კვირის მიმოხილვა: საქართველო-ჩეჩნეთის გზა, როგორც გეოპოლიტიკური სტატუს-კვოს დარღვევის ფაქტორი

კვირის მიმოხილვა: საქართველო-ჩეჩნეთის გზა, როგორც გეოპოლიტიკური სტატუს-კვოს დარღვევის ფაქტორი

    შესაძლოა, ეს რუსეთის ახალი პრემიერ-მინისტრის უმთავრესი პლუსი, უფრო ზუსტად, უმთავრესი თვისებაა (ვინაიდან ჯერ არავინ იცის, როგორ გამოიყენებს მას იგი) გამოდგეს საქართველოსთან დაკავშირებით.
    «პლეხანოვზე» გაზრდილი პრიმაკოვი მართლაც ძალიან კარგად იცნობს ჩვენს ქვეყანას, მათ შორის აფხაზეთის პრობლემას. წლების განმავლობაში ის მჭიდროდ იყო დაკავშირებული თვით «აფხაზურ პრობლემასთან» არა მხოლოდ სამსახურებრივად, არამედ პიროვნული ურთიერთობების თვალსაზრისითაც.
    მიუხედავად ამისა, ვერანაირი პიროვნული ურთიერთობა ამ შემთხვევაში პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ აუცილებლობას ვერ «გადასწონის», მით უმეტეს, რომ 1989 წლიდან ჩვენი ძველი მეგობარი, პლეხანოველი ევგენი პრიმაკოვი სულ უფრო და უფრო ცივად ეკიდება საქართველოს.
    ამ ურთიერთობის მკაფიო გამოხატულება გახდა მისი ერთობ თავხედური ხუმრობა ბალკანეთზე სტუმრობისას: «გახვრეტს თუ არა ნაღმტყორცნი ჯავშნიან მერსედესს?»
    თუმცა, მეორე მხრივ, არც უარყოფითი დამოკიდებულება შეიძლება გახდეს განმსაზღვრელი. ძნელად წარმოსადგენია საქართველოს მიმართ იმაზე ცუდად განწყობილი პოლიტიკოსი, ვიდრე ვიქტორ ჩერნომირდინი იყო, მაგრამ სეპარატისტული რეჟიმის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების გაუქმება ვერც მან გაბედა, ვინაიდან ამით რუსეთი სახელმწიფოებრივად დაინტერესებული იყო.
    ამრიგად, პრიმაკოვის განწყობას მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, რას მიიჩნევს აუცილებლად რუსეთის სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.
    აქ კი ძალიან სერიოზული ფაქტორი გახდება მისი კომპეტენტურობა, ანუ საქართველოს თავისებურებების ცოდნა.
    პრიმაკოვმა შეუძლებელია არ იცოდეს, მაგალითად, რომ საქართველოსათვის აფხაზეთი არ არის იგივე, რაც რუსეთისათვის - ჩეჩნეთი.
    პრიმაკოვმა ისიც შესანიშნავად იცის, რომ აფხაზეთის სრულფასოვანი «დაბრუნების» სანაცვლოდ რუსეთს ბევრი რამის მიღება შეუძლია საქართველოსგან, ვინაიდან ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური და სახელისუფლებო ელიტა სისხლხორცეულადაა დაინტერესებული ამ პრობლემის გადაწყვეტით. თუმცა, არც ამ თვალსაზრისით უნდა გვქონდეს რაიმე ილუზია.
    ის პოლიტიკური ხაზი, რომელსაც გაიძვერა ბორის პასტუხოვი ატარებდა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების პროცესში შუამავლობისას, უეჭველად პრიმაკოვის ხაზი იყო. მას საკმაო ავტორიტეტი გააჩნდა საიმისოდ, ბორის ელცინი დაერწმუნებინა ამ ხაზის შეცვლის აუცილებლობაში; რაც შეეხება იმ მოსაზრებას, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე პრიმაკოვს «მეტი შესაძლებლობა» ექნება - ესეც სერიოზულ ეჭვს იწვევს: შესაძლებლობები (სურვილის შემთხვევაში) მას არც აკლდა, მაგრამ მათი გამოყენება საჭიროდ არ მიაჩნდა.
