საერთაშორისო მიმოხილვა. 19 ივნისი 2022 წელი
თემა: ლიტვის ტრანზიტი და პუტინის საჯარო დამცირება ყაზახეთის მიერ
. . . . . . . . . .
გუშინდელი დღიდან, როგორც არასდროს, მსოფლიო ისე ახლოსაა ბირთვულ ომთან!
საქმე ის გახლავთ, რომ გუშინ ლიტვამ, პირველად მთელი ამ კრიზისის განმავლობაში, გადაკეტა დერეფანი, რომელიც რუსეთს აკავშირებს მისივე ევროპულ ანკლავთან: კალინინგრადის ოლქთან.ეს ოლქი ლიტვის ტერიტორიითაა გამოყოფილი რუსეთისგან.
კიდევ უფრო თუ დავაზუსტებთ, ლიტვამ განაცხადა, რომ თავის ტერიტორიაზე რკინიგზით და/ან საავტომობილი ტრანსპორტით გაატარებს რუსეთიდან - კალინინგრადში მხოლოდ იმ ტვირთებს, რაც ევროკავშირის მიერ არ არის სანქცირებული. არადა, ტვირთების დიდი ნაწილი (60-70%) სანქცირებულია ევროკავშირის მიერ.
ეს იმას ნიშნავს, რომ რუსები, რომლებიც კალინინგრადში ცხოვრობენ 1945 წლის შემდეგ-დღემდე, უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. სურსათის გარეშე.
შესაძლებელია, რასაკვირველია, მათი ზღვით მომარაგება, თუმცა ჯერ ერთი მოუხერხებელია, რაკი ზამთარში იქ ზღვაც იყინება და რაც მთავარია, აქ `მოხერხებულობაში` ან `მომგებიანობა-წამგებიანობაში` კი არ არის საქმე: ამ დერეფნის გადაკეტვით ლიტვამ პუტინს პირდაპირ სილა გააწნა: ევროკავშირის ტერიტორიაზე (ანუ ლიტვაზე) მხოლოდ იმ ტვირთებს გავატარებთ, რომლებიც ევროკავშირის მიერ აკრძალული არ არისო.
ყველა რუსული მატარებელი, ყველა ავტომანქანა ახლა გამოწვლილვით იჩხრიკება ლიტველი მესაზღვრეების და მებაჟეების მიერ, რასაც რუსები უდიდეს ეროვნულ შეურაცხყოფად აღიქვამენ: აქაოდა, რუსებს ეს რა გაგვიბედესო.
აქვე აუცილებელია ორი ისტორიული ექსკურსიც, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს
ა) 1945 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირმა ნაცისტური გერმანია დაამარცხა, აღმოსავლეთ პრუსიას, ანუ კანტის სამშობლოს, მათ შორის მის ისტორიულ დედაქალაქ კიონიგსბერგს (კანტი იქაა დასაფლავებული) დაარქვა კალინინგრადი, ხოლო ტერიტორიას, კალინინგრადის ოლქი
მიხეილ კალინინი სსრკ ერთ-ერთი ბუტაფორიული ხელმძღვანელი იყო -`ვსესაიუზნი სტაროსტა`(Всесоюзный староста - `საერთოსაკავშირო მამასახლისი), როგორც სტალინი უწოდებდა. - - - აბსოლუტურად არაფრისმაქნისი კომიკური პერსონაჟი, თუმცა ფორმალურად საბჭოთა კავშირის.......`პრეზიდენტი`!
როდესაც საბჭოთა არმიამ კიონიგსბერგი და მთლიანად, აღმოსავლეთ პრუსია აიღო, იქ დაახლოებით მილიონი გერმანელი ქალი გააუპატიურეს და მათი დიდი ნაწილი დახოცეს. ბავშვებთან ერთად. სხვებმა თავს უშველეს გაქცევით, კიონიგსბერგი დაცარიელდა და სტალინმა იქ რუსები ჩაასახლა.
კალინინგრადის ოლქი ფაქტობრივად ცენტრალურ ევროპაში მდებარეობს - უდიდესი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს!
ბ) როდესაც საბჭოთა კავშირი იშლებოდა, ლიტვასთან მოსკოვმა ხელშეკრულება გააფორმა, რომ შეიქმნებოდა ე.წ. `დერეფანი` რუსეთსა და კალინინგრადს შორის და რუსეთიდან ამ დერეფნით დაიწყებოდა ტვირთების გადაზიდვა.
ლიტველებს, პოლონელებს და სხვებს ძალიან არ უნდოდათ ამ ხელშეკრულების გაფორმება, რადგან ახსოვდათ ნაცისტური გერმანიის გაკვეთილი:
1939 წელს ჰიტლერმა პოლონეთის წინააღმდეგ ომი სწორედ იმიტომ დაიწყო, რომ პოლონელები არ თანხმდებოდნენ `დერეფნის` არსებობას, რაც დანარჩენ გერმანიას აღმოსავლეთ პრუსიასთან, კიონიგსბერგთან შეაერთებდა დანციგის გავლით. დანციგი პოლონეთის ნაწილი გახდა ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ და მისი ზღვაზე გასასვლელი უზრუნველყო, რაც გერმანელ ნაცისტებს უსამართლობად მიაჩნდათ: დანციგი ხომ აღმოსავლეთ პრუსიაა, რა უფლებით მიეცით პოლონელებს და პრუსია ორ ნაწილად გახლიჩეთო.
