საერთაშორისო მიმოხილვა. 11 ოქტომბერი. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 11 ოქტომბერი. 2023 წელი

როგორც ცნობილია, ამერიკამ უახლესი ავიამზიდი `პრეზიდენტი ჯერალდ ფორდი` გააგზავნა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში - ისრაელის სანაპიროებთან. პენტაგონში არ გამორიცხავენ მეორე ავიამზიდის გაგზავნას იმავე მიმართულებით.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ `ავიამზიდი` მხოლოდ ეს ერთი ხომალდი როდია. ეს არის `საავიამზიდო ჯგუფი`, რომელსაც მიჰყვებიან სარაკეტო ხომალდები და წყალქვეშა ნავები.

თუმცა ამითაც არ შემოიფარგლება ამერიკის მრისხანე  სამხედრო დემონსტრაცია: პენტაგონი ადასტურებს, რომ ავიაგამანადგურებლებს და ბომბდამშენებს აგზავნის ევროპული ბაზებიდან (გერმანიიდან და იტალიიდან) ახლო აღმოსავლეთის ბაზებზე: კატარსა და ქუვეითში.

ეს სამხედრო აქცია `ჰამასს` არ შეიძლება უკავშირდებოდეს. როგორც ჩანს, ამერიკელებს აქვთ ინფორმაცია, რომ რეგიონის დიდი სახელმწიფოები (პირველ რიგში ირანი) აპირებენ ჩაერთონ ომში ისრაელის წინააღმდეგ თუ ღაზაში სპეცოპერაცია გახანგრძლივდა.

ირანი სამხედრო თვალსაზრისით ძალიან სერიოზული ძალაა. მას აქვს საშუალო სიშორის რაკეტები, რომლებსაც ნამდვილად შეუძლიათ უდიდესი ზიანი მიაყენონ ისრაელს იმდენად, რომ ისრაელი შესაძლოა იძულებული გახდეს ბირთვული იარაღიც კი გამოიყენოს ირანის წინააღმდეგ თავის დასაცავად.

აქვე შევნიშნავთ, რომ 70 წელია ისრაელი არც ადასტურებს თუმცა არც უარყოფს, რომ აქვს ბირთვული იარაღი.

რა თქმა უნდა აქვს: ამერიკული ბირთვული იარაღი ხომ გენიალური ებრაელი ფიზიკოსების შექმნილია. `რატომღაც რომ` თავისი მრავალტანჯული ერისთვის არ შეექმნათ პარალელურად.

ირანის `ჩარევა` არათუ გამორიცხული არ არის, არამედ მაღალი ალბათობისაა: ამ ქვეყნის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ჰომენეიმ  საჯარო გამოსვლისას განაცხადა, რომ `მზად არის ხელის თითები დაუკოცნოს პალესტინელ მებრძოლებს იმისთვის, რაც ჩაიდინეს ისრაელში`.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

გუშინ სერიოზული ინციდენტი მოხდა სირია-ისრაელის საზღვარზეც: სირიის მხრიდან არტილერიით ესროლეს ისრაელს; ისრაელის არმიამ საპასუხო საარტილერიო ცეცხლი გახსნა. ასეთი ინციდენტი ამ მონაკვეთზე 1973 წლის ომის შემდეგ არ მომხდარა.

არ არის გამორიცხული, ინიციატორები, სირიის მხრიდან, ის ირანული სამხედრო დაჯგუფებები ყოფილიყვნენ, რომლებიც სირიაში ბაშარ ალ ასადის მხარეს იბრძვიან. მათ შორის პირველ რიგში `ჰესბოლლა`- ლიბანური შიიტური პროირანული დაჯგუფება.

ოღონდ აქ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ არც სირიის სამოქალაქო ომში მონაწილე მხარეებს, არც ერაყში დაპირისპირებულ მხარეებს (შიიტებსა და სუნიტებს) არც იემენის მეამბოხეებს თუ სამთავრობო ძალებს..... არავითარი უთანხმოება არა აქვთ ისრაელის საკითხში!

ყველას ერთნაირად სძულს ისრაელი.

და ისეც ნუ წარმოვიდგენთ, რომ არაბული სამყაროს უფრო `რესპექტაბელურ` სახელმწიფოებს, იმავე საუდის არაბეთს ან ალჟირს ან კატარს ან ემირატებს სხვა დამოკიდებულება აქვთ ისრაელის მიმართ.

საოცრებაა ისრაელის ისტორია, რომელმაც გაძლო იმ ვითარებაში, როცა 70 წლის წინ მთელმა არაბულმა სამყარომ, მთელმა მუსლიმანურმა სამყარომ და პლუს მთელმა კომუნისტურმა სამყარომ ომი გამოუცხადა.