    ზოგიერთს ეჩვენება, თითქოს პრიმაკოვს «ქართველებთან სიახლოვე» უშლიდა ხელს, ვინაიდან არ სურდა ვინმესთვის საბაბი მიეცა, იგი «პროქართულ სიმპათიებში» დაედანაშაულებინა.
    ეს ფაქტორი, რა თქმა უნდა, მართლაც მოქმედებდა, მაგრამ მხოლოდ გარკვეულ ზღვრამდე. პრიმაკოვს შეეძლო (ვიმეორებ) ბორის ელცინი დაერწმუნებინა ამა თუ იმ ნაბიჯის გადადგმის აუცილებლობაში.
    მაშასადამე, უნდა ვივარაუდოთ: პრიმაკოვის «გაპრემიერების» შემდეგ აფხაზეთში ბევრი არაფერი შეიცვლება არც უკეთესობისკენ, მაგრამ არც უარესობისაკენ.
    მთავარია, რუსეთმა ბოლოს და ბოლოს, გამოიმუშაოს მკაფიო პოზიცია, რასაც იგი არ აკეთებს, ვინაიდან «უპოზიციობა» უფრო ხელსაყრელია მისთვის, - ამ გზით იგი ინარჩუნებს მანევრისათვის აუცილებელ სივრცეს და პასუხისმგებლობასაც არ კისრულობს რომელიმე მხარის მიმართ.
    ჯერჯერობით, ვერც თბილისმა, ვერც სოხუმმა, ვერ აიძულეს მოსკოვი, მკაფიო პოლიტიკა ჩამოეყალიბებინა. არაერთი მიზეზის გამო ევგენი პრიმაკოვი კვლავინდებურად გააგრძელებს ასეთ «ბალანსირებას». ესეც თავისთავად პოლიტიკაა, ანუ პოლიტიკის არქონა არის სწორედ პოლიტიკა!
    როგორც ჩანს, ქართული მხარის, საქართველოს ხელისუფლების ფუნქცია ის უნდა იყოს, - აიძულოს რუსეთი, დააფიქსიროს პოზიცია.
    ნუ შეგვეშინდება იმის, რომ ეს პოზიცია ანტიქართული შეიძლება აღმოჩნდეს. ეს შეუძლებელია და აი, რატომ: რუსმა ანალიტიკოსებმა და პოლიტოლოგებმა კარგა ხნის წინ შენიშნეს: რუსეთისთვის კავკასიაში ყველაზე ხელსაყრელია კონფლიქტებსა და წინააღმდეგობებზე ბალანსირება, ოღონდ რომელიმე მხარის საბოლოო გამარჯვების გამორიცხვა.
    ეს არის უმთავრესი მნიშვნელი რუსული პოლიტიკისა არა მხოლოდ აფხაზეთში, არამედ დნესტრისპირეთში, «სამხრეთ ოსეთსა» და თვით ყარაბაღშიც კი.
    თუ პრობლემა საერთოდ მოიხსნება, თუ ერთ-ერთი მხარე საბოლოოდ გაიმარჯვებს, მაშინ კრემლი ვეღარ გამოიყენებს პრობლემას გეოპოლიტიკური ზემოქმედების ბერკეტად.
    ასეთი ვითარება ნამდვილად არ არის ხელსაყრელი საქართველოსთვის, მაგრამ ჩვენი უბედურება ისაა, რომ სავსებით ობიექტურად, ამჟამად ჩამოყალიბებული სტატუს-კვოს დარღვევა სერიოზული რისკისა და დესტაბილიზაციის გარეშე (ამა თუ იმ მიმართულებით) შეუძლებელი ჩანს.
    არძინბასათვის რაიმე კომპრომისი სიკვდილის ტოლფასია, ამიტომ იგი ყოველნაირად შეეცდება თუნდაც ამჟამინდელი სტატუს-კვო შეინარჩუნოს. დრო სეპარატისტთა სასარგებლოდ მუშაობს. თუმცა, გაცილებით უფრო ნელა, ვიდრე თავად ჰგონიათ.
   

საქართველო-ჩეჩნეთის გზა, როგორც გეოპოლიტიკური სტატუს-კვოს დარღვევის ფაქტორი
   

     რაკი ამჟამად არსებული ვითარების შენარჩუნება აფხაზეთის ირგვლივ საქართველოსთვის მიუღებელია, მაშასადამე, უნდა მოიძებნოს ბერკეტი, რომლითაც შეგვეძლება ვაიძულოთ რუსეთი, დაარღვიოს სტატუს-კვო.
