიურად - ჭკვიანი PR -სპეციალისტების რჩევით, რაკი ელემენტარული ტექნოლოგიაა, რომ ამგვარ კითხვაზე ხელისუფალმა უნდა უპასუხოს „ნაადრევია“ და სრულადაც უარყოს „ჭორები“.
ხოლო როდესაც „ნაადრევი“ აღარ იქნება, თქვას: „მაშინ ასე ვფიქრობდი, ახლა სხვანაირად ვფიქრობო“.
არავის ეპარება ეჭვი, რომ ახალგაზრდა, ქარიზმატული ლიდერი ვენსი ტრამპს არა მხოლოდ „ეიჯური ბალანსისთვის“ სჭირდებოდა, არამედ სამომავლოდაც.
ის ზუსტად შეესაბამება მის წარმოდგენებს, თუ როგორი უნდა იყოს მემკვიდრე, რათა მისი საქმე გააგრძელოს.
ამერიკაში კი არჩევნები არასდროს მთავრდება: საარჩევნო უბნების დახურვისთანავე იწყება ახალი საარჩევნო ციკლი.
. . . . . . . . . . . . . . . .
ამერიკული ელიტები, მათ შორის The Wall street ანუ ფინანსური ისტებლიშმენტი არ არიან დარწმუნებულნი, რომ დონალდ ტრამპის „სავაჭრო/სატარიფო ომები“, რაც მან გააჩაღა კანადის, მექსიკის, ანუ უახლოესი მეზობლების წინააღმდეგ და რის გაჩაღებასაც აპირებს მიმდინარე კვირას ახალი საბაჟო ტარიფების შემოღებით ევროკავშირის წინააღმდეგ, ამერიკასავე არ დააზიანებს
The Wall Street Journal, რომელიც არათუ ამერიკის არამედ მთელი ევროატლანტიკური სამყაროს ლიდერია ეკონომიკურ საზრისთა სფეროში, აქვეყნებს ედითორიალს, რომლითაც აცხადებს, რომ ტრამპის გაჩაღებული სავაჭრო/საბაჟო/სატარიფო ომები „ყველაზე სულელური სავაჭრო ომებია ისტორიაში“.
რეზონი ამ მოსაზრებაში არის, რადგან დონალდ ტრამპის კრიტიკოსები სვამენ ელემენტარულ კითხვას, რაზეც ტრამპის გუნდს პასუხი ჯერ არა აქვს: რატომ ჰგონია ან ტრამპს ან მისი გუნდის რადიკალ წევრებს, რომ წინამორბედი ამერიკული ადმინისტრაციები, „დემოკრატები“ იქნებოდნენ ისინი თუ „რესპუბლიკელები“, ნაკლებად ზრუნავდნენ ამერიკის ეკონომიკაზე, ამერიკაში Jobs ანუ სამუშაო ადგილების შენარჩუნებაზე, ამერიკულ ინდუსტრიათა გადარჩენაზე?
სინამდვილეში ის ფაქიზი ბალანსი, რაც ევროკავშირთან ვაჭრობაში, მექსიკასთან ვაჭრობაში, კანადასთან ვაჭრობაში არსებობს...... იყო და არის რთული, ხანგრძლივი, მრავალი ათწლეულის განმავლობაში განგრძობადი, დახურულ კარს მიღმა მიმდინარე, დიპლომატიური, პროფესიონალური დიალოგისა და კომპრომისების შედეგი, რაც ითვალისწინებდა პირველ რიგში ამერიკის ინტერესებს, თუმცა პარტნიორთა ლეგიტიმური ინტერესების ნაგულისხმევობით ასევე.
სხვაგვარად არ გამოვიდოდა არც ერთი პრეზიდენტის და არანაირი კონგრესის დროს.
ასე ერთი ხელის მოსმით საჭის „შეტრიალებამ“ კი, - როგორც მრავალი წლის მანძილზე ამ სფეროში „ჭიპმოჭრილი“ სპეციალისტები ამბობენ, - შესაძლოა ძალიან დააზიანოს თვითონ ამერიკა, იგივე ამერიკული ინდუსტრიები, რადგან ტრამპის ნაბიჯები უპასუხო არ დარჩება.
ბოლოს და ბოლოს, რამდენად გრანდიოზულიც არ უნდა იყოს ამერიკა, მისი ეკონომიკა, ის მაინც ნაკლებია ვიდრე მთელი დასავლეთი, მით უმეტეს მთელი მსოფლიო ერთად აღებული.
