საერთაშორისო მიმოხილვა. 11 ნოემბერი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 11 ნოემბერი. 2024 წელი

ამერიკაში შეაჯამეს არჩევნების საბოლოო შედეგი: „ხმოსანთა“ რაოდენობით იმ კომისიაში თუ კონვენტში თუ კოლეგიაში (სხვადასხვანაირად აღნიშნავენ ხოლმე), რომელმაც ფორმალურად უნდა აირჩიოს პრეზიდენტი, ადგილები ასე გადანაწილდა: 312-226 დონალდ ტრამპის სასარგებლოდ.

უდიდესი უპირატესობაა, რაც არც ისე ხშირად მომხდარა ამერიკის ისტორიაში.

Popular vote ანუ Nationwide არჩევნებშიც, ესე იგი მთელი ამერიკის მასშტაბითაც, ტრამპმა მიიღო 74,7 მილიონი ხმა - 4 მილიონი ხმით მეტი, ვიდრე კამალა ჰარისმა.

კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს: ასეთ უპირატესობას აბსოლუტურად არავინ ელოდა.

არ დაიჯეროთ ის აშკარა ცრუპენტელობანი, როცა ახლა (უკვე არჩევნების შემდეგ) ვიღაცეები ამბობენ, თითქოს ამგვარ უპირატესობას პროგნოზირებდნენ.

 ტყუილია!

ტრამპის გამარჯვებას ბევრი წინასწარმეტყველებდა, ბევრი კამალას გამარჯვებას პროგნოზირებდა, თუმცა ტრამპის ასეთ გამარჯვებას და ასეთ უპირატესობას - აბსოლუტურად არავინ მკვლევართაგან და სპეციალისტთაგან, თორემ ახლა.....MAGA-ს ბევრი აქტივისტისთვის რომ გეკითხა, კი ნამდვილად იტყოდა „დონალდი 90%-ს მიიღებსო“.

 

მაგალითად არც ერთი სპეციალისტი არ პროგნოზირებდა, რომ დონალდ ტრამპი მოიგებდა შვიდივე ე.წ. „მერყევ“ შტატს.

გამორიცხულია:

ვერ ნახავთ ამგვარ წინასწარმეტყველებას და პროგნოზს სერიოზულ წყაროებში და სერიოზულ მკვლევრებთან, ვისაც „ჭიპი აქვს მოჭრილი“ არჩევნებზე ზოგადად და კონკრეტულად ამერიკის არჩევნებს აკვირდება-20-30-40 წელია.

ასეთები კი ძალიან ბევრი მეცნიერია ამერიკაში, რაკი სოციოლოგია, ზოგადად და ელექტორალური სოციოლოგია კონკრეტულად (წინასაარჩევნო კვლევები და ა.შ) ამერიკელების მოგონილია.

ეს ფენომენი და მთელი მეცნიერება (სოციოლოგია) სწორედაც ამერიკაში შეიქმნა.

 

 

2024 წელს, როგორც ჩანს,  განსაკუთრებული როლი შეასრულა ამერიკული საზოგადოების, ამერიკული სოციუმის პოლარიზაციამ, როდესაც ბევრი ამომრჩეველი წინასწარ მალავდა და არ ამხელდა საკუთარ გადაწყვეტილებას არაპოლიტკორექტული, მათ შორის მიზოგინიური ინტენციების გამო.

ტრიუმფალურად მოიგეს „რესპუბლიკელებმა“ სენატიც.

ესეც დათვლილია საბოლოოდ: 53-47 თანაფარდობა.

და ეს მაშინ, როცა (შეგახსენებთ) წინა მოწვევის სენატში თანაფარდობა იყო 51-49 და იმ ერთ გადამწყვეტ ხმას ქმნიდა აშშ ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციით სენატორად და სენატის თავმჯდომარედ ითვლება.

 

ამასობაში, დონალდ ტრამპი შეუდგა თავისი „გუნდის“ ფორმირებას.

მაიკ პომპეო და ნიკი ჰეილი რომ არ იქნებიან მის კაბინეტში  არანაირ თანამდებობაზე, უკვე მოგახსენეთ გუშინ.

და ისიც ვთქვით, რომ ეს არ არის „კეთილი ნიშანი“ უკრაინისთვის.

მაგალითად იგივე მაიკ პომპეო მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში აჟღერებდა უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შეწყვეტის საკუთარ გეგმას, რომლის თანახმად უკრაინას ამერიკა გადასცემდა 500 მილიარდ დოლარს, დაუყოვნებლივ დააინიციირებდა უკრაინის მიღებას NATO-ში და დაალობირებდა უკრაინის დღესვე გაწევრიანებას EU-ში.

ყირიმი კი მინიმუმ „დემილიტარიზებული ტერიტორია“ იქნებოდა.