    როგორც ჩანს, დღევანდელი რეალიებიდან გამომდინარე, ერთადერთი საშუალებაა მოსკოვის იძულება, რათა მან შემდეგი ნაბიჯი გადადგას და თვითონ დაარღვიოს ბალანსი.
    ამ მიზნით სავსებით შესაძლებელია ჩეჩნეთ-საქართველოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის გამოყენება. მისი მშენებლობა იჩქერიის მხრიდან, ფაქტობრივად, დასრულებულია, საქართველოს მხრიდან კი არც დაწყებულა. ეს სერიოზული ტაქტიკური შეცდომაა. თუ ჩეჩნები თავად გვემუდარებიან, ავამოქმედოთ ეს ტრასა, - რატომაც არ შეიძლება შევქმნათ რუსეთ-საქართველო-ჩეჩნეთის ურთიერთობებში ისეთივე ბალანსი, როგორიც რუსეთ-საქართველო-აფხაზეთის ურთიერთობებში არსებობს?
    საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია განაცხადოს, რომ საქართველო-რუსეთის საზღვარზე, საქართველოს მხრიდან დააწესებს ისეთსავე სასაზღვრო რეჟიმს, როგორიც რუსეთის მხრიდან არსებობს აფხაზეთის მონაკვეთზე.
    კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რა ხდება ფსოუზე: რუსეთის მთავრობის 1994 წლის დეკემბრის დადგენილებით, საზღვარზე გადასვლის უფლება არა აქვთ მხოლოდ 18-55 წლამდე ასაკის მამაკაცებს. სხვებს შეუძლიათ თავისუფლად გადაკვეთონ საზღვარი. მართალია, საავტომობილო გზა დაკეტილია, მაგრამ რუსეთის მხარეს გადასულებს იქვე, საზღვართან ხვდებათ ავტობუსები და ისინი კომფორტულად მგზავრობენ სოჭამდე.
    დავუშვათ, საქართველომ ააგო გზა და ასეთივე რეჟიმი დააწესა ჩეჩნეთის მონაკვეთზე, ანუ თავისუფლად გადაადგილების უფლება მიეცა ყველას, ვისაც კი სახსრები გააჩნია, რათა ავტობუსის ფული გადაიხადოს და თბილისამდე ან ფოთამდე იმგზავროს.
    ბუნებრივია, ამას რუსეთის პროტესტი მოჰყვება, მაგრამ განა საქართველო ყოველდღიურად არ უცხადებს მას პროტესტს ფსოუზე საზღვრის მხოლოდ ნაწილობრივ ჩაკეტვის გამო? რუსეთი საქართველოს უმწეობას იყენებს - ნებისმიერი სახელმწიფო თავად აწესებს სასაზღვრო რეჟიმს; მოსაზღვრე სახელმწიფო თუ საზღვარს (თავისი მხრიდან) ვერ აკონტროლებს, ეს მხოლოდ მისი პრობლემაა.
    საქართველო ვერ აკონტროლებს საზღვარს ფსოუზე, მაგრამ რუსეთიც ხომ ვერ აკონტროლებს ჩეჩნეთის მონაკვეთს? დღემდე აქ პარიტეტი დაცული არ იყო: უფრო მეტიც - რუსი მესაზღვრეები იმყოფებოდნენ თუშეთში და ბოლო დრომდე საქართველოს მხრიდანაც კი აკონტროლებდნენ ვითარებას (ჩვენი თანხმობით). ფსოუზე კი რუსეთი ისეთ ვითარებას ქმნიდა, როდესაც შეეძლო საკუთარი სურვილისა თუ ინტერესებისამებრ «დაებრუნებინა» გავლენა ორივე მხარეზე: ნაწილობრივ სეპარატისტები ყოფილიყვნენ უკმაყოფილონი, ნაწილობრივ - საქართველო და ამ გზით შეენარჩუნებინა მდგომარეობა, როცა არც ერთ მხარეს არ აძლევს ხელს სტატუს-კვოს დარღვევა: ქართულ მხარეს, - რადგან ფსოუზე საზღვარი ნაწილობრივ მაინც ჩაკეტილია, აფხაზურ მხარეს კი - რადგან საზღვარი ნაწილობრივ მაინც ღიაა.