The Wall Street Journal-ში შემთხვევით არაფერი ქვეყნდება და როგორც მინიმუმ გამოხატავს ინვესტორთა შიშნეულობას ტრამპის „ბულდოზერული სტილის“ შესაძლო შედეგებზე თვით ამერიკისთვის.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
ტრამპმა დააზუსტა თავისი ფანტასტიკური გეგმა ღაზას სექტორის დეპოპულაციის შესახებ.
მისი თქმით, ამერიკა დაეხმარება ფინანსურად ეგვიპტესა და იორდანიას, რათა ააშენონ რამდენიმე დიდი ქალაქი და იქ დაასახლონ ღაზელები.
ამასთან, აშშ პრეზიდენტმა დააზუსტა, რომ ღაზას მაცხოვრებლებს, რომლებიც სექტორიდან გაემგზავრებიან, უკან, ღაზაში დაბრუნების უფლება უკვე აღარ ექნებათო.
ხოლო იმ შემთხევაში, თუკი ეგვიპტე და იორდანია უარს იტყვიან მიიღონ ლტოლვილები ღაზიდან, ტრამპი იმუქრება, რომ ამ ქვეყნებს ამერიკა ფინანსურ დახმარებას შეუწყვეტს.
მივაქციოთ ყურადღება, რომ ტრამპის ინიციატივა ეხება ღაზას სექტორს, მაგრამ არ ეხება იორდანიის სამეფოს მიმდებარე „დასავლეთ სანაპიროს“ ანუ პალესტინის ავტონომიას.
ეს ავტონომია აგრეთვე უქმნის პრობლემებს ისრაელს, თუმცა არა იმ ხარისხის და ინტენსივობის პრობლემებს, როგორსაც ღაზა და მისი აბსოლუტურად ფანატიკური მოსახლეობა.
ღაზამ აირჩია „ჰამასი“ - რადიკალური მოძრაობა - 20 წლის წინ ხელისუფლებად, რის შემდეგაც ისრაელმა ჩაკეტა ღაზა-ეგვიპტის საზღვარი.
პალესტინის ავტონომიაში კი, - მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, - ხელისუფლებაშია ოდესღაც იასერ არაფატის დაფუძნებული „პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაცია“.
„ჰამასისგან“ განსხვავებით, ის ცნობს ისრაელის არსებობის უფლებას, ოღონდ აღმოსავლეთ იერუსალიმის გარეშე - 1967 წლის საზღვრებში.
არც ეგვიპტე, არც იორდანიის სამეფო არასდროს, არც ერთი გამწვავებისას არ ეთანხმებოდნენ დამატებითი ლტოლვილების მიღებას.
ჯერ ერთი ძვირია, მეორე სახიფათოა, რაკი ეს რადიკალური ჯგუფები მათაც შეუქმნიდნენ პრობლემებს და მესამეც, თუკი ღაზა, ასევე „დასავლეთ ნაპირი“ არაბებისგან დაიცლება, მაშინ როგორღა ან „ვინღა“ განაცხადოს პრეტენზია აღმოსავლეთ იერუსალიმზე? „ტაძრეულის მთაზე? ალ აქსას მეჩეთზე?“.
არაბული სამყარო ამგვარი გადაწყვეტის წინააღმდეგი იქნება: საქმე მხოლოდ იორდანიაში არ არის და ეგვიპტეში.
ამერიკის უახლოესი მოკავშირეებიც კი, მათ შორის საუდის არაბეთი, კატარი, კუვეიტი....ამას მხარს არ დაუჭერენ რაკი „დიადი არაბული საქმის ისტორიულ მარცხად“ აღიქვამენ.
ამავდროულად, შეუძლებელია არ ვაღიაროთ, რომ „ღაზას სექტორის“ პრობლემა მუდამ დარჩება „შეყოვნებული მოქმედების ნაღმად“ ისრაელის სახელმწიფოს სხეულში, რაკი იქაური მოსახლეობა ისრაელთან ვერც მორიგდება და ვერც შერიგდება.
ასეთი სოციალური მენტალობა ჩამოყალიბდა იმ ტერიტორიაზე.
კიდევ ერთი საინტერესო ნიუანსია, რომ როგორც ბევრი ანალიტიკოსი აღნიშნავს, „ტრამპის გეგმა“ სინამდვილეში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს გეგმაა.
უბრალოდ მას არ სურდა ამ გეგმის ტავად გაჟღერება და ტრამპს „გაახმოვანებინა“ წინასწარი შეთანხმებით.