რაც შეეხება, ნიკი ჰეილის, ერთი შეხედვით, დონალდისთვის, მისი ხელისუფლების „მეტი ლეგიტიმურობის“ უზრუნველსაყოფად, ნამდვილად ხელსაყრელი უნდა ყოფილიყო (წესით) ისეთი პოპულარული და გავლენიანი „რესპუბლიკელის“ შეყვანა გუნდში, როგორიც ნიკი ჰეილია, ვინც ბოლოს  აქტიურად დაუჭირა მას მხარი კამალას წინააღმდეგ და ეს „ნიშანდობლივ მხარდაჭერად“ აღიქმებოდა, რაკი ნიკი ჰეილი......ქალია!

 არ ვამბობ, რომ ეს გადამწყვეტი, მით უმეტეს ღიად არტიკულირებული საკითხი იყო, მაგრამ ნამდვილად იყო.

ტრამპის საკადრო გადაწყვეტილებები კი ნიშანდობლივია და იმაზე მეტყველებს, რომ ის „აკურატულად“ ადგენს საკუთარ გუნდს ამჯერად, რათა აღარ დასჭირდეს ის, რაც დასჭირდა წინა კადენციისას, როცა ჯერ ნიშნავდა სახმდივნებს და თავდაცვის მინისტრებს, მერე პანღურით აგდებდა და ა.შ

 

ტრამპის ადმინისტრაციის უფროსი გახდა ქალი - მისი საარჩევნო კამპანიის ტოპ-მენეჯერი სიუზან უაილსი.

პირველად ხდება ამერიკის ისტორიაში (საოცარი ფაქტია, თუმცა ფაქტია) რომ ქალს ერგუნა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა.

მანამდე ქალებს სხვადასხვა თანამდებობები როგორ არ ეკავათ, მაგალითად კონდოლიზა (კონდი) რაისი ეროვნული უშიშროების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი იყო, მერე სახელმწიფო მდივანიც იყო, ისევე როგორც ჰილარი კლინტონი..... როგორ არ იყო, თუმცა ....„ადმინისტრაციის უფროსი“ (Chief of staff) სინამდვილეში ბევრად მნიშვნელოვანი პოსტია და „თეთრ სახლში“ ამაზე მნიშვნელოვანი პოსტი არც არსებობს პრეზიდენტის შემდეგ კონკრეტული Decision maker (გადაწყვეტილების მიმღები) თვალსაზრისით, მაგრამ.....ადმინისტრაციის უფროსი მაინც სხვაა.

 სწორედ ამ ჭკვიანი და გამოცდილი ქალის, სიუზან უაილსის დამსახურებაა დიდწილად დონალდ ტრამპის 2016 წლის გამარჯვებაც და 2024 წლის გამარჯვებაც.

საოცარი ფაქტია, რომ როგორც ირკვევა, ეს ქალბატონი, რომელიც მუდამ ერიდებოდა საჯაროობას, თურმე....ჯერ კიდევ 1980 წელს დიდი რონალდ რეიგანის საარჩევნო შტაბში მოღვაწეობდა.

 

ასევე, არ წყდება საუბრები იმაზე, რომ ილონ მასკმა შესაძლოა დაიკავოს თანამდებობა ტრამპის კაბინეტში.

მთელი საარჩევნო დღის განმავლობაში მის გვერდით იყო.

 უცნობია რა თანამდებობა შეიძლება შესთავაზოს მას პრეზიდენტმა, თუმცა უკვე დაიწყო საუბარი „ინტერესთა კონფლიქტზე“.

მართლაცდა, როგორ შეიძლება უდიდესი ბიზნეს-ტექნოლოგიური-საწარმოო იმპერიის მფლობელმა ოფიციალური პოსტი დაიკავოს, სადაც შეუძლია მისთვის პიროვნულად სასარგებლო გადაწყვეტილებებზე მოახდინოს გავლენა?

ცნობილი ამერიკული გამოთქმაა: „რაც კარგია „ჯენერალ მოტორსისთვის“, კარგია ამერიკისთვის“

ამერიკული კანონმდებლობა ნამდვილად ითვალისწინებს, რომ შესაძლებელია კომპანიის მართვის „გადაბარება“ მესამე პირზე.

ბოლოს და ბოლოს დონალდ ტრამპს თვითონ ასევე აქვს „გადაბარებული მესამე პირებზე“ თავისი კომპანიების მართვა, მაგრამ.....პოლიტიკურად ილონ მასკის გახელისუფლებება ძალიან სერიოზული „სათქმელი“ იქნება „დემოკარტებისთვის“ მთელი მომავალი საპრეზიდენტო კადენციის განმავლობაში.

ბოლოს და ბოლოს იმ მიზეზითაც, რომ სწორედ ილონ მასკია ამერიკაში ისეთი მძლავრი სოციალური კომუნიკაციის სისტემის მფლობელი, როგორიცაა X ანუ ყოფილი Twitter.