    მაგრამ თუ რუსეთი თვითონ იქნება იძულებული, დაარღვიოს ბალანსი, როგორ განვითარდება მოვლენები ამ შემთხვევაში?
    მოვახდინოთ სიტუაციის მოდელირება: დავუშვათ, საქართველოს წარმომადგენლები მართავენ კონფიდენციალურ მოლაპარაკებას რუსეთთან და ფაქტობრივად, უყენებენ მას ულტიმატუმს: თუ რუსეთი მთლიანად არ ჩაკეტავს საზღვარს ფსოუზე, საქართველო დააწესებს ჩეჩნეთის მონაკვეთზე ისეთსავე რეჟიმს, როგორც აფხაზეთთან არსებობს. ამრიგად, რუსეთი ვერც «საშინაო საქმეებში ჩარევას» დაგვდებს ბრალად, ვინაიდან მხოლოდ და მხოლოდ ვიმეორებთ იმას, რასაც თავად სჩადის აფხაზეთში; მაგრამ ჩეჩნეთთან საზღვრის გახსნა (თუნდაც ნაწილობრივ) რუსეთისთვის კატეგორიულად მიუღებელია; მით უმეტეს, დაღესტანში სიტუაციის გამწვავების ფონზე; რაც მთავარია, ჩეჩნეთი შეიძენს პერსპექტივას, რომელიც არ გააჩნია, ვიდრე ანკლავად რჩება რუსეთის შემადგენლობაში.
    ჩეჩნეთის გავლით კი შავიზღვისპირეთს უშუალოდ დაუკავშირდება მთელი ჩრდილოეთ კავკასია.
    სხვათა შორის, მოსკოვში ამ საშიშროებას ამთავითვე აცნობიერებენ; სწორედ ამიტომ ქმნიან შესაბამის «კონტრსტერეოტიპებს». მაგალითად, რუსეთის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელთა განცხადებით, საქართველო-ჩეჩნეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ამოქმედების შემდეგ ულიცენზიო სპირტი რუსეთში ჩეჩნეთის გზით შევა.
    როგორც ჩანს, ეს წინასწარი მომზადებაა შემდგომში საქართველოზე ფსიქოლოგიური და საინფორმაციო ზეგავლენისათვის. რუსეთში საქართველოსადმი (აფხაზურ საკითხში) დათმობები არ ეპიტნავებათ. იმავდროულად, შესანიშნავად ახსოვთ, რომ ქართული საზოგადოება ძალიან მტკივნეულად რეაგირებს, ვერ უძლებს ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას (მოვიგონოთ 1990-1991 წლები), ამიტომ ასეთი ხერხით სურთ «ფონს გასვლა».
    მაგრამ აქ უეჭველად უნდა გამოვიჩინოთ სიმტკიცე, თუ საეროთდ გვაქვს რისამე შნო: განა ჩვენც არ შეგვიძლია დავდოთ ბრალად რუსეთს, რომ აფხაზეთში შეაქვს ყველაფერი, რაც არძინბას ესაჭიროება საქართველოს საწინააღმდეგოდ?
    თუ მტკიცედ დავიცავთ ამ პოზიციას, რუსეთი იძულებული გახდება შეასრულოს «ქართული ულტიმატუმი» და მთლიანად ჩაკეტოს საზღვარი ფსოუზე, რის შედეგადაც არძინბას რეჟიმი, რომელიც რუსული ფინანსური კრიზისის გამო ისედაც «სულს ღაფავს», საერთოდ კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოჩნდება.
    მთავარია, დავარღვიოთ ამჟამად არსებული სტატუს-კვო, ვინაიდან დრო (ვიმეორებ) მაინც საქართველოს წინააღმდეგ მუშაობს.
   

ჯაბა იოსელიანი «უდანაშაულოა», მაგრამ სხვები?

    რამდენიმე დღის წინ თბილისში გამოცხადდა «ჯაბა იოსელიანის გათავისუფლების კომიტეტის» შექმნის შესახებ, რომელიც აგროვებს ხელმოწერებს «ბებერი მოჯაჰედინის» დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით;
    ამ ღონისძიების ინიციატორები ჯაბას სრულებით უდანაშაულოდ მიიჩნევენ ყველა ბრალდებაში. მათ შორის, შევარდნაძეზე თავდასხმასა და რამდენიმე ტერორისტულ აქტში (გია ჭანტურიას, გია გულუას, სოლიკო ხაბეიშვილის მკვლელობა და ასე შემდეგ).