ჰამასი მას ვერ დაამარცხებს რასაკვირველია, თუმცა როგორც ჩანს კიდევ ბევრი სისხლი დაიღვრება.

  . . . . . . . . . . . . . . . . .

ისრაელში არავის ეპარება ეჭვი, რომ ბენიამინ (ბიბი) ნეთენიაჰუს პოლიტიკური ცხოვრება ამ ომს შეეწირება.

როგორც არ უნდა დამთავრდეს (ისრაელი რა თქმა უნდა გაიმარჯვებს) ნეთენიაჰუს ებრაელები არც აპატიებენ და ვერც აპატიებენ, რომ სწორედ მისი პრემიერ-მინისტრობის დროს ტერორისტებმა შეაღწიეს ისრაელის ტერიტორიაზე და ერთ დღეში 1000 ებრაელი მოკლეს; ერთ დღეში 1000 ებრაელი კი ნაცისტური ჰოლოკოსტის შემდეგ არ მომკვდარა.

ისრაელის პოლიტიკური სისტემა ქმნის საშუალებას პასუხისმგებელი გამოიკვეთოს ისე, რომ პარტიულ სისტემას ზიანი არ მიადგეს. მაგალითად, ნეთენიაჰუს მემარჯვენე პარტია `ლიკუდი` აირჩევს ახალ ლიდერს, რომელიც გახდება ისრაელის პრემიერ-მინისტრი; ან ნეთენიაჰუ თვითონ გადადგება და დაინიშნება ახალი არჩევნები, რომელზეც `ლიკუდი` სხვა ლიდერით გავა;

1973 წლის `იომ ქიფურის` ომის შემდეგ თვით ლეგენდარული გოლდა მეერიც კი იძულებული გახდა გადამდგარიყო, რაკი ის ომი ისრაელმა კინაღამ წააგო, რომ არა ამერიკის უდიდესი დახმარება.

`იომ ქიფურის` შემდეგ შეიქმნა სპეციალური საგამოძიებო კომისია, რომელზეც მეერი რამდენჯერმე დაკითხეს. თუმცა მისი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.

ასევე იძულებული გახდა გადამდგარიყო მენაჰიმ ბეგინი 1982 წლის პირველი ლიბანური ომის შემდეგ და ეჰუდ ოლმერტი 2006 წლის მეორე ლიბანური ომის შემდეგ.

მაგრამ ჯერ-ჯერობით ოპოზიციის დღევანდელი ლიდერი, ექს-პრემიერი ლაპიდი პასუხისმგებლობით ეკიდება საკითხს და ამბობს, რომ ყველა კომისია შეიქმნება, ოღონდ....მას შემდეგ რაც ისრაელი გაიმარჯვებს.

  . . . . . . . . . . . . . . . . .

აფხაზეთის სოციალური ქსელების მონიტორინგი ადასტურებს, რომ სეპარატისტთა უდიდესი ნაწილი პალესტინელებს უჭერს მხარს და არა ისრაელს.

როგორც ჩანს აქ ეთნიკური და რელიგიური სოლიდარობის მომენტი ასრულებს განსაკუთრებულ როლს: აფხაზთა დიდი ნაწილი მაჰმადიანური კულტურის შთამომავალი უფროა (თურქეთის ბატონობის ეპოქიდან დაწყებული) ვიდრე ქრისტიანულისა. გარდა ამისა, თურქეთში, რომელიც ოდესღაც ფლობდა პალესტინას, ბევრი აფხაზი ცხოვრობს.

მენტალიტეტთა მახლობლობაც ასრულებს თავის როლს. ეს არაპოლიტკორექტულად კი ჟღერს, თუმცა ფაქტია.

კიდევ ერთი ფაქტორია აფხაზური საზოგადოების `ანტივესტერნულობა` ანუ დასავლეთის მიუღებლობა, რაკი მათი აღქმით, დასავლეთი საქართველოს უჭერს მხარს ისევე, როგორც მხარს უჭერს ისრაელს.

თუმცა არიან ისეთებიც აფხაზეთში, ვინც ამბობს, რომ არაბთა ლიგამ არ ცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა (სირიამ კი ცნო) და არც ისრაელმა არ ცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობაო.