1945 წელს, როცა სტალინმა გერმანია დაამარცხა, არა მხოლოდ კალინინგრადი შექმნა, არამედ დანციგს დაარქვა გდანსკი და ახლაც პოლონეთის ნაწილია. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა კი ბედს შეურიგდა და კალინინგრადი - რუსეთის ფედერაციის ნაწილად აღიარა ისევე, როგორც გდანსკი - პოლონეთის რესპუბლიკისა.
როდესაც სსრკ დაიშალა, ლიტველებს რუსეთისთვის `დერეფნის` მიცემა ისევე არ უნდოდათ, როგორც არ უნდოდათ პოლონელებს თავის დროზე.
ლიტველებს ეშინოდათ: ვაითუ როგორც ნაცისტურმა გერმანიამ გამოიყენა აღმოსავლეთ პრუსიასთან დამაკავშირებელი `დერეფანი`პოლონეთის წინააღმდეგ ომის გასაჩაღებლად 1939 წელს (1 სექტემბერს) , რუსეთმაც ოდესმე ასე გამოიყენოს კალინინგრადთან დამაკავშირებელი ჩვენი დერეფანიო.
ამიტომ დიდხანს არ თანხმდებოდნენ, თუმცა ამერიკამ (პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა) აიძულათ 1992 წელს საბოლოოდ დათანხმებოდნენ რუსეთიდან - კალინინგრადისკენ მათ ტერიტორიაზე გამავალ დერეფანს.
ახლა ხდება ის, რისიც თავის დროზე ეშინოდათ: რუსეთი აცხადებს, რომ ლიტვა ვალდებულია გაატაროს დერეფანში ნებისმიერი ტვირთი ყოველგვარი შემოწმების აგარეშე, როგორც ეს თავდაპირველი ხელშეკრულებითაა განსაზღვრული.
წინააღმდეგ შემთხვევაში....პუტინის რუსეთს (როგორც სსრკ სამართალმემკვიდრეს) მიეცემა ფორმალური უფლება.... გააუქმოს დოკუმენტები, რომლითაც მოსკოვმა სცნო ლიტვის დამოუკიდებლობა სსრკ დაშლის პროცესში!
ესე იგი აღარ აღიარებს ლიტვას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ!
თუ ამის მიუხედავად ლიტვა ახლა უკან არ დაიხევს და რუსული ტვირთების შემოწმება-შეფერხებას განაგრძობს, მაშინ პუტინს რჩება ორი გამოსავალი
- დაიწყოს ომი, `გადაუაროს` ლიტვას ტანკებით, ძალით გაარღვიოს ეს ზღუდე კალინინგრადისკენ და ამით პირდაპირ დაარტყას NATO-ს, რადგან ლიტვა ალიანსის წევრია. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი აუცილებლად ჩაერევა, სხვაგვარად უბრალოდ შეწყვეტს არსებობას და ეს ის მიჯნაა, ის წითელი ხაზია, რომლის მიღმა თვით ყველაზე მშვიდობისმოყვერე ფრანგები, გერმანელები და ამერიკელები ვერ დაიხევენ. ანუ თუ ძალას გამოიყენებს პუტინი ლიტვის წინააღმდეგ, მაშინ ისინი (დასავლეთი) იძულებილნი იქნებიან უპასუხონ სამხედრო ძალით. ამ გზას კი საბოლოოდ მსოფლიო ომამდე მივყავართ უეჭველად....... და სულ ბოლოს კი, ბირთვული იარაღის გამოყენებისკენ.
- პუტინი ლიტველთა მხრიდან შეურაცხყოფას `გადაყლაპავს` და ზღვით დაიწყებს (ახლა ხომ ზამთარი არაა?!) კალინინგრადის მომარაგებას იმ იმედით, რომ იგივე ფრანგები, გერმანელები, იტალიელები, სკანდინავიელები, დაარწმუნებენ ლიტველებს, არ დაბლოკონ ტრანზიტი, ხოლო ევროკავშირი სასწრაფოდ დაუშვებს `გამონაკლისებს` სასანქციო პაკეტებში სწორედ იმ მიზნით, რათა `დერეფნის` გამოყენება, ნებისმიერი არასამხედრო (!) ტვირთისთვის ისევ კანონიერი გახდეს. არასამხედრო ტვირთების ტრანზიტს ის ძველი ხელშეკრულებაც კი კრძალავდა. ამისთვის საზღვაო-საჰაერო ხაზი აქვს პუტინს.
საერთოდ, ბოლო დროს პუტინი ხშირად ხვდება მისთვის მძიმე და სამარცხვინო სიტუაციებში.