განა ლეგიტიმური არ არის კითხვა: ილონ მასკი, რომლის ცხოვრებისეული იდეის გამოხატულებაა მისი გენიალური Tesla და SpaceX, ხოლო ამ კომპანიათა საძირკველს და ურღვევობის გარანტიას ამჟამად ჩინეთი ქმნის....ობიექტური იქნება განა ჩინეთის მიმართ ამერიკის პოლიტიკის განსაზღვრისას?

და ამ მიმართულებით პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებებზე მასკის ბიზნეს-ინტერესები გავლენას არ იქონიებს?

ეს ლეგიტიმური კითხვაა და „დემოკრატები“ თანდათან ამგვარ კითხვებს სულ უფრო გააძლიერებენ.

 ამერიკის შეერთებული შტატების ისტორია 2024 წლის 5 ნოემბერს არ დასრულებულა....

საბედნიეროდ.

 

 ბიტკოინის ფასი ამ დილით: $80 921

აბსოლუტური რეკორდი.

და როგორც ერთხელ უკვე მოგახსენეთ, არაფერი საზოგადოდ კარგი ამაში არ არის (მფლობელებისთვის კარგია რასაკვირველია-დ) რადგან ბიტკოინის და სხვა ელექტრონული ვალუტების ფასის ზრდა აშკარად, 100%-ით მეტყველებს იმაზე, რომ ინვესტორები ელიან გლობალურ კატაკლიზმებს და ცდილობენ თავისი კაპიტალი „ნაცრისფერ ზონაში“ გადაქაჩონ, სადაც მათ ეს პლანეტარული დესტაბილიზაცია არ მისწვდებათ. და იმ აქტორთა შორის, ვინც ახლა კრიპტოვალუტას ყიდულობს, ნამდვილად არიან სახელმწიფო აქტორებიც ანუ იგივე რუსეთი, ჩინეთი და ა.შ.

ბიტკოინს უფრო ენდობიან ამჟამად ვიდრე საკუთარ ვალუტებს.

და არც ცდებიან: ამერიკის სახაზინო დეპარტამენტი ანუ ფინანსთა სამინისტრო მათ იოლად დაასანქცირებს და დასჯის დოლარით, მაგრამ....ბიტკოინით როგორ დასჯის?

ბიტკოინი გლობალური ელექტრონული (დამოუკიდებელი, არაცენტრალიზებული „ვალუტაა“).

სხვათა შორის დღემდე არ წყდება კამათი, მსჯელობა, მარჩიელობა იმაზე, ვინ შექმნა და ვინ მოიგონა ბიტკოინი.

ზუსტად არავინ იცის.

ასახელებენ ვინმე იაპონელ სატოსი ნაკამოტოს, რომელიც მერე სადღაც გაქრა და ინტერნეტის სიღრმეებში, დადასტურებული ცნობით, დატოვა 70 მილიარდი დოლარის ბიტკოინი, რომელსაც ვერავინ მიაგნო და რომც მიაგნოს „გასაღების“ გარეშე ვერ „გახსნის“ სინამდვილეში;

 სატოსი ნაკამოტო დიდი ალბათობით ფსევდონიმია.

თან არა ერთი ადამიანის, არამედ შესაძლოა ადამიანთა ჯგუფისა. ან.......ისევ და ისევ არსებობს ეჭვი „სახელმწიფი აქტორებზე“

ფაქტია, რომ ბიტკოინი და კრიპტოვალუტა ახლა ძალიან ეხმარება პუტინს დასავლური სანქციების გვერდის ავლაში, ნავთობით არალეგალურ ვაჭრობაში და ა.შ და ა.შ.

ისევე როგორც ძალიან ეხმარება პუტინის გარემომცველ ოლიგარქებს მათი სანქცირებული კაპიტალის გადამალვაში.

 

. . . . . . . . . . . . . . . .

ისრაელის პრემიერმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირველად აღიარა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე, რომ ლიბანში „ჰესბოლლას“ ტელეფონების, პლანშეტების და რაციების აფეთქება „მოსსადის“ გენიალური ოპერაცია იყო.

The Washington post ცნობით, ოპერაცია 2015 წლიდან მზადდებოდა.

სწორედ 2015 წელს „გაყიდა“ მოსსადმა „ჰესბოლლაზე“ პირველი პარტია ფაქიზად დანაღმული საკომუნიკაციო მოწყობილობებისა, რომლებიც 2024 წლამდე ელოდნენ სიგნალს.

და ამაში ფულიც აიღო, რომელიც ისრაელის ბიუჯეტში გადაირიცხა რასაკვირველია.

საერთაშორისო „მემიც“ გავრცელდა ხუმრობის სახით: მხოლოდ ებრაელები თუ მოახერხებდნენ ტერორისტები ისე გაენადგურებინათ, რომ ამაში თვით ტერორისტებს გადაეხადათ მათთვის ფულიო

რეალურად ასე გამოვიდა მართლაც.