ამიტომ აფხაზების სიმპათია იქეთ უნდა იყოს მიმართული, ვინც უფრო ძლიერია (ისრაელი) და ადრე თუ გვიან, როგორც იმედოვნებენ, აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას თუ (ციტატა) `აფხაზეთი ისეთივე ძლიერი იქნება როგორც ისრაელი - აფხაზეთს ხომ (თურმე) მთელი მსოფლიო ებრძოდა და საქართველოს (თურმე) მთელი მსოფლიო, მათ შორის რუსეთი (?!!!) უჭერდა მხარს, მაგრამ აფხაზეთმა გაიმარჯვა და ისრაელს უნდა ედრებოდესო`.

  . . . . . . . . . . . . . . . . .

მაღალი ალბათობით, რუსულმა წყალქვეშა ნავმა მწყობრიდან გამოიყვანა ესტონეთ-ფინეთის დამაკავშირებელი წყალქვეშა კაბელი და წყალქვეშა გაზსადენი.

გაზსადენს ეწოდება Balticconnector. იგი აკავშირებს ფინურ ინკოოს - ესტონურ პალდისკისთან.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკვე ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ეს სამხედრო აქცია იყო და ალიანსი `ყურადღებით შეისწავლის სიტუაციას`.

კონკრეტულად, ბალტიის ზღვაში ბრიტანელი სპეციალისტები გაემგზავრებიან, რომლებსაც წყალქვეშ ოპერირების დიდი გამოცდილება აქვთ.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

 

რუსეთ-სომხეთის ურთიერთობა აზერბაიჯანთან მარცხის შემდეგ ტრაგი-კომიკურ ხასიათს იძენს. გუშინ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ თუ რუსეთის ე.წ. `სამშვიდობო კონტინგენტი` დატოვებს მთიან ყარაბაღს, იგი უნდა დაბრუნდეს რუსეთში და არა სომხეთშიო.

ანუ არსებობს გეგმა, რომ რუსმა `მშვიდობისმყოფელებმა` ყარაბაღი მთლიანად დატოვონ მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა სრულ გამარჯვებას მიაღწია და სომხურმა მოსახლეობამ კი მთიანი ყარაბაღი დატოვა.

მართლაცდა, რაღას აკეთებენ ამის შემდეგ რუსი `სამშვიდობოები` ყარაბაღში? თუმცა, როგორც ჩანს მოსკოვში არსებობს გეგმა, ისინი სომხეთში გადაიყვანონ და ზუსტად ამას უპასუხა ფაშინიანმა: თუკი ვერ დაიცავით სომხური მოსახლეობა ყარაბაღში, მაშინ აქ, სომხეთში ვის რაღაში სჭირდებითო.

ამგვარი განცხადებები აშკარად აღიზიანებს მოსკოვს. სულაც აღარ არის გამორიცხული მოსკოვი სომხეთს რუსული ბაზის გატანით დაემუქროს, რომელიც სომხურ გიუმრიშია.

მოსკოვი ყველანაირად ცდილობს ფაშინიანის დამხობას. კონიაკის შეტანა რუსეთში უკვე აუკრძალეს: `როსპოტრებნადზორმა` რაღაც ჩხირები აღმოაჩინა მასში თურმე.

ეს გამაფრთხილებელი აქციაა: თუ სომხეთი მართლა გადაწყვეტს ყარაბაღის დაკარგვის შემდეგ ევროკავშირთან გააფორმოს ასოცირების შეთანხმება, მაშინ `ჩხირებს` როსპოტრებნადზორი უკვე სომხურ გარგარში და სხვა პროდუქციაშიც აღმოაჩენს, რომელსაც ეს ღარიბ-ღატაკი ქვეყანა   რუსეთში ყიდის და...სხვაგან ვერსად გაყიდის!

ანუ ისტორიული სურათი ასეთია, რომ პუტინმა მთიანი ყარაბაღი `ჩააბარა` აზერბაიჯანსა და თურქეთს, ხოლო სომხეთის დაკარგვის სულაც არ ეშინია, რაკი.....`სად წახვალთ? ვის რაში სჭირდებით?

`ვის რაში სჭირდება თქვენი გარგარი ევროპაში? ან თქვენი კონიაკი ვის რაში სჭირდება საფრანგეთში?` «А куда вы денетесь?» - ასეთია კრემლის პროპაგანდისტთა და ზოგჯერ ოფიციალურ პირთა ნარატივი.

მართლა გაუგონარი ისტორიული ღალატია, რაც რუსეთმა ჩაიდინა სომხეთის მიმართ 2020 წლიდან: საყოველთაო მტკიცებულებაა `რა ღირს` რუსეთის სიტყვა, რუსეთთან მოკავშირეობა და მის იმედად ყოფნა.