    გარდა ამისა, ისინი იხსენებენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებებს, რომელმაც უკანონოდ ცნო ჯაბა იოსელიანის დაპატიმრება მაშინ, როდესაც იგი ჯერ კიდევ ითვლებოდა დეპუტატობის კანდიდატად.
    კეთილი და პატიოსანი. ჯაბა იოსელიანი უდანაშაულოა და მას არანაირი კავშირი არა აქვს ზემოთჩამოთვლილ დანაშაულებთან. მაგრამ სხვები? გიგა გელაშვილი, თემურ ხაჩიშვილი და კიდევ ათზე მეტი «მხედრიონელი», რომელთაც იგივე ბრალი ედებათ, ისინი კი დამნაშავეები არიან?
    მაშასადამე, ჯაბა იოსელიანის გათავისუფლების მომხრეებს მათი პატიმრობა უფრო კანონიერად მიაჩნიათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, რატომ მოითხოვენ მხოლოდ ჯაბა იოსელიანის გათავისუფლებას, თითქოს ამ საქმეში მხოლოდ იგი გადის ბრალდებულის სახით?
    ესე იგი, ჯაბა არაფერ შუაშია, სხვები კი «შუაში» არიან? ეს სხვებიც რომ «მხედრიონელები» არ ყოფილიყვნენ, კიდევ იფიქრებდა კაცი, რომ ყველა ორგანიზაცია საკუთარ წევრს იცავს, მაგრამ ხაჩიშვილიც, გელაშვილიც და სხვებიც არავიზე ნაკლები «მხედრიონელები» არ ყოფილან.
    ჯაბას გათავისუფლების ინიციატორები ვერ ხვდებიან, რომ საკითხის ასე დასმა: «ჯაბა არაფერ შუაშია, სხვები... კიდევ გასარკვევია», - ამ «სხვა მხედრიონელებს» შეიძლება ძალიან არ მოეწონოთ. ეს უკვე მეორე სერიოზული შეცდომაა, რაც ჯაბას მომხრეებს მოსდით. პირველი კი ის არის, რომ მათ საკითხის პოლიტიზაცია და გამწვავება მოახდინეს მაშინ, როცა ისედაც თანდათან მწიფდებოდა 73 წლის იოსელიანის გათავისუფლება, რითაც ძალაუნებურად მიახვედრეს ხელისუფლება, რომ ჯაბას «გამოშვების» შემდეგ «ბებერი მოჯაჰედინი» პენსიაზე კი არ გავა, არამედ თავიდან დაიწყებს ყველაფერს.
    მეორე შეცდომა კი ის არის, ბატონებო, რომ შეუძლებელია ჯაბა უდანაშაულო იყოს, ხოლო «მხედრიონის» ათეულობით წევრი - დამნაშავე. ან ყველა უდანაშაულოა, ან ყველა - დამნაშავე. ხოლო თუ ვინმე ასე დასვამს საკითხს: ჯაბასთან ერთად დაპატიმრებული «მხედრიონელები» დამნაშავენი არიან, ჯაბა კი - უდანაშაულოა, ამან შეიძლება სერიოზული კონფლიქტი წარმოშვას თვით «მხედრიონში».
    რაკი გათავისუფლებას ითხოვენ, მაშინ ყველას გათავისუფლება უნდა მოითხოვონ.
    არსებობდა ასეთი ვარიანტიც: თვითონ იმ «მხედრიონელებს», ვინც ჯაბასთან ერთად (ან მასზე ადრე) დააპატიმრეს ტერორისტობის ბრალდებით, უნდა განეცხადებინათ: «ჯაბას მაინც რას ერჩით, - ეს კაცი საერთოდ არაფერ შუაშია და ციხის დარბაზიდანვე გაათავისუფლეთო». მაგრამ ამ სასამართლო პროცესის განმავლობაში ასეთი განცხადება რაღაც არ გამიგია. მით უმეტეს, სავარაუდოა, რომ მხოლოდ ჯაბას გათავისუფლებისა და «სხვების» გალიებში დატოვებისას ეს უკანასკნელნი თავიანთ პოზიციას კარდინალურად შეცვლიან.