მაგალითად, სანკტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე დაპატიჟა ყაზახეთის პრეზიდენტი ტოკაევი, რომელიც მართლა თვითონ გადაარჩინა მცირე ხნის წინ, როცა ყაზახეთში სახალხო აჯანყება დაიწყო. პუტინმა ჯარი შეიყვანა ყაზახეთში თავის მარიონეტებთან ერთად (სომხეთი, ბელორუსი) და ტოკაევი გადაარჩინა
ახლა კი რა გააკეთა ტოკაევმა: ჩავიდა პეტერბურგში და განაცხადა: არც აფხაზეთის, არც სამხრეთ ოსეთის და არც კვაზისახელმიფოებრივი წარმონაქმნების - დონეცკის და ლუჰანსკის რესპუბლიკათა დამოუკიდებლობის აღიარებას არ ვაპირებო.
კიდევ უარესი: პუტინი მისი ორდენით დაჯილდოვებას აპირებდა და...უარი უთხრა ორდენზე! ანუ პირდაპირ სამსოფლიოდ სახეში შეაფურთხა პუტინს.
რატომ და როგორ გაბედა ეს ყოველივე? იმიტომ გაბედა, რომ
ა) მის გვერდით ჩინეთია, რომელმაც აიძულა მაშინ რუსეთი, როგორც სწრაფად შეიყვანა ჯარები ყაზახეთში არეულობის ჩასახშობად, ისევე სწრაფად გაეყვანა თორემ......
ბ) დავუშვათ, თუ პუტინი უარს ეტყოდა ტოკაევს მაშინ თხოვნაზე - `გადამარჩინეო`, მაშინ ტოკაევი თურქეთს და ჩინეთს მიმართავდა იმავე თხოვნით და თურქეთის ჯარი უკვე მზად იყო - თურქი მედესანტეები უკვე თვითმფრინავებში ისხდნენ და მხოლოდ ბრძანებას ელოდნენ. ტოკაევი კი მხრებს აიჩეჩდა თუ რუსები უსაყვედურებდნენ: `ჯერ ხომ თქვენ მოგმართეთ და...რაკი თქვენ უარი მითხარით, იძულებული გავხდი თურქებისთვის, ასევე ჩინელებისთვის მეთხოვა - ჯარი გამოეგზავანთო`.
ე.წ. `ОДКБ` ანუ Организация договора коллективной безопасности (რუსეთი, ბელორუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი) წესდების თანახმად, რუსეთი ვალდებული იყო დახმარებოდა ყაზახეთს, მაგრამ რომ არა თურქეთის და ჩინეთის პრესინგი, რომ არა მათი სამხედრო ჩარევის შიში, რომ არა ყაზახეთში თურქული ან ჩინური სამხედრო ბაზების გაჩენის შიში, პუტინი უეჭველად (უეჭველად!!!) აცლიდა მეომბოხეებს დაემხოთ ტოკაევი, დაწყებულიყო სამოქალაქო ომი , რათა მერე ყაზახური სამოქალაქო ომის და ქაოსის ფონზე რუსული ჯარი ჩრდილო ყაზახეთში შეეყვანა - ეს მიწები ისევე მიეტაცებინა, როგორც დონბასის ნაწილი მიიტაცა და ყირიმი 2014 წელს.
ხოლო ჩინეთთან ან თურქეთთან დაპირისპირება, უკრაინის და დასავლეთის წინააღმდეგ ომის პარალელურად, პუტინს არაფრის დიდებით არ აწყობს.
აი ასე: დასავლეთთან პარანოიდულმა დაპირისპირებამ რუსეთის `იმპერატორი` იმ სიტუაციაში ჩააგდო, რომ ახლა მთელი მსოფლიოს თვალწინ ვინმე ტოკაევი დასცინის, აბუჩად იგდებს და ტელეკამერების წინ პირდაპირ ეთერში სახეში აფურთხებს.
საოცრება მოხდა, ანუ პუტინის გვერდით იჯდა (!!!) იმ ფორუმზე, პუტინი თვალებში შესცქეროდა, ცნობილმა პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა დაუსვა კითხვა დონბასის და ლუჰანსკის აღიარების შესახებ და... იქვე, მაშინვე უპასუხა პუტინის დასამცირებლად: `ეგენი კვაზისახელმწიფოები არიან ისევე, როგორც აფხაზეთი-სამხრეთ ოსეთი` და მათ აღიარებას არ ვაპირებო.
ორდენზეც იმ ფორუმის კულუარებში თქვა უარი და ყველამ გაიგო.
დიპლომატიაში ორდენზე უარის თქმა იგივეა, საჯაროდ სილა გაუტყლაშუნო ადამიანს სახეში/.
მათ შორის დასაველთმაც, რასაკვირველია, პუტინის დამცირება იხილა`
დასავლეთი იმ ფორუმზე საერთოდ არ ჩასულა და ახალ ეკონომიკურ სანქციებზე ფიქრობს: ამჟამად ევროატლანტიკა (ანუ ამერიკაც და ევროკავშირიც) სანქციათა ახალ პაკეტზე ზრუნავს - მეშვიდე პაკეტზე, რომელიც იმედია ბევრად მკაცრი იქნება.